18 აგვისტო, 2013
რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში
აფხაზეთიდან ღამის ორ თუ სამ საათზე წამოვედით, ტრაქტორის მისაბმელზე დავეტიეთ მთელი უბანი. თითო ოჯახს მხოლოდ თითო ტომრის წამოღება შეეძლო, სხვანაირად ვერ დავეტეოდით „წიგნის მოყვარულთა კლუბი“ პოეტ პაატა შამუგიას ლიტერატურული გემოვნებით დაინტერესდა. მან შეკითხვებზე პასუხების გაცემა წერილობითი სახით ისურვა. ის რამდენიმე ჟურნალში სტილის რედაქტორი გახლდათ და პასუხები რომ მივიღე, იქვე მომწერა: „თხოვნა მექნება - არ შეიცვალოს არაფერი, სასვენი ნიშანიც კი“ . ასე რომ, ტექსტს, შეძლების-დაგვარად, უცვლელად გთავაზობთ...
„ტოლსტოის „ანა კარენინა“ თავს მატკივებს...“

- რა არის თქვენთვის წიგნი?
- წიგნიც არის და წიგნიც! აი, ტოლსტოის „ანა კარენინა“ თავს მატკივებს, თომას მანი -მიყუჩებს, დოსტოევსკი მსუყეა, რაბლე ტიტანია თავისი პერსონაჟებივით, კინგი მეფურია, სტენდალი მოსაწყენია, სექსტონი სექსუალურია, ელიოტი - ფრიგიდული, პავლოვა - ასატანად კარგია, სტაინი -აუტანლად კარგი, გინსბერგის ნებისმიერი თავხედური კრებული მირჩევნია დამყაყებულ აკადემიურ ანთოლოგიებს, გამსახურდიას ვეღარ ვკითხულობ, რობაქიძეს აღარ ვკითხულობ. საერთოდ, მე „ცოცხალი“ წიგნების და ავტორების მხარეზე ვარ, მკვდრებმა (კოელიომ და სხვებმა) თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები (კასტანედა და სხვები). ცოცხალი არის „ვეფხისტყაოსანი“ (თუ ქართველმა რუსთველოლოგებმა არ მოკლეს), ცოცხალი არის უიტმენის „ბალახის ფოთლები“ და პავლე მოციქულის „პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ“ . მოკლედ, ასეთია ჩემი აზრი წიგნების და ავტორების შესახებ - წინააღმდეგობრივი, ისეთი, როგორიცაა თვითონ ლიტერატურა.
- თქვენი პირველი წიგნები... ბავშვობიდან დღემდე ნაწარმოებიდან გამოყოლი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...
- ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი პირველი წიგნი არ იყო „დედა ენა“ . ყოველ შემთხვევაში, პირველი წიგნი, რომელიც გააზრებულად და გულმოდგინედ წავიკითხე, იყო ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. ამდენი სისხლი და თავების პანტა-პუნტით ცვენა შემაშფოთებელი კი იყო, მაგრამ „ჩემიანი“ , ანუ სუსტი და კეთილი, ბოლოს რომ იმარჯვებდა - ეს იყო ესთეტიკური ჯილდო. მართალია, ცოტა არ იყოს, სწორხაზოვანი და მიამიტურია, სუსტმა და კეთილმა აუცილებლად რომ უნდა გაიმარჯვოს, არის ამაში რაღაც ჰოლივუდური პოლიტკორექტულობის წინმსწრები მომენტი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე ვფიქრობ, სიკეთეს უნდა მივცეთ საშუალება, წიგნებში მაინც გაიმარჯვოს. საერთოდაც, წიგნები ხომ ამისთვის არსებობს - რომ ავინაზღაუროთ ის, რაც გვაკლია - სიკეთე, თანასწორობა, თანალმობა.
- აფხაზეთში ხართ დაბადებული. მე არ ვიცი თქვენი ოჯახის ამბავი აფხაზეთის ომის პერიოდში, ალბათ სახლი, თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა იქვე დარჩა...
- აფხაზეთიდან ღამის ორ თუ სამ საათზე წამოვედით, ტრაქტორის მისაბმელზე დავეტიეთ მთელი უბანი. თითო ოჯახს მხოლოდ თითო ტომრის წამოღება შეეძლო, სხვანაირად ვერ დავეტეოდით. ასეთ პირობებში ბიბლიოთეკას ვერაფრით ვერ წამოვიღებდით. არადა, ძალიან დიდი და საინტერესო ბიბლიოთეკა იყო. თანამედროვე ლიტერატურა შეძლებისდაგვარად, კლასიკა კი თითქმის სრული სახით გვქონდა.
- არსებობს თუ არა წიგნი, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით და ხელახლა კითხულობთ?
- საერთოდ, თუ წიგნი მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, ესე იგი არ მომწონებია. თითქმის ყველა ფავორიტი წიგნი ორჯერ ან მეტჯერ მაქვს წაკითხული... ერთადერთი წიგნი, რომელიც შეიძლება მაკმაყოფილებდეს, მაგრამ არასოდეს ვუბრუნდები, საკუთარი წიგნია. როცა გამოიცემა, ვივიწყებ, მეხსიერებიდან ვშლი და ახალ ტექსტზე ვფიქრობ.
- წაგიკითხავთ თუ არა ესა თუ ის წიგნი მშობლების, მეგობრის, ახლობლების რჩევით და საერთოდ, დღესდღეობით რის მიხედვით ირჩევთ წასაკითხ ლიტერატურას? რას კითხულობთ ამჟამად? გახასიათებთ თუ არა რამდენიმე წიგნის ერთად კითხვა?
- პატარაობაში მამაჩემი დამსვამდა და მკითხავდა: ახლა ყველაზე მეტად რა გინდა? მაშინაც მსუნაგი ვიყავი, ამიტომ, ძირითადად, შოკოლადიან ნაყინს ვეუბნებოდი. ჰოდა, აი, ამას (ვთქვათ, „ლამბალო და ყაშა“ -ს) თუ წაიკითხავ, ნაყინიც იქნებაო, მეტყოდა. ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, არ ვიყავით მდიდრები. იმ დროს, მგონი, სულ სამი კაცი იყო ქვეყანაში, ვისაც მდიდარი ეთქმოდა, ამიტომ ნაყინი სერიოზული ჯილდო იყო, რის გამოც კითხვაც კი მიღირ-და. მოკლედ, მამაჩემის ჯიბის დაცარიელების პარალელურად, ივსებოდა ჩემი ტვინი ახალი პერსონაჟებით, ახალი სიუჟეტებით... ასე რომ, მამაჩემისეული, კითხვის მასტიმულირებელი მეთოდი ძალიან წამადგა. ახლა ვკითხულობ ფუკოს „სექსუალობის ისტორიას“ , რომელშიც ეს დიდი ფრანგი სექსის აკრძალვისა და „განკრძალვის“ მიზეზებსა და შედეგებზე ჰყვება. რა კავშირშია ერთმანეთთან რელიგია, პოლიტიკა, სექსი... აი, ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო რამეზეა ეს წიგნი. იმედი მაქვს, ოდესმე ჩვენც ვთარგმნით, საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნია.
- თქვენი აზრით, რომელი პერიოდია ქართული მწერლობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი?
- XX საუკუნის 10-20-იანი წლები. ეს ის პერიოდია, როცა რეალიზმი გენერალური ხაზიდან ჩაიჩოჩებს და ადგილს უთმობს მოულოდნელ სიმბოლიზმს და შოკურ დადაიზმ-ფუტურიზმს. ყირავდება სინტაქსი, წყობილ შინაარსს დაუნაწევრებელი წინადადებები და შიზოენა ანაცვლებს. ლექსი ხდება ისეთი, როგორიცაა სამყარო - ქაოსური. რაც მთავარია, კლასიკურ ღირებულებებს, აკადემიურ კეკლუცობას აგრესიული, დესტრუქციული პოეტური ენა უპირისპირდება. ამ დროის ავანგარდისტები იყვნენ პოეტური ენის სალოსები. სალოსები სამიკიტნოს დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ, ტაძრებს კი ქვებს უშენდნენ - ეს რწმენის რევერსული აქტი იყო. ასევე იქცეოდნენ დადა-ფუტურისტებიც - კლასიკას დაწვით ემუქრებოდნენ, მუზეუმებს - დანგრევით, ენას კი უკიდურესად ანტიკომუნიკაციურ აქტად წარმოადგენდნენ. სამწუხაროა, რომ მათ სუნთქვა არ ეყოთ და ბოლომდე არ დარჩნენ ამ ექსტრემისტულ პოეტიკაში (თავიანთი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით). ბოლოში სოცრეალიზმის მფარველ ფრთებს შეეხიზნენ და „აყვავებულ“ და „დიდების ღირს“ სამშობლოს უმღეროდნენ.
- უცხოელ ავტორებს შორის თუ გყავთ რჩეული?
- ცხადია, ბევრი. დასაწყისშივე ვახსენე ზოგი მათგანი. მივამატებ ანტონიო ტაბუკის. მისი „მიაჩნია პერეირას“ ქართულად ბრწყინვალედ თარგმნა ხათუნა ცხადაძემ. სექტემბერში თბილისში ჩამოვა იუჯინ ოსტაშევსკი, თანამედროვე ნიუიორკელი პოეტი - ძალიან საინტერესო და თამამი პოეზიით. გვინდა, ლექციაც წაიკითხოს თანამედროვე პოეზიაზე. პოეტის გარდა, მეცნიერია, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ლექცია ძალიან წაადგება ქართველ პოეტებსაც და მკვლევრებსაც.
- პოსტსაბჭოთა გარემო და სამი ომი. თქვენი აზრით, 2000- იანი წლების ქართველი ახალგაზრდა ავტორების შემოქმედებაზე უახლესმა წარსულმა იქონია თუ არა გავლენა? თუ კი, ამ კუთხით რა ტენდენციებს ხედავთ და რა სახით?
- ყველა მწერალი წარსულზე წერს, მაშინაც კი, როცა მომავალზე წერს. ამიტომ წარსული არათუ გავლენას ახდენს, წარსულია ის ყველაფერი, რაზეც და რისი მეშვეობითაც ვწერთ. ნევროზები, კომპლექსები, შიშები - ეს წარსულის საჩუქარია და გადასარევი რამეა, თუ წერას აპირებ. რაც მეტი, მით უკეთესი.
ტენდენციებზე ამ ფორმატში საუბარი მოუხერხებელია. თუმცა, თვითირონიული რეპრეზენტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია თანამედროვე პოეზიაში. საერთოდ, ამ ემოციის გარეშე დაწერილი ტექსტები, ცოტა არ იყოს, უხერხულია. განსაკუთრებით უხერხულია, როცა 19-20 წლის გოგო-ბიჭები წერენ ცხოვრებისეულ სიბრძნეებს, კანტის, ნიცშეს და ათასი ჯანდაბის ციტატებიან-ყველაფრიანად... და გრამი თვითირონიაც კი არ დევს ტექსტში, აბსოლუტური, ლამის თეოლოგიური სერიოზულობით წერენ.
სერიოზულობა საშიში რამეა, მით უმეტეს, თუ სერიოზულ საქმეს აკეთებ. ვონეგუტი ელიოტზე შაყირობდა, ბოლო წლებში ისე წერდა, როგორც კენტერბერიელი არქიეპისკოპოსიო. თუმცა მე სულაც არ მაქვს უიმედო წარმოდგენა, პირიქით - ქართულ პოეზიაში ბევრი მნიშვნელოვანი პოეტია, ძველიც და ახალიც.
- გასულ წელს გადმოგეცათ „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისათვის. რა აზრის ხართ პრემიებზე? თქვენთვის ეს წახალისებაა, დაფასება, აღიარება, თუ?..
- 70-იან წლებში ტომას ბერნარდმა გადაწყვიტა, არც ერთი ლიტერატურული პრემია აღარ მიეღო, რადგან ფიქრობდა, რომ კარგი ხელოვანისთვის ,,პრემიით დაჯილდოება თავზე დაფსმას ჰგავს“ . ამ საინტერესო მოსაზრებას, როგორც ახლა იტყვიან, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ფოლკნერს, კუტზეეს ან შიმბორსკას ეს აზრი ძალიან ეწყინებოდათ.
ფაქტი ისაა, რომ ნებისმიერი პრემია, კონკურსი მხოლოდ აცოცხლებს ლიტერატურულ პროცესს, აჟიოტაჟიც, რაც პრემიების გარშემოა, ისევ პრემიას და მწერლებს რგებს. კარგი იქნებოდა, ათჯერ და ასჯერ მეტი პრემია იყოს, მწერლებიც ამოისუნთქავდნენ და მკითხველიც უკეთ შეძლებდა ორიენტირებას.
- დაბოლოს, ვის რა წიგნი აჩუქეთ და თქვენ რა წიგნით დასაჩუქრდით?
- ბოლოს ორი წიგნი მაჩუქეს, ორივე ფილოსოფიური: სლავოი ჟიჟეკის „სახიფათოდ ფიქრი“ და მიშელ ფუკოს „სექსუალობის ისტორია“ . მეც ხშირად ვჩუქნი მეგობრებს. საერთოდ, ვინმეს რამეს თუ ვჩუქნი, ეს წიგნია. ჯერ ერთი, პრაქტიკული ამბავია - იაფია, რაც ჩემისთანა კაცისთვის მისწრებაა და მეორეც, მართლა არ ვიცი, წიგნზე უკეთესი ვის რა უნდა ვაჩუქო. ერთი კვირის წინ ქუთაისში ვიყავი და გიორგი ხასაიას მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ ვაჩუქე, გაუგებენ ერთმანეთს - ორივე ნიჭიერი და საძაგელია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანგელინა
ვისურვებდი,რომ დღევანდელ საქართველოშიც მამების ჯიბის დაცარიელებით ივსებოდეს ახალგაზრდების ტვინი და არა.......ჩემი საამაყო ძმა ხარ პაატა.წარმატებები.
18:30 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დავითი
სამწუხაროდ თქვენს პოეზიას არ ვიცნობ, მაგრამ ამ ინტერვიუთი თუ სტატიით აღფრთოვანებული ვარ. გთხოვთ ხშირად დაუთმოთ გვერდი ამ ნიჭიერ ახალგაზრდას.
16:02 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS