11 აგვისტო, 2013
სად მოიწყო მეორე თაფლობის თვე გიორგი შერმადინმა
ატარა ისეთი ყაჩაღი და ბანდიტია, რომ ორი წუთით არ ისვენებს (იღიმის). სულ უნდა, რომ მთელი ყურადღება მას ჰქონდეს, არ უნდა დაწოლა, დაჯდომა და ხელში აყვანას ითხოვს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, პოპულარულმა სპორტსმენმა გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა რამდენიმე წელიწადია, რაც იქორწინეს. ჰყავთ ორი პატარა, ორი წლის ნუცა და 8 თვის ნიკოლოზი. პატარებთან ერთად დედა ამჟამად ნატახტარში, გიორგის მშობლებთან ერთად ისვენებს, გიორგი კი ნაკრებთან ერთად ავსტრიაშია ერთთვიან შეკრებაზე. მანამდე წყვილმა ერთკვირიანი დასვენება მოიწყო და ისე მოხდა, რომ
მეორე თაფლობის თვეც გამოუვიდათ. რომანტიკული ვახშამი, როგორც ანიმ გვითხრა, იაპონურ რესტორანში გაატარეს. ასევე მოიწყვეს მხიარული ფოტოსესიაც ზღვასთან, შესაბამისი ფოტოები ანიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოფინა.

- ამჟამად ნატახტარში ვარ ბავშვებთან ერთად. ცოტა ხნით მე და გიორგი თურქეთში, კერძოდ ბელეკში გახლდით. ჯერ გიორგის საქმეები ჰქონდა სხვაგან, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრეთ. ბავშვები არ წაგვიყვანია, მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით. ე.წ. „თაფლობის თვე“ გვქონდა. ბავშვებთან ერთად ეს არ გამოვიდოდა, ამიტომაც პატარები თბილისში დავტოვეთ.
მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, პარიზი-ნიცაში და დაჯავშნილიც კი მქონდა ბილეთები, მაგრამ როგორც კი გიორგიმ გაიგო, რომ ბევრი გადაჯდომა უნდა გვქონოდა, კატეგორიული უარი მითხრა. ძალიან გადაღლილი ვარ და ფრენისა და გადაჯდომის თავი არ მაქვს, მირჩევნია, პირდაპირ ჩავფრინდე და კარგად დავისვენოო. ახლობელმა ტურისტულმა სააგენტომ შემოგვთავაზა ბელეკში გაფრენა და სიამოვნებით დავთანხმდით.
- კომფორტული პირობები გქონდათ?
- ძალიან დიდი კომფორტი იყო. პარიზსა და ნიცაში, რასაკვირველია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა მნიშვნელოვანი და სულ სხვა რამ არის იქ გამგზავრება, მაგრამ არ ვიცი, ასე კარგად სხვაგან როგორ უნდა დაგვესვენა, როგორც ეს ბელეკში შევძელით. მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა. მე და გიორგიმ იქ ერთი კვირა გავატარეთ.
Rating
- ბავშვებმა როგორ გაძლეს უთქვენოდ?
- უფროსი ორი წლისაა, პატარა - 8 თვის. ანი-ანი და მამა-მამას კი გაიძახოდა უფროსი, ნუცა, მაგრამ ოჯახის წევრებთან სრულ იდილიასა და სიყვარულის გარემოცვაში იყვნენ, დედაჩემის, გიორგის დედ-მამისა და ასევე ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონით ხშირად ვეკონტაქტებოდით და სულ ვკითხულობდით, რას შვრებოდნენ, რომელმა რა ჭამა, როგორ ეძინათ და ა.შ. ძალიან გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა. ამდენი ხნით ბავშვები პირველად დავტოვე. ძალიან განვიცდიდი. რთული იყო, როცა ვიღვიძებდი და მათი წრიპინი არ მესმოდა. აი, მაგალითად, პატარა ისეთი ყაჩაღი და ბანდიტია, რომ ორი წუთით არ ისვენებს (იღიმის). სულ უნდა, რომ მთელი ყურადღება მას ჰქონდეს, არ უნდა დაწოლა, დაჯდომა და ხელში აყვანას ითხოვს.
- ვიცი, რომ ნატახტარში ყოველ ზაფხულს ჩადიხარ.
- გიორგის მშობლები აქ ცხოვრობენ. ზაფხულში საქართველოში რომ ჩამოვდივართ ხოლმე, აქეთ მოვეშურებით. ძალიან კარგი პირობებია, გარდა ამისა, ამინდიც ყოველთვის გვიწყობს ხელს, ორი-სამი გრადუსით ნაკლებია, ვიდრე თბილისში.
- გიორგი შეკრებაზე როგორ გააცილეთ?
- სლოვენიაში გაემგზავრა. გააზრებულად გავაცილეთ, ვიცით, რომ აუცილებელია. ეს შეკრება ნაკრებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. პატარებმა ვერ გააცილეს, რადგან გამთენიისას გაფრინდა და ეძინათ.
Rating
- გიორგიმ თურქეთში ძალების აღდგენა მოახერხა?
- ორი ბავშვი რომ გყავს, მათთან ერთად ვერ დაისვენებ, მაგრამ თურქეთში ნამდვილად კარგად დაისვენა.
- როგორი იყო თქვენი ერთი დღე თურქეთში?
- საათს არ ვუყურებდით, როცა გაგვეღვიძებოდა, მაშინ ვდგებოდით, რაც დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის (იღიმის). გვქონდა დილის საუზმე. შემდეგ გავდიოდით ზღვაზე ან აუზზე. გიორგი შუადღეს აუცილებლად იძინებდა, რადგან ასეთი წესი აქვს და მეც იძულებით მიწევდა დაძინება. შემდეგ იყო სადილი, ვახშამი, იმდენად კარგად იყო დაკომპლექტებული სასტუმრო, რომ შეგეძლო, სხვადასხვა ადგილას გესაუზმა, გესადილა და გევახშმა. სასტუმროს ტერიტორია იყო გამწვანებული, ძალიან მოვლილი. საღამოს, ვახშმის შემდეგ, აუცილებლად იყო რაიმე გასართობი ღონისძიება. ყოველ დღეს სხვადასხვა ადგილას, არენაზე, ამფითეატრში, ზღვის სანაპიროზე საღამოები ტარდებოდა. ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებდნენ და სიამოვნებით ვესწრებოდით. დიდი მსმელი არც ერთი არ ვართ, ამიტომ ცოტა ალკოჰოლს ვწრუპავდით ხოლმე. გიორგი, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, არასდროს დამთვრალა, ჩემი მაქსიმუმიც ერთი-ორი ჭიქაა.
- ფოტოებზე რომ გნახე, ძალიან გამხდარი ხარ და კარგად გამოიყურები. ორსულობის შემდეგ როგორ დაიკელი?
- ყველა მეკითხება ამას. სიმართლე გითხრა, ამ საკითხზე ძალიან ვზრუნავ. ინტენსიურად ვვარჯიშობ და ვცურავ, დიეტაზე არ ვარ, მაგრამ ვჭამ ყველაფერს ზომიერად, გარკვეული საათების მიხედვით. ფიზიკური აქტივობა დავიწყე საბერძნეთში, შემდეგ ისრაელში, იმედი მაქვს, სანამ წავალ, აქაც მოვახერხებ ვარჯიშს. საბერძნეთში ინდივიდუალური მწვრთნელი დავიქირავე. მავარჯიშებდა დღეში დაახლოებით 5 კილომეტრს დარბაზში, „დაროჟკაზე“ . ასევე ვსარგებლობდი დიეტოლოგის მომსახურებით, რომელიც ყველას ურჩევდა სწორ კვებას. რა რასთან უნდა მიიღო და რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვა ერთად. მაგალითად, არ უნდა ჭამოთ კარტოფილი ხორცთან ერთად, ამის შესახებ კატეგორიულად გამაფრთხილა, პUურთან ერთად კარტოფილი, ხორცი, მაკარონი. ეს კომბინაციები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი კვებისა და ვარჯიშის შედეგად დავიკელი ისე, რომ კარგ ფორმაში ჩავდექი. მარტო სწორი კვება რომ შემერჩია, ალბათ, დავიკლებდი, მაგრამ არა ასე და გარკვეულ ადგილებში იქნებოდა სამუშაო. სხეულის ზოგიერთი ნაწილი უფრო პრობლემურია, ზოგი ნაკლებად და ამიტომ ინდივიდუალურად არის საჭირო შერჩევა, ასევე აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც.
Rating
- შენ და გიორგის რომანტიკული ვახშამი თუ გქონდათ მეორე თაფლობის თვის აღსანიშნავად?
- გვქონდა. იქ იმდენად რომანტიკული გარემო იყო, რომ „ფეისბუქზე“ ფოტოც დავდე, როგორ მახვედრებდნენ საწოლს, ლამაზად გაწყობილს, გულებითა და ვარდებით. რომანტიკულ ვახშამსაც თავად გვიწყობდნენ, რომელი სამზარეულოც გინდოდა, იმას აირჩევდი. ჩვენ, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, იაპონურ რესტორანში გვქონდა რომანტიკული ვახშამი თავისი ფოტოსესიით.
- პროფესიონალური ფოტოები ვინ გადაგიღოთ?
- იქ არიან ფოტოგრაფები, რომლებიც სასტუმროებში მუშაობენ და თუკი სურვილი გაქვს, შეგიძლია მიიწვიო და გადაგიღებენ. შემდეგ პროფესიონალურად დაამუშავებენ და გადმოგცემენ. ერთმა ფოტოგრაფმა სესია უშუალოდ ზღვის სანაპიროზე გაგვიკეთა. ჩვენც ბევრი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ სულ ცალ-ცალკე ვართ იმ ფოტოებზე, რადგან ნაცნობი არავინ იყო სანაპიროზე, რომ გადაღება გვეთხოვა. არც ერთი ქართველი არ გვინახავს, ბოლო დღეს, როცა მოვდიოდით, სანაპიროდან ამოსულებმა კაფეში გავიგონეთ ქართული საუბარი და მივესალმეთ. გული დაგვწყდა, რომ ცოტა ადრე არ ჩამოვიდნენ.
Rating
- კურიოზული ამბები ხომ არ გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი?
- განსაკუთრებულად კომიკური სიტუაციები იქმნებოდა ფოტოების გადაღებისას. გიორგი და ფოტოების გადაღება შეუსაბამოა, ჰბეზრდება ხოლმე. ფოტოგრაფი მე მეძახდა „ლეიდის“ , გიორგის - „სერს“ . გვეხვეწებოდა, ასე შემომხედეთ და ისე შემომხედეთო. ბოლოს გიორგი დაიღალა და ამ დროს სთხოვა სწორედ ფოტოგრაფმა, ცოტა ენერგიული და გაბრაზებული სახე მიიღეთო. გიორგიმ მანიშნა, მომაშორე ახლა ეს ფოტოგრაფი აქედან, თორემ ენერგიულსა და გაბრაზებულს ვაჩვენებო (იცინის). ისეთი სახით უყურებდა ამ ფოტოგრაფს... მე ძალიან მეცინებოდა. ფოტოგრაფმა მითხრა, „ლეიდი“ , ნუ იცინი, თორემ „სერი“ ბრაზდება და ზღვაში გადამაგდებს, ახალგაზრდა ვარ და სიკვდილი არ მინდაო (იღიმება). გიორგი რომ ჰაერში ხტებოდა ფოტოს გადაღების დროს, ამაზე ძალიან მეცინებოდა. ეს კადრი ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ საინტერესო და სახალისო ფოტო გამოსულიყო. ამ ფოტოზე ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ბოლოს ფოტოგრაფი ძირს წამოწვა, რომ მაქსიმალურად კარგი კადრი დაეფიქსირებინა...

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS