21 მაისი, 2015
სასურველი საქმრო მურატ ილდირიმი საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს
მურატის ბურჩინ თერჯიოღლუსთან დაშორება ყველას გაუკვირდა, რადგან თურქეთში ერთერთ ყველაზე მოსიყვარულე წყვილად მიიჩნეოდნენ თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლა ძალიან უყვარს, რადგან აქ ყოველთვის თბილად ხვდებიან. მსახიობს თურქეთის ელჩი ლევენთ გურმუქჩუც დახვდა, რომელმაც ღიმილით აღნიშნა, რომ მურატი საქართველოში თურქეთის მეორე ელჩია, რომელსაც ნამდვილი ელჩისგან განსხვავებით, ყველა იცნობს.

მსახიობი ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა და გაიცნო სერიალით ''სიყვარული და სასჯელი''. სავაშის პერსონაჟი ბევრ ქალბატონს გულში ჩაუვარდა და მსახიობთან შეხვედრის შანსს
ხელიდან არ უშვებენ. ამჯერადაც უამრავი ქალბატონი ცდილობდა მურატთან ფოტოს გადაღებას, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მსახიობის თაყვანისმცემელთა შორის მამაკაცებიც შევნიშნეთ.

მურატ ილდირიმმა გაგვიმხილა, რომ საქართველოს უკვე მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. გაიხსენა პირველი ვიზიტისას 70 წლის ქალბატონთან შეხვედრა. თურმე ქალბატონს სერიალ ''სიყვარული და სასჯელის'' ყურებისას სავაშის მსგავსად შვილთან ურთიერთობა დაეძაბა და მხოლოდ მას შემდეგ შეურიგდა შვილს, როდესაც სავაშისა და დედამისის შერიგება ნახა. 70 წლის ქართველ ქალბატონს თურქულიც კი უსწავლია იმის სურვილით, რომ მსახიობისთვის ეს ამბავი თავად მოეყოლა.

მურატის თქმით, სწორედ ასეთი ისტორიებისთვის ღირს მსახიობობა.
ილდირიმი რუსთაველის თეატრში თავისი ფილმის ''სასურველი საქმროს'' თბილისურ პრემიერას დაესწრო. ფილმში მთავარ როლს მასთან ერთად ეზგი მოლა ასრულებს.
''სასურველი საქმრო'' მსახიობისთვის რიგით მეორე ფილმია, მანამდე მას მხოლოდ სერიალებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომედიურ თურქულ ფილმში ქართული რეალობისთვის ნაცნობი მოვლენებიც ვითარდება. გოგონა, რომელმაც 30 წელს გადააბიჯა და ვერ გათხოვდა, ისევე იტანჯება, როგორც მსგავსი ბედის ქართველი გოგონები იტანჯებიან. ყველა ჩასჩიჩინებს, რომ უკვე დროა, საკუთარ ოჯახზე იფიქროს და შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ უთხრან, უკვე ბერდები და სასურველი ქმრის მოძებნა დააჩქარეო.

გოგონა ერთ მშვენიერ დღეს თავისი კოლეჯის მეგობარსა და პირველ სიყვარულს ხვდება და აბსოლუტურად შეიცვლება. ყველა პაემანზე ცდილობს, მურატ ილდირიმის გმირს ცოლად გაჰყვეს.

მურატი ფილმშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილადაა ბევრისთვის სასურველი სასიძო, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს. თითქმის ერთი წელია, ცოლს, ბურჩინ თერჯიოღლუს დაშორდა და ჯერჯერობით უცნობია, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. რამდენჯერმე ქართულ პრესაში მისი და ქართველი ლამაზმანების სასიყვარულო ამბებზე დაიწერა, რომელთა შორის ნინი ბადურაშვილი და სოფო შევარდნაძეც იყვნენ, მაგრამ ეს ამბები მოგვიანებით არ დადასტურდა.

მურატის ბურჩინ თერჯიოღლუსთან დაშორება ყველას გაუკვირდა, რადგან თურქეთში ერთერთ ყველაზე მოსიყვარულე წყვილად მიიჩნეოდნენ. ისინი ერთმანეთს 2006 წელს სერიალ ''ქარიშხლის'' გადაღებებზე შეხვდნენ, 2008 წელს კი ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინეს. დაშორების მიზეზებზე მათ პრესასთან არაფერი უთქვამთ.

ქართველ ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბრისას მურატ ილდირიმი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ საქმეზე ფიქრობს და რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო არ რჩება.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი
''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS