07 მაისი, 2013
ნინო თოლორდავამ ქმარი დაოჯახების შემდეგ გაიცნო
როგორც ყველა წყვილს, ჩვენც გვქონია რთული პერიოდი, გვიკამათია კიდეც. შეუძლებელია, ყველა საკითხში ერთნაირი აზრი გვქონდეს. ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა, ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანია. დღესდღეობით საქმე ძველი აქვს, სამსახური და გარემო კი - ახალი, რითაც ძალიან კმაყოფილია, მეტიც, იმდენად უყვარს თავისი პროფესია, ამბობს, ჩემთვის ეს ჰობიაო. გარდა სამსახურის საქმეებისა, ნინო კარგი მეოჯახეც ყოფილა, ევროპულ კერძებთან ერთად ჩაქაფულისა და ხარჩოს გაკეთებაც მშვენივრად ეხერხება. 13-წლიანი ოჯახური ცხოვრებისა და შვილის შესახებ
ნინო ჩვენს ინტერვიუში გიამბობთ.


- რა დროსაც უნდა დავიძინო, დილით მაინც 8 საათზე მეღვიძება, შაბათ-კვირას მაქსიმუმ 9-ის ნახევარზე შეიძლება ავდგე. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დაახლოებით 12 საათზე დავიძინო, რომ გამოძინებული ვიყო, რვასაათიანი ძილი ჩემი ორგანიზმისთვის სავსებით საკმარისია. დილას მთელი ოჯახი - ჩემი მეუღლე, მე და ჩემი შვილი ამიკო ერთად ვდგებით, ამიკო საუზმობს, ჩვენ კი ყავას მივირთმევთ. სხვათა შორის, ბოლო დროს შვრიის ფაფით ვიწყებ დღეს, ძალიან მარტივი გასაკეთებელია, თან - სასარგებლო, ხანდახან იოგურტს და ხაჭოსაც ვაყოლებ ხოლმე.

წონა, ჩაცმა, შოპინგი...
- ჩემი აზრით, წონის კონტროლისთვის ყველაზე სასარგებლო და ეფექტური ჯანმრთელი ცხოვრების წესია, ამაში ვგულისხმობ ცურვას, ვარჯიშს და საღამოს საათებში ცომეულისგან თავის შეკავებას. საერთოდ, წონის პრობლემა არ მაწუხებს, მაქსიმუმ 3-4 კილო შეიძლება მოვიმატო, ამისთვის კი დიეტას ნამდვილად არ ვიცავ, უბრალოდ სისტემატურად ვცურავ, მომწონს აკვააერობიკაც, ხმელეთზე ვარჯიში დიდად არ მიზიდავს. დიეტაზე ერთადერთხელ ვიყავი, 14 წლის წინ, როცა ამ წონაზე 5-6 კილოთი მეტი ვიყავი, თან ახალი გათხოვილი გახლდით და ჩემმა მეუღლემ მითხრა, ცოტა რომ დაიკლო, უფრო მოგიხდება, მოდი, დიეტა დაიცავი და მეც იმას შევჭამ, რასაც შენო. მეც დავთანხმდი. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით, ფეშენებელურ რესტორანშიც რომ შევდიოდით, მხოლოდ სალათის ფურცლებს ვუკვეთდით და ისე გემრიელად მივირთმევდით, რომ გაოცებულები გვიცქერდნენ. 3 თვე ვიყავი ამ დიეტაზე, მხოლოდ მწვანე ვაშლს, სალათის ფურცლებს და კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს, იოგურტს ვჭამდი. ჩემი მეუღლის დიდი ხელშეწყობით სამი თვე გავუძელი ამას და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, მას შემდეგ იმდენი აღარ მომიმატია, მეტიც, მშობიარობიდან 3-4 თვეში ისევ ჩემს წონას დავუბრუნდი.
...სახლიდან ტელევიზიაში საოცარ ფორმაში მივდივარ - უმაკიაჟო და თავწაკრული, მაკიაჟს არ ვიკეთებ, ეს საქმე ტელევიზიას თავის თავზე აქვს აღებული, ასევეა ვარცხნილობაც. თავდაბანილი და შეფუთნილი მივრბივარ სამსახურში, რომ არ გავცივდე. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რატომ ვანდომებ მომზადებას დიდ დროს, ალბათ იმიტომ, რომ სამოსს ვარჩევ დიდხანს. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაინც კლასიკურად ჩაცმა მიწევს, მაგრამ ვცდილობ, თავისუფალი და კლასიკური სტილი ერთმანეთს შევუხამო.
...როცა საზღვარგარეთ ვარ, რა თქმა უნდა, იქ ვიძენ საჭირო სამოსს, რადგან ეს ფინანსურადაც მომგებიანია და ხარისხობრივადაც, მაგრამ თუ რაღაც მჭირდება, საქართველოშიც დავდივარ საყიდლებზე, მით უმეტეს, რომ დღეს თბილისში მომრავლდა კარგი მაღაზიები, სადაც შეიძლება ბრენდული სამოსის შეძენა. როგორც წესი, შოპინგს ძალიან დიდ დროს ვუთმობ. იშვიათად ხდება, როდესაც რაღაც ნივთი პირველივე თვალის შევლებისას „მეძახის“, შენი ვარო. როგორც წესი, უზომოდ ბევრს დავდივარ, ვნახულობ ყველაფერს, მერე შეიძლება დავჯდე კაფეში, გავაანალიზო ნანახი, გავაკეთო არჩევანი და ბოლოს მივიღო გადაწყვეტილება. ამდენი სიარულის თავი ჩემს მეუღლეს არ აქვს, ამიტომ, როცა საზღვარგარეთ ვარ, მტოვებს რომელიმე შოპინგმოლში და საღამოს წასაყვანად მაკითხავს. ჩემს მეუღლეს, ზაზას, უყვარს საყიდლებზე სიარული, მაგრამ ეზარება მოზომება, ვაიძულებ ხოლმე, რომ მოიზომოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩაცმის გარეშე ყიდულობს. ისე, ჩემს ქმარს ძალიან კარგი გემოვნება და ხედვა აქვს, ამიტომ მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ძირითად შემთხვევაში ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ თუ რაღაც მე მომეწონა და მას არა, ისეთ არგუმენტს მეუბნება, შეუძლებელია, არ დავუჯერო.

Ratingდიასახლისი
... საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად კერძების მომზადება მიყვარს, რეცხვა და დალაგება ჩემი ჰობი ნამდვილად არ არის, მაგრამ სადილის მომზადება მართლა ძალიან მომწონს, თან ისეთი ემოციით ვამზადებ ნებისმიერ კერძს, შეუძლებელია, გემრიელი არ გამოვიდეს (იცინის). შემიძლია როგორც სალათების და სხვა ევროპული საჭმლის მომზადება, ასევე ხარჩოსა და ჩაქაფულის გაკეთებაც.

შვილი
... ჩემი შვილი გახლავთ 12 წლის, სწავლობს სკოლაში და იმავდროულად არის სპორტსმენი, კალათბურთითაა სერიოზულად დაინტერესებული, საკალათბურთო კლუბ „აკადემიაში“ თამაშობს და საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში მონაწილეობს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს (იღიმის). კარგად სწავლობს და სპორტშიც კარგი შედეგები აქვს, ძალიან დაკავებულია, შაბათ-კვირაც კი არ აქვს თავისუფალი, ძალიან იღლება და გვიანობამდე უწევს მეცადინეობა. ოცნებობს, რომ გახდეს წარმატებული ეკონომისტი და პარალელურად კალათბურთელი, რომელიც ითამაშებს „მაიამი ჰითში“. სერიოზული გეგმები აქვს და მეგობრებთან წასასვლელად დროც არ რჩება, იშვიათად დადის კინოში, თეატრში, ამიტომ არ ვზღუდავთ, თუკი დროს გამონახავს, არ ვუშლით სადმე წასვლას, რადგან ეს იშვიათად ხდება. ალბათ ამიკო თვლის, რომ მკაცრი დედა ვარ, მაგრამ მე უფრო მკაცრად მზრდიდნენ და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ არ ვარ მკაცრი მის მიმართ უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ამიკოს არ სჭირდება შენიშვნის მიცემა, ისედაც სულ ან სახლშია, ან სკოლაში, ან ვარჯიშზე, ან მეცადინეობს. სხვათა შორის, შინ დაბრუნებაც დროზე იცის. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. მასთან დაკავშირებით სასაყვედურო მხოლოდ კვების თემაა, ჩემი და ამიკოს ჩხუბის ერთადერთი მიზეზი საჭმელია.

Rating13-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება
... რაც დრო გადის, ურთიერთობა უფრო საინტერესო ხდება, რადგან გემატება გამოცდილება, უფრო მეტი გაქვს გასახსენებელი, მეტ საერთო თვისებას პოულობთ ერთმანეთში. ჩემს მეუღლეს გაცნობიდან ხუთ დღეში გავყევი, ზაზას ვინც იცნობს, ჩემი ეს გადაწყვეტილება არავის უკვირს. გაცნობიდან მეორე-მესამე დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობის პირველი ეტაპი გაცნობითი ხასიათის იყო, გათხოვებისთანავე მოსკოვში წავედით და რვა წელი იქ ვცხოვრობდით. მართალია, ზაზასთვის გარემო და სიტუაცია ძალიან ახლობელი იყო, 18 წელი იქ ცხოვრობდა, მაგრამ უცხო ქვეყანასა და ქალაქში ჩემი მეუღლე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო, ის გახლდათ ჩემთვის დედაც, მამაც, ძმაც და ქმარიც, დიდ თანადგომას ვგრძნობდი მისგან. ჩემი აზრით, პატივისცემა და საერთო ინტერესები ამყარებს წყვილის ცხოვრებას, თუ ურთიერთობაზე ყოველდღიურად არ ზრუნავ, ის მალე დაინგრევა, თუ იფიქრე, რა პრობლემაა, ჩემი ქმარია და სად წავა, ან პირიქით, ჩემი ცოლია და სად წავაო, იქ მთავრდება ყველაფერი. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ზაზა ჩემთვის უფრო ღირებული ადამიანი გახდა, ახლა უფრო კომფორტულად ვგრძნობ მასთან თავს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში, ფაქტია, რომ 13-წლიანი თანაცხოვრების თავზე უფრო დიდი გრძნობა და სიყვარული მაქვს მის მიმართ, ვიდრე მაშინ, როცა ცოლად გავყევი. მიუხედავად ამისა, როგორც ყველა წყვილს, ჩვენც გვქონია რთული პერიოდი, გვიკამათია კიდეც. შეუძლებელია, ყველა საკითხში ერთნაირი აზრი გვქონდეს, მაგრამ როცა გაკავშირებთ ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და იცი, რომ ის შენი მეორე ნახევარია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ასეთი საკითხები ადვილად დასაძლევია.

Ratingძველი საქმე ახალ სამსახურში
... ამ ეტაპზე ჩემი სურვილი ემთხვევა ჩემს საქმეს, ანუ, მინდა მიმყავდეს საინფორმაციო გადაცემა და ვაკეთებ კიდეც ამას. „პირველი არხიდან“ რომ წამოვედი, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ისევ საინფორმაციო გადაცემის წამყვანად გამოვჩნდებოდი ეკრანზე. იმის სურვილი, რომ ჩემი გადაცემა მქონოდა და სხვა კუთხით წავსულიყავი, არ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ პროფილი შევიცვალო და სხვა მხრივ გავაგრძელო საქმიანობა, ოღონდ ისევ ტელევიზიაში. „მაესტროში“ ძალიან კომფორტული სამუშაო გარემოა და აქ თავს კარგად ვგრძნობ. „პირველი არხის“ დატოვების შემდეგ, სანამ „მაესტროზე“ დავიწყებდი მუშაობას, ორთვიანი პაუზა მქონდა და ეკრანი ძალიან მენატრებოდა. კამერას საოცარი ძალა აქვს, როცა მასთან გაქვს კონტაქტი, მასზე დამოკიდებული ხდები და თუ წყვეტ ურთიერთობას, ე.წ. „ლომკა“ გეწყება. მიუხედავად ჩემი სტაჟისა, „მაესტროში“ პირველი ეთერის დროს ძალიან ვღელავდი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროფესია ძალიან მიყვარს, ტელევიზიაში მუშაობა ჩემი ჰობია, სამუშაო დღე დამღლელი არ არის, მსიამოვნებს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. გარდა იმისა, რომ მიმყავს საინფორმაციო გადაცემა, „მაესტრო 24“-ზე ვუძღვები გადაცემას „დღის ამბავი“, ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად. დღის მთავარ ამბავს განვიხილავთ სტუმართან ერთად, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, არასდროს მიმუშავია სტუდიაში სტუმართან ერთად, ეს ჩემთვის ახალია, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

თავისუფალი დრო
... ალბათ კლუბში არავის ვუნახივარ, არ მიყვარს ღამის ცხოვრება, თუმცა საზღვარგარეთ როცა ვარ, აუცილებლად მივდივარ ასეთ ადგილას მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად მიყვარს სადმე დაჯდომა, სადაც შეიძლება იცეკვო და თან ნორმალურად დაილაპარაკო. თუ ქუჩაში გცნობენ, ეს, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, გარშემო მყოფებს ანგარიში გავუწიო და თავი იმაზე მეტად ვაკონტროლო, ვიდრე ამას სხვა სიტუაციაში გავაკეთებდი (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS