09 აგვისტო, 2013
რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა
ბუბა პრეზიდენტს გვერდში დაუდგა. ვერ გაამტყუნებ, კაცმა რუსეთი დატოვა, ქვეყანა, სადაც ქალაქიდან ქალაქში ოქროს ტახტით ატარებდნენ. საქართველოში არ ყოფილა ისეთი პოპულარული, რუსეთში რომ იყო მომღერალი ნუგზარ კვაშალი კულტურის სამინისტროს ესტრადის მომღერლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევს... ამბობს, რომ მცირე ხანს პოლიტიკაში იყო და მიხვდა, ეს მისი საქმე არ არის. მომღერალი კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც ლაპარაკობს და ანსამბლ ''ივერიას'' 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით თაყვანისმცემლებს სიურპრიზს ჰპირდება.

- ანსამბლი ''ივერია'' ძველებურად ვეღარ ფუნქციონირებს, მაგრამ გასაკვირი არაფერია, დროის
გასვლასთან ერთად ახალი ანსამბლები ''იბადებიან'' , ოღონდ ჩვენთან სხვანაირად ხდება. ახალი ანსამბლები არ არიან. წლების წინ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ცვენა იყო. ახლა ვითომ თანამედროვეობას აჰყვნენ და ქართულ ფესტივალებსა და კონკურსებში ქართული სიმღერა ამოიღეს, ან ინგლისურად მღერიან, ან რუსულად, რადგან ქართული სიმღერა ძნელი შესასრულებელია და მისი მსმენელამდე მიტანა უჭირთ. ყოველი მეორე ქართველი მღერის, მაგრამ კარგად - ძალიან ცოტა. გოგი დოლიძეს ამის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. საოცარი ნიჭი აქვს თემურ წიკლაურსაც... ის კი, რასაც ჩვენი დღევანდელი ''მომღერლები'' სიმღერას უწოდებენ, უბრალოდ ჰობია. ამ ხნის კაცი ვარ და დღესაც მყავს როკჯგუფი, ვიკრიბებით, ვუკრავთ, ეს გვაახალგაზრდავებს და ენერგიით გვავსებს...
წელს ანსამბლ ''ივერიას'' დაარსებიდან 45 წელი გვისრულდება, - ვაიმე, როგორ დავბერდით... გვინდა, შემოდგომაზე ოთხ დიდ ქალაქში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში საიუბილეო კონცერტები გავმართოთ. საბჭოთა კავშირის ანსამბლები ჩვენზე - ''ორერაზე'' , ''ივერიასა'' და სხვა ქართულ ანსამბლებზე აკეთებდნენ სწორებას. არადა, ჩვენ რომ ვმღეროდით და ჯიმი ჰენდრიქსის ჰარდ-როკს ვუკრავდით, ესენი დაბადებულიც არ იყვნენ.
- ''ახალ ტალღაზე'' სალომე ქათამაძე მეორე ადგილზე გავიდა. უყურეთ ამ კონკურსს?..
- კი, ძალიან მომეწონა სალომე. ძალიან ლამაზია და კარგადაც მღერის... იცით, რა ვერ გავიგე? ქართველი ჟურნალისტები თუ წამყვანები რომ გაჰკიოდნენ, მეორე ადგილი 30 ათასი ევროაო, უკაცრავად, მაგრამ იქნებ, სულ არ უნდა იმ გოგოს ამის აფიშირება. მესმის, რომ საკონკურსო ბიუჯეტი თანხით განისაზღვრება, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი. ჩვენ დროს პირველი ადგილი ასი მანეთი იყო, მეორე - 50 და მესამე, ტრამვაის ბილეთი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა... ახლა სალომეს გამარჯვება უნდა გაგრძელდეს და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კონცერტები უნდა გამართოს. დუეტმა ''ჯორჯიამ'' 2008 წელს გაიმარჯვა და აგვისტოს ომის გამო ტურნეზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს... სალომეს მეორე ადგილზე გასვლაზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ყველაფერი კუტუნიოს რომ დააბრალეს, მასეც არ არის, ძალიან ბევრ ჟიურიში ვარ ნამყოფი და ვიცი, იქ რა ხდება კონკურსის დროს. სალომემ ძალიან რთული სიმღერები შეასრულა, მაგრამ ''ჯორჯიასთან'' ნამღერმა, მართალი გითხრათ, დამაბნია. ვერ მივხვდი, რატომ შეურჩიეს ეს სიმღერა. კონკურსზე ყოველთვის ისეთი რამ უნდა შეარჩიო, რომელიც ყველას კარგად მოხვდება ყურში. კუტუნიოს რა ესმის ქალაქური, ყარაჩოხლური ან ფოლკლორი, ეუცხოვა და გამოხატა კიდეც. ეს ხომ ევროპული ფესტივალია. ლეონიდ აგუტინმაც თქვა, პირველი ისე იმღერა, ''დაგლიჯა'' და მეორეზე ვნახოთ, რას იზამსო. მათ ენერგიული სიმღერა სჭირდებოდათ. კუბელმა სწორად შეარჩია რეპერტუარი და თავისი ვიზუალით გავიდა ფონს. კულტურის მინისტრმა უთხრა კიდეც, შენ მარტო იარე სცენაზეო, თორემ სალომემ ის ბიჭი ვოკალური მონაცემებით ჯიბეში ჩაისვა... ერთი საბჭოეთისდროინდელი ანეკდოტი გამახსენდა, რუსის ლამაზ ქალს რომ ეუბნებიან, შენ მხოლოდ იარე სცენაზე და დანარჩენი თავისით მოვაო... ასე რომ, გული დამწყდა, პირველზე ის კუბელი რომ გავიდა. ისე კი, გადამრიეს, კაცო, ამ ქათამაძეებმა, ასეთი ნიჭიერები როგორ არიან მუსიკაში, ჯერ ნინოზე გავგიჟდი, რა ვოკალი აქვს, ახლა ეს გოგონა... შეყვარებული ვარ მათზე.
- პოლიტიკაში ვარო, მითხარით...
- ვიყავი, ახლა აღარ ვარ. 2000 წელს გადავწყვიტე, ჩემი ძალები შემეფასებინა, ''მწვანეთა პარტიაში'' ვიყავი. შემომთავაზეს და მეც ფინთი გოიმივით ავვარდი. იმიტომ, რომ შოუბიზნესი და სიმღერა ვიღას ახსოვდა. მეც დავინტერესდი, როგორი ''სპექტაკლები და კონცერტები'' იდგმებოდა და პოლიტიკაში წავედი. რაც იქ ვნახე, დავრწმუნდი, რომ ისინი ჩვენზე გამოცდილები იყვნენ. როდესაც ვიღაცამ გაყალბებული ხმებით სავსე ყუთები შემოათრია, პირი დავაფჩინე, რას შვრებით, კაცო-მეთქი?! შენს ხელოვნებას მიხედეო, მიპასუხეს... ღამე ყალბი ბიულეტენები შემოაგდეს, რომელთაც ზედ ეწერა, ისწავლეთ როგორ უნდა იმუშაოთო. მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და გავერიდე. არადა, შემეძლო გავსულიყავი და ჩემივე სფეროს ხალხის ინტერესები დამეცვა. 
- როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს ხელოვნებიდან პოლიტიკაში წასული ადამიანები ასე იქცევიან?
- არა, მაგრამ ამაში მხოლოდ მათ ნუ დავადანაშაულებთ, პოლიტიკა რაღაცებს ცვლის. ნუგზარ ერგემლიძე ჩემი უახლოესი მეგობარია და ძალიან ახლოს ვიცნობ. ის ერთადერთი პარლამენტარია, რომელმაც მანდატი ვალებით დატოვა. ნუგზარიც ცდილობდა, ხელოვნებას რაღაცით დახმარებოდა, ეს ადვილი არ იყო, რადგან თავად ხელოვნებაც სულს ღაფავდა და ასეა ახლაც... არავინ თქვას, რომ ხელოვნება და პოლიტიკა გამიჯნულია. ხელოვნება ყოველთვის პოლიტიკაზე იყო მიბმული. ის დიდი პოლიტიკაა და პირიქით, პოლიტიკა ძალიან დიდი ხელოვნებაა. კომუნისტების ნოსტალგია არა მაქვს, მაგრამ ეს სფერო ძალიან სწორად ჰქონდათ გათვლილი, ჩვენი დიდი მსახიობები, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კახი კავსაძე, რეგიონებსა და სოფლებში დადიოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას კონცერტებსა და სპექტაკლებს უმართავდნენ. ასევე იქცეოდნენ მაშინ პოპულარული ანსამბლებიც და ეს სოფლის მეურნეობისთვის დიდი სტიმული იყო. სოფლის მოსახლეობა ბილეთში სიმბოლურ თანხას იხდიდა, ვისაც ფული არ ჰქონდა, კვერცხი, ყველი და სხვა პროდუქტები მოჰქონდა. სურსათის კულტურულ ღონისძიებას კი მთლიანად სახელმწიფო აფინანსებდა. იმ წლებში დაკვირვებაც კი აწარმოეს და გაირკვა, რომ მათი შრომისუნარიანობა 52-%ით გაიზარდა. პოლიტიკა, ხელოვნება და სოფლის მეურნეობა ერთმანეთზე იყო გადაბმული. ახლა იქ არავინ ჩადის და ხალხსაც მხოლოდ თოხისა და ცელის ყურება ყელში ამოუვიდა. ისე არ არის, აქედან რომ ეძახიან, აქეთ რას მოდიხართო... ასე რომ, ეს სფერო ისევ წარმატებით რომ გადაებას ერთმანეთს, მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ პროექტის დაწერას, რომლის განხორციელებაშიც ჩვენ, ხელოვანები პირადად ვიქნებით ჩართული. იმედი მაქვს, საშუალება მექნება, პირადად შევხვდე პრემიერ-მინისტრს და ჩემი გეგმები გავაცნო.
- ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივა არ არის?
- არა, ამას მხოლოდ კულტურის სამინისტრო ვერ მოერევა და არც არის დაინტერესებული, რამე გააკეთოს. ამას წინათ გვითხრეს, საესტრადო ხელოვნებას აღარ დავაფინანსებთო. ვერ გავიგე, კაცო, საესტრადო ხელოვნება კულტურა აღარ არის? მაშ, რა არის კულტურა, ფელინის ფილმები ჩუმლაყში და ზემო ალვანში კლასიკური მუსიკის პროპაგანდა?.. კულტურის სამინისტრომ კეთილი უნდა ინებოს და ესტრადის წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ უნდა დაგვითმოს დრო და გვკითხოს, რა გაწუხებთ, რა პრობლემები გაქვთ და ხომ არაფრით დაგეხმაროთო... მათ კი პირდაპირ გამოგვიცხადეს, პოპულარულ ანსამბლებს აღარ დავაფინანსებთო. არადა, წინა კულტურის მინისტრს რამდენჯერაც ვთხოვე დახმარება, უკან არასდროს დაუხევია. იმავეს ვიტყვი მამუკა ქაცარავაზე და სულ არ მაინტერესებს, ვისიანია... ამათ ჯერ ვერაფრისთვის მოიცალეს და ვერაფერი მოასწრეს, ჯერჯერობით მხოლოდ ძეგლებზე დარბიან, შეიძლება, ძეგლებზე დაძველებული არ ვიყოთ, მაგრამ ჩვენც მიხედვა გვინდა.
ასე რომ, ჩვენი პროექტი პირდაპირ უნდა იყოს მიბმული პრემიერ-მინისტრის ფონდთან. საპრეზიდენტო არჩევნები რომ დასრულდება, ჩვენ, რამდენიმე ადამიანი, ვაპირებთ, მას შევხვდეთ, რადგან ხელოვნებას გადარჩენა სჭირდება და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ სფეროს გადარჩენის ვალდებულება უნდა აიღოს. 14 წელი გვეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი და მისი იმედი გვაქვს ახლაც.
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 9 თვე გავიდა, თუმცა არის სფეროები, თუნდაც ხელოვნების, რომელიც ისევ გადარჩენას ითხოვს...
- იცით, ქართველი კაცი ძალიან სულსწრაფია და ყველაფერი ჩქარა უნდა. ასეთი საკითხების მოგვარებას სხვა ქვეყნებში ორი-სამი წელი სჭირდება. თუმცა, რაღაც ხდება, ცვლილებები ხორციელდება, მაგრამ საქმე ის არის, პრეზიდენტი მათ ყველაფერში ეწინააღმდეგება, ესენი დაიჭერენ, ის შეიწყალებს. გუნავას მაგალითი რომ მოვიყვანოთ. გარდა ამისა, სასამართლო სისტემა და მერიც ოპოზიციაშია... კი ბატონო, ვინც გასაკრიტიკებელი იყო, არ დამინდია, კულტურის სამინისტროს გავკარი კბილი, ეკონომიკის სამინისტროთიც არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ ვატყობ, რომ რაღაცის ეშინიათ, რაღაცაში ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, ეტყობა, ძალაუფლებისთვის არ იყვნენ მზად. თან ის ძალიან ძლიერი ფიგურა, რომლის ავტორიტეტიც დღემდე განუზომლად დიდია ქართულ საზოგადოებაში, ამბობს, პირველი იანვრიდან პოლიტიკიდან უნდა წავიდეო, რაც, ჩემი აზრით, შეიძლება, საქართვე-ლოსთვის კატასტროფით დამთავრდეს. ახლა უკან დახევა არ შეიძლება და არ მგონია, ასე მოიქცეს.
- რამდენიმე ხელოვანმა მას უკვე ურჩია, ხალხში გავიდეს, რათა რეალობა დაინახოს...
- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი იმალებოდეს და ხალხში არ გადიოდეს. დადის ხალხში. ამას წინათ ჩუხუთში ვიყავი, ლელო იყო და მერე ვიმღერეთ. იქ იყო პრემიერ-მინისტრიც. გურულებს ესაუბრებოდა. გურული ვარ და ძალიან მტკივა მათი პრობლემები. გაჭირვებისგან ნაადრევად დაბერებული ხალხი ეხვეწებოდა, დაგვეხმარე, ბატონო ბიძინაო. პრემიერ-მინისტრი შეჰპირდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, ხალხს წერილებიც გამოართვა, მჯერა, რომ ასეც იქნება... ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც პრეზიდენტმა დაუშვა, ხალხსა და ინტელიგენციას რომ გაემიჯნა. ეს მისი საბედისწერო შეცდომა იყო. თავისი კასტა ჰყავდა, თხუთმეტამდე ხელოვანი შემოიკრება, რომლებიც მას ცუდ თემებზე არ ელაპარაკებოდნენ. მათ გვარებს აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა, ისინი მაინც გაამდიდრა. მან გაავლო ზღვარი ''მისიანებსა'' და ''ჩვენიანებს'' შორის, თორემ რა უნდა დამიშავონ მათ ისეთი, რომ რამე ცუდი წამომცდეს...
- მასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა ბუბა კიკაბიძე...
- იცით, ყველას აქვს თავისი სამოქალაქო პოზიცია, მაგრამ ბუბა ყველასთან მისათვლელი არ არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მან რუსეთი დატოვა. მე ის არ მესმის, ახლა რომ აღმოაჩინეს, რუსეთი დამპყრობელი ყოფილაო. მე ხელოვანი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი წილი ყველაფერი ვიცი და ჩემთვის რუსეთის დამპყრობლური და აგრესიული პოლიტიკა ახალი არ ყოფილა... ასე რომ, ბუბა პრეზიდენტს გვერდში დაუდგა. ვერ გაამტყუნებ, კაცმა რუსეთი დატოვა, ქვეყანა, სადაც ქალაქიდან ქალაქში ოქროს ტახტით ატარებდნენ. საქართველოში არ ყოფილა ისეთი პოპულარული, რუსეთში რომ იყო... ასე რომ, ეს ნაბიჯი მისგან დასაფასებელია.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
alex
ტაკიმასხარასა და ბუნებით კინტოს,ნუგზარ კვაშალს,ერთი სიტყვა არ დაეჯერება!
11:44 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია თუ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დაინიშნებოდა ვფიქრობთ უკეთესი იქნებოდა.
20:26 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS