26 აპრილი, 2016
როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე ჯანო იზორიამ - ''წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ''
მსახიობმა ჯანო იზორიამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონის ერთ-ერთი კონკურსანტია. ის და ნინო გოშაძე (ასევე, ფოთის თეატრის მსახიობი) 29 მარტს ევა-გაბრიელას მშობლები გახდნენ. ჯანო გალში დაიბადა, ახლა კი ფოთში ცხოვრობს. თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობს გულშემატკივრობს და ყოველ ორშაბათს, ყველა მსურველს იხმობს თეატრის შენობაში პროექტის საყურებლად.

პროექტში მონაწილეობისთვის ფოთიდან თბილისში ჩამოხვედი...
- დიახ. სულ გზაში ვარ. კარიკატურის ხატვა რომ შემეძლოს, საკუთარ თავს იცი, როგორ დავხატავდი? "შპაგატში" ჩავჯდებოდი, ერთი ფეხის წვერს ფოთში "ჩავდგამდი",
მეორეს - თბილისში. ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ფარგალივით გახსნილი. სტუდენტობის დროს და შემდეგაც, გადაღებებზე რომ ჩამოვდიოდი, დიდი სიხარულით მოვიჩქაროდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, - სად უნდა დავრჩე? ვის მივაკითხო? სასტუმროში ნომრის დაქირავების საშუალება არ მქონდა და ღამეს ხან ბიძაშვილებთან, დეიდაშვილებთან, ხან სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან ვათევდი, მაგრამ ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და ეს სულ მაწუხებდა.

შეიძლება, საკუთარ ძმასაც ვერ დავუკაკუნო ღამით კარზე, არ გავაღვიძო, წავიდე და სადმე პარკში, სკამზე დავიძინო. დღეს გულწრფელად მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღამე გამათევინა, ლუკმა გამიყო და დილით სახლისკენ გზა დამილოცა.

- ძალზე ენერგიული ადამიანი ხარ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს არასოდეს იღლები.
- ძალასა და ენერგიას არასოდეს ვიშურებ, შინაგანად და სულიერად არ ვიღლები, მაგრამ ბუნებრივია, ზოგჯერ გული და კუნთი იღლება. მანამდეც და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო, ბევრ ადგილას მიწევს მისვლა. მანქანა არ მყავს, ძირითადად ფეხით დავდივარ. მოტოციკლი ფოთში მყავს დატოვებული და თბილისში მეტროთი გადავადგილდები. უნდა ნახოთ, მეტროშიც კი გულში ვითვლი და ცეკვის ილეთებს ჯიბეში ხელჩაყოფილი, ფარულად ვასრულებ. დაღლილობისას ორჯერ ჩამეძინა, მგზავრებმა გამაღვიძეს, - ბოლო გაჩერებააო. უჟმური სახით კი არ გავახილე თვალი, პირიქით, გამეღიმა, რომ უსაქმურობისგან კი არა, დაღლილობისგან ჩამეძინა და ეს ძალზე სასიამოვნოა.

- ოჯახზე გვითხარი რაიმე. მომავალი მეუღლე თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცანი თუ ფოთის თეატრში?

Rating





- თეატრში. ნინიმ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი. ის რომ ჩაირიცხა, იმ წელს დავასრულე მე სწავლა. წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მერე ისე მოხდა, რომ ნინო ფოთის თეატრში მიიწვიეს, იმ დროს მე თბილისში, გადაღებაზე თუ სინჯებზე ვიყავი. მეგობარმა ტელეფონით მითხრა, ჩვენთან ახალი გოგონა მიიღესო, და მალე მეც ჩავედი ფოთში. თეატრში მივედი და საგრიმიოროში შესულმა დავინახე, სკამზე იჯდა და თავზე ორი კიკინა ჰქონდა - ბეკეკას რომ აქვს, ისეთი (იღიმის). მივესალმე. თავადაც მომესალმა და შევატყვე, ხმა ჰქონდა ჩავარდნილი. მისი მდგომარეობა გავითავისე. წარმოიდგინეთ, უცხო ქალაქში და ახალ გარემოში მარტო რომ აღმოჩნდები, არავის იცნობ, ყველა გამადიდებელი შუშით გიყურებს. თან, სამ დღეში უნდა ეთამაშა მისთვის უცხო როლი სპექტაკლში - "ქვრივთა ნუგეშისმცემელი" და ამ მოკლე დროში ტექსტი უნდა ესწავლა. გაცნობისთანავე ვკითხე, - ჩაის დალევ-მეთქი? დამეთანხმა.

ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ფოთში დავათვალიერებინე ყველაფერი, თუკი რამ ღირსშესანიშნავი შეიძლებოდა, მეჩვენებინა და ჩემი ქალაქით მის წინაშე მეამაყა. ნავით დავსეირნობდით, პალიასტომზე ვიყავით, შუქურაზე ავიყვანე. მოკლედ, ფარული კამერა რომ გამოგვყოლოდა, ნინისა და ჩემს ურთიერთობაზე ძალიან "გემრიელი", თბილი ფილმი გამოვიდოდა. მერე გრძნობამ გაიღვიძა, პალიასტომის ტბას დაემსგავსა და ზღვასავით აღელდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით. შეყვარებულობის პერიოდში "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "მიმიხვდის" გამარჯვებული გავხდი. ღმერთმა გადმომხედა, მოვიგე ორკაციანი საგზური ეგვიპტეში, სადაც ნინისთან ერთად გავემგზავრე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ზურა
რა სახელებია? ევა-გაბრიელა, ანა-მარია, უშანგი-მაყვალა და ა.შ.?
10:58 / 27-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ამ პროექტში ჯანო იზორია ჩემი რჩეულია, უდავოდ ნიჭიერი მსახიობია და ვუსურვებ გამარჯვებას!!!!!!!!!!!
10:43 / 27-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მიყვარს ეს ბიჭი..ალალი კაცია და უნდა გაიმარჯვოს ცეკვებში...იმსახურებს ნამდვილად..მე ხმას ვაძლევ მას...წარმარებები და სულ გამარჯვებები...
17:32 / 26-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS