22 ივლისი, 2013
როდის ცხოვრობდა რუსთაველზე კარავში თეონა ცხომელიძე და როგორ აღმოჩნდა ნარკომანების ზონაში
ლისაბონში არის ერთი უბანი, სადაც ნარკომანები იკრიბებიან, მოიხმარენ სხვადასხვა საშუალებას, ზოგი იქვე ცხოვრობს... დახურული ზონასავითაა და კამერებიც იშვიათად შედის, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ვიზიტს მასპინძლობდა, დაგვეხმარა და მათთან ერთად შევედით ცხრა წელია, რაც საკუთარი თავი ჟურნალისტიკას მიუძღვნა. პოლიტიკური რეალობა იცვლება, პოლიტიკოსები ნაკლებად, ძირითადად, თანამდებობებს იცვლიან. მაგალითად, თეონა ცხომელიძის პირველი რესპონდენტი ნინო ბურჯანაძე იყო, ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით. დღეს ბურჯანაძე ოპოზიციაშია, თეონა - ისევ ჟურნალისტიკაში. პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს ყოველთვის ბევრი მოსაყოლი აქვთ, გამონაკლისი არც ''კურიერის'' ერთ-ერთი გამოცდილი
კადრი აღმოჩნდა.

- პროფესიით ტელერეჟისორი ვარ, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში პრაქტიკაზე მივედი. მეგონა, რომელიმე გადაცემაში ჩემი პროფესიით გავივლიდი სტაჟირებას, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ საინფორმაციო სამსახურში მოვხვდი. იქამდე არა-სოდეს მიფიქრია ჟურნალისტობაზე და აბიტურიენტობისას, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვფიქრობდი, რეჟისორობა ის საქმე იყო, რომლის კეთებაც მინდოდა. ახლა მიმაჩნია, მაშინ ძალიან გამიმართლა, ამ გაუგებრობაში რომ მოვყევი. ორი წლის შემდეგ, 2006 წელს გადმოვედი ''რუსთავი 2'' -ში და მალევე დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს.
- ყველაზე ხშირად რომელ თემებზე მუშაობთ?
- პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ხშირად მიწევს პარლამენტში ყოფნა. ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ამ საკითხების გაშუქებისას ვგრძნობ... დღემდე ვიძაბები და ვნერვიულობ, თუ საქმე კრიმინალს შეეხება.
- განსაკუთრებულად რომელი სიუჟეტის მომზადებას გაიხსენებდით?
- რთულია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. დღემდე ძალიან მძიმედ მახსენდება ოთხი წლის წინანდელი ამბავი. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და ამ ფონზე კიდევ უფრო ემოციური იყო ეს ყველაფერი. დილას დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ექვსი წლის ბავშვი დაიკარგა. გადა-ღებაზე წავედი, მშობლებსა და პოლიციასთან ერთად ვეძებდი სადღაც ნანგრევებში. იპოვეს და ბავშვი, სამწუხაროდ, მოკლული აღმოჩნდა. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ემოციებთან გამკლავება მოკლე დროში მომიხდა. 20 წუთში ჩართვა მქონდა და ახლაც არ ვიცი, როგორ მოვახერხე მაშინ მშვიდი გამომეტყველების მიღება.
Rating
- პირველი ცნობილი რესპონდენტი გაიხსენეთ, რომლის ჩაწერაზეც ბევრი ინერვიულეთ...
- პირველი რესპონდენტის ჩაწერიდან ძალიან დიდი დროა გასული, უკვე ცხრა წელი, თუმცა როგორც მახსოვს, ეს იყო ნინო ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მარტოს მომიწია ჩაწერამ. ვნერვიულობდი, რომ რამე არ შემშლოდა. კითხვა ფურცელზე დავწერე და კაბინეტში შესვლამდე ვიზეპირებდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ქალბატონი ნინო ვერც მიხვდა, რომ ის ჩემი პირველი რესპონდენტი იყო.
