06 მაისი, 2013
რა დარჩა პრეზიდენტის პაროდისტს გაგრაში
ახლა აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს. შეიძლება თვე-ნახევარში ან ხვალ მოვიდეს. წინასწარ ვერ დაგეგმავ. ქართლოს ნატროშვილს დაახლოებით ორი თვის წინ მეგობრებისა და ნათესავების გარდა არავინ იცნობდა. „კომედი შოუში“ გამოჩენისთანავე ყველა მის ნიჭიერებაზე ალაპარაკდა. იუმორისტულ გადაცემებში ბევრი მიხეილ სააკაშვილი გვინახავს, მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართლოს ნატროშვილი ყველაზე მაგარია.

რატომ ჰყავს სამასამდე კლასელი

- მშობლებმა, ნონა ნაჭყებიამ და ანზორ ნატროშვილმა, ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს და შეუღლდნენ. მერე გაგრაში იყიდეს სახლი და
იქ ცხოვრობდნენ. კახეთში, სოფელ მაჩხაანში დავიბადე. საბავშვო ბაღში აფხაზეთში შევედი. წესით, სკოლაშიც აფხაზეთში უნდა შევსულიყავი, მაგრამ ომი დაიწყო.
Rating- გახსოვს აფხაზეთი?
- გაგრაში აკობიას ქუჩის შვიდ ნომერში ვცხოვრობდით. ბუნდოვნად მახსოვს იქ გატარებული წლები. საბავშვო ბაღის მასწავლებელი ყველაზე მკაცრი იყო. ფოტოზე რომ დელფინები არიან, ეს დელფინებიც კარგად მახსოვს. ომი რომ დაიწყო და აფხაზეთიდან წასვლამ მომიწია, მაგ დროს ცეკვაზე დავდიოდი, ბიძაჩემმა ხანჯალი მაჩუქა. გაგრის დატოვება უცბად მოგვიხდა მე და დედას. ხანჯალი ლეიბის ქვეშ მქონდა შენახული. კატერზე რომ ავედით მე და დედა, ის ხანჯალი მაშინ გამახსენდა, მაგრამ მის გამო უკან დაბრუნების შანსი არ იყო. მამას ჩემი ხანჯალი კედელში ამოუშენებია, რომ არავის წაეღო. მე და დედამ 14 აგვისტოს, დედას დაბადების დღეს დავტოვეთ გაგრა. მამამ მოგვიანებით, 16 ნოემბერს ლესელიძის საზღვრით დატოვა აფხაზეთი. არ ვიცი, ის სახლი გადარჩენილია, თუ არა. პირველ კლასში სოფელ ნოსერში შევედი. მეორე კლასში კახეთში დავდიოდი სკოლაში. მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასში ნოსერის სკოლაში ვიყავი, მეშვიდეში კახეთში ვსწავლობდი და შემდეგ 124-ე სკოლა დავამთავრე თბილისში. ასე რომ, სადაც ჩავდივარ, ყველგან კლასელები მყავს.
- მშობლებს რა პროფესია აქვთ?
- დედა ვეტექიმია, მამა - ინჟინერი. მყავს ერთი და, მერი, და ორი დისშვილი - ანდრეი და ბარბარე. ჩემი და ერთი წლით და ორი კვირითაა ჩემზე უფროსი.
Rating- როგორც დასთან ერთად გადაღებული ფოტოდან ჩანს, ბავშვობაში ჭამა გიყვარდა.
- ძალით მაჭმევდნენ, თორემ როგორც მეუბნებიან, ჭამა მაინცდამაინც არ მყვარებია.
- აფხაზეთში შეძენილ მეგობრებთან დღემდე გაქვს ურთი­ერთობა?
- „პროფილში“ რომ ვიყავი, რამდენიმე გამომეხმაურა. ერთი გაგრელი მეზობელი დამიკავშირდა, დედასთან უნდოდა საუბარი. ახლა დედა მოსკოვშია. რაც გამოვჩნდი, სამ-ოთხ ბავშვობისდროინდელ მეგობართან ურთიერთობა აღვადგინე.
- ქართლოსი ბევრს არ ჰქვია. ეს სახელი რატომ შეგირჩიეს?
- მამაჩემს გადაუწყვეტია, ბიჭი თუ დაიბადებოდა, ქართლოსი დაერქმია. არც ერთ ბაბუას არ ერქვა. ჩემს დას მამაჩემის დედის სახელი დაარქვეს, მაგრამ ქართლოსი ნათესავსაც კი არ ჰქვია.
- მოგწონს შენი სახელი?
- ძალიან ვაფასებ. ქართლოსს რომ გავიცნობ, ძალიან მიხარია.
- მეტსახელი გაქვს?
- ქართლოსს მეგობრები იშვიათად მეძახიან. ხუთი-ექვსი წელი იქნება, ყველა ქიუს მეძახის.
Rating- მომდევნო ფოტოზე რამდენი წლის იქნები?
- ალბათ ორის. ფეხი ახალი ადგმული მქონდა. ძალიან მაგარი ქურქი მაცვია, მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დრო იყო. არც ტანკის არ მეშინოდა და არც ომის.
- მომდევნო ფო­ტოზე გვიამბე.
Rating- სამი დეიდა და ერთი ბიძა მყავს. როგორც ჩანს, ბაბუას სანამ ბიჭი არ ეყოლა, არ გაჩერდა. ფოტოზე მა­მასთან, ბიძასა და დეიდასთან ერთად ვარ.
- კახელი უფრო ხარ თუ მეგრელი.
- სამეგრელოში მეგრელი ვხდები, კახეთში რომ ჩავდივარ, მეგრული აქცენტი საერთოდ მეკარგება და რას ამბობ, ბიჯოო, ვიჩითები. სამეგრელოში რომ ვბრუნდები, ისევ დედის სისხლი კივის ხოლმე.
- მეგრული კარგად იცი?
- დედის და ბებიის დამსახურებით კარგად ვიცი. კახელები დინჯები, მეგრელები სწრაფები არიან და მე ამ ორის ნაზავი ვარ. მეგობრები ამბობენ, შენ ისეთი ხარ, ვერაფერს მოგატყუებთო.
- პრეზიდენტს გარეგნულადაც ჰგავხარ.
- ამას სხვებიც მეუბნებიან. როცა პრეზიდენტის პაროდიას ვაკეთებ, მაშინ გარეგნულადაც ვემსგავსები. არ ვიცი, ასე რატომ ხდება.
- პრეზიდენტთან საერთო კიდევ ის გაქვს, რომ დედა მეგრელი გყავს.
- და კიდევ ის, რომ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. დაღლას ვერ ვგრძნობ, როცა მიშას ხმით ვლაპარაკობ. ჩემი ხმით რომ ვილაპარაკო, შეიძლება, დავიღალო. პრეზიდენტის ხმით შემიძლია საათობით ვილაპარაკო და არ ვიღლები.
- როგორ ფიქრობ, ასე რატომ ხდება?
- ვერაფრით ვერ ვხვდები. ხალხს რომ შევხვდე, ორ წუთში სასაუბრო თემა ამომეწურება. შეიძლება მხოლოდ ის ვთქვა, ქართლოს ნატროშვილი ვარ-მეთქი. აბა, სხვა მეტი რა უნდა ვთქვა. მიშას ხმით სამსაათიან ლექციას ჩავატარებ. წინასწარ დაწერილი ტექსტი არასდროს მაქვს. მომენტის შესაფერისად თავისით მოდის სიტყვები და საიდან მოდის, არ ვიცი.
- პრეზიდენტის მსგავსად 21 დეკემბერს ხომ არ ხარ დაბადებული?
- 1-ელ თებერვალს დავიბადე. წელიწადის მეორე თვის პირველ რიცხვში ვარ დაბადებული. 2 და 1 მაინც ფიგურირებს ჩემს დაბადებაში. ამ წამს დავფიქრდი ამ ყველაფერზე.

პრეზიდენტის პაროდისტი ხშირად მსუქან ხუთიანებს იღებდა

- დედასთან, მამასა და აქლემთან ფოტო როდის გადაიღე?
Rating- სურათი მოსკოვშია გადაღებული. თუ არ ვცდები, ცირკის წინ გადავიღეთ. კიდევ მქონდა ამ პერიოდში მაიმუნებსა და დათვებთან გადაღებული ფოტოები, მაგრამ ვერ ვიპოვე. კა­ხეთში ან სამეგრელოში მექნება დატოვებული.
- როგორც მითხარი, ბევრ სკოლაში ისწავლე.
- არ დამითვლია, მაგრამ სამასი კლასელი მაინც მეყოლებოდა. მომდევნო სურათი სამეგრელოში ჩემს კლასელებთან მაქვს გადაღებული.
- ბევრი სკოლის შეცვლის მიუხედავად, მაინც კარგად სწავლობდი?
- ოთხიანებიც მყავდა, მაგრამ ძირითადად მსუქან ხუთიანებს მიწერდნენ. ლექსის დამახსოვრების საოცარი უნარი მქონდა. ერთხელ დილას ავდექი და გამახსენდა, რომ თორმეტსტროფიანი ლექსი მქონდა სასწავლი. დედამ კინაღამ მომკლა, როგორ დაგავიწყდა სწავლაო, მეჩხუბებოდა. სანამ დედა საუზმეს გამიმზადებდა, თან ვიცვამდი და თან იმ ლექსს ვკითხულობდი. ბოლოს ზეპირად ჩავაბარე. გაგიჟდა, ისე გაუკვირდა. სკოლაში სანამ შევიდოდი, ვიცოდი „დავით აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“. სამი-ოთხი წლის ბავშვს დამაყენებდნენ და ამ ლექსს ყველგან ვამბობდი. არასდროს ვფიქრობდი, ერთი კაცი მისმენდა, თუ ასი. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა საუბრისთვის ორიანი დამიწერა. ძალიან გავბრაზდი და ათჯერ ზედიზედ იმ ქალთან ხუთიანი მივიღე. ვერ ჩამჭრა, იმდენად მომიშალა ნერვები, გავმწარდი. ოთხებიც მყავდა და ხუთებიც, მაგრამ სკოლას აცდენილი ბავშვი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობდი. იმ ეპოქაში არ ვიცი რატომ, მაგრამ ნიშნებს მასწავლებლები უცნაურ სახელებს ეძახდნენ. იყო სუსტი სამიანი, კოჭლი ოთხიანი, კარგი ოთხიანი, კარგი ხუთიანი და მსუქანი ხუთიანი. დედაჩემს სულ გართულება ჰქონდა ხუთიანზე. სახლში რომ მივიდოდი, პირველად იმას მეკითხებოდა ხუთიანი მიიღე თუ მსუქანი ხუთიანიო. წითელ ხუთიანს რომ გვიწერდნენ, უჯრიდან იყო გადმოსული და თან წითელი პასტით იყო დაწერილი. ატესტატში 70% ხუთები მყავდა.
Rating- შატალოზე დადიოდი?
- ქიმიის გაკვეთილზე თუ შატალო გაიჩითებოდა, ძალიან მიხაროდა. სხვა გაკვეთილებზე, მაგალითად, ქართულის გაკვეთილზე თუ იტყოდა ვინმე წავიდეთო, უარს ვამბობდი. ყველაზე მეტად ქიმია არ მომწონდა და სკოლა რომ დავამთავრე, ყველაზე მეტად ქიმიის მასწავლებელი მენატრება.
- მსახიობობა რატომ არ აირჩიე?
Rating- ყველა ამას მეკითხება. შეიძლება, მსახიობობის ნიჭი მაქვს, მაგრამ ეს სხვამ უნდა შეაფასოს. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს მსახიობობა. უბრალოდ, ამაზე არასდროს მიფიქრია. ჩემმა დამ სამედიცინოზე ჩააბარა. სახლში თავის ქალები მოჰქონდა. მეც მეუბნებოდნენ, სამედიცინოზე ჩააბარეო, მაგრამ უარი ვთქვი, მაინც ვერ ვივლიდი. პირველივე კურსიდან გამომრიცხავდნენ. საერთაშორისო სამართალზე ჩემი ინიციატივით ჩავაბარე. არჩევანით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ალმამატერში მაგისტრატურის პირველ კურსზე ვარ. მომდევნო სურათი კურსელებთან მაქვს გადაღებული.
- შენი სპეციალობით გიმუშავია?
- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად მოვძებნი სამსახურს.

პრეზიდენტს ეტყობოდა, რომ ჩემი ყველა სკეტჩი ჰქონდა ნანახი

- როდის მიხვდი, რომ პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება შეგეძლო?
- 2005 წლის 10 მაისს. ციფრებთან დაკავშირებით ძალიან ძლიერი ვარ.
- რა ხდებოდა ამ დღეს?
- პირველის ნახევარზე ჯორჯ ბუში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამოვიდა თავისუფლების მოედანზე. ორს რომ 10 წუთი დააკლდა, მაშინ დამთავრდა. მაშინ თავისუფლების მოედანზე ვიყავი და მივხვდი, რომ მიხეილ სააკაშვილის პაროდიის გაკეთება შემეძლო. მის პაროდიას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ პრეზიდენტია. მინისტრი რომ იყოს ან პარლამენტის წევრი, მაინც მისი ხმით ვილაპარაკებდი. პაროდია შეიძლება ისიც იყოს, რომ დადგე და მიმსგავსებული ტექსტებით ისაუბრო, მაგრამ ხასიათს, ქცევის მანერას, საუბრის რიტმს რამე რომ მოაკლო, არაფერი გამოვა. წინასწარ ვერ ვიფიქრებ, როდის ვისუნთქო, რომ საუბრის ტემბრი მივამსგავსოო. ყველაფერი თვითონ გამოდის ისე, როგორც საჭიროა. როგორ შეიძლება წინასწარ ვიფიქრო, ხელს როდის გავიქნევ.
- 2005 წლის 11 მაისს უკვე პრეზიდენტის ხმით ლაპარაკობდი?
- ბუშის ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში ერთხელ მეგობრებს ვუთხარი, გინდათ, სუფრასთან მიშა გაგიჩითოთ-მეთქი და მისი ხმით დავიწყე ლაპარაკი. მაშინ ვიდეო არავის გადაუღია, მაგრამ ახლა რომ ვნახო, ალბათ ძალიან გამეცინება. ჩემი პაროდია ოდნავ იყო მიმსგავსებული მიშას საუბარს. 2006 წლიდან უფრო კარგად ვბაძადი. იმ ზაფხულს მეგობრები ქობულეთში წავედით. ძმაკაცებმა ამიკლეს, სცენაზე ავედი და მიშას პაროდია გავაკეთე. მაშინ უკვე დახვეწილი მქონდა მანერები. მერე ქორწილებში მთხოვდნენ და მიშას ხმით ვულოცავდი ნეფე-დედოფალს შეუღლებას. სულ წინააღმდეგი ვიყავი ჩემი პაროდიის ინტერნეტში განთავსების. ბოლოს ოქტომბერში მეგობრის ქორწილში ვიყავი. მაშინ ოპერატორმა დამირეკა და მთხოვდა, დავდებ შენს ვიდეოსო. ბევრჯერ რომ მთხოვა, დავთანხმდი. ორ დღეში თვრამეტი ათასი ნახვა ჰქონდა. „კომედი შოუს“ ბიჭებმაც ნახეს. მაშინვე ვერ შემეხმიანენ. ერთმა ჩემმა მეგო­ბარმა ვიდეოზე დატოვა კომენტარი, რომ კარგად მიცნობდა. ის მოძებნეს ფეისბუქზე და მისი დახმარებით მომძებნეს. 4 მარტს ბიძინა და მიშა შეხვდნენ ერთმანეთს. „კომედი შოუდან“ დამირეკეს და 6 მარტს ბიძინას და მიშას შეხვედრის სკეტჩის ჩაწერა გვქონდა. ფოტოზე ზუსტად ის მომენტია. 10 მარტს „კომედი შოუში“ ჩემი პირველი სკეტჩი გავიდა. თვე და თორმეტი დღეა, რაც ხალხმა გამიცნო.
Rating- ასეთ მოკლე დროში პოპულარობის მოპოვება ბევრს გაუჭირდებოდა.
- მსიამოვნებს, რომ უმრავლესობა ჩემ მიმართ დადებითადაა განწყობილი.
- როგორც ვიცი, პრეზიდენტს პირადად შეხვდი.
- „რუსთავი 2“-ის კორპორატიულ საღამოზე რესტორან „გაგრაში“ რომ მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მივხვდი, ჩემი არც ერთი სკეტჩი არ ჰქონდა გამოტოვებული. მისი ხმით მივესალმე, გაგიჟდა და მაგრად ესიამოვნა. მითხრა, ყოჩაღო. „გაგრაში“ ცხრის ნახევარზე მოვიდა და ათის ოც წუთზე დატოვა რესტორანი. მერე წერდნენ, ნიკა გვარამიასთან ერთად მოვიდაო. სიმართლეზე ვარ შეყვარებული. ნიკა გვარამია რესტორანში ჩვენთან ერთად მივიდა, პრეზიდენტის მოსვლას არავინ ველოდით. სამი სადღეგრძელო შეისვა მის იქ ყოფნაში.
- რა სადღეგრძელოები იყო?
- საქართველოს სადღეგრძელო დავლიეთ. პრეზიდენტის ჩვენთან ყოფნის პერიოდში კიდევ რა სადღეგრძელო დაილია, ზუსტად არ მახსოვს. თამადა არც გვყოლია. ყველა ვამბობდით სადღეგრძელოებს. მე იმ საღამოს სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე. მაშინ პრეზიდენტი უკვე წასული იყო.
- პრეზიდენტთან ერთად ფოტო არ გადაგიღია?
- ჩემი მობილურით ფოტოებს ვერ გადავიღებდი. იაფფასიანი ფარნიანი მობილური მაქვს. პრინციპში ასეთი მჭირდება, მე ხომ რეზიდენციაში სინათლე ჩამიქრეს (იცინის).
Rating- ვის პაროდიასაც აკეთებ, მისი გუნდის მხარდამჭერი ხარ?
- 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ცესკოში მონაცემები რომ გადაამოწმოთ, ნახავთ, რომ არც ერთ არჩევნებზე არ ვარ ნამყოფი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. ვხუმრობ ხოლმე, მიშას ყველაზე მეტად როცა „დავჭირდი“, ზუსტად მაშინ გამოვჩნდი-მეთქი.
- პირად ამბებზე რას გვეტყვი?
- შეყვარებული მყავდა, მაგრამ ერთმანეთს განსხვავებული მოსაზრებების გამო დავშორდით. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს. შეიძლება თვე-ნახევარში ან ხვალ მოვიდეს. წინასწარ ვერ დაგეგმავ. მაგრამ იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს, რომ მოვა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეთი
კარგი ბიჭი ხარ, გისურვებ ყველაფერს კარგს :)
10:22 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
საღოლ მაგარი კაცია ძაან უნიჭიერესია
20:22 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS