20 ივლისი, 2013
რა აძლევს აზრს დოდოშკას სიცოცხლეს
მე ხომ ვიცოდი, სადაც ვმუშაობდი? ამასთან, სანამ ახალი რევოლუციონერების ხელში ვიცხოვრებდი, მანამ კომუნისტების ეპოქაში ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვხვდებოდი, რისი თქმა შეიძლებდა და რისი არა. დოდოშკა ხურცილავა ფართო მასებმა „დღის შოუდან“ გაიცნო, რომელიც ია ფარულავასა და ნანიკო ხაზარაძესთან ერთად მიჰყავდა. ეს გადაცემა „იმედის“ რეორგანიზაციას შეეწირა და მას შემდეგ ეთერში აღარ გასულა. ჩვენ დავინტერესდით დოდოშკას ამჟამინდელი საქმიანობით და მასთან ინტერვიუ სიახლეებით დავიწყეთ.

- ჩემს ცხოვრებაში არის სასიამოვნო სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ ვმუშაობ ჩემს საყვარელ დარგში, თეატრს
ვგულისხმობ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი ვარ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ არა დარბაზში ჯდომით, არამედ კულისებში ყოფნით, აქედან თურმე ყველაზე კარგად იგებ თეატრის გემოს, ეს აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას. ამ თეატრს ეკისრება უდიდესი ფუნქცია, რაც მოქალაქეების აღზრდაში გამოიხატება. როდესაც აქ შალვა გაწერელია მუშაობდა, სერიოზული პიესები იდგმებოდა, მაგალითად - „რღვევა“ . კომუნისტების პერიოდში დაწერილი პიესა ამ კაცმა უკუღმა შეატრიალა და ანტისაბჭოური სპექტაკლი დადგა. არც ერთმა თეატრმცოდნემ ეს არ დაწერა, რომ სპექტაკლი არ მოხსნილიყო და მაყურებელს ენახა კომუნისტების რეალური სახე. ამ ეშმაკური ხერხით მაყურებელს სპექტაკლი შეუნარჩუნეს, ეს რომ გახმაურებულიყო, მაშინვე მოხსნიდნენ და არ მიეცემოდათ ახალგაზრდებს მისი ნახვის საშუა-ლება.
- ფართო საზოგადოებამ „დღის შოუდან“ გაგიცნოთ, ალბათ გადაცემის დახურვა უარყოფით ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული..
- მე ერთი კარგი თვისება მაქვს, ადვილად გადავშლი ხოლმე ცხოვრების ფურცლებს. დამთავრდა ერთი ეტაპი, ვფურცლავ და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას, თუმცა განვლილი ფურცლებიდან ბევრი კარგი მრჩება. მაგალითად, დღეს ორმა ქალბატონმა გამაჩერა და დიდი სითბო გამოხატა ჩემ მიმართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა მოხდა, რომ აღარ ვარ ტელევიზიაში? შეიძლება იმ პერიოდს უარყოფითიც ბევრი ახლდა, ადამიანები ავღელდებით ხოლმე, ხანდახან უტაქტოდ მოგვდის რაღაცის თქმა, მაგრამ რას ვიზამთ..
- რომ გქონოდათ შემოთავაზება, იმავე ტიპის გადაცემის წამყვანობაზე დათანხმდებოდით?
- რატომაც არა. მით უმეტეს, დღეს უფრო თავისუფლად შეგიძლია ეთერიდან ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრო, რაზეც იმ დროს ლაპარაკი გიჭირდა.
- მაგალითად, ადრე რაზე იყო შეზღუდვა?
- თუ გინდოდა, ვინმე ისეთი მოგეწვია ეთერში, რომელიც არ იყო სასურველი ან ხელმძღვანელობისთვის ან მთავრობისთვის, ამას ვერ გააკეთებდი. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც ვამბობდი ეთერში იმას, რაც იმ მომენტში პრობლემურად მიმაჩნდა. დღეს უკვე შესაძლებელია სოციალური, ხელოვანთა თუ განათლების პრობლემები დაუკავშირო იმ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს, ამას ადრე ღიად ვერ გააკეთებდი. პირდაპირ არავინ გეუბნებოდა, ასე არ გააკეთო, ესა და ეს არ მოიწვიოო, მით უმეტეს, ჩემ მიმართ პროდუსერები უაღრესად მოწიწებული იყვნენ, მაგრამ შენ თვითონ ხვდებოდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი თქმა - არა. პატარა გოგო ხომ აღარ ვარ... მე ხომ ვიცოდი, სადაც ვმუშაობდი? ამასთან, სანამ ახალი რევოლუციონერების ხელში ვიცხოვრებდი, მანამ კომუნისტების ეპოქაში ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვხვდებოდი, რისი თქმა შეიძლებდა და რისი არა.
- სად აპირებთ ზაფხულის გატარებას?
- ჩემს საყვარელ ბუკნარში, სიმშვიდეში, სიწყნარეში. 3-4 წელი ერთსა და იმავე სახლში დავდივარ და იქაურ ხალხს შევეჩვიე, კარგი ურთიერთობა გვაქვს. 1-ლი აგვისტოდან ალბათ წავალ დასასვენებლად, მანამდე საქმეები მაქვს სამსახურში.
- ვიცი, რომ ყოველ დილას წიგნის კითხვით იწყებთ, დაკავებულობის გამო ეს ტრადიცია ხომ არ დაგირღვევიათ?
- წიგნების კითხვის თვალსაზრისით ერთხელ თუ გაფუჭდი, დამთავრებულია შენი საქმე. როგორი დაკავებულიც უნდა იყო, ამისთვის დროს მაინც პოულობ. მე სამსახური 12 საათზე მეწყება, დილით კი 6 საათზე ვიღვიძებ, ასე რომ, საკმაოდ დიდი დრო მრჩება წასაკითხად. შემიძლია მთელი სამი საათი კითხვაში გავატარო. 9 საათის შემდეგ თავის მოვლას ვიწყებ, მე ისეთ ასაკში ვარ, ცოტა დიდხანს თუ არ მოვუარე თავს, აღარ შემეხედება (იცინის).
- ქალს ყველა ასაკში სჭირდება თავის მოვლა..
- რასაკვირველია, თუმცა როცა 20 წლის ხარ, სარკეში ჩაიხედავ, თმაზე ხელს გადაისვამ და მაინც კარგად გამოიყურები, მერე და მერე მეტი დრო გჭირდება მოსაწესრიგებლად (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
არის ადამიანთა კატეგორია, სადაც თბილა იქ არიან.
13:53 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS