17 ნოემბერი, 2015
როგორი მამაა ქართველი სექს სიმბოლო დათო ქაცარავა
პირველი შვილის გაზრდაში დიდი დოზით ვიყავი ჩართული როდესაც საქართველოში სექსუალურ მამაკაცებზე საუბრობენ, ბევრს დათო ქაცარავა ახსენდება. თუმცა უკვე დიდი ხანია, ის ერთგული და მეოჯახი მამაკაცია. დათო ქაცარავას მამა-შვილობაზე ვესაუბრეთ.

- 9 წლის წინ გავხდი მამა. 29 წლის ვიყავი. ის მომენტი და ის ასაკი იყო, როცა ვიგრძენი, მინდოდა ვყოფილიყავი მამა და მზად დავხვდი ამ სტატუსს.

- შვილის აღზრდაში თუ იყავი ჩართული?
- პირველი შვილის გაზრდაში დიდი დოზით ვიყავი ჩართული, ალბათ იმიტომ, რომ მეტი დრო მქონდა. ახლაც
ჩართული ვარ, მაგრამ დროის პრობლემა მაქვს. არასდროს მყოფნის დრო, ალბათ დღე-ღამეში დამატებით 12 საათი მჭირდება, რომ ყველაფერზე სათანადოდ გადავანაწილო.

- რა ასაკის არიან შვილები?
- უფროსი 9 წლისაა, პატარები – 5-ის და 4-ის. ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ვიყო, მე თვითონ ასე გამზარდეს, მამაჩემი ჩემი უპირველესი და ყველაზე ახლო მეგობარი იყო ყოველთვის, თუმცა, გარკვეული დოზით, სიმკაცრე აუცილებელია, დისციპლინასაც უნდა შეეჩვიონ.

- რაიმეს თუ უკრძალავთ?
- აკრძალვა არა, თუმცა არის ისეთი რაღაცები, რაზეც ვბრაზდები და ეს იციან. მაგალითად, დროულად დაძინება პრობლემაა და სახლი ამ დროს ბრძოლის ველს ჰგავს (იღიმის). ასეთ დროს ვბრაზდები... პატარები ძალიან ცელქები არიან, ორივე ერთად ტაიფუნია.

- როგორია გაბრაზებული დათო?
- გაბრაზებისას შეიძლება ხმაში მკაცრი ინტონაცია ჩავრთო, მაგრამ ბავშვებმა ისიც იციან, რომ დიდი ხანი არ გამყვება გაბრაზება და ამით სარგებლობენ.

Rating

- ყველაზე მთავარი რა არის შვილებთან ურთიერთობაში?
- სიყვარული და ის, რომ მეტი დრო გაატარო მათთან, შვილები ხომ იზრდებიან და აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ თუნდაც გუშინ, ყველა მომენტი ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

- დათო, შვილების სწავლის, მათი სხვადასხვა წრეზე ტარების და ზოგადად, საგანმანათლებლო საკითხებში თუ ერევი?
- უფროსი შვილის საკითხი ძირითადად ჩემთან წყდება, პატარები მეუღლეს მივანდე, რადგან იქ გოგონაა ჩართული და მგონია, რომ ჩემი მეუღლე ბევრად უფრო კარგად უხელმძღვანელებს, პატარა ბიჭისთვის კი მე და უფროსი ძმა მაგალითები ვართ და ჩვენთან აქვს მჭიდრო კონტაქტი.

-  გოგონებისა და მამების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ბევრს საუბრობენ, თუ გრძნობ უკვე ამას?
- ჩემი გოგონა ნელ-ნელა იცვლება, უფრო და უფრო პრანჭიკელა და საყვარელი ხდება და იწყებს სარგებლობას იმ მეთოდებით, რაც გოგონებს გააჩნიათ მამებთან მიმართებით.
ვფიქრობ, რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო გამიჭირდება მასთან გამკლავება, ძალიან საყვარელია და ქალურად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

ციცი ომანიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS