13 ივლისი, 2015
''გაუცინარ'' თათუკას გიგომ ხასიათი შეუცვალა - „სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან...“
რატომღაც აქამდე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კამერის წინ თათუკა ნარტყოშვილი ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს, პროფესიით ჟურნალისტია, ძალიან უყვარს წერა და პოპულარულ შოუებზე მუშაობა. წელს კი კამერის წინ დადგა და გიგო შიუკაშვილთან ერთად ''X ფაქტორს'' უძღვება.

რუსთავი-ში 2007 წლიდან ვმუშაობ, დავიწყე ჟურნალისტად, მეორე ''ვარსკვლავების აკადემიაში'' რედაქტორი გახლდით, შემდეგ ''ნიჭიერში'' სცენარისტი და გადავინაცვლე ''ყურში'', წამყვანებთან. მას შემდეგ ამ ყველაფრით მოვიწამლე და დიდი პროექტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

კამერის იქით კი სპონტანურად გადავინაცვლე. როდესაც გიგო კასტინგზე მოვიდა, ტექსტი
ვიცოდი და ვინმესთან ერთად მისი ჩაწერა გვინდოდა, არავინ იყო გვერდით და მე დავუდექი. რატომღაც აქამდე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კამერის წინ. ალბათ იმიტომ, რომ პირველ კურსზე ტელემარათონზე ჩართვებზე დამაყენეს და მაშინ ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა (იღიმის). ალბათ, მას მერე რაღაც-რაღაცები ვისწავლე, წამყვანებთან მიწევდა მუშაობა, ამიტომაც აღარ გამჭირვებია კამერის წინ დადგომა.

სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან, ქუჩაში გცნობენ და ძირითადად დადებითად გეხმაურებიან. არის კრიტიკაც, რომელსაც ''ფეისბუქზე'' მწერენ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. არის რაღაცები, რაც მეც არ მომწონს, ვახვევ გადაცემას და ვუყურებ ხოლმე, მერე ვცდილობ, არ გავიმეორო, მაგრამ ზოგჯერ იმავე შეცდომას მაინც ვუშვებ.

- შენი თანაწამყვანი გიგო შიუკაშვილი ძალიან დადებითი ადამიანია. მასთან ერთად წამყვანობა ალბათ სახალისოა.
- რეალურად გიგოსთან ურთიერთობამ ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ შეცვალა და ბევრ რამეს სრულიად სხვა თვალით შევხედე. ბევრი პოზიტივი დავინახე. ამბობენ, რომ უხასიათო და ჩაკეტილი ადამიანი ვარ. ეს აზრი ჩემზე ალბათ იმან განაპირობა, რომ გაღიმება არ მიყვარს. გიგომ მასწავლა გაღიმება. ძალიან მომწონს და შემიყვარდა, გამიჭირდება, როცა პროექტი დასრულდება და მას ასე ხშირად ვერ ვნახავ.
გიგოს იმპროვიზაციის უნარი აქვს. ტურიდან ტურამდე იზრდება. ''ბითლზის'' ტურისთვის მომზადებული მოვიდა, უამრავი რამ წაუკითხავს. იდეები შემომთავაზა, ასე გავაკეთოთო. ხშირად ვიზიარებ მის იდეებს. ვფიქრობ, მის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როდესაც დამოუკიდებლადაც შეძლებს გაძღოლას.

- როგორ შეხვდნენ მეგობრები შენს წამყვანობას?
- ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ჩემი კოლეგები არიან, ყველა ძალიან კარგად შეხვდა.

- ხასიათის ცვლილებაც მოსწონთ?
- ეს განსაკუთრებით (იღიმის). სინამდვილეში არ ვარ ცუდ ხასიათზე, მაგრამ რადგან არ ვიცინი, ჰგონიათ, რომ კარგ განწყობაზე არ ვარ. შესაძლოა, ეს გენეტიკურიცაა, რადგან დედაჩემიც ასეთია, არადა, საუკეთესო ხასიათი აქვს, მაგრამ გაღიმება არ უყვარს. სამაგიეროდ, ჩემი შვილი, ელისაბედი, მუდმივად იცინის.

- ''X ფაქტორის'' წამყვანობამ დღის რეჟიმში რაიმე შეცვალა?
- რეჟიმი იგივეა, მაგრამ დატვირთვა - მეტი, რადგან საკუთარ თავზეც მიწევს მუშაობა. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და აქეთ-იქით წოწიალი, მაგრამ ზამთარსა და ზაფხულში თითო კვირით ვახერხებ გასვლას. თუკი ორი-სამი საათი გამომიჩნდა, ვცდილობ, ელისაბედთან ერთად გავატარო, რომელიც სამი წლისაა.

- ტელევიზიით რომ გიყურებს, რა რეაქცია აქვს?
- ძირითადად, აპროტესტებს. პირველად ''ეკი-ვოკში'' მნახა, მე და ვანიკო თარხნიშვილი ვიყავით სათამაშოდ მისული. ისე გაბრაზდა, რომ ტელევიზორი გამოართვევინა და იჩხუბა (იღიმის). ''X ფაქტორის'' პირველ გადაცემაზეც ცოტა არ იყო ხასიათზე, ახლა კი, თუკი არ ეძინება, ყველა გადაცემას უყურებს.

- ''X ფაქტორში'' ფავორიტი გყავს?
- მყავდა და დატოვა პროექტი - ძალიან მომწონდა ირაკლი და ''პულსი''. ვცდილობ, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არ გამოვხატო, ალბათ, ''პულსი'' ახლა გაიგებს, რომ მათ ვგულშემატკივრობდი. სხვებსაც ვგულშემატკივრობ, მაგრამ არც ამას გამოვხატავ.

- შოუსა და მოგზაურობის გარდა კიდევ რა გიყვარს?
- ვხატავ გრაფიკაში, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ამისთვის დრო არ მქონია. თუკი გადაღლი-ლი ვიყავი, ჩემი დასვენება იყო ფანქრის აღება და ხატვა. იყო დრო, როცა ტანსაცმელიც ჩემი დიზაინით მეცვა, მაგრამ ახლა არც ამისი დრო მაქვს.… საბოლოოდ, ჩემი თავი ტელევიზიაში აღმოვაჩინე. ვფიქრობ, წლების შემდეგაც ვიპოვი ისეთ საქმეს, სადაც კამერა იქნება. დიდი სიამოვნებით დავწერდი სცენარს მოკლემეტრაჟიანი ან დოკუმენტური ფილმისთვის.

- ბოლოს მინდა გკითხო თაყვანისმცემლებზე.
- სოციალურ ქსელში მწერენ და თუ დრო მაქვს, ვცდილობ, უპასუხოდ არ დავტოვო, რადგან დადებითი კომენტარები ძალიან სასიამოვნოა და არ მიმაჩნია სწორად, რომ მადლობა არ გადავუხადო. თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ რომ გითხრათ, ამ წამს ამ ''სპორტით'' ვარ დაინტერესებული, ასე ნამდვილად არ არის (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბათუმი
არაჩვეულებრივი დუეტი: თათუკა და გიო, თქვენს გარეშე ამ პროექტს ასეთი სითბო არ ექნებოდა, გადაცემა დიდხანს გრძელდება და მინდა რომ არ დამთავრდეს, იმდენი სითბო გადმოდის საოცარი გიგოდან, როგორი თვალებით უყურებს თათუკას გიგო, როცა დახმარება სჭირდება. მოკლედ, გაიხარეთ და მილიონ ჩახუტებას გიძღვნით.
11:13 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS