27 ივლისი, 2013
ქართველი ექსკურსიამძღოლი აფრიკაში
ფრანგმა გოგონამ სიცილი ვეღარ შეიკავა, როდესაც დაინახა, როგორ ჩხრიალებდა ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონის კისერზე წამოცმული რგოლები, როდესაც ის თხილს აკნატუნებდა „ყველაზე მწვავედ მაშინ ვიგრძენი თუ სად, რა უბედურებაში მქონდა თავი გაყოფილი, როდესაც კენიელმა ქალმა უმი ხორცი შემომთავაზა... ჩემ გვერდით მდგომმა ფერადკანიანმა კი სათნო ღიმილითა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ უარის შემთხვევაში, „პრობლემები შემექმნებოდა“ , რადგან ეს მასპინძლის მიმართ უპატივცემულობა იყო. არ მახსოვს გემო, მაგრამ მახსოვს ჩემი „თანამესუფრე“ კენიელი ქალბატონის ბედნიერი ღიმილი, როდესაც „კერძი“ ჩემს თეფშზე გადმოვიღე... ხორცი
ხბოსი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ თბილი იყო და მისგან წამოსული სისხლი წურწურით ჩამომდიოდა იდაყვებზე. ვნატრობდი, პირველი ჩაკბეჩისთანავე გული წამივიდოდეს-მეთქი, მაგრამ არ წამივიდა და ორი-სამი ლუკმის შეჭმამ მომიწია, მერე კი ის ხორცი იქვე მოთამაშე ბავშვს ისე მივაწოდე, როგორც ჩვენებური ქართული სუფრის გარშემო მოტრიალე პატარებს ხილს ან შოკოლადს მისცემს კეთილი ძია“ , - ასე იხსენებს ჩვენი რესპონდენტი, 36 წლის გიორგი კაპანაძე კენიის ერთ რეგიონში, მასაი მარაში სტუმრობის პირველ დღეებს... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მან ათზე მეტი ექსტრემალური ქვეყანა დალაშქრა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ტუროპერატორია. გიორგის ინტერნეტით ვესაუბრეთ...

- უცხოელი მეგობრები ჩემს სახელსა და გვარს ვერ გამოთქვამენ და „ჯიოკაპი“ შემარქვეს, რაც, მათი თქმით, ჩემი ინიციალებისგან შედგება... ამაზე ყველაზე ნაკლებად ვდარდობ. ზოგჯერ ჩემი სახელი და გვარი კი არა, კანის ფერი არ მახსოვს. მგონი, არაფრით განვსხვავდები აქაურებისგან... საქართველო 20 წლის წინ დავტოვე. დეიდაშვილს ლითონის ბიზნესი ჰქონდა. დამხმარე სჭირდებოდა და თურქეთში გამოვყევი, რომ საქართველოში შეგროვებული ლითონი ჩაებარებინა. მას იქ თურქი ბიზნესპარტნიორი ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. მან მითხრა, რომ ახალგახსნილ ბარში ახალგაზრდა, ენერგიული ბიჭები სჭირდებოდა. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ჩემი მშობლებიც უცხოეთში, საშოვარზე იყვნენ წასული და ჩემი მეურვეობა მთლიანად ნათესავებს ეკისრებოდათ. დეიდაშვილი ამ შემოთავაზებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, სახლში მომკლავენო, მაგრამ როგორ-ღაც „შევაბი“ , მე დავურეკავ ჩემებს და მათთან გავარკვევ-მეთქი. მამა ლიბერალი კაცია და მაინცდამაინც თავი არ გაუგიჟებია, უბრალოდ მითხრა, თუ ასეა, ამერიკაში მაინც ჩამოსულიყავიო. მაგრამ რადგან უკვე თურქეთში ვიყავი, დამთანხმდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე წლები, დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე ბედნიერი სახით, მაგრამ მონური ანაზღაურების ფასად ვმუშ-აობდი. სარდაფში გვეძინა და ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით. საჭმელს ვიპარავდით, ჯიბეში ვიტენიდით და ღამე ჩუმად ვჭამდით... ჩემ გარდა, სამი ქართველი იყო. ორს ფილტვები დაუავადდა და საქართველოში დაბრუნდა. მე და კიდევ ერთი, რომელიც ჩემსავით თავგადასავლების მაძიებელი აღმოჩნდა, ჯერ საბერძნეთში წავედით სამუშაოდ, სადაც რამდენიმე თვე მშენებლობაზე ვიმუშავეთ ებრაელებთან. ცოტა მოვღონიერდით, რადგან გვაჭმევდნენ და დაძინების საშუალებაც გვქონდა, იქიდან კი ჯერ პოლონეთში, მერე კი ამერიკაში წავედით. ჯიბეში 25 ევრო მქონდა. დაიწყო მაწანწალა ცხოვრების გრძელი, მაგრამ თავისებურად საინტერესო ხანა. ქუჩაში, მეტროს ჩასასვლელებსა და გაჩერებებზე გვეძინა. არავინ თქვას, რომ ამერიკელები ცუდი და უგულო ხალხია, რამდენიმე თვის განმავლობაში საჭმელსა და ტანსაცმელზე ფული არ დაგვიხარჯავს...
- გქონდათ ფული?
- კი, ხალხს მათხოვრები ვეგონეთ და ცენტებს გვიყრიდნენ... ძნელი იყო, მაგრამ ეს პერიოდი ცუდად სულაც არ მახსენდება.
- ეს როგორ?
- საინტერესო იყო. სწორედ ამ დროს გაიცნობ ქვეყნისა და მისი ხალხის რეალურ სახეს. ყველა ცდილობს, ტურისტს ასიამოვნოს, რადგან ის ფულს იხდის, ასევეა დიპლომატი და ნებისმერი სხვა მისიით ჩასული ადამიანი. ხოლო როცა უპატრონო მაწანწალა ხარ, ბევრ რამეს სწავლობ. ხომ გაგიგიათ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს... მერე ერთ-ერთ პორტში დავიწყეთ მუშაობა. გემები უნდა დაგვესუფთავებინა. გემის მფლობელი, საფრანგეთში მცხოვრები არაბი გავიცანით, რომელიც სატვირთო გემზე მუშაობდა და ჩვენი სამსახური შევთავაზეთ. მან საბუთები მოგვთხოვა, ვუთხარით, რომ არალეგალები ვიყავით. ძალიან კარგი, ანაზღაურებაც არალეგალური გექნებათო, გვითხრა და გემისკენ მიგვითითა. ფლორიდაში ტვირთი ტრაილერებზე გადავიტანეთ და ჩვენც თან გავყევით. ასე აღ-მოვჩნდით ჩრდილოეთ ტაილანდში.
- ოჯახმა იცოდა რამე თქვენ შესახებ?
- იცოდა, რომ ცოცხლები ვიყავით... ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს ჩემთვის ბევრად ახლობელია, ვიდრე საკუთარი ძმა, ძალიან ალღოიანი აღმოჩნდა, ენაც ისწავლა და უცხოელებთან ურთიერთობაც გამოსდიოდა.
- რა ხდებოდა ჩრდილოეთ ტაილანდში?
- ძალიან საინტერესო ქვეყანაა, თავის კლიმატით, ტრადიციებით და, რაც მთავარია, მოსახლეობით. იცით, ამერიკა ძალიან მრავალფეროვანია, თან ჩვენ სამ შტატში მოგვიხდა ცხოვრება და საკმაოდ ბევრის ნახვა მოვასწარით, ასე გვეგონა, არაფერი გაგვაკვირვებდა. მართლი გითხრათ, პირველად იქ ვნახე გეიწყვილი, რომელიც ერთმანეთს ქუჩაში კოცნიდა და ჩვენ ორის გარდა, მათ გაოცებით არავინ უყურებდა. პირიქით, ჩვენ გვიყურებდნენ გაოცებით, რატომ შევჩერებოდით „მოსიყვარულე წყვილს“ გაოცებით... ახლა კი ვიცი, რომ ამ ორიენტაციის ადამიანებმა საქართველოშიც დაიმკვიდრეს თავი, 17 მაისის აქციაც ვნახე, მაგრამ მე სამშობლო 1993 წელს დავტოვე და მაშინ ასეთი რამ ვერავის წარმოედგინა... ერთი სიტყვით, ტაილანდმა მაინც სახტად დაგვტოვა. ჩვენ პადაუნგის ტომებში აღმოვჩნდით, სადაც კოკა-კოლის მაღაზიაში მტვირთავებად ვმუშაობდით. ეს არის ტაილანდის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვებაა, რასაც, როგორც წესი, ანტისანიტარიაც ახლავს თან. იქაური ქალების სილამაზის მთავარი კრიტერიუმი გრძელი კისერია. მაღალი ყელი კი არა, გრძელი კისერი. ადგილობრივთა ტრადიციის თანახმად, ამ ტომის ქალებს 6 წლის ასაკიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების წამოცმა და ყოველ წელიწადს ამ რგოლების რაოდენობა იზრდება.
- იქაური ქალბატონების ასაკი მათი კისრის რგოლების რაოდენობას მიმატებული ექვსია?
- დიახ, მაგრამ ეს ადვილი სულაც არ არის, რადგან პირველი რგოლი, საშუალოდ 2 კილოგრამს იწონის და 6 წლის მოზარდს მისი ტარება დღე და ღამე უწევს. მათი აზრით, ეს ქალის სექსუალურობასა და სილამაზეს უსვამს ხაზს. ისე კი, მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებასხმული სიარული საგრძნობლად ზრდის მათ სიმაღლეს და ამ ტომში საშუალოდ, 180 სმ სიმაღლის ქალები არიან, ძალიან ლამაზი ტან-ფეხით და რაც მთავარია, გრძელი კისრით. მე მინახავს 30-სანტიმეტრიანი კისრის მქონე ქალბატონი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისი სილამაზით აღფრთოვანებული დავრჩი, მაგრამ იქ ქალის სილამაზე მისი კისრის სიგრძის მიხედვით ფასდება, მაგრამ ეს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ქალზე შეყვარებულ მამაკაცს, რადგან რაც უფრო „ლამაზია“ ქალი, ანუ რაც უფრო გრძელი კისერი აქვს, მისი ფასი მით უფრო მაღალია. შესაბამისად, სასიძოს ნემსის ყუნწში უწევს გაძრომა, რომ მისი გრძელკისერა რჩეულის ოჯახის გული მოინადიროს... ქალს შეუძლია ატაროს 25-მდე რგოლი და წარმოგიდგენიათ, რამხელა კისერი ექნება?..
- ამხელა სიმძიმის ტარება მათ ჯანმრთელობაზე როგორ აისახება?
- არცთუ სახარბიელოდ. მთელი ცხოვრება რკინის რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს და ამიტომ მათ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იხსნიან. ამ ტომის კაცები ამას სათავისოდ იყენებენ და მოღალატე ცოლის დასჯის ერთ-ერთი საშუალებად აქვთ მიჩნეული - მოღალატე ცოლს კისრიდან რგოლებს ხსნიან. ეს იქაურ საზოგადოებაში ქალზე მორალურ შურისძიებადაც მიიჩნევა და სასჯელადაც, რადგან რკინის რგოლების კისრიდან მოხსნა საშინელ ტკივილებს იწვევს, კისრის კუნთების დარღვეული ფუნქცია ვეღარ აღდგება, ძაფივით წვრილი კისერი თავის სიმძიმეს ვერ უძლებს, რის გამოც ქალები ან ინვალიდებად რჩებიან, ან იღუპებიან. ამიტომ რკინის რგოლები, სილამაზის გარდა, ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოცაა.
- ამ ეგზოტიკური სანახაობისთვის ალბათ ბევრი ტურისტი ჩადის პადაუნგის ტომში...
- დიახ, მართლაც უამრავი ადამიანი ჩადის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყოფნა, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ძალიან საშიშია. მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეგობარმა იქაური ტო-მის ნდობა მოვიპოვეთ, რამდენჯერმე კოკა-კოლით დავასაჩუქრეთ და მათი გული მოვიგეთ, გადავწყვიტეთ, ტურისტებისთვის გიდობა გაგვეწია. ზოგი უბრალოდ გვჩუქნიდა ფულს, ზოგმა პირდაპირ გვკითხა, მომსახურება რა ღირსო... ჩვენც ახალი პროფესია მოვირგეთ, რადგან ენაც ასე თუ ისე ვიცოდით და მათ ტრადიციებში ჩახედული ვიყავით. სხვათა შორის, ძალიან კეთილი და გახსნილი ხალხია, ოღონდ მათი ნდობა უნდა დაიმსახურო. ეს კი ადვილი არ არის. ერთხელ ფრანგული ჯგუფი იყო ჩამოსული. პადაუნგის ტომის ხალხი კვებას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობს, რადგან ძირითადად მარცვლეულით იკვებებიან. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას პატარა ფრანგმა გოგონამ სიცილი ვეღარ შეიკავა, როდესაც დაინახა, როგორ ჩხრიალებდა ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონის კისერზე წამოცმული რგოლები, როდესაც ის თხილს აკნატუნებდა. ამ ფაქტმა ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო, მაგრამ როგორღაც გამოვძვერი. მერე კი ყველას არ ვუწევდი გიდობას, რადგან მათი უცნაური ტრადიციები სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ხალხს თავმოყვარეობა არ აქვს.
- კენიაში როგორ მოხვდით?
- კინოდოკუმენტალისტებს გავყევით, რომლებიც ველურ სამყაროზე ფილმს იღებდნენ. მათთან ყოფნა საკმაოდ სახიფათოა, რადგან ოღონდ კადრი აიღონ და ყველაფერზე მიდიან, მაგრამ მაინც გავრისკეთ... მათვე გადაწყვიტეს კენიაში წასვლა, რათა ველური ბუნების კადრები ჰქონოდათ. იქ ნახევარ წელზე მეტი დავრჩით, რადგან ჩვენს მეგობარ რეჟისორებს ცხოველთა მიგრაციის გადაღება უნდოდათ. ეს ძალიან ლამაზი და საინტერესო პროცესია. მე ვნახე ლურჯი ანტილოპის მიგრაცია, რაც ცხოვრებაში არ დამავიწყდება... ძალიან დამწყდა გული, რომ ფოტოაპარატი არ მქონ-და... ადგილობრივებს ძალიან უყვართ ტურისტები, თუკი ისინი ევროპულ თვისებებს არ გამოავლენენ. თუმცა არის სოფლები, სადაც ტურისტებმა დღემდე ვერ შეაღწიეს, რადგან ისინი უცხოელებს არ სწყალობენ. იქ შესვლას ვერც ჩვენ, გიდები ვრისკავთ, რადგან არაფრისგან ვართ დაზღვეული... პადაუნგელების მსგავსად, არც ისინი ხარჯავენ დიდ დროს კვებასა და კერძების მომზადებაზე. ძირთიადად უმი საკვებით იკვებებიან, მაგრამ ერთი ძალიან კარგი თვისება აქვთ, ტრაგედიას არაფერზე ქმნიან.
- გიორგი, საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?
- ჯერჯერობით არა, თუმცა თუ დავრუნდები, ალბათ ისევ იმ საქმიანობას გავაგრძელებ, რასაც აფრიკაში ვეწევი...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გმადლობთ!
ნინოს ვეთანხმები!ეგებ გააგრძელოთ?
19:44 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რაღაც დაუსრულებელის შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ინტერვიუმ...
09:06 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS