01 ივნისი, 2015
პერსონალური მყიდველი და ქართველი, რომელიც ნიუ-იორკში საუკეთესო ჩამცმელად აღიარეს
თავიდან მეგობრებს დავყვებოდი საყიდლებზე, ვურჩევდი, რა შეეძინათ, რა მოუხდებოდათ პერსონალური მყიდველი-კონსულტანტი - ეს პროფესია მსურველთათვის ტანსაცმლის შერჩევასა და შეძენას გულისხმობს. ბუნებრივია, სერვისი უმთავრესად შეძლებულ ხალხზეა გათვლილი. იმ ადამიანებზე, რომელთაც დრო არ აქვთ და ამჯობინებენ, კომპეტენტურ ადამიანს მიანდონ სტილის შესაბამისი სამოსისა და აქსესუარების შერჩევა.
ხშირ შემთხვევაში კონსულტანტი დამკვეთთან ერთად დადის სამოსის შესარჩევად. 28 წლის ანდრო ელიზბარაშვილი სწორედ პერსონალური მყიდველია, ჯერ ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრის კონსულტანტი გახდა და დღეს უკვე საკუთარ საქმეში ცნობილ პირებთან თანამშრომლობს...

- გვიამბეთ თქვენზე.
სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, ვიცი, ფეხბურთს თამაშობდით...
- უკრაინაში, ქალაქ დონეცკში დავიბადე. გავიზარდე საქართველოში, კერძოდ, თბილისში. ფეხბურთს მთელი ჩემი ცხოვრება ვთამაშობდი, 24 წლამდე უკრაინაში და შემდეგ უკვე გერმანიაში.

- ამჟამად ამერიკაში იმყოფებით, როდის და რა მიზნით გაემგზავრეთ იქ?
- 4 წელია, რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ. პირველად ჩემი მეგობრის მოსანახულებლად ჩამოვედი ამერიკაში ორი კვირით, არაჩვეულებრივი ახალი წელი გავატარე აქ და გერმანიაში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავსულიყავი.

- როგორ დაუახლოვდით მოდის სამყაროს?
- ყველაფერი თავისთავად მოხდა. ექსპერიმენტები ბავშვობიდან მიყვარდა. მოდა ყოველთვის მაინტერესებდა. თავიდან მეგობრებს დავყვებოდი საყიდლებზე, ვურჩევდი, რა შეეძინათ, რა მოუხდებოდათ, შემდეგ ჩემი მეგობრების გამორჩეული ჩაცმულობა მისმა მეგობრებმა შეამჩნიეს, იკითხეს, ვინ შეურჩია იმიჯი, შემდეგ ეს ადამიანები მე დამიკავშირდნენ და ასე ჩამოყალიბდა ჩემი პირველი კლიენტურა.

- მცირე ხნის წინ 5 000 მონაწილეს შორის სუკეთესოდ ჩაცმულ პერსონად დაგასახელეს. ვინ აწარმოებდა ამ გამოკითხვას?
- შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა და ვმუშაობ მსოფლიოს ეპიცენტრში,
კერძოდ, მანჰეტენზე, თაიმს სკვერზე, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია - Macy’s, მასში 5 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კონკურსი სწორედ ამ მაღაზიის ად-მინისტრაციამ ჩაატარა. მოგეხსენებათ, ყველა მაღაზიას თავისი დიზაინერი ჰყავს და საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა. ჩემდა საბედნიეროდ, მათ შორის ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე.

- როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?
- სხვადასხვანაირი... გააჩნია დღეს, ჩემს განრიგსა და ხასიათს, თუმცა ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის აუცილებელად კარგ ფორმაში უნდა იყოს (იღიმის).

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ პერსონალური მყიდველი გახდე?
- მოდა ისეთი სფეროა, რომელიც უდიდესი სისწრაფით, ყოველდღიურად ვითარდება, ფეხი თუ ვერ აუწყვე, დაიკარგები. მთავარია თავდაჯერება და არავითარი შიშის გრძნობა! ფერების სწორად შეხამება, კლასიკურისა და ყოველდღიური სტილის ერთმანეთთან შერწყმა უნდა შეგეძლოს. მხატვარი უნდა იყო, მოლბერტი შენი მომხმარებელი, ფუნჯი კი - ტანსაცმელი. ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, ასე რომ, ყველა ნახატს ნებისმიერს ვერ მიუსადაგებ, რაც უნდა მაღალ დონეზე იყოს შესრულებული, ამიტომ გიწევს, დაინახო ინდივიდი. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კლიენტს არა მარტო ტრენდულად ჩავაცვა, არამედ ის, რაც მის ხასიათსა და პიროვნულობას გაუსვამს ხაზს.

- ძირითადად ბიზნესმენებს უწევთ კონსულტაციებს თუ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც?
- ჩემი კლიენტები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, თუმცა, არ მინდა მათი ვინაობის დასახელება, მხოლოდ პროფესიების თქმით შემოვიფარგლები: დიპლომატები, ბანკირები, ბიზნესმენები, მოდის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხი.

- თქვენი პროფესია მოითხოვს ხედავდეთ არა მხოლოდ ადამიანის გარეგნულ მხარეს, არამედ მის ფსიქოლოგიასაც. რა დროა საჭირო ადამიანის `გასაშიფრად~?
- ძალიან კარგი კითხვაა! სწორად აღნიშნეთ. სანამ კლიენტთან მუშაობას შევუდგები, ყოველთვის ფინჯანი ყავის დასალევად ვხვდებით ერთმანეთს და ათას განსხვავებულ თემაზე ვესაუბრები, დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდება ამისთვის. საუბრის ბოლოს მე უკვე 80%-ით ჩამოყალიბებული მაქვს მისთვის იმიჯი, რა მოუხდება და რა არის მისთვის საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას სამოსთან დაკავშირებული პრობლემები და ხშირ შემთხვევაში, დაივიწყოს საკუთარი კომპლექსები.

- საქართველოში ამა თუ იმ საჯარო პირის ჩაცმულობა ხშირად იმსახურებს კრიტიკას. როგორ ფიქრობთ, თქვენი პროფესია რამდენად მოთხოვნადი იქნება ჩვენში?
- გემოვნება და კონსულტანტთან ურთიერთობა სხვადასხვა რამეა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გემოვნება და ნორმალურად ეცვას, მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ უმაღლეს დონეს, როდესაც სამოსის თითოეული ელემენტი ზუსტად ერწყმის ერთმანეთს, 100%-ით. დაწყებული თმის ვარცხნილობით, ფეხსაცმლის ზონრით დამთავრებული, ასევე უამრავი დეტალი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება საქართველოში ამ სერვისით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დიდი ფული არ სჭირდება საოცნებო იმიჯის შექმნას, ზუსტად ეს არის ჩემი მუშაობის სტილი. ჩემი კლიენტების ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის გამოიყურება. გამოიყურებოდე მილიონ დოლარზე – ეს არის ჩემი კრედო.

- ქართველს უჭირს იმის აღიარება, რომ ჩაცმაში კონსულტანტის დახმარება სჭირდება.
- ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებული ერი ვართ, გვაქვს ქარიზმა და ემოციები, რომელიც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ფეშენს, მენდეთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მინდა, ჩემი გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოვახმარო და ეს ჩემი უახლოესი გეგმაა. სურვილი მაქვს, რომ ქართველ ხალხს მოდა და სტილი სრულიად სხვა კუთხით დავანახვო. ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა ასპექტში: დაწყებული კარგი ხასიათიდან, თავდაჯერებითა და სასურველი შედეგის მიღებით დამთავრებული. ეს პატარა დეტა-ლებია, რომლებსაც უდიდესი ძალა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი სურვილია, ჩემს ხალხს გავუზიარო საკუთარი გამოცდილება. თანაც, ასეთი სერვისის არსებობა, სხვა თუ არა-ფერი, ქვეყნის პრესტიჟის საკითხია!

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS