26 ივლისი, 2015
"მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან"
თუ ერთი ცუდად ხდებოდა, მეორე დღეს – მეორეც არ "ჩამორჩებოდა" ზოგადად, შვილის გაზრდა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს ტყუპების, რომელთაც, როგორც ამბობენ, ერთმანეთის მიყოლებით ან ერთდროულად უჩნდებათ მოთხოვნები და სურვილები. მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს, სრულიად გამოუცდელს, ასე ვთქვათ, "პირველ შვილად" ტყუპი ბიჭი მოევლინა. დღეს მისი შვილები 11 წლისანი არიან და არაჩვეულებრივად მღერიან. მაია დედის ამპლუაში ჩავწერეთ.


- დედა 23 წლის ასაკში გავხდი და რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავაცნობიერე, მეტიც, ალბათ დღემდე არ მაქვს ბოლომდე
გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო დედა. ორსულობის პერიოდში რომ გავიგე, ტყუპს ველოდი, თავიდან შოკში ვიყავი, მაგრამ მათ დაბადებამდე გავითავისე ეს ყველაფერი. პირველ შვილებად, გამოუცდელს რომ ტყუპი გიჩნდება, რასაკვირველია, რთულია.

- ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?
- დედა და და, ფაქტობრივად მათი გაზრდილები არიან. მოგეხსენებათ, ტყუპის გაზრდა ადვილი არაა, ამიტომ ჩემთან ერთად ბევრი ხალხი იყო ჩართული.

- ტყუპზე ამბობენ, ერთად შივდებათ, ერთად ეძინებათ, ერთად უნდებათ ყველაფერი და ეს კიდევ ართულებს მათ გაზრდასო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- ჩემები არ არიან იდენტური ტყუპები, ამიტომ ერთდროულად არ უჩნდებათ რაღაცების კეთების სურვილი. თუმცა თუ ერთი ცუდად ხდებოდა, მეორე დღეს – მეორეც არ "ჩამორჩებოდა", ანუ ერთი დღე ჰქონდათ შუალედი. ზოგადად, შვილის გაზრდა მარტივი არაა, მით უმეტეს ტყუპის, მაგრამ ეს სირთულე ბავშვებს არ უგრძნიათ, ნერვიულობა, შიშები, პასუხისმგებლობა – ეს გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ თან ახლავს შვილების გაზრდას. დღეს ჩემი შვილები 11 წლისები არიან დ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომეხსნა თუნდაც შიშები, ახლა უფრო მეშინია და ალბათ დაუსრულებლად ასე იქნება.

- ის ფაქტორი, რომ მამა შორსაა, ბავშვებზე მოქმედებს?
- მამა შორს არაა, თბილისშია და სულ ბავშვებთანაა. ყოველდღე ნახულობენ მამასაც და დედასაც. ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნით ბავშვები არ დაგვიზარალებია, მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ სხვა მხრივ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ბავშვები საერთოდ ვერ გრძნობენ, თუ დედა და მამა დაშორებულები არიან. როცა ორ ადამიანს აღარ აქვს სექსუალური კავშირი, მათ აღარ ჰქვიათ ცოლ-ქმარი ან პარტიორები, თორემ მშობლებად რჩებიან თავისი მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით. მთავარია ის, რომ ბავშვებს დედაც და მამაც ჰყავთ სახეზე, დანარჩენი ჩვენი პრობლემაა.

იხილეთ სრულად
ბეჭდვა