- ყველაზე დიდი გამოხმაურება თქვენს რომელ სიუჟეტს მოჰყვა?
- გამოხმაურება ზოგადად ხშირია სიუჟეტებზე. მით უმეტეს ახლა, როდესაც სოციალური ქსელები ასეთი პოპულარულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი გამოხმაურება, რომელსაც კონკრეტული დადებითი შედეგი მოაქვს. 6-7 წლის წინ იყო ასეთი, რეპორტაჟი გავაკეთე ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც ავტოავარიაში ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა და ფეხის პროთეზი ესაჭიროებოდა. სიუჟეტის გასვლისთანავე ტელეფონები აფეთქდა, რეკავდნენ ცნობილი ადამიანები, სამინისტროების, გამგეობების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ზოგი თანხას რიცხავდა, ზოგმა სამსახური შესთავაზა, სახლში მივიდნენ საჩუქრებით... და ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა... როდესაც საქმე ვინმეს დახმარებას ეხება, საბედნიეროდ, საზოგადოება, როგორც წესი, გულგრილი არ რჩება.
- ხშირად მოგიპოვებიათ ექსკლუზიური ნიუსი ან კომენტარი?
- ექსკლუზიური თემა ''კურიერში'' ხშირად გვაქვს. ერთ-ერთი ბოლო იყო მამუკა მიქაუტაძის მეუღლესთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გავიდა ''რუსთავი 2'' -ის ეთერში. როგორც იცით, ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა და დეტალები მაყურებელმა სწორედ ჩვენს ეთერში მოისმინა.
- საზღვარგარეთ ალბათ ხშირად ყოფილხართ მივლინებით...
- დიახ, საზღვარგარეთ ხშირად გვიწევს წასვლა, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დატვირთული ვიზიტია, რომ შეიძლება, პარიზში ეიფელის კოშკს ვერ მოჰკრა თვალი (იღიმება). თუმცა, ცხადია, სულ ასე არ ხდება. გაუგებრობებშიც ვხვდები. მაგალითად, შარშან სტამბოლში პრეზიდენტს ვახლდით. ვიზიტი კი მშვიდობიანად გავაშუქეთ, მაგრამ წამოსვლისას მეტროს ორი გაჩერება იყო ტაქსის სადგომამდე, ხალხი ბევრი იყო და ისე მოხდა, რომ ორი ოპერატორი, მათ შორის ჩემიც, ვაგონში ვერ შემოეტია. არც ენა იცოდნენ, არც ადგილი, სადაც უნდა მოსულიყვნენ და ყველაფერთან ერთად მეტროშიც დაიბნენ. ფრენამდე კი ორი საათი იყო დარჩენილი...
პირველი რამდენიმე მატარებლიდან რომ არ ჩამოვიდნენ, შემეშინდა, რომ ორივე დაიკარგა, ვიჯექი მეტროს სადგურში და ბოლო ხმაზე ვტიროდი, ახლაც არ მეცინება, რომ ვიხსენებ... გადავწყვიტე, პოლიციას ვიპოვი-მეთქი და მეტროდან გამოვედი. კოლეგებს ვუთხარი, რომ წასულიყვნენ, თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ. ასე არასოდეს გამხარებია ჩემი ოპერატორის დანახვა, როცა ტაქსიმის მოედანზე სულ სხვა მხრიდან მომავალი დავინახე, დღესაც არ ვიცი, როგორ მოვიდნენ.
Rating
- გამოუვალ მდგომარეობაში თუ აღმოჩენილხართ რეპორტაჟის მომზადებისას?
- ვფიქრობ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, თუმცა გამოუვალთან მიახლოებული მქონია. პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ერთ-ერთი მძიმე კვირა ამ მოწვევის პარლამენტში. უკვე საბოლოო სიტყვით გამოდიოდა დავით უსუფაშვილი. ცხრას წუთები აკლდა და ჩართვამდე რამდენიმე წუთი მრჩებოდა, ყველა დაძაბულები ვიყავით და მეც ალბათ ვინერვიულე თუ წნევა იყო, არ ვიცი, და მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ჩართვაზე ამ მდგომა-რეობაში მომიწია დადგომამ, ცალ ხელში მიკროფონი მეჭირა, მეორეში - სველი ხელსახოცი და როცა ვხვდებოდი, რომ ჩემი საუბრისას კადრები გადიოდა, ცხვირზე ვიფარებდი, საბედნიეროდ, მაყურებელს არაფერი შეუნიშნავს და გამოშვებამაც კარგად ჩაიარა.
- ძალიან გიყვართ რეპორტიორობა? საკუთარ გადაცემაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე რეპორტიორობა ყველაზე საინტერესო და სასურველი საქმეა. რამდენადაც ეს მუდმივი გადარბენა რთულია, იმდენად საინტერესოა, ამიტომ რაიმეს შეცვლას არ ვაპირებ.
- საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველთვე იმართებოდა აქციები, სადაც ჟურნალისტებს არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში უხდებოდათ მოვლენების გაშუქება. თქვენთვის რომელი აქცია იყო განსაკუთრებული?
-  ყველა აქციაზე მიმუშავია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. ცხადია, იყო დაძაბული სიტუაციები. აქციის მონაწილეების, ზოგჯერ ორგანიზატორების მხრიდანაც პროვოკაციები... თუმცა კონფლიქტი არასოდეს მომსვლია მათთან. ერთ-ერთ აქციაზე, სადაც კარვები იყო გაშლილი, ჟურნალისტებმაც მოვითხოვეთ ერთი კარავი. მოგვცეს... იქ ვცხოვრობდით, საღამოობით ჩვენს ტერიტორიას ცოცხითაც კი ვგვიდით ხოლმე (იღიმება).
Rating
- პროფესიით ტელერეჟისორი ხართ და ალბათ განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის კადრს. ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები რომ გაიხსენოთ თქვენი კარიერიდან...
- პორტუგალიაში ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის თემაზე ვმუშაობდით, როგორც იცით, ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის წყალობით ნარკომანთა რაოდენობა განახევრდა. რეფორმის ფარგლებში ლისაბონში არის ერთი უბანი, სადაც ნარკომანები იკრიბებიან, მოიხმარენ სხვადასხვა საშუალებას, ზოგი იქვე ცხოვრობს... დახურული ზონასავითაა და კამერებიც იშვიათად შედის, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ვიზიტს მასპინძლობდა, დაგვეხმარა და მათთან ერთად შევედით, მხოლოდ რამდენიმე წუთით. ეს იყო საშინელი სანახაობა და კადრები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება.
- თეონა, პროფესიაში ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი?
- თუ სამსახურს გარეთ გულისხმობთ, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები არასოდეს მაკრიტიკებენ. სამსახურზე მათთან არასდროს ვლაპარაკობ. მამაჩემს აქვს იშვიათად შენიშვნები, რომლებსაც აუცილებლად ვითვალისწინებ.
- რთული არ არის საინფორმაციოს ჟურნალისტობა, ოჯახისთვის რამდენად გრჩებათ დრო და ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
- ცხადია რთულია, როცა ყველაზე კარგ შემთხვევაში სამუშაო დღე 12 საათია, დროის გადანაწილება ძნელია. ყოველ თავისუფალ საათს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ვატარებ, ქალაქგარეთ გასეირნებასაც ვასწრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ პატარაა, 3 წლის, მაინც გაგებით ეკიდება ამ ამბავს, იცის, რომ დილით უნდა წავიდე, საღამოს კი საათის ცნობა ისწავლა და 10 საათზე მელოდება. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის არასოდეს მსაყვედურობს და ცდილობს, ხელი შემიწყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონი, გადამწყვეტიც ჩემი პროფესიის ადამიანისთვის.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS