25 მაისი, 2015
მანანა მენაბდის არჩევანი: ''ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს უკავშირდებოდა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა...''
იმ დღეს კოტე უფრო მეტად შემიყვარდა და დავაფასე მანანა მენაბდემ ძალიან საინტერესო წლები გამოიარა. ამას ხელოვანის ბიოგრაფია მოწმობს. 10 მაისს თბილისში მუსიკოსის პირველი კატალოგის გამოფენა გაიმართა და მასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

- ქალბატონო მანანა, როგორ აღმოჩნდით სცენაზე?
- მეცხრე კლასში ვიყავი, როდეს-აც ''გეპეის'' ფაკულტეტებს შორის კონკურსი გაიმართა. ჩემი ერთი მეზობელი, ციალა უზნაძე, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ამბავი მოიტანა, რომ თურმე ვიღაც იშხნელი ავად გამხდარა. მის მაგივრად მე გამომიყვანეს და პირველი ადგილი დავიკავე. ბედნიერი ვარ, რომ წილად
მხვდა ''გე-პეის'' დასში სიმღერა.

- როგორ გაიხსენებდით ''ენკე-ნის'' შექმნას და ''შინში'' სიმღერის პერიოდს?
- შევიკრიბეთ ახალგაზრდები, რომლებსაც მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა: დავით მალაზონია, ზაზა მიმინოშვილი, ალექსანდრე ჩაკალიდი, მილიკ ლიდუხოვერი. თავში გვედგა გალინა სალუქვაძე, ის ჩვენზე უფროსი იყო. ჯგუფი ენკენისთვეს ჩამოვაყალიბეთ, ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელი. სამწუხაროდ, მან ცოტა ხანს იარსება. საჭირო აპარატურა არ გვქონდა, ძალიან ვწვალობდით. ამ ჯგუფი-დან რამდენიმე ადამიანმა შექმნა ჯერ ''ადიო'', მერე ''შინ''. ყველა პერიოდს თავისი სილამაზე და დატვირთვა აქვს. გამოცდილებას გაძლევს, გზრდის და გაძლიერებს. ჩემი ცხოვრება ბევრმა საინტერესო პიროვნებამ გადაკვეთა: ჟან ბრეკი, ისააკ შვარცი, გიორა ფეიდმანი, დანიელა შულცი,… დიუკ ელინგტონ-მა 18 წლისას შემომთავაზა, წამომყევი და ვარსკვლავად გაქცევო.

- საქართველოში ცნობილი მუსიკოსი იყავით, როცა სამშობლო დატოვეთ. რატომ გადაწყვიტეთ გერმანიაში წასვლა?
- არასდროს გამიჟღერებია, რომ ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს, თეონას უკავშირდებოდა. იგი ლეიკემიით გარდაიცვალა. ძალიან დათრგუნვილი ვი-ყავი. აქედან გაქცევა მინდოდა, თუმცა საკუთარ ტკივილს ვერსად წაუხვალ. მოუსვლელშიც რომ გადაიკარგო, თან გაგყვება. ამას გარდა, ჩემი საქართვე-ლოც ყველგან თან მდევდა. არჩევანის წინაშე ვიდექი, რამდენიმე ქვეყანაში შემეძლო გაფრენა, მათ შორის იყო ამერიკაც. აშშ ოკეანის გადაღმაა. საყვარელი ადამიანებისგან ძალიან შორს ყოფნა არ მინდოდა, ამიტომ ბერლინში გავემგზავრე. გერმანელები უკიდურესად ჩაკეტილი ხალხია, თუმცა კეთილშობილი და გულიანი. ზოგადად, ქართველების მსგავსი ერი არ არსებობს, თუმცა გულიანობით გერმანელები გვგვანან. თუ საქმე დისციპლინაზე მიდგება, გერმანიაში მოწესრიგებულები არიან, ჩვენთან – არა. სანამ ჩემს ცხოვრებაში თეონასთან დაკავშირებული ტრაგედია დატრიალდებოდა, ჩემი ერთი მეგობარი, ფილოსოფოსი ეკე ჰარტ მაასი მარწმუნებდა, შენ ისეთი მასშტაბის ხელოვანი ხარ, რომ ამერიკასა და ევროპაში უნდა წახვიდე. მანანჩიკ, ჩამოდი გერმანიაშიო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე მისმა სიტყვებმაც იმოქმედა.

- ნებისმიერ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში რთულია თვითრეალიზება...
- თვითრეალიზებაზე რთული საკუთარი ხელწერის შექმნაა. ადვილია ნანი ბრეგვაძის მიბაძვა, თუმცა როდესაც ნანი ერთ ბგერას მაინც ამოუშვებს, მის ხმას უმალვე ამოიცნობ. ძირითადად, სხვებს იმეორებენ, ცოტას შეუძლია ინდივიდად ჩამოყალიბება.

- გერმანიიდან რუსეთში გადახვედით საცხოვრებლად...
- მოსკოვის თეატრის რეჟისორმა პეტრე ფომენკომ დამირეკა და მასთან ჩასვლა მთხოვა, ნურაფერს გააკეთებ, ოღონდ ჩემს დასში იყავი, ხელფასსაც დაგინიშნავო. მე უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია, კონცერტებს ვმართავ, მუსიკას ვწერ ან ეპიზოდურ როლებს ვთამაშობ.

- საქართველოსა და რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მოსკოვში მოღვაწეობისას ამ გარემოებას გრძნობთ?
- არანაირად. მე მხოლოდ სიყვარულსა და კეთილგანწყობას ვგრძნობ. უთანხმოება პოლიტიკოსების დონეზეა, თორემ უბრალო ადამიანებს შორის თბილი ურთიერთობაა შენარჩუნებული. რუსებს უყვართ ქართველები. დღეს გავაცილე რუსი მეგობრების ორი ჯგუფი, მათ მოიარეს კახეთი და აღფრთოვანებული დარჩნენ. საქართველოს სიყვარულით ავსებულები წავიდნენ.

- ქართველი მსმენელი თქვენდამი სიყვარულს როგორ გამოხატავს?
- ქუჩაში მოდიან, მესალმებიან, მიღიმიან, მეფერებიან. მათგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ხანდახან ხელზე მკოცნიან, მიხუტებენ, საოცარ სიტყვებს მეუბნებიან. არც კი ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული... სიყვარული საშიშია. ხალხი ულმობელია, დიდი სიყვარულის მიუხედავად, ერთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში ძირს ჩამოგაგდებს. სიფრთხილეა საჭირო.

- ხშირად გაკრიტიკებენ?
- აღარ. კრიტიკა მიყვარს. მის გარეშე ვერ განვითარდები. ბრიყვია ადამიანი, რომელიც თვითკმაყოფილებაში ვარდება. ყოველი გაკეთებული საქმე გარკვეული ეტაპია. მაგალითად, ავიღოთ ჩემი კატალოგი. მე ამას არ დავჯერდები. ვიშრომებ და უკეთესს შევქმნი. თუმცა აუცილებელია, ხელოვანმა წერტილის დასმა იცოდეს.

- 20 მაისს საქველმოქმედო კონცერტს მართავთ.
- კონცერტის გამართვა ჩემი იდეა იყო, მას თეონას ვუძღვნი. ჯერ ჩუმად ვფიქრობდი და ვგეგმავდი, მერე გავახმაურე. პროექტის განხორციელებაში კატო ჯავახიშვილი და გურამ მეგრელიშვილი დამეხმარნენ. მივმართეთ მერიასა და კულტურის სამინისტროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარვდგები ქართველი მაყურებლის წინაშე. ქართველების წინაშე სიმღერა ძალიან რთულია, მომთხოვნები არიან და იმედი უნდა გაუმართლო.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თანხა კონკრეტულად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, თუ უდედმამოდ დარჩენილებს. დიდი სიკეთე იქნება, თუ მოგროვებული ფულით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენთ.

- საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდათ. თქვენთვის ორმაგი მოქალაქეობის უფლება ხომ არ მოუციათ?
- არა. ჯერ ყველაფერი წინ არის. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ამ პრობლემამ პირველად გაიჟღერა, სხვა გადაცემებშიც მიმიწვიეს. ყურადღება გაამახვილეს ჩემს საპატიო მოქალაქეობაზე. მერიაც დაინტერესდა, თუმცა ამ საკითხის მოგვარება მისი კომპეტენცია არ არის. აუცილებლად უნდა დავწერო მიმართვა, რომელიც, მგონი, პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს.

- ქართველმა ერმა კოტე თოლორდავას სახით უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა. როგორც ვიცით, განოს მორალურად და ფინანსურად ძალიან დაუდექით მხარში...
- განო ჩემი დისშვილია, შესაბამისად, კოტე - ჩემი სიძე. მისი დაკარგვა ჩემთვის უდიდესი ტკივილია. უკეთილშობილესი პიროვნება იყო. იცით, ეს როდის შევნიშნე? რამდენიმე წლის წინ სამეფო უბნის თეატრში მუსიკალური პროექტი გავმართე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი იყო ჩემი წარმატებით! მეცხრე ცას ეწია. როდესაც ცუდად ხარ, ადამიანს მარტივად შეუძლია, შენთან ერთად დადარდიანდეს. კაცის რაობა ჩანს მაშინ, როდესაც შენთან ერთად უხარია. იმ დღეს კოტე უფრო მეტად შემიყვარდა და დავაფასე. არაჩვეულებრივ პიროვნულ თვისებებთან ერთად, კოტე დაჯილდოებული იყო უდიდესი ნიჭით, ის თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ.

- რას მოუწოდებთ მსმენელს, მაყურებელსა და მკითხველს თქვენი შემოქმედებით?
- მათ არაფერს მოვუწოდებ. ვცდილობ, ზნეობრივ სიმაღლეზე ვიდგე და ყოველდღიურად შევდგე ადამიანად. ყველამ თავის თავს უნდა მოუწოდოს და არა სხვას.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- მოთხრობების კრებულზე, რომელიც იმის შემდეგ, რაც ჟურნალებში დაიბეჭდება, შეიძლება, წიგნად შეიკრას. მაქვს ფილმებთან დაკავშირებული იდეებიც, მაგრამ წინასწარ არაფერზე მსჯე-ლობა არ მიყვარს.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დათიკო48
მანანა,უსაყვარლესი ადამიანი,ჩემი კლასელის მეზობელი,65-თი,არდადაგები მანჩი და რუსუდანი არიან სტუმრად,ეზოში გაწყობილი სუფრა ტაბლაზე დედაჩემის მიერ,მანანა გიტარით,და რომ დაიწყო სიმღერა ყველა გამვლელი პატარა ასახვევთან მომდგარნი ღობეზე,და ზემოთ მცხოვრები მეზობლები გაოცებულნი მანჩის სიმღერით,ასე გაგრძელდა თითქმის ორი საათი,შემდეგ სეირნობა"ვაკის პარკში",უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში,და ამ დღეს მოჰყვა და-ძმობა!!!
05:45 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მართა
უბრალოებით შექმნილი მშვენიერება....აი საინტერესო ქალბატონის,საინტერესო ცხოვრება!!!!
09:41 / 26-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თათო
მანანა როგორ მიყვარხართ,თქვენი ხმა თქვენი პიროვნების ნაწილია,ღმერთმა თქვენზე ცუდი ჭორიც კი არ გამაგონოს,იყავით ღვთის ხატი,მრავალ წელს იცოცხლეთ,სულ საჭირო ყოფილიყავით,სულ ძვირფასი.
19:19 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS