11 აგვისტო, 2013
„ნინი ცნობილაძის „ახალ ტალღაზე“ მეორე კონკურსანტად გასვლას ქართული მხარე შეეწინააღმდეგა!..“
წელს ნაკლები კონკურსანტი რომ გასულიყო, შეიძლება მეჭიდავა, მაგრამ საბრძოლველად და საჭიდაოდ არ მინდა კონკურსი. იქ უნდა წახვიდე კარგ განწყობაზე პროდიუსერ ნატო დუმბაძეს იურმალის კონკურსის შეფასება ვთხოვეთ. ის, შეგახსენებთ, ნინი ცნობილაძის პროდიუსერია. ნინი წელს, სალომე ქათამაძესთან ერთად, ქართულ შესარჩევ ტურში მონაწილეობდა. ნატომ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო დეტალი გაგვიმხილა.

- ნატო, სალომე ქათამაძის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- გამოსვლა ნამდვილად კარგი იყო, არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ მეორე ტური არ იყო მისი, მისი ხასიათის სიმღერა ეს არ ყოფილა. ზოგადად,
წელს ძალიან სუსტი ფესტივალი იყო, აქედან გამომდინარე, სალომეზე ძლიერი კონკურსანტი არავინ იყო.
- მახსოვს, ნინი ცნობილაძე მეორე კონკურსანტად უნდა გამგზავრებულიყო იურმალაში.
- ამ ფესტივალის მუსიკალურ პროდიუსერ ნასტია მუხინას ვესაუბრე და მან მითხრა, ძალიან გვინდოდა, რომ ნინი წამოსულიყო მეორე კონკურსანტად საქართველოდან, მაგრამ ქართული მხარე იყო წინააღმდეგიო. აღარ ჩავეძიე, რადგან არ მაინტერესებდა ამის მიზეზები.
- ამბობდნენ, რომ ნინი თავად ჟიურიმ დაჩაგრა...
- ასე იყო, დაიჩაგრა, თუმცა ნასტიამ საუბრისას მითხრა, რომ მომავალ წელს ნინის ამ კონკურსზე აუცილებლად ელოდებიან, ვინაიდან ასეთი დახვეწილი გემოვნებისა და ამგვარი ხმის პატრონი იშვიათიაო. მე ვუპასუხე, ჩვენ ვიცოდით, რომ ნინი ასე ძალიან მოგწონდათ და თუკი ბელორუსში ვერავის აარჩევდით, ნინი აუცილებლად წამოვიდოდა მეორე მონაწილედ საქართველოდან-მეთქი, რასაც მოჰყვა სწორედ მისი რეპლიკა, რომ ამის წინააღმდეგ ქართული მხარე წავიდა. აღარც გამირკვევია და უკომენტაროდ დავტოვე ეს რეპლიკა...
- ბრძოლა რატომ არ გააგრძელეთ ამ თემაზე?
- ქართული მხარის წინააღმდეგობის ამბავი რომ შევიტყვე იმის ფონზე, რომ ორგანიზატორებს ძალიან უნდოდათ, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. სალომეც ღირსეული კონკურსანტი იყო, ვგულშემატკივრობდი და ძალიან კარგად გამოვიდა. წელს ნაკლები კონკურსანტი რომ გასულიყო, შეიძლება მეჭიდავა, მაგრამ საბრძოლველად და საჭიდაოდ არ მინდა კონკურსი. იქ უნდა წახვიდე კარგ განწყობაზე.
- აღნიშნეთ, რომ წელს სუსტი კონკურსანტები იყვნენ, თუმცა ჟიური აღფრთოვანებით შეხვდა კუბელ კონკურსანტს, რომელმაც საბოლოოდ დაიკავა კიდევაც პირველი ადგილი.
- პირველ დღეს ნამდვილად ეფექტური გამოსვლა ჰქონდა, მეორე და მესამე ტურები არ მომეწონა, თუმცა განსაზღვრული იყო ალბათ თავიდანვე, რომ პირველი ადგილი მას უნდა დაეკავებინა. დღიურები კონკურსის დაწყებამდე ვნახე და სწორედ კუბელი მომეწონა და სალომეს კონკურენტად დავასახელე. ამის მიუხედავად, მეორე და მესამე დღეს ნამდვილად არ აღვფრთოვანდი მისი არც შესრულებით და არც რეპერტუარით. რუსული სიმღერა უფრო მეტად კომერციაზე იყო გათვლილი, იურმალის ფესტივალი მხოლოდ ვოკალის კონკურსი არ არის, კუბელმა ქალების სიმპათია დაიმსახურა და ეს ორგანიზატორებმა წინასწარ იცოდნენ.
Rating
- პრესასთან საუბრისას სალომემ განაცხადა, რომ კინტოური მისი სტილი არ არის, მაგრამ ქართველმა პროდიუსერებმა ქართული ტურის სიმღერის შეცვლაზე უარი განაცხადეს. როგორ ფიქრობთ, ნაციონალურ ტურზე ბაიათის შესრულება რა გათვლა იყო?
- ამოცანა ძალიან მკაფიოდ ამოიხსნა. ვისთვისაც ეს კომპოზიცია გაკეთდა, მათ დაწერეს უმაღლესი ქულები, ჟიურის წევრებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ტოტო კუტუნიოს რვიანს, მერე გააკეთეს ამაზე აქცენტი, მაგრამ სალომემდეც აბსოლუტურად ყველა კონკურსანტს რვიანი დაუწერა. უბრალოდ, მერე, როცა გამოაფხიზლეს და ჰკითხეს, რატომ წერდა რვიანებს, დაიწყო სხვა ქულების დაწერაც.
იმ სიმღერის შეცვლა, რომელზეც ორი-სამი თვე მუშაობ, კონკურსის წინ ძალიან ძნელია. სალომეს არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ახალი არანჟირების გაკეთება იქნებოდა საჭირო და ა.შ. ჩემთვის სალომე არის გამარჯვებული და მეც მივიჩნევ, რომ სალომე პირველადგილოსანია და იმის განხილვას, რა იქნებოდა, სიმღერა რომ შეეცვალათ, აზრი აღარ აქვს.
- ნინი აპირებს მომავალ წელს „ახალ ტალღაზე“ გასვლას?
- როცა შემომითვალეს, რომ მომავალ წელს ნინის ელოდებიან, ვუპასუხე, რომ მოვიფიქრებდი, გვინდოდა თუ არა, თუმცა კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ აუცილებლად ელოდებიან. ნინის უყურებენ, როგორც მართლაც „ახალ ტალღას“. ამ კონკურსზე ბოლო წლებში სულ ერთსა და იმავეს ვუყურებთ. ერთი კუბელი გამოვიდა, აათამაშა კუნთები და გაგიჟდა ხალხი. ხომ ხვდებით, რაში დევს ამ კონკურსის კომერცია? თორემ რუსი გოგონა, წითელთმიანი კონკურსანტი ძალიან დაჩაგრეს, კარგადაც გამოიყურებოდა და მაგრადაც მღეროდა. მე მაინც ვთქვი, რომ მოვიფიქრებთ. რატომაც არ უნდა ყოფილიყო წელს საქართველოდან ორი კონკურსანტი?!.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
მე მომწონს, ნინის განსხვავებული ხმა აქვს.წარმატებებს ვუსურვებ.
22:36 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუკა
ეგ გოგო კი არა მღერის,ჩხავის.ჩახლეჩილი უსიამოვმო ხმა აქვს.
09:40 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS