19 აგვისტო, 2013
რისთვის სცემეს თაკო ჩარკვიანის ქმარს ''კულინარიელებმა''
კედელს ახეთქებდნენ, მარჯვენა მხარეს მთლიანად ჰემატომა ჰქონდა. კოტე მახარაძე პარლამენტში შევარდა და ყვიროდა, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შემოცვივდნენ ''კულინარიელებიო'' პოეტი მამისა და დოქტორი დედის ოჯახში გაიზარდა. მუსიკას უფროსი ძმისგან, მამუკა ჩარკვიანისგან ეზიარა. ოთახში უვარდებოდა და ფირფიტებს სთხოვდა. ფილოლოგობა თავადაც უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. ფიქრობდა, მამის ჩრდილქვეშ იქნებოდა და კონსერვატორია არჩია. ინფანტილურობის გამო სიყვარული საკმაოდ გვიან ეწვია. თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზით იარა
და ამ გამოცდილებაზე თავად გიამბობთ.

- საინტერესოდ ვცხოვრობდით, ჩემთვის ის წლები გალერეასავით იყო და ვდარდობ, რომ ბევრი რამ ვერ აღვბეჭდეთ ფირზე. ვინ არ უნახავს ჩვენს სახლს. მამას ვეებერთელა გა-ლერეიდან ყველა ნახატი ნაჩუქარია. ელენე ახვლედიანი, მირზაშვილი, დიმა ერისთავი - ყველას ნახატი გვაქვს სახლში და ყველა მათგანი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. საოცარი სა-მეგობრო ჰყავდათ დედასა და მამას. კარგი პურმარილიც იშლებოდა ჩვენს ოჯახში, ზოგჯერ პურსა და ყურძენზე ყოფილან, მაგრამ ერთად ყოფილან სიყვარულითა და სიხარულით. მამა ხელფასის კაცი იყო, მაგრამ მაშინ ხელფასით ცხოვრობდნენ ადამიანები და არ უჭირდათ. დედას მეტი ჰქონდა ხელფასი, როგორც დოქტორს, ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. მამა ჟურნალ ''ცისკრის'' რედაქტორი გახლდათ. მამაჩემის ყველაზე დიდი თანამდებობა მწერალთა კავშირის მდივნობა იყო, მაშინ ნოდარ დუმბაძე ამ კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. მაშინაც ჯობნიდა დედა ხელფასით.
- განებივრებდნენ შვილებს?
- გააჩნია, რას დავარქმევთ განებივრებას. თუ გვქონდა ერთი ჯინსი და ერთი მაისური, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. ჩაცმის კულტი ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა. სხვა ინტერესები გვქონდა. ფირფიტებზე ვნადირობდით. მამუკა თუ იშოვიდა ''ბითლზის'' ან ''პინკ ფლოიდის'' ფირფიტებს, მეც მინდოდა, ვბაძავდი მამუკას, მისგან გავიგე, ვინ იყო არეტა ფრანკლინი, ჯანის ჯოპლინი, ზეპელინები... კრიტიკოსი გურამ ასათიანი, ნოდარ დუმბაძე, ოტია პაჭკორია, ნოდარ ჩხეიძე, აი, ამ ადამიანების სტუმრობა ფეიერვერკი იყო ჩვენს სახლში. ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. დილამდე მათი ჟრიამული, სიმღერა და სიცილი მესმოდა ჩემს ოთახში. მამა კარგად მღეროდა. ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე მამასთან მეგობრობდნენ.
- მშობლებისგან განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ?
- დედაჩემი ძალიან გონიერი ქალია. ამ გადასახედიდან რომ ვაკვირდები, ბევრ რამეში დედაჩემი მეტრია ჩემთვის. დედას გვერდით ძალიან კარგი გარეგნობის, საოცარი ტემპერამენტის კაცი ჰყავდა. პოეტის გაძლება ისედაც რთულია, თან ჯანსუღის. ამის მიუხედავად, ჩემი მშო-ბლების საწოლი არ გაწეულა. მოყვარული ცოლ-ქმარი იყვნენ. მივლინებაშიც კი დაჰყავდა მამას დედა. ეს ჩვენთვის სიყვარულის მაგალითი გახლდათ. კამათიც კი ძალიან ლამაზი იცოდნენ. ცნობილი ამბავია, ჯანსუღი ყველგან ჰყვება ამას. ნაჩხუბრები რომ იყვნენ, დედას ჯანსუღმა წერილი დაუტოვა, ხვალ დილით 9 საათზე გამაღვიძე, გადაუდებელი საქმე მაქვსო. შუადღის 1 საათზე გაღვიძებია მამას და რას ხედავს, წერილს ქვემოთ მიწერილი აქვს, ჯანსუღ, 9 საათია, ადექი. ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, ეს ბუნებრივად მოდის, ძალიან ბევრია დამოკიდებული ქალზე ოჯახში. დედა უნიჭიერესი ადამიანია. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როგორ მიართვა 77 მიხაკი დედას კონსტანტინე გამსახურდიამ, როცა ''მთვარის მოტაცება'' და ''დიდოსტატის მარჯვენა'' დაიცვა. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, საკუთარი ინიციატივით დათმო დედამ კარიერა მამასთვის. ''ირინოლა'' დედას ლექსზეა შექმნილი. ერთხელ ვკითხე, რა-ტომ დათმე, შენ ხომ კარგ ლექსებს წერდი-მეთქი, მთელი ცხოვრება ამ კაცის ნიჭით ვიყავი აღფრთოვანებული, მისი ფანი ვიყავი, როგორც პოეტისო, მიპასუხა. მამაც პირიქით აქეზებდა, წერეო...
- მაინც ცოტა აზიატი მგონია ბატონი ჯანსუღი...
- ტრადიციული ტიპია, მაგრამ შვილებს მისი აზიატობა არ გვიგრძნია. ჩვენს ჩაცმაში არ ჩარეულა. თვითონაც ზოგჯერ ისეთ ჭრელ ყელსახვევს გაიკეთებს ხოლმე, ბევრი ვერ გარისკავს. არ მახსოვს, ჯანსუღს ვინმეს ჩაცმულობა გაეკრიტიკებინოს. დედა ახერხებდა იმას, რომ ჩვენ, შვილებს, ჯანსუღისგან შენიშვნა არ მიგვეღო. ეს მეთოდი მეც გადმოვიტანე შვილის აღზრდაში. მთელი თბილისი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. ახლა მეუბნება ხოლმე დედა, მერჩივნა, ჩემ თვალწინ ყოფილიყავით და ამიტომ ვუღებდი ყველას ფართოდ კარსო. დამხმარე ქალი კი გვყავდა, მაგრამ სადილებს ყოველთვის დედა ამზადებდა, ან როგორ არ ეზარებოდა.
- კულინარიული გამოცდილება დედისგან მიიღეთ ალბათ?
- ვერ დავიბრალებ, მაშინ არაფერში არ ვეხმარებოდი დედას. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა თვითონ დამჭირდა კერძის მომზადება, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ვიცოდი, რასაც დედა აკეთებდა. არ მჯერა მატრაკვეცა ქალების, რომ ამბობენ, არ შემიძლია, არ ვიციო. ნიჭიერ ქალს ყველაფერი შეუძლია. თუ კარგი პირის გემო გაქვს და არ გეთაკილება, ყველაფერიც შეგიძლია. უდროობის მომენტია, თორემ დამხმარე ქალი თუ არ მყავს, ქმარსა და შვილს ნამდვილად ვერ მოვაშიებ.
- თქვენ და მამუკას როგორი დაძმობა გქონდათ?
- არაჩვეულებრივი. რაღაც ასაკამდე ვკამათობდით, მაშინ როცა ბიჭები სტუმრობდნენ და მე ოთახში ვეკვეხებოდი. სულ არ უნდოდათ პატარა გოგო თავისთან ოთახში. მერე საერთო სამეგობროც კი გაგვიჩნდა. ჩვენს დაბადების დღეებზე ვერ გაიგებდი, ვინ ვისი სტუმარი იყო, ყველანი ერთნი ვიყავით.
- რომელიმეს პროფესიის არჩევაში ჩაერივნენ მშობლები?
- არა. დედას ძალიან უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა, დედამისი ექიმი იყო, კარგი ვენეროლოგი, ადრე გარდაიცვალა, მე მისი სახელი მქვია. არაფრით არ მინდოდა სამედიცინო, არ იყო ჩემი და ბედნიერი ვარ, რომ არ ჩავაბარე. ფილოლოგობა მინდოდა, ყოველთვის ვწერდი, მამას გამო არ ჩავაბარე, ვიფიქრე, მის ჩრდილქვეშ ვიქნებოდი ყოველთვის. ახლა ვნანობ, კი გამოვეცი 43 წლის ასაკში ჩემი მოთხრობების კრებული, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი. კონსერვატორია ვარჩიე, ვიფიქრე, ამ სფეროში წარმატება მამაჩემის შვილობას აღარ დაბრალდებოდა, იქ ხომ მამა ვერ დაუკრავდა ჩემ მაგივრად.
- პირველი სამსახური...
- პირველ რადიოში, კეთილსინდისიერად, რიგით თანამშრომლად დავიწყე მუშაობა. მუსიკალური რედაქტორი ვიყავი. პირველი ხელფასით სუნამო ვიყიდე. ეს ჩემი სუსტი წერტილია.
- ის ასაკი, როცა გოგონა სარკის წინ დგება იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესს გაეპრანჭოს, როდის მოვიდა თქვენთან?
- დიდხანს ძალიან ინფანტილური ვიყავი. ეს სჭირდა ჩემს თაობას. გვიან მოვიდა სიყვარული ჩემთან. 28 წლის ასაკში გავთხოვდი. ძალიან საინტერესო და ნიჭიერი კაცია ჩემი ქმარი. წყნეთში გავიცანი ჯონი გიგანი. მამუკას შვილი, ირინოლა ავიყვანე ერთ საღამოს, კარი გამოვაღე, ნესტის სუნი იდგა კოტეჯში. მანქანა გაჩერდა. საჭესთან ჩემი მომავალი მეუღლე იჯდა, გვერდით - გივი სიხარულიძე. გივიმ მკითხა, ესა და ეს კოტეჯი ხომ არ იცი სად არისო. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, გივიმ მოიკითხა ჩემები. გააჩერეს მანქანა, გამოვედი მეც. აქედან დაიწყო ყველაფერი. 19 წელია ერთად ვართ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ სიყვარული არ ხუნდება. ამისთვის მოთმინებაა საჭირო. თუმცა გააჩნია რას მოითმენ. მე არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც ღალატს აპატიებენ კაცს. შეიძლება ისევ მიყვარდეს ჩემთვის, ჩუმად, მაგრამ იმ კაცთან ვიცხოვრო, ვინც მიღალატა, გამორიცხულია. ზოგადად ქალს უნდა ეყოს ჭკუა, პატარ-პატარა ნიუანსები დათმოს, კამათს გაერიდოს.
დიდი ერუდიტის, ირმა ჩხეიძის ოჯახში გავიზარდე და უცბად მოვხვდი აბსოლუტურად სხვა გარემოში. სვანეთში, ჩემი ქმრის სოფლის იქით არის თეთნულდი. ვგიჟდებოდი, ისე მი-ყვარდა თამარისში ჩასვლა. ჩავიტანდი ყავას და ჩემი დედამთილი ფანტასტიკურ ჭვიშტარს დამიცხობდა უცბად. იცით, როგორ უხდება ყავას, როგორც ხაჭაპურს ჩაი. იქ, მთის ძირში, ცეცხლთან, ქმრის სვიტერი რომ გაქვს მოხვეული და გცივა, ფროიდზე არ უნდა დაიწყო ლაპარაკი. ეს გოიმობაა. იქ იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ძალიან თუ ჩაუღრმავდი იქაურ გლეხს, თუ გგონია, ნიცშეზე ნაკლებია, ძალიან ცდები, მათ თავიანთი სიბრძნე აქვთ, თავიანთი სილამაზე.
- მკაცრი ტრადიციები აქვთ სვანებს, იყო ეს შესამჩნევი ურთიერთობის პირველ ხანებში?
- არა, ეს ნამდვილად არ მიგრძნია. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ზრდის, თუ ნიჭიერი ხალხია. ჩემთვის არავის მოუთხოვია, თავზე წაიკარი და კუბდარი გამოაცხვეო. კუბდარი არა, მაგრამ ტვინი ამოვუღე ჩემს დედამთილს, სანამ ჭვიშტარის გაკეთება არ მასწავლა. ხშირად უთქვამს ჩემს ქმარს ჩემთვის მადლობა და მე ვიცი ამის მიზეზი.
- თაკო, ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო თქვენს ცხოვრებაში?
- საშინლად მახსოვს მხედრიონის წლები, კოშმარივით. ჯონი კოტე მახარაძემ ჩამოიყვანა თბილისში. ეს ის პერიოდი იყო, როცა მართლა ბანდები დაძრწოდნენ ქალაქში. დღისით-მზისით 40 კაცი შეუვარდა ოფისში. ლამის ცემით მოკლეს, კოტე მახარაძეს გული წაუვიდა კაბინეტში. სისხლს ასხამდა ჯონი, მაგრამ არ მოუკლავთ. ბრძანება ასე ჰქონდათ, სცემეთ, დაჩეჩქვეთო, რადგან ხარკს არ უხდიდა. მაინც ვერაფერს გახდნენ. კედელს ახეთქებდნენ, მარჯვენა მხარეს მთლიანად ჰემატომა ჰქონდა. კოტე მახარაძე პარლამენტში შევარდა და ყვიროდა, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შემოცვივდნენ ''კულინარიელებიო'', ასე ეძახდნენ მაშინ ამ ჯგუფს, მეორედ ქურდი მიუგზავნეს. ორჯერ გაისროლა იმ კაცმა. ჯონი მის იარაღს წაეპოტინა, წართმევა უნ-დოდა, ხელი გაუხვრიტა იმ კაცმა. ოპერაცია დასჭირდა, განგრენა ჰქონდა დაწყებული. ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ. ნერვიულობაზე მუცელი მომეშალა. ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მერე შევარდნაძემ ჯაბა დაიჭირა და ეს ფორმირებაც დაიშალა. ექიმი ბოხუა მოკლეს ''კულინარიელებმა''. ერთმანეთი დახოცეს. რა იცოდნენ იმათ ვინმეს მხარე?! ყველას ატერორებდნენ. მერე გაჩნდა ირმა.
- თაკო, თვითონ რა გამოცდილებას უზიარებთ ირმას, რამეს უკრძალავთ?
- ჩუმი, პატარ-პატარა აკრძალვის მცდელობები ალბათ მაქვს გამოყოლილი, მაგრამ ვთრგუნავ, ვებრძვი ჩემს თავს. ანგელოზად ვერ მოგევლინები, ტყუილია. თუმცა მეგობრებს არ ვურჩევ ჩემს შვილს, ეს გამორიცხულია. მეგობრებს ინტელექტის მიხედვით ირჩევენ და ეს თვითონ უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, ცუდ წრეში არ მოხვდება, მე ვიცი ირმას ინტელექტი, შემთხვევით ასე კარგად არავინ უკრავს, არც კარგ ლექსს წერს არავინ შემთხვევით. ვღელავ მაშინ, როცა გვიან წავა სადმე. არ შემიძლია, ღამის 3 საათზე სადმე გავუშვა, ვღელავ, ვერ ვერევი ჩემს თავს. მალე გასტროლებზე წავა ალბათ და მერე ვინღა შემეკითხება რამეს. ამიტომ ვცდილობ, ახლავე მოვერიო ჩემს თავს.
- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ, თუ შეიძლება...
- ჩემი კრებულის შესავალი ასე იწყება: - ''დავიბადე ამ ქალაქში, ამ სახლში, პოეტის ოჯახში. მიყვარს ეს ქალაქი, ეს სახლი, ეს პოეტი. მადლობელი ვარ ყველა იმ დღის, რომელიც მქონია ამ ქვეყანაზე. ვდარდობ ყველა ცუდ სტრიქონსა და ფიქრს, რომელიც დაწერილი მაქვს, მაგრამ დაწერილი მაქვს უკვე~. დამიწერია მწარე პუბლიცისტური წერილები, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ასე ვთვლიდი საჭიროდ, მაინც მიფიქრია მოგვიანებით, იქნებ, ასე არ გამეწირა ადამიანები, რომლებმაც სიხარბეს გადააყოლეს ქვეყანა-მეთქი. ამის მიუხედავად მაინც მიდარდია, მიდარდია, რომ ასე მწარედ გავაკრიტიკე, გავკიცხე. ვინც არ იცის, რა არის სინანული, იმან არ იცის, რა არის ქრისტიანობა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ani
Qvekana albat esets ojaxebze da sikvarulze shendeba,patiosnebis gageba kidev kvelas tavisi akvs,gansja advilia .
18:44 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
გამიკვირდა. თბილისელი და პოეტის ქალიშვილი ცოლად გაყვა სვანეთიდან ჩამოსულ კაცს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს საშინელებაა. არ შემიძლია და თქვენზე ვერაფერს დავწერ, არ გიცნობთ და თავს უფლებას ვერ მივცემ თქვენი დახასიათების, მამათქვენის ყველა წიგნი გვაქვს სახლშიმ =მაგრამ უნიჭიერეს პოეტად არ ვთვლით. არა უშავს, რაღაც-ღ\რაღაცების გამოკლებით, პირადად თქვენ მომწონხართ გარეგნულად ძალიან, ახლოს რომ გიცნობდეთ აუცილებლად დავწერდი თქვენზე რაღაცას. ძალიან სასიამოვნო გარეგნობა გაქვთ.
21:18 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარეხი
არა ,,ბიბილო" მე ვგულისხმობ და ვამბობ იმას რომ ბატონი ჯონი არის კეთილსინდისიერი და უაღრესად მართლმორწმუნე განსხვავებული აზრი კი სულ იქნება ჯონი გიგანზე კი არა უბრალო მოქალაქეზეც. ყველას ვერ ეყვარები და ყველა კარგს არ იტყვის. ,,ცუდას რათ უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"---ვეთანხმები დიდ ვაჟას სიტყვებს. გაფასებთ და პატივს გცემთ მთელ ოჯახს
08:44 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე მიყვარს ეს ოჯახი
19:43 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინაკა
თაკო ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ,როგორც გარეგნობით ისე ადამიანობით.ნიჭიერების ბუმია თქვენს ოჯახში.
16:51 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS