19 ივლისი, 2013
გელა დაიაური: ''დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი''
ცხოვრება რასაც მოგიტანს, უნდა შეხვდე და შეეგუო. დასაძრახს ამაში ვერაფერს ვხედავ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცვალებულს შეურაცხყოფას აყენებ. ჯერჯერობით მარტო ვარ და მიყვარს თეო. შვიდ ივლისს გელა დაიაურმა შვილს ''ფეისბუქზე'' დაბადების დღე ასე მიულოცა. ''დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო გაუხარელო, მიწაუღირსებელო შვილო. ხუთი წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად მამიკო. როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე. როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ. მაპატიე მამიკო.
ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი. დედა არ გააბრაზოთ. მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში'' .

რატომ დატოვა ოჯახმა ხევსურეთი

- იცით, მშობლებს როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი?
- თავიანთი სიყვარულის ამბავი ჩემთვის ნამდვილად არ მოუყოლიათ. ჩვენთან, ხევსურეთში, ასეთ ისტორიებს არ ჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირცხვილია. ჩემს მშობლებზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მამამ დედა მოიტაცა. დედის მშობლები დიდხანს არ ურიგდებოდნენ და ბოლოს შეურიგდნენ. ეს დაახლოებით 1969 წელს მოხდა. ჩემს მშობლებს პირველი გოგონა ეყოლათ, შორენა. თვეების იყო, რომ გარდაიცვალა. მომდევნო ფიქრია დაიბადა და მერე მე გავჩნდი. სანამ დავიბადებოდი, მამამ სახელი მუცელში დამარქვა. მაშინ ექოსკოპია ხომ არ არსებობდა. მამამ თქვა, ბიჭი მეყოლება და გელას დავარქმევო. დედამ თერთმეტი შვილი გააჩინა, მაგრამ ორი შვილი დაეღუპა და ცხრა დედმამიშვილი ვართ.
Rating
- ძალიან მდიდარი ხართ.
- რა თქმა უნდა, დედმამიშვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. შორენა, როგორც გითხარით, გარდაიცვალა, მერე გაჩნდა ფიქრია, მერე - მე, მამუკა, ხათუნა, ზვიადი, ალუდა, მერე დაიბადა თაია და ცხრა წლის გარდაიცვალა, მოგვიანებით გაჩნდა თორღვა, დაია და დავითო. სამივე და გათხოვილია. ძმებიდან ორი დაოჯახებულია და სამიც დასაოჯახებელი.
- ჰგავხართ დედმამიშვილები ერთმანეთს?
- მამუკას მამსგავსებენ ძალიან. თორღვაც მგავს. ძმებსა და მამასთან სურათი მთაში მაქვს გადაღებული. მამას წინ ხრიდოლის ფედარაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილია, იმ დღეს ძმად გაგვეფიცა.
Rating
- მშობლებს რა პროფესია აქვთ?
- დედა დიასახლისია, მამა მეურნეობას მისდევს. 2002 წელს გადმოსახლდნენ კახეთში. დედასა და მამასთან ფოტოები კახეთში მაქვს გადაღებული. შვილებმა სხვადასხვა სამსახური ვიშოვეთ და დავიფანტეთ. ზამთარში შვიდი თვის განმავლობაში იკეტებოდა პირიქითა ხევსურეთში გზა. რამდენჯერმე ოჯახის წევრი გახდა ცუდად და ბეწვზე ჩამოასწრო შვეულმფრენმა. ამინდი რომ გაფუჭებულიყო, შეიძლება ამას შესწირვოდა რომელიმეს სიცოცხლე. ბოლოს მამამ თქვა, მართალია, ძალიან მინდა ხევსურეთში ცხოვრება, მაგრამ თუ ჩემი ოჯახის წევრს შევწირავ ამ ყველაფერს, ხევსურეთში ცხოვრება არაფრად მიღირსო. ახმეტის რაიონის სოფელ არაშენდაში ვიყიდეთ სახლი. იქ ჩემი სიძე ცხოვრობდა. გავიგეთ, რომ ოსები მიდიოდნენ და სახლს ყიდდნენ. ბარში ჩამოვსახლდით. მომდევნო სურათზე დედასა და და-ძმებთან ვარ. ყველას ფოტო ერთად რომ გვქონდეს გადაღებული ასეთი, მგონი, არ არსებობს. თუ არის, ხევსურეთში გვექნება დარჩენილი.
Rating
- პირიქითა ხევსურეთში იშვიათად დადიხართ?
- წარმოშობით მუცოდან ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქ მაქვს გატარებული. სტუდენტობის დროს ოთხი წელი ვცხოვრობდი თბილისში. მანამდე სულ ხევსურეთში ვიყავი. მერე შატილის რწმუნებული გავხდი. შემდეგ საკრებულოში გადმომიყვანეს. ხევსურეთის წარმომადგენელი დეპუტატი გავხდი და იძულებული ვიყავი თბილისში მეცხოვრა. ბოლო რამდენიმე წელია, შეიძლება წლის განმავლობაში ექვსეჯრ ან შვიდჯერ ჩავიდე. შატილობა რომ იმართება, მაშინ ბევრი რამის ორგანიზებაა საჭირო და სულ იქ ვარ. ჩემი ოჯახის წევრების საფლავები იქაა და გარდაცვალების დღეებზე ასვლა მიწევს. ვცდილობ, ხევსურეთს არ მოვწყდე, მაგრამ ისეთი სამსახური მაქვს, ძირითადად თბილისში მიწევს ყოფნა. 1980-81 წლებში შატილის დაწყებით სკოლებში ვიყავი. მერე ორი წელი დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ამ სკოლაში ბებიას ძმა ასწავლიდა. მოსწავლეები აკლდებოდა და ჩემებს სთხოვა, შვილი მათხოვეთო. ორი წელი იმ სკოლაში დავდიოდი. 1984 წლიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი.
42 სკოლა უფროსკლასელებისთვის არ არსებობდა და მთელი ხევსურეთის ბავშვები იქ დავდიოდით. ორმოცდაათი კილომეტრით იყო ჩვენგან დაშორებული ბარისახოს სკოლა-ინტერნატი და ცხრა თვის განმავლობაში ოჯახს ვწყდებოდით. თუმცა მოგვიანებით გაიხსნა სკოლა უფროსკლასელებისთვის და ჩემმა რამდენიმე დედმამიშვილმა მოასწრო შატილის სკოლაში ესწავლა. კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. კომაროვში მინდოდა მესწავლა. ჩავაბარე გამოცდები და მთაში წავედი. პასუხის გასაგებად ჩემი მასწავლებელი მივიდა. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ერთი ქულა დამაკლდა კომაროვში ჩასაბარებლად. ცოტა ხნის წინ მოვინახულე ჩემი მასწავლებელი, რომელიც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. მითხრა, ნეტავ, კომაროვის სკოლის დირექტორი დღესაც ცოცხალიაო. გამიკვირდა მისგან ასეთი ნათქვამი. ძალიან კაცთმოყვარე ადამიანია. ახლაღა მომიყვა, ჩემს ბავშვობაში რაც მოხდა. მასწავლებელს როდესაც უნახავს ჩემი ნაწერი, დირექტორთან შესულა და უკითხავს, რატომ არ მიმიღეს სკოლაში. დირექტორს ჩემს ნაწერზე უთქვამს, ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა და მომავალ წელს მოიყვანეთო. თუ მაგარი ნაშრომი აქვს, წელსვე მიიღეთო, უთქვამს ჩემს მასწავლებელს. დირექტორი არ დათანხმებია, ადგილები აღარაა და მაშინ საერთოდ არ მივიღებო. არ ვიცი, ადგილები გაყიდული იყო თუ რა მოხდა. თურმე იმ წელსვე შემეძლო კომაროვის მოსწავლე გავმხდარიყავი. ჩემს მასწავლებელს უთქვამს, ქრთამისტი ხარ, ბიძია, შენო და წამოსულა. გამიხარდა, ეს ამბავი ახლა მაინც რომ გავიგე. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ვერ ჩავაბარე. სკოლა რომ დავამთავრე, ''გეპეიში'' სამშენებლო-საინჟინროზე ჩავაბარე და ფიზიკაში ჩავიჭერი. მეორე წელს უნივერსიტეტში სამშენებლოზე ვაბარებდი და მაშინაც ჩავიჭერი. მთაში წავედი და ექვსი წელი არ ჩამოვსულვარ. სახლში ბიბლიოთეკა მქონდა. სულ ვკითხულობდი და ლექსებს ვწერდი. მერე ბიძაჩემი ჩამოვიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, გამოუშვით ეს კაცი, ნიჭიერი ადამიანიაო. ჩამოვედი თბილისში, სამი თვე მოვემზადე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კავკასიური ენების სპეციალობით. პროფესიით ლინგვისტი ვარ.
Rating

ხევსურული ტრადიციები, რომლებიც ბევრს არ ესმის

- პირიქითა ხევსურეთში დღესაც არის ალბათ ისეთი ტრადიციები, ბევრს რომ გაუკვირდება.
- ჩვენთან მთაში ცოლ-ქმარი საზოგადოებაში სახელით არ მიმართავს ერთმანეთს. შეიძლება, ოჯახში დაუძახო ცოლს სახელი, მაგრამ თუ სტუმარია, ასე მოქცევა არ შეიძლება. ცოლ-ქმარი ქუჩაში რომ მიდის, ცოლი ქმარს ხუთი მეტრის დაშორებით უნდა მიჰყვებოდეს. ხალხში სიყვარულის გამოხატვა სირცხვილია. ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ცოლი ქმარს არ ტირის. დედა შვილს არ ტირის, სირცხვილია ტირილი. თავი უნდა შეიკავოს. მთა მკაცრია, მაგარი ხალხი უნდა ყოფილიყო შინაგანად, ფსიქიკურად გაწონასწორებული. ვფიქრობ, ის ტრაგედია, სხვა რაც დამემართა, ამ ტრადიციებზე რომ ვიყავი გაზრდილი, იმან გადამატანინა. საზოგადოებამ არ უნდა დაგინახოს, რომ სუსტი ხარ. მთაში ცხოვრება რთულია.
- თქვენ მიჰყვებით ამ ტრადიციებს?
- ქალაქში, რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ როცა მთაში ვარ, მე ვარ მთის კაცი და მორჩა. მMე, მაგალითად, სამეგრელოს ტრადიციებს პატივს ვცემ, მათი ტრადიციები შეიძლება ვისწავლო, მაგრამ შესრულება ნაძალადევი იქნება. ხევსურეთში ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში.
Rating
- თქვენს მეუღლეს, თეო ქუმსიაშვილს, სახლის გარდა სხვაგან სახელით არ მიმართავდით?
- ჩვენს თაობაში ეს ტრადიციები უფრო შერბილებულია. ერთხელ გაზაფხულზე ხევსურეთში ვიყავით და თეომ მთხოვა, კოშკებთან ფოტოები გადამეღო. კოშკებთან რომ მიხვიდე, სოფელი უნდა გაიარო. ვუთხარი, მე გადავალ და მერე თქვენ გადმოდით, არ მინდა, ხალხმა დაგვინა-ხოს, რომ ერთად მივდივართ-მეთქი. თეოს გაუკვირდა და ეწყინა, მაგრამ მერე ავუხსენი და მიხვდა. ისე გავიზარდე, რომ უფროსებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. როდესაც ცოლეულების ოჯახში მიდიხარ, ძალიან მორიდებული უნდა იყო. თეოს ოჯახში რომ ვიყავი სტუმრად, სიმამრთან ერთად მიქეიფია კიდეც, მაგრამ სიდედრთან სულ მიჭირდა საუბარი. მისი ძალიან დიდი ხათრი და მორიდება მქონდა. თეო მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა ხოლმე. ასე ცივად რა-ტომ იქცევიო, მეკითხებოდა. ვეუბნებოდი, მრცხვენია, შენი ოჯახის წევრებთან ერთად როგორ ჩაგეხუტო-მეთქი. ჩემს მშობლებთან კი უხერხული ისაა, ცივად რომ იქცევიო, მეუბნებოდა. თვითონ ძალიან უყვარდა სითბოს გამოხატვა. ფშავში უფრო სხვანაირად არიან აღზრდილები. მომდევნო ფოტო თეოს ჩემს რძალსა და დებთან ერთად აქვს გადაღებული. არავინ არ თქვას, რომ მეუღლე არ მიყვარდა. მზე და მთვარე თეოზე ამომდიოდა, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა სულ სხვა იყო. ახლა ქუჩაში ისეთ რაღაცებს ვხედავ, რომ გიუფერულდება ადამიანი.
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, შატილში მითხრეს, ქართულის მასწავლებელი არ გვყავს და იქნებ ვინმე იყოს, ვინც შეძლებს აქ მასწავლებლად მუშაობასო. ვიფიქრე, შატილში მასწავლებელი არ ჰყავთ და მე ქალაქში ვერ ვიქნები-მეთქი. ავდექი და პირდაპირ შატილში წავედი. ერთი წელი ვფიქრობდი დარჩენას, მაგრამ ათი წელი დავრჩი.
- მკაცრი მასწავლებელი იყავით?
- იქაურ ბავშვებს სიმკაცრე კი არა მეგობრული მიდგომა სჭირდებათ. გელა მასწავლებლის დაძახებას ყველას ვუკრძალავდი, ჩემი თხოვნით, გელას მეძახდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ უმეტესობა, ვინც შატილის სკოლაში სწავლობდა, უნივერსიტეტში უპრობლემოდ აბარებდა.

რისი მოსმენაა ტრაგედიაზე უფრო მძიმე ასატანი

- მეუღლე როგორ გაიცანით?
- მე და ჩემი ბავშვობის მეგობარმა პაატა ვარდანაშ ვილმა 2007 წლიდან დავიწყეთ ხევსურული საღამოების ჩატარება. ვანოსთან ფოტო ერთ-ერთ ასეთ საღამოზეა გადაღებული. თეო მაშინ გავიცანი. 2007 წლის ოქტომბერში, სვეტიცხოვლობას დავოჯახდით.
Rating
- მომდევნო ფოტოზე მეუღლესთან ერთად ხართ. საშინელი ტრაგედიიდან, როცა თქვენი მეუღლე და შვილები დაიღუპნენ, უკვე წლები გავიდა.
- სამი წელი გახდება 22 ივლისს.
- ამ ამბავმა მთელ საქართველოს გული ატკინა. მახსოვს, პრეზიდენტმაც მოგისამძიმრათ.
- ქალბატონი სანდრა ტრაგედიამდე გავიცანი. შატილის რწმუნებული ვიყავი და ექსკურსიაზე იყო ჩამობრძანებული. ძალიან კარგი ადამიანია. მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შატილი რომ დავათვალიერებინეთ, დაახლოებით ორ კვირაში მოხდა ტრაგედია. ორმოცზე იყო ჩამოსული ყოველგვარი ტელევიზიების გარეშე. სუფრასთან დაახლოებით ერთი საათი იყო და ცრემლი არ შეჩერებია თვალზე. მთელ ერს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი ტკივილი ყველამ გაიზიარა.
Rating
- მომდევნო ფოტოზე მეუღლე შვილებთან ერთადაა. მესმის, მძიმეა თქვენთვის ამ თემაზე საუბარი.
- ბევრს უთქვამს, მაპატიე, რომ გაგახსენეო. სულ ვამბობ, ვერავინ გამახსენებს, ყოველთვის მახსოვს, რაც მოხდა. ასე რომ, მკითხეთ, რაც გაინტერესებთ.
- გავრცელდა ჭორი, რომ თქვენ დაოჯახდით.
- ეს ამბავი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე გავრცელდა. ერთხელ მახსოვს, ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა პოეტმა მკითხა, გელა, გავიგე, დაოჯახდი, ცხოვრება გრძელდება, ასე რატომ არ უნდა მოიქცე და მართალიაო? ვუთხარი, რას ამბობ, არ დავოჯახებულვარ-მეთქი. მადლობა ღმერთსო, გაუხარდა. წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს. თან მეუბნება, რომ უნდა დავოჯახდე და რომ არ დავოჯახებულვარ, გაუხარდა.
Rating
ერთხელ მე და ჩემი და თეოს ბიძაშვილთან ავედით და საზამთრო ვიყიდეთ. მეზობლებმა დაგვინახეს. ჩემს დას არ იცნობდნენ. რომ წამოვედით, ცოტა ხანში ჩემი და მირეკავს, ახალი ჭორი იცი, ამბობენ, გელამ საცოლე გააცნო თეოს ბიძაშვილებსო. ასეთი რამ თქვეს ჩემს დაზე. ასეთი ჭორების მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმე და დამანგრეველია. შეიძლება, ტრაგედია გადაიტანო ადამიანმა, მაგრამ ამას რომ ვისმენ, საშინელება მემართება. როცა ადამიანმა ასეთი ტრაგედია გადაიტანა და მას პირადად არ იცნობ, ასეთი რამ რატომ უნდა თქვა, არ მესმის. გაიგეთ, გელა დაიაურს ცოლი მოუყვანია, ან გაიგეთ, გელა დაიაური ბავშვს ელოდებაო. საყვარელი ჰყავსო, ეგეც უთქვამთ. ასეთი ჭორები რომ მესმის, ვგიჟდები. არ ვამბობ, რომ ცოლს არ მოვიყვან. ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ცხოვრება გრძელდება. მაგრამ დღესდღეობით ჩემს სულში და გულში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ვიფიქრებ. არავისზე ფიქრიც არ გამივლია, მაგრამ ცხოვრებაში არ ვიცი რა და როგორ მოხდება. როგორც კი ცოლის მოყვანას დავაპირებ, დასამალი არაფერი მექნება. გამოვალ და ვიტყვი. ყველას ვეუბნები, სანამ მე არ ვიტყვი, არ დაიჯეროთ, რომ ცოლი მოვიყვანე-მეთქი. მიცვალებულს ადამიანებმა პატივი უნდა ვცეთ სამი წელი კი არა, მთელი ცხოვრება, მაგრამ ცხოვრება რასაც მოგიტანს, უნდა შეხვდე და შეეგუო. დასაძრახს ამაში ვერაფერს ვხედავ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცვალებულს შეურაცხყოფას აყენებ. ჯერჯერობით მარტო ვარ და მიყვარს თეო. დამიჯერეთ, ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ადრე. სულ მიკვირს, იმაზე მეტად როგორ შეიძლებოდა სიყვარული, ვიდრე მიყვარდა, მაგრამ ასე მოხდა. ერთი წელიც არ იყო გასული რომ თქვეს, ცოლი მოიყვანაო. ვინც ამას ამბობდა, ალბათ უნდა შერცხვეს. მე მომერიდებოდა ჩემი ბედის ადამიანზე ამის თქმა. ვფიქრობ, საზოგადოებას ასეთი რამ ახასიათებს. აინტერესებს, რას აკეთებ. ჯობს, ყველამ თავისი ცხოვრებით იცხოვროს. როცა ჟურნალისტს ვხვდები, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მეჯვარე ან ვინმე მეგობარი წავიყვანო. როგორც კი ვინმე გოგოსთან დამინახავენ, მაშინვე ჭორაობას იწყებენ.
- ალბათ ძალიან რთულია ასე ცხოვრება.
- რთული კი არა საშინელებაა. ხანდახან ვფიქრობ, მთაში დავბრუნდე. Uუბრალოდ, სამსახური მაქვს და ხევსურეთისთვის აქედან უფრო შევძლებ რამის გაკეთებას.
- მუცოს აღდგენაზე სულ ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერჯერობით მისი გადარჩენა ვერ ხერხდება.
- სულ ვამბობ, რომ მუცოს აღდგენა აუცილებელია. ყოველ წელს რაღაც ნაწილი ინგრევა. ეს სიტუაცია რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო ძნელი აღსადგენი იქნება ძეგლი. საქართველოში ბევრი ძეგლი მინახავს, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, მისი მსგავსი ძეგლი, ქართველებს არ გვაქვს. ის რომ აღდგეს, მისი მსგავსი ციხესიმაგრე საქართველოში არ იქნება.
Rating
- რა თანხა სჭირდება აღდგენას?
- 10-15 მილიონი. პატარა თანხა არაა, მაგრამ ბევრიც არაა ისეთი კულტურული ძეგლის გადასარჩენად, როგორიც მუცოა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ლელა
ღვთისნიერი სპეტაკი ულამაზესი თეო ვგიჟდები მასზე და ქედს ვიხრი მისი დედიკოს წინაშე ასეთი ადამიანის აღზრდისათვის გელას როგორც გული უკარნახებს ისე მოიქცეს თეოს ისე უყვარდა ის უზომოდ
21:29 / 19-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
იშვიათად მინახავს თ ეოსნაირი ღვთისნიერი ადამიანი ულამაზესი გარეგნულად და და შინაგანი ღვთიურიკლდემამოსილი ღმერთო გვიმრავლე ასეთი ადამიანები სპეტაკები პატრიოტები მეუღლის უზომოდ მოყვარული ვგიჟდები მასზე და ქედს ვიხრი ნისი დედის წინაშე ასეთი შვილის აღზრდისათვის
21:22 / 19-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი პირდაპირი
ახლა ვიცი 80 კაცის რისხვა დამატყდება თავს, მარა მაინც დავწერ რასაც ვფიქრობ, 21–ე საუკუნეში თუ ქალი ქმრისგან 5 მეტრის დაშორებით უნდა დადიოდეს, სიყვარულის გამოხატვის უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს მშობლების და თუნდაც მეზობლების თანდასწრებით, ჯობია მოკვდეს!!! ქემაინც უფალთან იყოს მარადიულ სითბოსა და ნეტარებაში... გინდოდეს და ქმარს ვერ მიეკარო ხალხის შიშით( ქმრის შიშით მითუმეტეს!!!) ამას რა გამართლება აქვს??? გამოფხიზლდით ხალხო, ბნელა??? ამიტომ გიყვარს ახლა უფრო მეტად გელა, სწორედ ამიტომ! სანამ გვერდით გყავდა ხომ თავშეკავებულად გიყვარდა??? ახლა თავისუფლად გიყვარს საბედნიეროდ! სულ არ მიკვირს... და ამიტომ სხვა ცოლს რომ მოიყვან იმას მაინც მიეცი ნების თავისუფლება, დამიჯერე, რა ჯანდაბად გინდა ტრადიცია რომელიც პიროვნულად განგრევს და გსპობს? სწორედ ასეთ სიმახინჯეებზე თქვა ვაჟამ,,ვაი ეგეთსა სამართალს მონათლულს ცოდვა ბრალითაო!" ,,სტუმარმასპინძლის" აღაზამ როგორ უნდა გაჯობოთ მთიელებო ნების თავისუფლებით 21–ე საუკუნეში??? გამოფხიზლდით!!!
09:16 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
გელა ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. მისით ვამაყობ მას ვიცნობ და ძალიან მიყვარს. ის ნამდვილი ვაჟკაცია, რადგან ასეთ საშინელ ტრაგედიას ბევრი ვერ უძლებს. მე თეონას გაცნობა სამწუხაროდ ვერ მოვასწარი მაგრამ ვამაყობ რომ თეოს ყველა ხევსურულ საღამოზე ვუსმენდი. თეონა საშინლად მაკლია. გელა, გლოცავ და იხარე მრავალჟამიერ!
21:56 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ერთს ვიტყვი, ალბათ ჩემი აზრი ბატონ გელამდე არც მიაღწევს. მაგრამ.... მას რომ ვხედავ სულ ვტირივარ. ის ვინც მოკვდა ხომ სატირალია, მაგრამ ცოცხალ ადამიანს რომ ამხელა ტკივილი აქვს გასაძლები ეგ უარესია.. და.. კიევ ვიღაცეები კიდევ ბოროტ ენებს რომ წაიკვნიტავდენ აჯობებდა
13:55 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS