26 ივლისი, 2013
რატომ ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ საყვარელი ქალის გული
იმდენი ემოცია მაქვს გაცემული და გაჩუქებული, ათ ქალს მაინც ეყოფოდა. ბევრმა იოცნებოს იმ ემოციაზე, რაც მე გამიჩუქებია უანგაროდ, ათ ქალს მაინც მონუსხავდა ვერაფრით ვერ მოიგო ზურა შევარდნაძემ მოწონებული ქალის გული. არადა, იმდენი სითბო გასცა იმ ერთი გოგოსთვის, ათ ქალს ეყოფოდა. იგი გულისტკივილით იხსენებს ბოლო სიყვარულის ამბავს. ახლა არავინ უყვარს. ჯერ ძველი სიყვარული კარგად უნდა დამ-თავრდეს და ახალზე მერე ვიფიქრებო, ამბობს.

რა მსგავსებაა მასა და ნოდარ დუმბაძის ზურიკელას შორის

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
- გურიაში, სოფელ
ასკანაში გავიზარდე. დედაჩემის სოფელი ბახვია. როგორც ვიცი, მამას ნათესავმა გააცნო ჩემი მშობლები ერთმანეთს. დედაჩემის თანაკლასელი იყო ის ქალბატონი. დედა ბუღალტერია, მამას ზოოვეტი აქვს დამთავრებული, ვეტერინარია. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სოფლის ოჯახი გვქონდა. ასკანაში ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში ვიზრდებოდი. განსაკუთრებით კარგი ბებია-ბაბუები მყავდა. შრომისმოყვარეები იყვნენ.
Rating
- როგორც ჩანს, ბავშვობაში ფოტოების გადაღება გიყვარდათ.
- ვპოზირებდი ფოტოაპარატის წინ და როგორც ჩანს, გამომდიოდა. მსუქანი ბავშვი ვიყავი. როგორც მეუბნებიან, ჭამა მიყვარდა. ხალისიანი და უპრეტენზიო ვყოფილვარ. ჩემი გაზრდით ოჯახი არ გაწვალებულა.
- მომდევნო ფოტოზე ძმები დედასთან ერთად ხართ.
- დედა ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. მამა უფრო არხეინა ხასიათის ადამიანია. მაინცდამაინც დიდი მზრუნველობით და ჩვენ მიმართ ემოციური დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. სხვა საქმეებით იყო დაკავებული. მამა ხშირად მიდიოდა საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა. შემდეგი ფოტო მამას რამდენიმე წლის წინ აქვს გადაღებული. მთელ დროს დედასა და ბებია-ბაბუებთან ვატარებდით. დედის და მამის მხრიდან ჩვეულებრივი და დიდი ბებია-ბა-ბუები ცოცხლები იყვნენ და მათთან ურთიერთობით განებივრებული ვიყავი. დიდი არჩევანი მქონდა, რომელ ბებიას უნდა დავეძინებინე, ან რომელს გავესეირნებინე.
Rating
- რომელიმე ბებია გყავდათ ამოჩემებული?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ყველა მათგანი იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. არ ვგავდი დანარჩენ ბავშვებს, მცენარეები და ცხოველები მიყვარდა. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესები მქონდა. ამ ინტერესების ხორცშესხმაში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა. ბებია-ბაბუები ცხოველების მოვლაში მეხმარებოდნენ. პატარა ბოსტანი მქონდა და მის მოვლაში მეხმარებოდნენ. რა ინტერესებიც მქონდა ბავშვობაში, ისეთი ინტერესები ბავშვებს არ აქვთ. ბევრი სიარული მიყვარდა და ბევრი ამბის მოსმენა. ასაკოვან ადამიანებთან ვურთიერთობდი. ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში მოწყენილი სიტუაცია იყო. თბილისში ომი იყო, შუქი არ გვქონდა, ფინანსურადაც გვიჭირდა. არაჩვეულებრივად მახსენდება ის პერიოდი.
Rating
- ნოდარ დუმბაძის ''მე, ბებია ილიკო და ილარიონი'' გამახსენდა, ქვეყანა რომ ინგრეოდა და ზურიკელა გადარეული რომ იყო სიხარულით. თუ ქვეყანაში არეულობა იყო, სინათლე არ იყო და გაჭირვება იყო, თქვენ რატომ გახსენდებათ ის პერიოდი არაჩვეულებრივად?
- იცით, რა მიხაროდა? ადამიანებს ერთმანეთისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი. ახლა ვხვდები, მაშინ ადამიანები ერთმანეთს ბევრ ემოციას უზიარებდნენ.
- როგორც ჩანს, ზღვა ძალიან გყვარებიათ. ძმასთან ერთად ბევრი ფოტო გაქვთ გადაღებული ზღვაზე.
- მთელი ბავშვობა ზღვაზე მაქვს გატარებული. ოზურგეთთან ურეკი ძალიან ახლოსაა და ჩვენთვის ზღვაზე წასვლა რთული არ იყო. ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯერ ბახმაროში წავსულიყავით დასასვენებლად და შემდეგ ზღვაზე.
- ალბათ კარგად ცურავთ...
- ვერ ვცურავ კარგად. მართალია, ფაქტობრივად, ზღვაზე გავიზარდე, მაგრამ ზღვა მაინცდამაინც არ მიყვარს. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ზღვის მოყვარული კაცი არ ვარ, მთა მირჩევნია. მგონია, რომ ზღვაზე ყველა ადამიანი მოდუნებულია და ყველა თავისთვისაა. წელიწადში რამდენიმე დღეს მაინც ვატარებ ზღვაზე. ჩემს მეგობრებს იტალიაში აქვთ ზღვის სანაპიროზე სახლები, მაგრამ იქაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. მგონია, რომ სანაპიროზე ადამიანები დუნდებიან, მე კი აქტიური ხალხი მიყვარს, როცა გართობა და ჟრიამულია. მოკლედ, რია-რია მომწონს.
Rating

რატომ უწერდნენ მასწავლებლები კარგ ნიშნებს

- ბავშვობიდან ბევრისგან განსხვავებული ინტერესები გქონიათ. ძმაც თქვენ გგავდათ?
- ჩემს ძმას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები ჰქონდა. ფეხბურთს თამაშობდა. ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით. საერთო თემებით ვერ ვერთობოდით, მაგრამ ახლა ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს.
- მას რა პროფესია აქვს?
- ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. პრაქტიკოსი ადამიანია. გურიაში დიდ სახლს უძღვება. სამაგალითო ოჯახი აქვს. არ მინდა, გურიაში ჩვენი სახლი დაიკეტოს და ვცდილობ, ჩემზე რაცაა დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთო. ჩემს ძმას, დათოს, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. ჩვენივე სოფლიდან ვაშალომიძის ქალი მოიყვანა ცოლად. საყვარელი შვილი ჰყავთ, ელენიკო. მოკლედ, კარგი გურული ოჯახია.
- მომდევნო ფოტო სკოლის ასაკში გაქვთ გადაღებული.
- სურათზე დედასა და ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვარ. ჩემს ბიძაშვილთან ერთად ცეკვაზე დავდიოდი. ახლა 115 კილოს ვიწონი და შეიძლება, ვერც წარმოიდგინოთ, რომ ოდესმე ვცე-კვავდი.
Rating
- კარგად ცეკვავდით?
- ვერ გეტყვით, რომ სცენაზე სასწაულებს ვახდენდი, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ ვცეკვავდი.
- რომელი ცეკვა გიყვარდათ ყველაზე მეტად?
- ერთი გურული ცეკვა იყო ფარცაკუკუ, რომელიც ძალიან მომწონდა.
- რას ნიშნავს ფარცაკუკუ?
- ჩვენ გურული ქორეოგრაფები გვყავდა. ცეკვა მათი დადგმული იყო. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ნახევრად სახუმარო ცეკვა იყო.
- სკოლაში ალბათ ყველა მასწავლებელს უყვარდით, როგორც კარგი და უპრობლემო ბავშვი.
- არ ვყოფილვარ მაინცდამაინც კარგი მოსწავლე. მაგრამ ყველა საგანში კარგი ნიშანი მქონდა, რადგან მასწავლებლებს ვუყვარდი. კეთილი ბავშვი ვიყავი. ეშმაკი და ცელქი არ ვყოფილვარ, ინტერესიანი ვიყავი და როგორც ახლა მეუბნებიან, მასწავლებლებს ჩემთან ურთიერთობა უყვარდათ. კარგი მასწავლებლები მყავდა. სოფელში ხომ ყველა ყველას იცნობს. რომც არ იმსახურებდე, მაინც კარგ ნიშანს დაგიწერენ. ნახევარი მათგანი ჩემი ნათესავი იყო და აქედან გამომდინარე, არ იყო გასაკვირი, რომ ბევრჯერ დაუმსახურებლადაც მიწერდნენ ნიშნებს. მიმაჩნია, კარგი ატესტატი რომ მაქვს, მარტო ჩემი დამსახურება არაა. გამორჩეული და განსაკუთრებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, არადა, თითქმის ყველა საგანში ხუთიანი გამომყვა.
- მომდევნო ფოტო ბებიასთან ერთად გაქვთ გადაღებული. როგორც ჩანს, მასთან ერთად საქ-მიანობდით.
- პირველ კურსზე რომ ვიყავი, სურათი იმ პერიოდშია გადაღებული. ეს ბებია დიდხანს შემომრჩა, სამწუხაროდ, დანარჩენები ბავშვობაშივე გარდამეცვალნენ. ამ ბებიასთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მქონდა. ის ჩემი მეგობარიც იყო. მონდომებული და ინტერესიანი გახლდათ და მისი ეს თვისებები მეც გამომყვა. მეორე ბებიამ დედის მხრიდან თავისი სახლ-კარი დამიტოვა. გამორჩეულ შვილიშვილად მაღიარებდა. განსაკუთრებულად ვუყვარდი. ბებია-ბაბუებში კარგი ბედი მქონდა.
Rating

რა აჩუქა ედუარდ შევარდნაძემ

- როგორც ვიცი, პროფესიიით ბიოლოგი ხართ.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაგისტრატურაც რომ დავამთავრე, მერე გერმანიაში წავედი. სურათი სტუდენტობისდროინდელია. ამ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ. მთელი სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, მაკა, სტუდქალაქში ცხოვრობდა. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო. სოფლიდან რომ უგზავნიდნენ მთელი თვის სანოვაგეს, ჩვენ ერთ დღეში ვათავებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობის დროსაც არ იყო ქვეყანაში დალხინებული პერიოდი, მაშინაც არ იყო სინათლე, ვისხედით გაყინულ აუდიტორიებში და ლექციებს ისე ვიწერდით. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და არაფერი გვადარდებდა. მე პატარა ოთახში ვცხოვრობდი. ჩემთან სტუმრად რომ მოსულიყვნენ, უნდა დაწოლილიყვნენ. ოთახი ისეთი პატარა იყო, მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. ერთ ჩვენს მეგობარს ვერაზე დიდი სახლი ჰქონდა. იმერელი დედა ჰყავდა, რომელიც ყოველთვის კარგად გვიმასპინძლდებოდა. თბილისში სულ ორი-სამი ადგილი იყო, სადაც ყავას დალევდი.
Rating
- შემდეგ დაიწყო თქვენი მოგზაურობა.
- ვმუშაობდი ბოტანიკურ ბაღში და შემდეგ წავედი გერმანიაში. ბონის უნივერსიტეტში აღმოვჩნდი და იმ დღეებიდან სხვა ცხოვრება დაიწყო. ჩემმა იქაურმა მასპინძლებმა დამპატიჟეს და ერთი კვირით პარიზში წავედით. ფოტო სწორედ იმ მოგზაურობის დროს გვაქვს გადაღებული. გერმანიაში მარტო ბოტანიკა და მებაღეობა არ მისწავლია. მათ ბევრი ისეთი რამ მასწავლეს, რისი სწავლაც მაშინ თბილისში წარმოუდგენელი იყო. მათ ბევრი სითბო მაჩვენეს. მათგან ერთი ასეთი შინაარსის მოსაწვევი მაქვს, გეპატიჟები, გაჩვენო, რომ თბილისის გარდა სხვა ქვეყნებშიც არის ლამაზი ბაღებიო. თბილისში არ არსებობდა მაშინ ლამაზი ბაღები, მაგრამ ის მაშინ დიპლომატიურად მწერდა.
Rating
- მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თბილისში ბევრი ლამაზი ბაღი იყო?
- თბილისი რომ ლამაზია, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, მაგრამ საქართველოს მსგავსი სხვაგან არაფერიაო, რომ ამბობენ, ძირითადად იმათ ემართებათ, ვისაც ბევრი არაფერი უნა-ხავს.
- მომდევნო ფოტო ძალიან ლამაზ ადგილას გაქვთ გადაღებული.
- ფოტო ვერსალის პარკშია გადაღებული. მახსოვს, ამ პარკის ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებიდან დიდხანს ვერ გამოვდიოდი. ამ ადამიანებზე დიდი მეგობრები მე არ მყავს. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ყველა ამბავი ერთად გადაგვხდა. ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდიან და მე წელიწადში ორჯერ ჩავდივარ მათთან სტუმრად. შვებულებებს ერთად ვატარებთ.
Rating
- ალბათ, ძალიან მოსწონთ თქვენი ''გარდენია''
- მათ არა მარტო მოსწონთ, სულ მაძლევენ რჩევებს, რომ აქაურობა უფრო ლამაზი გახდეს.
- ''გარდენია'' რამდენი წლისაა?
- წელს ხუთი წლის გავხდით.
- ყველაზე მეტად რომელი ყვავილი მოგწონთ?
- ჩემთვის ყველა განსაკუთრებულია და ვფიქრობ, არ არსებობს კარგი და ცუდი მცენარე.
- ''გარდენიაში'' რამდენი სახეობის ყვავილია?
- უკვე 2800. 180 ჯიშის მარტო ვარდი ყვავის ჩვენთან.
- კარგი ბიზნესი გაქვთ.
- მე ამას ბიზნესს ვერ დავარქმევდი. უბრალოდ, მაქვს ბაღი, რომელიც, მადლობა ღმერთს, სხვებსაც მოსწონთ, მოდიან და ყვავილებს ყიდულობენ. მაგრამ მე ამ ყველაფერს არ ვუყურებ, როგორც ბიზნესს, თუმცა გამოდის, რომ ბიზნესია, რაც მე მაინცდამაინც არ მახარებს.
- თქვენს ალბომში არის ედუარდ შევარდნაძესთან ერთად გადაღებული ფოტო. ყოფილი პრეზიდენტი თქვენი ნათესავია?
- ბატონ ედუარდთან მისი პრეზიდენტობის დროს ურთიერთობა არ მქონია. გვარის გამო ბევრი ლანძღვა მაქვს ატანილი. ზოგჯერ წავუყრუებდი ხოლმე, ვითომ არ მესმოდა. მიმაჩნია, რომ ბატონი ედუარდი საინტერესო პიროვნებაა. ჩვენ შორეული ნათესავები ვართ. ჩემი ბაბუა და ბატონი ედუარდის მამა ბიძაშვილები იყვნენ. ბატონ ედუარდთან რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ჩვენი ყოველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავად მთავრდებოდა.
- ფოტო რომელ შეხვედრაზე გადაიღეთ?
- ჟურნალისტებმა მოაწყვეს საგვარეულო შეხვედრა. სასიამოვნო იყო მასთან სტუმრობა. გაგვიმასპინძლდა, რამდენიმე ემოციური ამბავი მოვუყევი იმ ადამიანებზე, რომელთაც ის ბავშვობაში იცნობდა. გაუკვირდა, რომ მე, ასე ახალგაზრდას, მისთვის ნაცნობ ადამიანებზე ინფორმაცია მქონდა. მითხრა, ახალგაზრდები, როგორც წესი, ასეთი ამბებით არ ინტერესდებიანო. ბოლოს დამასაჩუქრა.
Rating
- რა გაჩუქათ?
- საგვარეულო რუკა, რომელშიც ნათლად ჩანს ჩვენი ნათესაობა. ბატონ ედუარდზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. შორიდან ადვილია ყველაფერზე ლაპარაკი. ბაღს ვერ გამართავ ისე, როგორც შენ გინდა და ქვეყანა ალბათ უფრო რთული სამართავია.
- თქვენს ალბომში ვერ ვნახეთ საყვარელ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო.
- არა მგონია, ჩემი პირადი ამბები ვინმეს აინტერესებდეს...
- შესაძლებელია, მალე გაჩნდეს თქვენს ალბომში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო?
- ვიმედოვნებ, ძალიან ვარ მონდომებული და ვნახოთ. არ აღმოჩნდა ეგ საქმე იოლი. იმდენი ემოცია მაქვს გაცემული და გაჩუქებული, ათ ქალს მაინც ეყოფოდა. ბევრმა იოცნებოს იმ ემოციაზე, რაც მე გამიჩუქებია უანგაროდ, ათ ქალს მაინც მონუსხავდა.
- ვინაა ასეთი, რომ ვერ მონუსხეთ?
- რა ვიცი, ალბათ ვერ შევძელი და ვერ მოვინდომე საკმარისად.
- ახლა ხართ შეყვარებული?
- ამწუთას არავინ მიყვარს. იარების მოშუშების პერიოდში ვარ. ეს მდგომარეობაც საინტერესოა, სულ ერთ ტალღზე ჩემი მტერი იყოს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ინგა
ზურას სახიდან ყოველთვის სითბო და დიდი ენერგია იღვრება, ყოველ ოთხშაბათს ,მის ჩართვებს, დილის გადაცემაში მოუთმენლად ველოდები ხოლმე,
17:13 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დარე
ბატონო ზურაბ, გაიხარეთ იმ სიხარულისთვის, რასაც ყოველ ოთხშაბათს ვღებულობთ თქვენი სატელევიზიო გადაცემებით
22:13 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ.ტ.
ძალიან მიყვარს ეს კაცი. რაღაცნაირი ლაღი, უბოროტო და კეთილი ტიპი რომაა სახეზე აწერია. ღმერთი სიკაეთეს არ დაიშურებს მისთვის.
10:33 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიმარი
სად ვიყიდო ,,შობის ვარსკვლავი,,
22:25 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
ნინო "ლოტკინზეა" ახალ პოლიციასთან ყველა მიგასწავლის ხუდადოვს რო აუყვები
21:02 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS