23 ივნისი, 2015
გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''
ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი შესრულებით ალტისტი გიორგი ცაგარელი სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ, დაპირების თანახმად, არაფერი გვიკითხავს მისი და ლიზა ბაგრატიონის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

განგებამ მუსიკოსს წარმატება მსხვერპლშეწირვისა და სირთულეების გადალახვის გარეშე მიართვა. გიორგი თავიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ ალტისკენ გადაიხარა. მასზე გადამწყვეტი გავლენა გია ყანჩელმა და მისმა შემოქმედებამ მოახდინა.

- გიორგი, როგორი ბავშვი იყავით?
- ისეთივე, როგორიც ყველა ჩემ გარშემო მყოფი ბავშვი. ეზოში ყოფნა მიყვარდა. ბევრი მეგობარი მყავდა. ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ სიბეჯითე არ
მახასიათებდა. 6 წლის ასაკში ჩემმა მუსიკოსმა მამიდამ დაბადების დღეზე ვიოლინო მაჩუქა. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა დავიწყე, მაგრამ ვზარმაცობდი.
თბილისში რამდენიმე პედაგოგთან ვსწავლობდი, ზოგიერთი მათგანი მუსიკოსობას მიწინასწარმეტყველებდა, სხვები კი მირჩევდნენ, ალტისთვის თავი დამენებებინა. განსაკუთრებულად მახსენდება ბატონი ბორია ჭიაურელი, სახელმწიფო კვარტეტის წევრი და შესანიშნავი მუსიკოსი. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც განმიმარტა, რა განსხვავებაა ალტსა და ვიოლინოს შორის და ალტზე დაკვრაც შემომთავაზა. ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის დედაჩემს, რომელსაც სჯეროდა ჩემი და მუსიკისთვის თავის დანებების საშუალებას არ მაძლევდა.
როგორც ყველა ზარმაცი მევიოლინე, მოგვიანებით მეც ალტის კლასში გადავედი. ალტის საბავშვო პროგრამა გაცილებით ადვილია, ვიდრე ვიოლინოსი. ათწლედის დამთავრების შემდეგ ვაპირებდი, რომელიმე პროფესიას დავუფლებოდი, მაგრამ მუსიკალურ სფეროში დავრჩი. ალფრედ შნიტკეს კონცერტისა და გია ყანჩელის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. მაშინ გადავწყვიტე, ალტისტი გავმხდარიყავი და ეს ორი გენიალური ნაწარმოები დამეკრა.

ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, მოვხვდი პედაგოგ ირაკლი ჯაფარიძის კლასში. იმ პერიოდში მასტერკლასებითა და კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანას ვსტუმრობდი. ერთ-ერთ საზაფხულო კურსზე გერმანელი პროფესორი გავიცანი. სწორედ მან მირჩია, ჩამებარებინა დეტმოლდში. ეს იდეა მომეწონა, ამიტომ კონსერვატორიის დამთავრებისთანავე გერმანიაში გავემგზავრე, ჯერ დეტმოლდში, შემდეგ კი ლაიფციგის კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

- თვითკრიტიკული ხართ?
- ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი შესრულებით. ჩვენს ქვეყანაში მუსიკის კრიტიკა არ არსებობს. ძალიან ვწუხვარ, რადგან კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის.

- ქართველი მუსიკოსები რა პრობლემებს აწყდებით?
- საქართველოში არც ერთ მთავრობას არ უფიქრია იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი კულტურა უნდა იყოს. ამ პატარა ერს უამრავი მსოფლიო დონის მუსიკოსი თუ ზოგადად შემოქმედი ჰყავს გაზრდილი. ისინი, როგორც წესი, ქვეყნიდან მიდიან. იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია ოდესმე გამოსწორდება.

- ერთხელ იხუმრეთ, რომ თუ მღვდელი გახდებით, მაგარ ,,პრადოს" იყიდით...
- ვფიქრობ, საპატრიარქომ ფინანსები ახალგაზრდების განათლებისკენ უნდა მიმართოს.

- ალტი სევდიანი ინსტრუმენტია, შეიძლება ითქვას, რომ თქვენც სევდიანი ადამიანი ხართ?
- იმის მიუხედავად, რომ ალტისთვის შექმნილი რეპერტუარი ხშირ შემთხვევაში ძალიან ტრაგიკულია, სევდიან ადამიანად მაინც არ მივიჩნევ თავს. თუმცა, როცა კონკრეტულ მუსიკაზე ვმუშაობ, მთლიანად ვეფლობი მასში.

- როდის გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- მარტოობისას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მარტო, ამიტომ შევეჩვიე.

- სოციალური ქსელის საშუალებით სკანდალურ განცხადებებს ხშირად აკეთებთ...
- 21-ე საუკუნეში სოციალურ ქსელს უდიდესი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. იგი მოკლე და მარტივი გზაა საკუთარი სათქმელის გასახმაურებლად. ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას. საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის მაკონტროლებელი ძალა უნდა იყოს.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Nata
Visi Ra saqmea sxvisi piradi tsxovreba,Ra bogmebi xart! Gaetsanit am katsis shemokmedebas jobia,mousminet lamaz musikas da iqneb sulebits gagilamazdet.tsarmatebebs gisurveb da tsinsvlas!
18:11 / 10-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დავითი
შენ სხვისი ამორალობა როგორ უნდა გაკრიტიკო, ამხელა ქალთან დადიხარ. შეხედეთ ამ თავხედს.
16:56 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS