05 აგვისტო, 2013
ლედი ხაკისფერში - სნაიპერი ქალი
ძალიან ხშირად, იმავე ფსიქოლოგიური წნეხის დროს, მამაკაცები ქალზე ადრე ტყდებიან და სამხედრო ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს ცივილიზებულ მსოფლიოში დღემდე დავაა, არის თუ არა ქალი სამხედრო საქმისთვის შესაფერი. ბევრს კამუფლაჟში გამოწყობილი ლედის დანახვაზე ირონიულად ეცინება, ზოგი კი აგრესიას ვერ ფარავს, რა ქალის საქმეა იარაღიო. ამ საკითხისადმი დღემდე არაერთგვაროვანი მიდგომაა საქართველოში და მაინც, რაც დრო გადის, უფრო მეტი ქალბატონი ირჩევს ამ პროფესიას, ზოგი იარაღის სიყვარულით, ზოგსაც საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მათ არბიტრად ნამდვილად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ამბავი,
რომელსაც ჩვენი რესპონდენტი, 45 წლის უკრაინელი ვერა , სპეციალობით სნაიპერი ქალბატონი გვიამბობს, ქალის შესაძლებლობებს მართლაც აღემატება. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც...

- კიევში დავიბადე. დედ-მამაც სამხედროები იყვნენ და ხანგრძლივ მივლინებებში ერთმანეთის გარეშე უწევდათ წასვლა. ამას ჩვენს ოჯახში ბზარი არასდროს შეუტანია. პირიქით, მამა ყოველთვის რომანტიკული საჩუქრებით ბრუნდებოდა... წლების შემდეგ ორივე ლიტვაში გადაიყვანეს. საბჭოთა კავშირის დროს ასეთი სამხედრო მივლინებები ჩვეულებრივი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადში ლეზგავენის სახელობის სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე.
- მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ?
- კი, რამდენიმე თვე არც ერთი ხმას არ მცემდა. არადა, არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები მაქვს, საკმაოდ კარგად ვმღერი და თვითნასწავლის კვალობაზე, ძალიან კარგად ვუკრავ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, განსაკუთრებით კი გიტარაზე. როდესაც ოჯახში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ განვაცხადე, მამამ შემომტირა, ეჰ, შვილო, მე უკვე სცენაზე მყავდი წარმოდგენილი, მე და ჩემი მეგობრები კი, შენს კონცერტზეო... ძალიან ბევრ ცხელ წერტილში ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე მათგანი საიდუმლო მისია იყო და ვერ დავასახელებ. არც ერთხელ არ მინანია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. რადგან ყოველი დიდი დავალების წინ, წვრთნაზე გასული, დენთის სუნს რომ ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო.
- ქალისგან ძნელია ამის მოსმენა...
- ვიცი, მაგრამ ასეა... ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ქალაქ კაუნასის სადესანტო დივიზიაში ჩავირიცხე. შემდეგ კი სპეციალობად მიზანში სროლა ავირჩიე. ჩემი მასწავლებელი 5-ჯერ გვარგადაკეთებული ებრაელი იყო, რომელიც თეორიასაც მიკითხავდა და პრაქტიკაშიც მამეცადინებდა. ასევე, მასთან გავდიოდით ფსიქოლოგიური მომზადების კურსებს. რაც ყველაზე ძნელი იყო.
- მაინც?
- ძირითადად, ამტანობა და გამძლეობა... სხვათა შორის, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ მამაკაცი ქალზე ამტანია. პირიქით, ძალიან ხშირად, იმავე ფსიქოლოგიური წნეხის დროს, მამაკაცები ქალზე ადრე ტყდებიან და სამხედრო ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს...
ჩემი მშობლების გავლენით, მთელი ბავშვობა ვვარჯიშობდი, მაგრამ როდესაც ჩემს ებრაელ ინსტრუქტორთან მოვხვდი, აღმოჩნდა, რომ აქამდე რეალურად არაფერი გამიკეთებია. ებრაელი ინსტრუქტორი მხოლოდ ქალებს წვრთნიდა. მზის გულზე, ადუღებულ ასფალტზე გვაწვენდა და ასე გვასროლინებდა მიზანში. ეს საშინელება იყო, რადგან მთელი კონცენტრაცია სიცხესა და გახურებულ ასფალტზე გადადიოდა. ამ დღეში იყვნენ სხვებიც. მსგავსი ვარჯიშები ტარდებოდა შენობების სახურავებზე, გაშლილ გზებსა და მოედნებზე. ხელები დაფუფქული მქონდა. სხეულის სხვადასხვა ადგილას დამწვრობა მივიღე. ის კი ტკივილის დათრგუნვას გვასწავლიდა. ერთხელ 50 გრადუსამდე სიცხეში ხელებაწეული დამაყენა. ვნახოთ, როგორ აიტანო. რამდენიმე წუთს ვიდექი ასე. სრული აღჭურვილობით ვიყავი, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, იარაღი. ბოლოს მითხრა, შეგიძლია, გუნდში დაბრუნდე, ოღონდ ამიერიდან დაივიწყე, რომ ქალი ხარო... ამას მხოლოდ იმათ ეუბნებოდა, ვინც თვალში მოუვიდოდა და მათ თავის ფავორიტებში რიცხავდა. მერე კი დავიწყეთ სროლა თოკზე ხოხვისას, წოლითი მდგომარეობისას, მოკლედ, დავალებები თანდათან რთულდებოდა.
- ამბობენ, რომ ქალებს უკეთესი მიზანი აქვთ. ასეა?
- დიახ, ასეა, ოღონდ ამის აღიარება ყველას არ შეუძლია. ამ ფაქტს თავისი ახსნა აქვს, რომელსაც ქალის უნიკალურ ფიზიოლოგიამდე მივყავართ; ქალი მკერდით სუნთქავს, მამაკაცი - მუცლით. წოლითი სროლისას კი იარაღი ნაკლებად მოძრაობს. მიზანში სროლისას სუნთქვის კონტროლი აუცილებელია. ამოსუნთქვიდან 7-8 წამში თუ არ გაისროლე, მიზანი არასდროს იქნება სასურველი. და კიდევ, ქალს მამაკაცზე ბევრად უფრო ზუსტი მზერა აქვს. სუსტი ფიზიკურობის მიუხედავად, ქალები უფრო გამძლეები არიან და უფრო კარგად ეგუებიან ხანგრძლივ დატვირთვებს. ჩვენ, ძლიერ სქესთან შედარებით, კარგად გვაქვს განვითარებული პერიფერიული მხედველობა. გარემოს ყველა დეტალის აღქმის საშუალება გვაქვს და ეს ვარჯიშის დამსახურება კი არა, თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა მამაკაცურ მხედველობასაც აქვს თავისი უპირატესობა, ისინი უფრო შორ მანძილზე ხედავენ, მაგრამ ქალთა კარგი ინტუიცია ჩვენი უდავო უპირატესობაა.
- რეალურ ომშიც მოგიწიათ ჩაბმამ?
- დიახ. 80-იან წლებში ავღანეთში ვიყავი. ეს საშინელება იყო. ბევრად უფრო დიდი საშინელება, ვიდრე ის, რაც ახლანდელ ავღანეთში ხდება და იქიდან დაბრუნებული ქართველი ბიჭები ჰყვებიან. მაშინ ავღანეთი გაცილებით ძლიერი იყო, როგორც შეიარაღებით, ისე ეკონომიკურად და გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც სამხედრომ და როგორც სნაიპერმა... მოწინააღმდეგე მხარეს თეთრები ეცვა და ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ჩემს თანამებრძოლებს თეთრ ფერზე `ავღანური სინდრომი~ დაემართათ.
- თქვენ?
- რაღაც პერიოდი ალბათ მეც, მაგრამ, საბედნიეროდ, ისე მწვავედ არა, როგორც მათ. მე ელიტური სპეცრაზმის ნაწილში ვირიცხებოდი და ლოკალურ ბრძოლებში მიწევდა ჩართვა. მასობრივი დაბომბვა და ხოცვა-ჟლეტა თითქმის არ მინახავს... თუმცა მახსოვს ერთი ავღანელი გოგონა, რომელიც დაჭრილ მამას მკერდით გადაეფარა. ჯარისკაცებმა ის გოგონა გარეთ გაიყვანეს და კაცი მოკლეს...
- ვიცი, რომ აფხაზეთშიც იყავით, იქ როგორ მოხვდით?
- ჩემმა ინსტრუქტორმა კი მითხრა, დაივიწყე, რომ ქალი ხარო, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ შევძელი. ავღანეთში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი ქართველი. იქიდან ორივე უკრაინაში წავედით და შემდეგ, ორი წლის შვილთან ერთად, მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში დავბრუნდით და აფხაზეთის ომიც დაიწყო. მეუღლე კატეგორიული წინააღმდეგი იყო, საბრძოლო მოქმედებებში მიმეღო მონაწილეობა, შვილი პატარა გვყავს, დედა სჭირდებაო, მეუბნებოდა. მას ვეთანხმებოდი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ შვილამდე ის მყავდა და ვალდებული ვიყავი, სადაც წავიდოდა, მეც თან გავყოლოდი, მით უფრო, რომ ომი ჩემი საქმე იყო. ერთი სიტყვით, ვერ დამიყოლია... 1992 წლიდან 1993 წლის ჩათვლით ერთად ვიყავით. ერთ-ერთი შეტაკების დროს მეუღლე დაიღუპა. ომის დასრულებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, ვერა, ხომ ხედავ, რა უსა-მართლო ომია, შენ მაინც წადი და ბავშვს მიხედე, ერთი და ორი კაცი ამ ომს მაინც ვერ მოიგებსო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სხვას დავუჯერე. არ ვიცი, უნდა ვინანო თუ არა, რადგან შემდეგ უამრავი ტკივილი გადავი-ტანე. მეუღლის მშობლებმა შვილის წართმევა დამიპირეს. უნდოდათ, მე ქვეყნიდან წავსულიყავი და ბავშვი მათთვის დამეტოვებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ცალკე გადავედი და ბავშვიც თან წავიყვანე.
- უკრაინიდან მშობლები არ შეგხმიანებიან?
- კი, როგორ არა. მათთან ურთიერთობა მაქვს. რამდენჯერმე კიევში ჩავედი კიდეც. ორივე სამხედრო პენსიაზე გავიდა და ადგილობრივი ვეტერანებისგან განსხვავებით, საკმაოდ უზრუნველყოფილი არიან. შვილის აღზრდაში ისინი მეხმარებიან. სხვათა შორის, მასაც სამხედრო პროფესიის არჩევა უნდოდა, მაგრამ არ ვურჩიე.
- რატომ?
- მე არასდროს მინანია სამხედრო საქმისადმი სიყვარული, მაგრამ მინდა, ჩემმა გოგონამ უფრო მშვიდი პროფესია აირჩიოს...
- ოჯახი მერე არ შეგიქმნიათ?
- არა. ჩემი მეუღლე ისეთი ადამიანი იყო, ის ნამდვილად იმსახურებს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას. მასთან გატარებული სამი წელი სხვასთან გატარებულ მთელ ცხოვრებას მირჩევნია. ის აღიარებდა ჩემს უპირატესობას და მეუბნებოდა. ქართველი მამაკაცისგან ამის მოსმენა ადვილი არ არის. არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ მიიღებს შუაღამეს სახლიდან დავალების შესასრულებლად გასულ ცოლს. ეს მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში ხდება, როდესაც მას მეუღლის სპეციალობა სრულად აქვს გაცნობიერებული. ასეთი იყო ჩემი მეუღლე...
- დავალებების შესრულება ძნელი არ იყო?
- მე კილერი არ ვყოფილვარ, რომ უდანაშაულო ადამიანები დამეხოცა. არც სახლში დავდგომივარ ვინმეს და საწოლში არ ჩამიცხრილავს, ომი იყო და ომში კი ადამიანები კვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, ბრძოლის ველზე მოკვდება თუ სამუშაო მაგიდასთან მჯდომი. ეს ძალიან „შიდა“ თემაა, რომელზეც არავისთან ვსაუბრობ... არ ვიცი, ამაში ტრაგედიას თუ ხედავს ვინმე, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ სნაიპერი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ერთ კონკრეტულ ობიექტზე იყოს კონცენტირებული და ზედმეტი მსხვერპლი თავიდან აიცილოს.
მეორე მსოფლიო ომის სახელგანთქმულმა ქალმა-სნაიპერმა ლიუდმილა პავლიჩენკომ 309 ფაშისტი, თითქმის ერთი ბატალიონი, გამოასალმა სიცოცხლეს. აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან, ქართველების ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმეს აფხაზების მხარეს მებრძოლი ქართული წარმოშობის ქალი-სნაიპერი. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსი ჯარისკაცები ლეგენდებს ჰყვებოდნენ ბალტიისპირელი ქალი სნაიპერების, ე.წ. `თეთრი კოლგოტების~ შესახებ, თუმცა ეს უფრო ზღაპრებს ჰგავს და გაზვიადებულია... დიახ, ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ამ პრინციპით ომიც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ირღვევა რაღაც პოლიტიკური თუ სამხედრო ბალანსი და იწყება, ხომ ასეა?
- სნაიპერი ალბათ განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მომზადებას გადის...
- დიახ, მსხვერპლის დანახვაზე გული არ უნდა წაგივიდეს. ეს ძალიან მარტივია. ქალის უპირატესობა ისიც არის, რომ ბევრად მეტად არის სიზუსტეზე კონცენტრირებული, ვიდრე რაიმე სენტიმენტალურ ფიქრებზე. თუმცა, რამდენადაც დაუნდობელია მსხვერპლის მიმართ, იმდენად თავდადებულია თანამებრძოლისადმი. ინგლისელი ფელდმარშალი მონტგომერი ამბობდა: `ვერც ერთი სანიტარი მამაკაცი ვერ შეძლებს, მოუაროს დაჭრილსა და ავადმყოფს ისე, როგორც ამას ქალი გააკეთებს~. ქალ სნაიპერს შეუძლია, ერთდროულად გვერდით დაჭრილ თანამებრძოლზეც იზრუნოს და ობიექტი მიზანში ჰყავდეს აყვანილი. მას შეუძლია, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იდგეს წყალსა და ჭაობში ისე რომ, საპირფარეშოში არ გავიდეს და ამაში ისევ და ისევ ჩვენი ფიზიოლოგია გვეხმარება... სნაიპერის პროფესია უდიდეს მოთმინებას ითხოვს. ჩვენი ბევრად მშვიდი ნერვები და ხანგრძლივი ლოდინის უნარი დავალების წარმატებით შესრულებაში გვეხმარება.
- სხვა პროფესიით გიმუშავიათ?
- კი, როგორ არა, როდესაც ძალიან გამიჭირდა, ძიძადაც წავედი. ახლობლის 4 წლის ბავშვს ვუვლიდი. მთელი დღე ვმღეროდით და ვცეკვავდით. მასთან წელიწად-ნახევარს ვიმუშავე, ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დღემდე ძალიან მიყვარს.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS