21 იანვარი, 2016
"ვინც ასე გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ბოლომდე აქვს ნანახი "აბესალომ და ეთერი"?! - მარინა ბერიძე ოპერის გარშემო ატეხილ სკანდალზე
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული სახით, 30 იანვარს გაიხსნება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული სახით, 30 იანვარს გაიხსნება. პირველი წარმოდგენა, რომლითაც დასი თეატრს გახსნის, "აბესალომ და ეთერია". მიუხედავად იმისა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარზე საქართველოში თაობები აღიზარდა, ზოგს ქართული ოპერა მოსწონს და ზოგს - არა, როგორც იტყვიან, კაცია და გუნება!

მაგალითად, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის სოციალურ ქსელში საჯაროდ
დაწერა თავისი მოსაზრება ქართულ ოპერასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და აჟიოტაჟი მოჰყვა: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე", - წერს გვარამია.

ქართულ ოპერას რომ არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, რასაც თავის ობიექტური მიზეზები აქვს, ცხადია, თუმცა განვითარება (როგორც ყველაფერს), ოპერასაც რომ სჭირდება, ესეც ფაქტია! (ისე, მე რომ მკითხოს კაცმა, ფალიაშვილის ნამუშევარს, საშინელს მაინც არ ვუწოდებდი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, კაცია და გუნება...)

ამ თემაზე მუსიკოს მარინა ბერიძეს გავესაუბრეთ.

- მართლაც ასეთი საშინელია ჩვენი ოპერა, როგორც მას ნიკა გვარამიამ უწოდა?
- საშინლებად მე ის ამბავი უფრო მივიჩნიე, რაც ამას მოჰყვა. თავისუფალი ადამიანები ვართ. ზოგს მოსწონს სოული, ზოგს - პოპი, როკი, ზოგს ოპერა და იქაც ზოგი ვაგნერს უსმენს, ვერდის, პუჩინის, როსინის და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ მე ქართული ოპერა უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიე, იმიტომ, რომ ასე ვფიქრობ, მერე რა?!

- განათლებული ადამიანია, ტელევიზიის ხელმძღვანელია და მისგან ვერ მიიღო ეს ნათქვამი საზოგადოებამ.
- რა მნიშვნელობა აქვს, ტელევიზიის ხელმძღვანელია თუ რა? მასთან ეს ოპერა ახლო არ არის. ჩემთან ახლოს რაც არის, იმის ქება რომ დავიწყო, შორს წავალთ.

- ვთქვათ?!
- დავუშვათ, მოცარტზე ვგიჟდები და დავსვათ აქ წერტილი... მუსიკოსი ვარ და გარკვეულ საკითხებზე თავშეკავების რეჟიმს ვირჩევ ხოლმე, ნიკა გვარამია კი აბსოლუტურად თავისუფალია თავის ფიქრებში, გამონათქამებში, ის არ არის მუსიკოსი, ასე მიაჩნია და მორჩა! უბრალოდ, ბოლო დროს, ჩვენ ყველაფერს მტკივნეულად განვიცდით. მტკივნეულ პოლემიკაში შევდივართ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავდივართ. ხალხს ასეთი რეაქცია რომ არ ჰქონოდა, უკეთესი იქნებოდა. ნიკა მართალია ოპერასთან ახლოს არ არის, მაგრამ არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, ადამიანია, რაღაც მოსწონს და რაღაც - არა. ვინც ასე ცხარედ გამოენთო, დარწმუნებული ხართ, ყველას აქვს თავიდან ბოლომდე "აბესალომ და ეთერი" ნანახი?!

- ძნელია თქმა, სავარაუდოდ, ცოტას.
- ჰოდა, ნიკა თამამი ადამიანია, მას რაღაც არ მოსწონს და აფიქსირებს.

- ქართული ოპერა ფაქტია, რომ იმ მასშტაბის არ არის, როგორც სხვა უცხო ქვეყნების, რასაც თავის საფუძველიც აქვს...
- კი, გვიან შემოვიდა ეს კულტურა საქართველოში. ბევრ რაღაცას ქვეყნისთვის რთული ისტორიული სიტუაციები განსაზღვრავდა და არ შეიძლება იმ პროცესების გამო გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო, მით უფრო, რომ ეს კულტურა ტრადიციაში არ გაქვს. მაგრამ თუ ამ გადასახედიდან ვიმსჯელებთ, როდესაც დიდია ინფორმაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ახლისა და საინტერესოს გაკეთება, შექმნა, მოდი, ამაზე ვიმსჯელოთ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რომანი
ქალბატონო მარინა,ოპერა ისმინება.[ნახვა სხვა კატეგორიაა]
23:09 / 21-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS