06 აგვისტო, 2013
რატომ რჩებიან ადამიანები უბინაოდ
სიკვდილიც თუ სანატრებელი გამიხდებოდა, არ მეგონაო. ენა ჩამივარდა. უამრავი ტრაგედია მომისმენია, მაგრამ ეს მართლა მეტისმეტი იყო. ისტერიკაში ჩავარდნილი დედა კი არ ჩერდებოდა „ვინ იცის, მერამდენედ განვიცადე მორალური სიკვდილი. სიკვდილია, აბა, რა არის, ადამიანს სახლში რომ მიადგები, ბინა უნდა დაცალოო!... იპოთეკართა უმეტესობა ამ ბინაში ცხოვრობს და ან ქირით უწევს გადასვლა, ან ახლობლის ე.წ. ნათხოვარ ბინაში გადადიან და ხშირად ქუჩაშიც რჩებიან. სახელმწიფო კი მათ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ და ვერ ითვალისწინებს. რამდენი ადამიანიც ბინას დაკარგავს, ყველას ვერ
უყიდიან“ , - აცხადებს ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად უმძიმესი სამუშაოს შესასრულებლად დადის, იპოთეკარების გამოსახლება უწევს.
36 წლის დათო ჩვენთან საუბრისას ყველაზე მძიმე და შედარებით კურიოზულ ამბებს იხსენებს. მისივე თქმით, ეგონა, 8 თვის განმავლობაში მასა და მის კოლეგებს მშვიდად მუშაობისა და ცხოვრების საშუალება მიეცემოდათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ ამ შემთხვევაში ბანკები იზარალებდნენ, გამოსახლების პროცესის შეჩერება კანონის ხელმეორედ განხილვამდე გადაავადა...

- ყველაზე მძიმედ პირველი შემთხვევა მახსენდება, ვინაიდან ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ბინიდან გამოსახლებაზე და თან, ოჯახში, სადაც მივედით, მართლაც ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა: ოჯახში ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და სამი პატარის გარდა კიდევ ერთი, ეტლს მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული ბავშვი და ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებიც იყვნენ. ყველანი სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ოთახებში ისეთი სივიწროვე და სიბნელე იყო, ერთი ოთახიდან მეორეში ძლივს ვიკვლევდით გზას. ოჯახის დიასახლისს სახეზე ეტყობოდა, რომ ნევროზი ჰქონდა. პრინციპში სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. ჩვენთან ერთად სამართალდამცველებიც იყვნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, სახლის ბინადრებს საცხოვრებელი დაეტოვებინათ. ქალს ისტერიკა დაემართა, მამაკაცი ფანჯრიდან ხტებოდა, ბავშვები კუთხეში მიიყუჟნენ. ყველაზე საცოდავი სანახავი მოხუცები იყვნენ. ისეთი წივილი-კივილი ატყდა, ვხვდებოდი, ცოტაც და გული შემიღონდებოდა. ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ. ისეთი რია-რია იყო, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ მძიმე სურათზე ისე ცუდად გავხდი, ექიმის დახმარება დამჭირდა. უკვე ფეხზე ვერ ვდგებოდი... პატრულის თანამშრომლებს ეცინებოდათ, ეს ქურდის დასაკავებლად რომ წაიყვანო, ხომ წარმოგიდგენია, რა დაემართებაო...
- მაინც გამოასახლეს?
- რა თქმა უნდა, მანამდე რამდენჯერმე იყვნენ გაფრთხილებული. რამდენიმეთვიანი ვადაც ჰქონდათ მიცემული, ბინა დაყადაღებული იყო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდათ... თან გვახლდა ექსპერტიც, რომელსაც მათი ქონება ჰქონდა შეფასებული. ის კაციც არ იყო კარგ დღეში, მაგრამ ჩემზე უკეთესად კი გამოიყურებოდა. ბოლოს გადამეკეტა და აწიოკებულ ბავშვებს დავუწყე დამშვიდება. ის ავადმყოფი ბავშვი ეტლში მშვიდად იჯდა. თმაგაწეწილი დედა მის გარშემო დარბოდა და კიოდა, ბავშვის გადასარჩენად ჩავდე ბინა ბანკშიო. ბავშვს გამოველაპარაკე და მივხვდი, რომ გონებრივი პრობლემები არ ჰქონდა... დღის ბოლოს, სამსახურში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ბანკში უკვე ეცოდინებათ, რა დღეშიც ვიყავი და ეს ჩემი უკანასკნელი სამუშაო დღე იქნება-მეთქი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, კვირის ბოლოს გავიგე, რომ დამაწინაურეს. ჩემმა უფროსმა მითხრა, შენ ყველაზე ჰუმანურ თანამშრომლად გაღიარესო... მას შემდეგ გამოსახლებაზე სიარული ჩემი პროფესიის ნაწილი გახდა.
- შეეჩვიეთ მძიმე ვითარებაში მუშაობას?
- კი, თავიდან ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ერთ დღეს ნევროზი დამემართებოდა. უმეტესი ნაწილი ადამიანებისა, რომლებმაც ბინა ბანკში ჩადეს, გაჭირვებულები არიან, მაგრამ მე ვნახე ქალბატონები, რომელთაც ბინა პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებელი ფულის გამო დაკარგეს. ისეთებიც იყვნენ, ვინც უცხოეთში დაისვენა ან იშოპინგა და სახლში დაბრუნებულს ბინა დაყადაღებული დახვდა. ერთმა გვითხრა, ეს ჩემი პირველი ქმრის ნაყიდია და მაინც არაფერში მჭირდებოდა, სადაც გინდათ „გაიკეთეთ“ , მაინც დაქალთან გადავდიოდი საცხოვრებლადო... ძალიან ბევრმა კაზინოში ითამაშა და ბინა წააგო. ამ პატარა ქალაქში იმდენნაირი მიზეზი არსებობს ბინის დასაკარგად, რომ ასე მგონია, ის წყნარი, ჩვეულებრივი ცხოვრება სხვა სამყაროშია და მთელი თბილისი ერთ დიდ საგიჟეთად იქცა, სადაც ხალხი პანტა-პუნტით კარგავს ბინებს. ათასი დოლარი... ვინც კი მივიდა და სახლი ნახა, ყველამ ცალ-ცალკე ვურეკეთ ახლობლებს, ასეთი სახლი იყიდება და იქნებ, შეიძინო, ამის ამ ფასში გაყიდვა ცოდვააო...
- იყიდა ვინმემ?
- მგონი კი, ოღონდ არც ერთ ჩემიანს მაგდენი თანხა არ ჰქონდა... მაშინ, როდესაც ადამიანი საცხოვრებელ ბინას კარგავს, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოსა და ბანკს ამ-ტყუნებს, მაგრამ თუ ვალის გასტუმრების შესაძლებლობა არ გაქვს, ბინა არ უნდა ჩადო. ახლა რომ ლაპარაკობენ, შესაძლოა, ბანკებს მოუწიოთ იმ დავალიანებების დაფარვაო, ეს საბანკო სექტორისთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნებოდა... ბანკი იმაში ტყუის, რომ მოქალაქეს საცხოვრებლის ჩადების უფლება არ უნდა მისცეს.
- თავიდან ასე არ ფიქრობდით?
- თავიდან სისტემას არ ვიცნობდი. ახლა ვხვდები, რომ ცოტას ბანკიც „ჩალიჩობს“ , მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბინის მეპატრონეები შეგნებულად მიდიან რისკზე, რომელიც ხშირად გამოსახლებით სრულდება.
- კერძო კრედიტორების შემთხვევაში რა ხდება?
- არ ვიცი, მათთან ურთერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ბინის მეპატრონეებს მათი ვალის დასაფარავად ჩვენგან აუღიათ სესხი, რადგან უმეტეს შემთხვევაში მათ „პირადი“ ნოტარიუსები ჰყავთ, რომლებიც თავიანთ უფლებებსა და კანონმდებლობაში ჩაუხედავ ბინის მეპატრონეებს ისე უბნევენ თავგზას, როგორც მოესურვებათ. იმიტომ, რომ მათ ხშირად ხელშეკრულების შინაარსიც არ ესმით. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, პირდაღებული დავრჩენილვარ, როდესაც წავიკითხე, თუ რა პირობებს მოაწერა ხელი ბინის მეპატრონემ. როდესაც ამას ადამიანურ ენაზე „ვუთარგმნი“ , თავში ხელებს შემოირტყამენ ხოლმე, ადვოკატის დასაქირავებელი ფული არ მქონდა და ამას მე ვინ გამაგებინებდაო. ვგიჟდები ამაზე, ადამიანო, უფასო იურიდული კონსულტაციების ცენტრის მეტი რა არის ქალაქში-მეთქი. იქ ყველგან რიგებიაო... ანუ თავის შეწუხებაც არ უნდათ. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი კარგავს საცხოვრებელს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია, ზოგი მართლა შეგნებულად მიდის, რადგან შვილის ან უახლოესი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა ზოგი მართლა არ ვიცი რაზე ფიქრობს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს.
- რას გულისხმობთ?
- ერთი გოგონა მოვიდა, რომელსაც დედა უცხოეთში ჰყავდა და სახლში მარტო ცხოვრობდა. მათი ბინა გარეუბანში იყო, რის გამოც ეს გოგონა ძალიან წუხდა, გაყიდვა არ მინდა, დედა ამის უფლებას არ მომცემსო, დაგირავებაც არ უნდოდა, ახლად გარემონტებული ბინაა და გამიპარტახებენო და ბანკში ჩადო. დედამ შვილს „ასიამოვნა“ და ბინა მის სახელზე გადმოაფორმა. ასე რომ, გოგონამ ბანკთან ურთიერთობა ისე მოაგვარა, დედისთვის არაფერი უთქვამს... აღებული თანხით დაქალოჩკებთან ერთად კანარის კუნძულებზე დაისვენა, იმის იმედით, რომ ბანკის ვალს დედის მიერ გამოგზავნილი ფულით გაისტუმრებდა, მაგრამ როგორც შემდეგ შემოგვტირა, დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მთელი ნახევარი წელი უმუშევარი იყო.
- ასეთი გულახდილები არიან კლიენტები თქვენთან?
- ყველასთან არა, მაგრამ ზოგადად გულახდილები არიან, როდესაც ადამიანს ფინანსური პრობლემების გამო სტრესი აქვს, ამ დროს ძალიან გახსნილია. შვიდი წელია აქ ვმუშაობ და იმდენი ამბავი მაქვს მოსმენილი, არ ვიცი, რამ უნდა გამაკვირვოს. ამას წინათ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში ძალიან პოპულარულ ქუჩაზე მოგვიწია გასვლამ. ოთხოთახიან სახლში ბება-ბაბუა, რძალი და სამი შვილი ცხოვრობდნენ, კედელზე ახალგაზრდა კაცის სურათი იყო გაკრული. იმას, რის გამოც ჩვენ იმ ბინაში მივედით, ადამიანურ ენაზე, გაფრთხილება ჰქვია, ანუ რამდენიმე თვეში ბინას თუ არ დაცლიდნენ ან ბანკის დავალიანებას სრულად არ დაფარავდნენ, სააღსრულებო სასამართლოდან მივიდოდნენ და ბინის დაცლას აიძულებდნენ. ოჯახის უფროსი გაგვერიდა. დიასახლისი კი ატირდა. გაყიდვითაც ვერ ვყიდით, იმ თანხით რომ ბინა დავიხსნათ, ყველას ჩალის ფასად უნდა, ჩვენ კი ორი ბინის ყიდვა გვიწევს, რადგან რძალს ცალკე უნდა ცხოვრებაო. ამ დროს ვცდილობთ, მათთან ნაკლებად ვიკონტაქტოთ, მაგრამ ეს ხშირად არ გამოდის. მოკლედ, ამ ქალმა გვიამბო, რომ მათი შვილი კი არ გარდაცვლილა, ვიღაც უცხოელ გეის გაჰყოლია მის სამშობლოში. ერთ-ერთ არასამთავრობოში მუშაობდნენ ერთად და იქ გაუცნიათ ერთმანეთი. თან შვილს ამართლებდა, ეტყობა, იმ არგასახარელმა აურია გზა-კვალი, თორემ ჩემი შვილი მთელი ცხოვრება ვარჯიშობდაო... სიკვდილიც თუ სანატრებელი გამიხდებოდა, არ მეგონაო. ენა ჩამივარდა. უამრავი ტრაგედია მომისმენია, მაგრამ ეს მართლა მეტისმეტი იყო. ისტერიკაში ჩავარდნილი დედა კი არ ჩერდებოდა...
- ბინა რატომ დაკარგეს?
- მამამ შვილის მოსაკლავად კილერი დაიქირავა თურმე. რამდენიმე თვე ეძებეს შვილი, მაგრამ ვერსად იპოვეს. კილერიც დაიკარგა და ფულიც, რომელიც მამამ ბანკიდან აიღო და შვილის მოსაკლავად მისცა... დედა რისი დედაა, შვილის სიავე დაიჯეროს, ამიტომ თავგადადებული ამართლებდა, შეიძლება, ხმები გაუვრცელეს, თორემ სულაც არ იყვნენ ერთადო... მოკლედ, მართლა ძალიან შემეცოდა და ვუთხარი, პირადად გიშუამდგომლებთ, რომ კიდევ ნახევარი წლით გადაგივადონ-მეთქი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ სახლი თვე-ნახევარში სასურველ ფასად გაყიდეს. მოხუცი დედ-მამა სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად, რძალი და შვილიშვილები კი უცხოეთში წასულან... თუმცა ასე ყველას არ უმართლებს, როდესაც ბანკთან ამ სახის თანამშრომლობაზე მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ ნახევარი ფეხი ქუჩაში გაქვს.
- ვიცი, რომ თქვენც ბინა ბანკში გაქვთ ჩადებული...
- კი, მაგრამ მე ვიცი ყველა დეტალი და თუ მართლა სასწაული არ მოხდა, დაკარგვის საფრთხე არ მემუქრება.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ოთარი
აშკარად ეტყობა რომ ეს ადამინის არ მუშაობს ბანკში, იმიტომ რომ ისეთ იურიდიულ აბსურდებს აბოდებს, რომ... სააღსრულებო სასამართლოო... ეს რა უწყებაა ვერ მეტყვი ოეეე ჰუმანურო
12:17 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ყველაზე დიდი კურიოზი ბოლო აბზაცი მგონია,ღმერთმმა ხელი მოგიმართოს,არ ვიცი,არვიცი რაღა უნდა ვთქვა.
08:19 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS