29 მაისი, 2015
მაია ფანჯიკიძე თავის რძალზე გიჟდება
დედა დიდხანს გლოვობდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას ცხოვრების ჯანსაღი წესი

დილას კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, განსაკუთრებით მიყვარს მზიანი ამინდი. ადგომისთანავე აუცილებლად ვაკვირდები ჩემს ყვავილებს, თუ საჭიროა, წყალსაც ვუსხამ. შემდეგ ყავას ვსვამ, ვწესრიგდები და სავარჯიშოდ მივდივარ. ბავშვობიდანვე ჯანსაღი წესით ვცხოვრობდი, თუმცა მინისტრობისა და ოპოზიციაში მოღვაწეობის პერიოდში ფიზიკური დატვირთვისთვის ვეღარ ვიცლიდი. დღეს მეტი დრო მაქვს და შემიძლია, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.

საქმიანი ქალის დღე

ვარჯიშის შემდეგ ''თავისუფალი დემოკრატების'' ოფისში მივდივარ. ყოველდღე შეხვედრები მაქვს, ოფისშიც ბევრი სამუშაოა. დღის
განმავლობაში ძალიან იშვიათად მივირთმევ. თუ საღამოს საქმიანი ვახშმით ვამთავრებ, ხომ კარგი, თუ არადა, სახლში ვამზადებ რამეს.

ბავშვობა წიგნებთან ერთად


ცელქი ბავშვი არ ვიყავი, ძალიან კარგად ვსწავლობდი და კითხვა მიყვარდა. მშობლებს არასდროს ვუქმნიდი პრობლემებს. უფროსებთან ურთიერთობა მომწონდა, ხშირად ვჯდებოდი სუფრასთან და მათ საუბარს ყურს ვუგდებდი. მამას საინტერესო ადგილებში დავყვებოდი.

სტუდენტობა გერმანიაში

ჩემს პროფესიულ არჩევანზე ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, დედამ და ფაკულტეტების ნაკლებობამ.
ჩვენი უნივერსიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით გერმანიაში სასწავლებლად უშვებდა. ევროპაში გავემგზავრე. იმ დროს წარმოუდგენელი იყო, სტუდენტს მარტო ეცხოვრა. სასიამოვნოდ მახსენდება ის თავისუფლება, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლობას მოსდევს. აღარავის ვეუბნებოდი, სად მივდიოდი და შინ როდის დავბრუნდებოდი. ამ თავისუფლებით ბოროტად არასდროს მისარგებლია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩარჩოებში დაბრუნება გამიჭირდა. ჩვენს ქვეყანაში არსებობდა კლიშე, გოგონა შინ რომელ საათზე უნდა დაბრუნებულიყო და რა უნდა ჩაეცვა.

ტრაგედია

ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო მამის დაკარგვა. დილას ველაპარაკე, რამდენიმე საათში კი მომხდარი შევიტყვე. მეგონა, აღარასდროს გავიცინებდი. ჩავთვალე, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ დასრულდა. დედა დიდხანს გლოვობდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას. თუმცა როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს...

ცხოვრების ეტაპები

ჯერ პედაგოგი ვიყავი, ვასწავლიდი სკოლასა და უნივერსიტეტში, ურთიერთობა მქონდა ლაღ და საინტერესოდ მოაზროვნე ახალგაზრდებთან. ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან დღესაც ვმეგობრობ, ჩვენ შორის 12-13 წელია განსხვავება. პერიოდულად ვიკრიბებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ვამეხმა მითხრა, მაია მას (დღესაც ასე მომმართავენ), მინდა, ახლა გადაგიხადოთ მადლობა, სკოლიდან როცა მაგდებდნენ, მხოლოდ თქვენ დამიდექით გვერდითო.

პედაგოგიკის შემდეგ დიპლომატიაზე გადავერთე. დიდი თეორიული გამოცდილება დავაგროვე და ელჩად დანიშვნის შემდეგ ცოდნა პრაქტიკაში განვახორციელე. მანამდე ელჩის მოადგილის პოსტი მეკავა, მას შეხვედრებზე დავყვებოდი და მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა უცხოეთში საკუთარ სამშობლოს მრავალი კუთხით წარადგენ, იქნება ეს კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა თუ რაიმე სხვა სფერო. დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ვმუშაობდი. ელჩობას დიდ პატივად აღვიქვამდი.
დიპლომატიის შემდეგ კვლავ ჩემს პირველ პროფესიას დავუბრუნდი. საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში მოვხვდი. მინისტრად დანიშვნას არ ველოდი, მეტიც, ამაზე არასდროს მიფიქრია. პარლამენტარად ვიყავი არჩეული. დაგეგმილი მქონდა ქუთაისში გადასვლა, მეგობრები მეუბნებოდნენ, დავბინავდებოდი თუ არა, თავზე დამაცხრებოდნენ. მინისტრობა იყო ისეთი შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. ამ უწყებას ყველაზე კარგად ვიცნობდი.

''ნამდვილი მეგობარია ის, ვისთვისაც ჩემს თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს''

ჩემთვის ადამიანური ურთიერთობების ფასი არაფერია. მყავს სკოლის პერიოდში, უნივერსიტეტსა და კარიერული მოღვაწეობისას შეძენილი მეგობრები. ყველა შევინარჩუნე. მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ვარ, აუცილებლად ვპოულობ დროს მეგობრებთან შესახვედრად. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კავშირი დამოკიდებულია ჩვენს თანამდებობაზე, იგი დროებითია. შენი ნამდვილი მეგობარია ის, ვინც წლების განმავლობაში მოგყვება და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს შენს სტატუსს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მდიდარი ვარ, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს. ისინი ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ კი გერმანიაში ხშირად ჩამოდიოდნენ ჩემთან სტუმრად, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ერთად ვათვალიერებდით. ტრადიციულად, ყოველ შემოდგომას ელისო ვირსალაძის კონცერტზე მივდივართ, კახეთში ორი დღე ვრჩებით. ბათუმშიც ვისვენებთ ხოლმე ერთად. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს შვილებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ. საოცარია, მაგრამ ისინი ჩვენი ჩარევისა და აქტიურობის გარეშე დამეგობრდნენ. ერთმანეთი უცხოეთში იპოვეს.

სუფრის გაშლის ევროპული ტრადიცია

თავს ყველაზე კომფორტულად სახლში ვგრძნობ. საოჯახო საქმეებს თავად ვუძღვები, დამხმარე ქალი, ინგა, კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდის. მაშინაც კი, როცა მინისტრი ვყავი, ვალაგებდი, ვრეცხავდი, სადილსაც ვამზადებდი. კერძების მომზადება მიყვარს და მეხერხება კიდეც. ახალ რეცეპტებს ვეძებ ინტერნეტში. ქართულ სუფრას არ ვაკეთებ, ევროპული მირჩევნია. მასში აუცილებლად შედის წვნიანი, სალათა, ერთი თავი მთავარი კერძი და დესერტი. სუფრაზე საჭმელი უნდა მთავრდებოდეს და მაცივარში არ უნდა რჩებოდეს. ასე პროდუქტსა და საკუთარ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით.

დედა თანამედროვე შეხედულებებით

ორი შვილის დედა ვარ. მათი ცხოვრება ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არაფერში ვერევი. ჩემი ვაჟები სტუდენტობისას ჩემსავით მარტო ცხოვრობდნენ, მე გერმანიიდან ჰოლანდიაში მომიწია გადასვლამ, ისინი კი დარჩნენ. ჩემი უფროსი ბიჭი საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ ჩემთვის არ უკითხავს. მის სურვილს, რა თქმა უნდა, პატივისცემით მოვეკიდე. შემდეგ დაქორწინდა კიდეც. ყველა გიჟდება თავის შვილზე, მაგრამ მე ასევე ვგიჟდები ჩემს რძალზე. ერთი წელია, რაც ოჯახი შექმნეს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თანაცხოვრება ყველაფერს ართულებს, შეიძლება, შვილთანაც კი მოგივიდეს კონფლიქტი, ამიტომ ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრებას მივესალმები.

''გამოცდილებით დავმძიმდი''

წლების განმავლობაში ვისწავლე მოთმინება, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება, ადამიანების დაფასება და მოსმენა. გავაცნობიერე, რომ დღევანდელით უნდა ვიყო ბედნიერი. პროფესიული თვალსაზრისითაც ბევრი რამ შევისწავლე. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილებით დავმძიმდი.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
nani
კარგი ადამიანია ყველაფერზე ეტყობა.ყოველთვის წარმატებები და წინსვლები თქვენს ცხოვრებაში.
22:52 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
კარგი ქალია, ყველაფერს კარგს გისურვებ
15:31 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS