28 ივნისი, 2015
ყველაზე საშინელი ღამე ლულუ კახიანის ცხოვრებაში - ''ასეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი''
ძალიან დიდი რისკი იყო სახლში გაჩერება. გარეთ გამოვედით, ანუ ორი კიბით ქვევით ჩავედით, აღმოვჩნდით წინ მდებარე სკვერში, მხრებამდე წყალში…
ლულუ კახიანი ყოფილ მეუღლესთან ერთად სტიქიას ძლივს გადაურჩა. მართალია, ფეხი გაიჭრა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა წოლითი რეჟიმი აქვს და პერიოდულად გადახვევებისთვის ჰოსპიტალს სტუმრობს.

- ვიყავი ხილიანზე, ჩემი ყოფილი ქმრის სტუდიაში, იმ კორპუსში, რომელიც პირდაპირ ახალ გზას უყურებს. მანქანები გარეთ გვეყენა. ბოლოს საათს რომ დავხედე, მახსოვს, რომ ღამის პირველ საათს 15 წუთი
უკლდა. ვსაუბრობდით, კარი მოხურული იყო, მაგრამ უცბად წყალი შემოვიდა, სტუდია პირველ სართულზეა. წამოვხტით და კარი გავაღეთ. გავიხედეთ და მდინარე თუ ნიაღვარი მოდიოდა, წყალი სახლში შემოვარდა. ძირს იდო დამაგრძელებელი და გიორგიმ სასწრაფოდ მთლიანად გამორთო. მე სკამზე ავძვერი, ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე, დავხურე და ჩანთა გადავიკიდე. გიორგი მიფრინავდა ღამე, ჩანთა, რაც ხელში მოხვდა, აიღო და სხვა ვერაფრის აღება ვეღარ მოვასწარით. ვინაიდან ბინას სხვა გასასვლელი არ ჰქონდა და წყლით ივსებოდა იქაურობა, ძალიან დიდი რისკი იყო სახლში გაჩერება. გარეთ გამოვედით, ანუ ორი კიბით ქვევით ჩავედით, აღმოვჩნდით წინ მდებარე სკვერში, მხრებამდე წყალში…

- რას ამბობ?!.
- ვიღაცის მანქანა დავინახე, რომელიც ჩაყვინთული იყო წყალში. შუქები კი ანათებდა, მაგრამ მაინც ბნელოდა. ხილიანისკენ დავიძარით, ამ კორპუსისთვის მარცხნიდან უნდა შემოგვევლო. წინ ჩასავარდნი იყო, ხიდივით, სადაც მდინარის მილები გადის და მთელი ნაკადი იქითკენ მიდიოდა, ჩანჩქერივით ჩადიოდა წყალი. თავის შეკავება ძალიან ძნელი იყო. ხელიხელჩაკიდებულები მივიწევდით ნელ-ნელა. გაგვიჭირდა გადაადგილება. ძალიან ბევრი შლამი მოჰქონდა წყალს და ფეხებზე გვეჯახებოდა. ერთს ვფიქრობდი მხოლოდ, არ წავიქცე-მეთქი. საქანელები იყო სკვერში, რაღაც მომენტში ფეხი ჩამივარდა,
გიორგიმ წამომაყენა, ნუ გეშინიაო და, როგორც ჩანს, მაგ დროს გავიჭერი ფეხი. იქ ვერ ვიგრძენი, მოგვიანებით აღმოვაჩინე. რამდენიმე ადამიანი ხელს გვიქნევდა, აქეთ ამოდითო. ბოლოს ხილიანის ქუჩაზე ამოვყავით თავი. ამ კორპუსის ხილიანის მხარეს არის სადარბაზო, მეორეზე - გარაჟები, ამიტომაც ის პირველი სართული, სადაც ჩვენ ვიყავით, საკმაოდ დაბალია.

- გაქვს ინფორმაცია, ვინმეს კიდევ შეუვიდა ბინაში წყალი?
- იმ კორპუსში, სადაც ჩვენ ვიყავით, პირველი სართულის ყველა ბინა დაიტბორა.

- რომ გამოაღწიეთ სამშვიდობოს, საავადმყოფოში წახვედით?
- არა. როგორც გითხარი, ვერ შევამჩნიე ჭრილობა და ვერც ვგრძნობდი ვერაფერს, ამიტომაც, პირველ რიგში, ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და დავურეკე ჩემს მეგობარს, ირაკლი ბერძენიშვილს, რომელიც იქვე ცხოვრობს. მან მოგვაკითხა და საკუთარ ბინაში მიგვიყვანა. ბოლომდე ვერც გააცნობიერა, რა დამემართა. შოკში იყო, როცა ტალახიანები დაგვინახა. მასთან წყლის გადავლების საშუალება მომეცა და სწორედ იქ აღმოვაჩინე, რომ ქუსლთან ფეხი მქონდა გაჭრილი, სისხლი მდიოდა. წამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხილიანიდან ჩასულებს გზა ტელევიზიასთან გადაკეტილი დაგვხვდა, ძალიან გაგვიჭირდა საავადმყოფომდე მიღწევა. აღმომიჩინეს დახმარება. ჭრილობა ღრმაა და, შესაბამისად, გასაკერი იყო, თუმცა ვერ გაკერეს, რადგან ძალიან დიდი ინფექცია იყო. მხოლოდ დაამუშავეს, გადამიხვიეს და მეორე დღეს დამიბარეს გადახვევაზე.

Rating

- შრატიც დაგჭირვებია.
- რასაკვირველია. როცა ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რაზე გავიჭერი და იმის გათვალისწინებითაც, რა სიბინძურეში მომიწია ყოფნამ, აუცილებლად იყო გასაკეთებელი.

- ახლა წოლითი რეჟიმი გაქვს?
- დიახ. ვერ დავდივარ, ხელში ამიყვანენ ხოლმე და ასე დავყავარ გადახვევებზე (იღიმის).

- მანქანების ბედი როგორია?
- ორივე წყალმა წაიღო, გიორგის მანქანა მეორე დღესვე გადაიყვანეს სადგომზე, დღეს დამირეკეს პატრულიდან, ჩემი მანქანაც გადაუყვანიათ. გიორგის მანქანა ძალიან ყოფილა დაზიანებული, ჩემსას შუშები აქვს ჩამტვრებული, შლამია სალონში, მოხალისებმა გაასუფთავეს შლამის ნაწილისგან და მერე ამოათრიეს ზევით.

- ეს იყო ალბათ ყველაზე საშინელი ღამე შენს ცხოვრებაში.
- ნამდვილად ასეა. თავიდან ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ასეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი. მივხვდი, რომ სტიქიის ცენტრალურ ადგილას აღმოვჩნდი, როგორც კი დავინახე, რა ხდებოდა.

- რა ბედნიერებაა, რომ ცხოველები მაინც არ შეგხვდნენ იქ.
- ეს ის პერიოდი იყო, როცა ახალი დაწყებული იყო ყველაფერი. მგონი, ტერიტორია რეალურად 10 წუთში დაიტბორა. მე რომ მივედი სტუდიაში, ძალიან არ წვიმდა, 12ის ნახევრისკენ მივედი. აბაშიძეზე გავიარე მანამდე და იქ უკვე წყალი იდგა, მანქანისთვის პრობლემა არ იყო, გაივლიდა, მაგრამ მაინც არ იყო სასიამოვნო. კი გავიფიქრე, სად მივდივარ-მეთქი, რადგან ყველაზე დაბალი ადგილია, სადაც სტუდია მდებარეობდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა ვინმე, რომ მეწყერი ჩამოწვებოდა და გააძლიერებდა სტიქიას.

- ემერჯენსში ყოფნისას შენ გარდა იყო დაზარალებული ვინმე?
- მე რომ მივედი, ცოტა ხანს ლოდინმა მომიწია. მოიყვანეს ბიჭი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ჭრილობა ჰქონდა და ის შეიყვანეს, ბევრი სისხლი სდიოდა. დაახლოებით 15 წუთს მომიხდა ლოდინი, მეტი არა.

- მანქანა თუ გყავდა დაზღვეული?
- არა, არც მე და არც გიორგის. მოვკარი ყური, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს ზარალს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ძალიან დიდი ზარალია, მგონი, ასამდე მანქანა მაინც იქნება.

- ზოგადად, რამდენად კმაყოფილი ხარ სახელმწიფოს ჩართულობით, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული?
- ამ დიდ სტიქიამდე, მახსოვს, ძლიერი წვიმა თბილისში, როცა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაზარალდა. ეს იყო პირველი სიგნალი, რომ იმ ტერიტორიისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექციათ. ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მგონია, შეიძლებოდა რაღაცების თავიდან აცილება. გარდა ამისა, უფრო სწრაფ რეაგირებას ველოდი. მე რომ ახალ გზაზე ჩავდიოდი, მაგ დროისთვის უნდა ყოფილიყო გადაკეტილი და ხალხისა და მანქანებით მდგარი ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია უნდა მომხდარიყო.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS