03 მარტი, 2016
როგორ ულოცავენ ცნობილ დედებს შვილები 3 მარტს
ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანს სიმბოლური საჩუქრით კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ ძალიან გვიყვარს
დედა ყველასთვის განსაკუთრებული ადამიანია. 3 მარტი- დედის დღე, კი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანს სიმბოლური საჩუქრით კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ ძალიან გვიყვარს. ცნობილი დედების შვილებმა ''top რეიტინგი'' დედის დღესთან დაკავშირებული თავიანთი ტრადიციები გაუზიარეს.

ლიზა ბერუჩაშვილი (ვერიკო ტურაშვილის შვილი): 3 მარტს დედისთვის აუცილებლად ვყიდულობ საჩუქარს ჩემი გემოვნებით და ვერიკოს ის ყოველთვის ძალიან მოსწონს. ვუწერ მისალოც ბარათსაც. დე
დას ყველა ბარათი შენახული აქვს. ვერიკოსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყველა საიდუმლოს ვუყვები. კვირაობით მე და დედა შოპინგზე და კინოში დავდივართ. მას უნდა, რომ განათლებული ადამიანი ვიყო, ამიტომ მირჩევს, მეტი ვიკითხო. რა თქმა უნდა, ვუჯერებ, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნუცა ჩაკვეტაძე (მაკა ძაგანიას შვილი): ადრე მისალოც ბარათებს ვუწერდი დედას, რაც გავიზარდე, ვცდილობ, ბარათები საჩუქრებით შევცვალო. ჯერ არ მომიფიქრებია, წელს მაკას რით გავახარებ.
Rating
ჩემი აზრით, დედა-შვილს შორის გარკვეული დისტანცია უნდა იყოს, თუმცა ამ ფაქტმა მათ მეგობრობას ხელი არ უნდა შეუშალოს. დედა ხომ ქალიშვილისთვის საუკეთესო მრჩეველია. ჩვენს შემთხვევაში, როგორც მაკა იტყოდა, არანაირი დისტანცია არ არსებობს, ამაში ალბათ მცირე ასაკობრივი სხვაობაც გვიწყობს ხელს. მე და დედა ხშირად განვიხილავთ ადამიანურ ურთიერთობებს და ფასეულობებს.

პატარა ძმა მყავს და ვცდილობ, დედას მის მოვლაში დავეხმარო. თუ საქმეზე გადის, ვიტოვებ და ვეთამაშები.

ლიზა ყენია (მაია ჯაბუას შვილი): ჯერ კიდევ ბაღში მასწავლებლები დედის დღესთან დაკავშირებით ბარათებს გვაკეთებინებდნენ. რამდენიმე თანაჯგუფელმა წერა ვიცოდით და გაურკვეველი ასოებით დედებს სიყვარულს ვუხსნიდით, ნახატებსაც ვუძღვნიდით.
Rating
ბედნიერი ვიყავი, როცა ბარათის კითხვისას მაიას გახარებულ სახეს ვხედავდი. მას შემდეგ დედას ყოველ 3 მარტს ვუწერ ბარათს და საწოლზე ვუტოვებ. არც წელს ვაპირებ ტრადიციის დარღვევას. ჩემი აზრით, დედა-შვილის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სიახლოვე განსაკუთრებით გოგონებს გვჭირდება. მაიას რჩევები ყოველთვის ზუსტია. ბავშვობიდან ისე მესაუბრება, როგორც ზრდასრულ ადამიანს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე.

ჩემს პროფესიულ არჩევანსაც დედას უნდა ვუმადლოდე, თუმცა მას არასდროს უთქვამს, მომღერალი უნდა გამოვსულიყავი თუ მხატვარი. განუწყვეტლივ სიმღერა ჩამესმოდა ყურში და ვხედავდი, რომ კონცერტებიდან დაბრუნებული დედა ემოციებით იყო სავსე. მისი ცხოვრების სტილი მომწონდა, ამიტომ მომინდა, მეც მომღერალი გავმხდარიყავი.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''top რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS