24 დეკემბერი, 2015
"რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო" - ეკა მამალაძის სტილის საიდუმლო და 5 მოდური რჩევა ქალებს
ყოველთვის მაცვია ის, რაც მომწონს მოდის ინდუსტრიაში გლამური დაავადებად გადაიქცა. ადამიანები (განსაკუთრებით კი ცნობილები) მთელ დღეებს ხარჯავენ მოდური "ლუქების" შესაქმნელად, ამჯერად მოდური რჩევების მისაღებად ცნობილ მომღერალს ეკა მამალაძეს მივაკითხეთ და იმითაც დავინტერესდით, თუ შეიპყრო ამ საყოველთაო ციებ-ცხელებამ.

მოდის სტანდარტებზე უფრო მნიშვნელოვანი გაწაფული თვალია!

"ჩემს ასაკში ქალმა ყოველთვის იცის, რა უხდება და შესაბამისად თავისი სტილიც აქვს ნაპოვნი. ყოველთვის მაცვია ის, რაც მომწონს. კარგი თვალი მაქვს, სამოსს რომ შევათვალიერებ, ვიცი, მომიხდება თუ არა. იყო მოდური, ნიშნავს აჰყვე თანამედროვეობას.
ერთი პერიოდი უკლებლივ ყველას დიდლიპებიანი პიჯაკები ეცვა. ლიპები ვიწრომხრებიან ქალს დღესაც სჭირდება, თუმცა განიერი მხარ-ბეჭის მქონე მანდილოსნისთვის მაშინაც შეუფერებელი იყო. გლამურული კომბინაციის შერჩევამ ასაკი არ უნდა დაგავიწყოს. მაგალითად, ნანის ბოტასები მოსწონს. გაიძახის, თქვენთან ერთად წამიყვანეთ საყიდლებზე და სპორტული ფეხსაცმელი შევიძინოთო. სიმპათიების, პრაქტიკულობისა და მოდის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ბოტასებს მაინც არ იცვამს"

წითელი ფერი ყოველთვის ექსტრავაგანტურია!

ქართველებს მუქი ფერები გვიყვარს, ეს ალბათ ჩვენი აზიური ბუნებიდან გამომდინარეობს. ესეც რომ არა, შავი ფერი ნაკლოვანებების დამალვაში გვეხმარება, ვიღაცას ზედმეტი წონა აწუხებს, სხვა კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. შავი ადვილად მოსავლელია. პირადად მე ღია ფერებიდან ძირითადად ვირჩევ კრემისფერს ან თეთრს (იასამნისფერი კატეგორიულად არ მომწონს), მაგრამ წითელი უდავოდ ექსტრავაგანტულია! მაქვს დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის წითელი კაბა, თამუნა ინგოროყვას იმავე ფერის ბროში და ფრჩხილის ლაქსაც წითელს ვიყენებ.

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს...

"აცივდა, თბილი სვიტერებისა და პალტოების სეზონი დადგა. სიმართლე გითხრათ, პალტოებს, მანტოებს და ქურქებს ვერ ვიცვამ. გარდერობში მიკიდია შავ-თეთრი, ჭრელი, ყვავილებიანი და ბეწვის ქურთუკები, მაგრამ ვინაიდან სულ მანქანით ვმგზავრობ, ჟაკეტიც მყოფნის. თუ ქალაქგარეთ არ გავდივარ, ან წვეულებაზე არ მიწევს წასვლა, შემოსაცმელით შემოვიფარგლები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა ქალის გარდერობში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მინიმუმ ერთი ჟაკეტი მაინც უნდა იყოს. როგორი ხარისხიანი სვიტერიც უნდა შეიძინოთ, შემდეგ წელს მაინც დაკარგავს ელფერს. გასულ ზამთარს ამერიკაში ვიყავი საყიდლებზე, მეგონა რომ ხარისხიან ტანსაცმელს ჩამოვიტანდი, მაგრამ კვლავ იმედი გამიცრუვდა. პირადად მე ყოველ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რამდენიმე ახალ სვიტერს ვყიდულობ, რომ გარდერობი განვაახლო. შეიძლება აბაზანიდან გამოსულმა არ ვიცოდე რა ჩავიცვა, გამოვაღებ კარადის კარს, დავინახავ მოქსოვილ კაბას და პრობლემა გადაჭრილია! ნაქსოვი კაბები ხშირად დომინირებს ქალების ზამთრის სტილში. კაბის სიგრძეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ისევე როგორც ტენდენციურ ფერებს. მაგალითად, ახლა ხშირად ირგებენ ნაცრისფერ და ვერცხლისფერ კაბებს, მე კი ვერცხლისფერი ტანსაცმელი არ მაქვს. 20 წლის რომ ვიყავი, წითელი შლიაპა ვიყიდე. მახსოვს, ქალაქში რომ დავდიოდი, ყურადღებას იქცევდა, ისეთი გამორჩეული იყო. დღეს ქუდებს აღარ ვხმარობ, თავშლები მირჩევნია".

წონა საუკეთესო საზომია!

შარვალი პრეტენზიული სამოსია. ვინაიდან მე მსხვილი ფეხები არ მაქვს, შემიძლია მჭიდრო ჯინსი ან კლასიკური შარვალი ჩავიცვა. სავსე გოგონებს ისეთი შარვლების ტარებას ვურჩევდი, რომელიც ზედმეტად არ გამოკვეთავს მათ ფიგურას.

სცენა - ადგილი, სადაც უნდა ანათებდე!

ნანიზე ამბობენ, რომ ჩაცმისას არაფერი ეშლება. მართლაც ასეა! სცენაზე გასვლამდე სამოსს აკვირდება, კრიტიკულია და ყველა ნიუანსს ითვალისწინებს. მეც ნანის მსგავსად ვიქცევი. გამოცდილებასთან ერთად უფრო ადვილად ხვდები კონკრეტულ სიმღერას, კონცერტსა და სიტუაციას რომელი კაბა შეეფერება. სცენას სიბრჭყვიალე სჭირდება. რაც ლამაზი გაქვს, ის უნდა გამოაჩინო, ასი თვალი გაკვირდება. მაშინაც კი, თუ სამოსი ყოველდღიურობაში მოდურად ითვლება, სცენაზე შეიძლება დაიკარგოს და მაყურებელმა ვერ აღიქვას. თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში კომფორტს ვამჯობინებ, სცენაზე რადიკალურად ვიცვლები. ერთ-ერთ კონცერტზე ფელინის წითელი კაბა მეცვა, ძალიან ძვირი დამიჯდა. სამწუხაროდ, საბოლოოდ დაზიანდა და გადაგდება მომიწია. ძალიან დამწყდა გული.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი "top რეიტინგი"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ხალხი
მეგობრის ქმარს თვალს ნუ ადგამ ისიც შინაურიაო
13:47 / 26-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დაქალის ქმარს ნუ გამოუჩენთ და სხვა უცხოს არაუშავს
07:23 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS