18 ივლისი, 2015
დათო ხუჯაძეს ყოფილ ქალებთან ხორციელი სურვილები აღარ აკავშირებს
თუ გოგონა გარეგნულად არ მომეწონა, მის გასაცნობად არ მივალ დათო ხუჯაძეს პირად თემებზე საუბარი არ უყვარს, კითხვებზე ლაკონიური პასუხები გაგვცა, სასიყვარულო თავგადასავლების გახსენებაზე უარი გვითხრა, ზოგმა შეკითხვამ დააბნია კიდეც. აღნიშნა, რომ სიყვარულთან დაკავშირებულ თეორიებს ვერ შექმნის.

- რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია... თქვენთვის რა არის სიყვარული?
- სიყვარულს ჩვეულებრივად აღვიქვამ, ისე, როგორც ზრდასრული ადამიანების უმეტესობა. განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. სიყვარული შეიძლება მოგვიანებით აღმოჩნდეს მიჩვევა ან მიჯაჭვულობა. დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს. სიყვარული ლიმიტირებული არ არის,
იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც გინდა... თუმცა ამას შენს სურვილზე მეტად შენი ორგანიზმი განსაზღვრავს.

- ვნებას სიყვარულში რა ადგილი უჭირავს?
- ძალიან დიდი... მაგრამ ადრე თუ გვიან ვნება ქრება. ყოფა ბევრ რამეს ცვლის. თუ ცეცხლის განელების შემდეგ პატივისცემა და მეგობრობა არ დარჩა, ურთიერთობა დაინგრევა.

- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ღალატი ან ტყუილი გამართლებულია?
- ღალატი არასდროს, თუმცა ტყუილი საჭიროა, რომ საყვარელი ქალი არ დაკარგო.

- საყვარელი ქალისთვის მსხვერპლის გაღება შეგიძლიათ?
- გააჩნია, რა დოზით მიყვარს ადამიანი... თუ ძალიან ძლიერად მიყვარს, მისი გულისთვის არაერთ კომპრომისზე წავალ. თუმცა თუ ქალი მეტყვის, კარიერაზე უარი თქვიო, ჩავთვლი, რომ არ ვუყვარვარ.

- სიყვარულს საზღვრები აქვს?
- სიყვარულის მაქსიმუმია, როდესაც ადამიანი ჭკუიდან იშლება. ეს უკვე ვირუსია! მე თავშეკავებული ვარ, ყოველთვის ვაკონტროლებ გრძნობებს. თვითკონტროლი საჭიროა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაკარგო ის, ვინც გყავს, ან რაც გაქვს.

- თქვენთვის სულიერება არის პრიორიტეტული თუ ფიზიკური მონაცემები?
- სულიერება, ბუნებრივია, კარგია, მაგრამ თავიდან ადამიანს ფიზიკურად ვაფასებ. თუ გოგონა გარეგნულად არ მომეწონა, მის გასაცნობად არ მივალ.

- როგორი ქალები არიან თქვენთვის საინტერესო?
- ზრდილობიანი. ქალის გაცნობისას პირველად ყურდღებას ვაქცევ თვალებს. თვალების მიხედვით ადამიანის ამოცნობა შემიძლია. ზოგიერთი ქალის თვალები ეშმაკურია, ზოგის შემხედვარეს მისადმი პატივისცემა და რიდი გიჩნდება, ზოგი - ცხოველურ ჟინს გიჩენს. არ მომწონს სლავები. იმის მიუხედავად, რომ ქართველი კაცები გიჟდებიან მათზე, აზიელები მირჩევნია.

- თქვენი აზრით, სიყვარული ყველა მამაკაცს ცვლის?
- ზოგს ცვლის, ზოგიც თამაშობს, რომ შეიცვალა. მე არასდროს ვთამაშობ სხვა ადამიანის როლს, თუ ქალი მიყვარს.

- შეგიძლიათ, იმეგობროთ მანდილოსანთან, რომელიც ადრე გიყვარდათ?
- თავისუფლად. ძველი გრძნობები არ მახსენდება, არც ხორციელი სურვილები მაქვს. სხვა მამაკაცთან თუ ვხედავ, არ ვღიზიანდები. ძალიან რომ მყვარებოდა, ის ქალი გვერდით მეყოლებოდა.

- ეჭვიანი ხართ?
- დოზირებულად. მზერასა და დიალოგს ემჩნევა, საეჭვიანოა თუ არა. პათოლოგი არ ვარ, რომ ვიჩხუბო, რატომ შეხედე ჩემს ქალს-მეთქი.
ძალიან ეჭვიან ქალთან მქონია რომანი, მაგრამ ვერ გამიძლია და დავშორებულვარ. ასევე ვერ გავჩერდები კარიერისტ ქალთან, იმის მიუხედავად, რომ ჩემზე ამბობენ, კარიერისტიაო. პროფესიონალი და კარიერისტი სხვადასხვა ცნებაა. კარიერისტის 60% ნიჭია, 40% კი წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წასვლა... ქალისთვის იდეალურ პროფესიად ექიმობა მიმაჩნია. ოთხი წელი მეც ვსწავლობდი სამედიცინოზე, მაგრამ ჩემგან ექიმი არ გამოვიდა.

- რომანტიკული ხართ?
- რომანტიკული ვარ, თუმცა გულის დანთება და სახლთან სერენადის სიმღერა ბანალურად მეჩვენება. ეგ შეიძლება, 17-18 წლის ასაკში გააკეთოს ბიჭმა და კარგ ჟესტად ჩაეთვალოს. ჩემს ასაკში მიმიკაზე, ქცევასა და საუბარზეა ყველაფერი დამოკიდებული. რომანტიკისთვის არასდროს მეცალა, სულ სცენაზე ან სტუდიაში ვიყავი.

- ქალის გულის მოსაგებად გიმღერიათ?
- კი. მგონი, მთლიანობაში ბიჭები გოგონების მოსახიბლად მღერიან, ცეკვავენ, მსახიობობენ. ქალების ყურადღების გამო აშენებენ და ანგრევენ. ნაპოლეონმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო ჟოზეფინასთვის! მე კი ვმღერი... საყვარელი ქალი ბევრჯერ გამხდარა ჩემი მუზა.
მართალია, დეპრესიული არ ვარ, მაგრამ თუ დეპრესიაში ჩავვარდი, მუსიკა ამ შემთხვევაშიც მეხმარება.

- ამბობენ, რომ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ. მართალია?
- ჭკვიან ქალთან ურთიერთობას მივესალმები, თუ ქალი კარგად ერკვევა ფინანსებში და ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამოსავალს მარტივად პოულობს, უფასო ბუღალტერი მეყოლება.

- ქალებს საჩუქრებით ანებივრებთ?
- ,,მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო". საჩუქრებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ქალი უაზროდ არ უნდა დაასაჩუქრო.Uუაზროა საჩუქარი, როცა უმიზეზო ან ხშირია და აქცენტი ფასზე კეთდება.

- ქალიშვილზე მოგვიყევით.
- 7 წლისაა და მელანო ჰქვია. მელანოზე ჟურნალისტებთან არ ვლაპარაკობ.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
datos
Slavebi tu Ar mogtsons moskovshi mogtskindeba,ikneb chinetshi tsasulikavi?auuu ras gaaxarebdi!
22:21 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS