18 ივლისი, 2013
როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა
კახეთში ყველა ბაზა განადგურებულია, თანამშრომლები - გათავისუფლებული. ვფიქრობ, ეს ყველაფერი განგებ კეთდება და ხალხი საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ კიაზო (კონსტანტინე) ფიცხელაურის სახელს არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება. პროფესორი რვა მონოგრაფიისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მრავალი წლის განმავლობაში, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უცვლელ ხელმძღვანელს, საქართველოს ისტორიით დაინტერესების მიზეზი და პროფესიიდან საინტერესო დეტალების გახსენება ვთხოვეთ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ოთახში ივანე ჯავახიშვილის პორტრეტის ქვეშ ვისხედით, როცა არქეოლოგმა მაჩვენა წიგნი, რომლის პირველ გვერდზე
შემაშფოთებელ ფაქტს წავაწყდი. აზერბაიჯანული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, პირველ გვერდზე დატანილ რუკაზე ალ-ბანეთის საზღვარი მცხეთასთან არის გადმოტანილი და ფაქტობრივად, იბერია აღარ არსებობს. ღიად თუ ფარულად, აზერბაიჯანი ჩვენს ტერიტორიას ამგვარი გზით გვედავება. ''წიგნი წელს ინგლისში, ოქსფორდის მიერაა გამოცემული. საქართველო აღარ არის, ამ ტერიტორიას ალბანეთი აწერია'' , - მითხრა ბატონმა კიაზომ და იქვე განმარტა: ''აუცილებელია ამას მივხედოთ, მეც-ნიერულად უნდა დადასტურდეს ყველაფერი და მსოფლიოში უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - გიორგი კვესიტაძე და მან ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ იტალიაში გაგზავნა წერილი, რომ ამ ფაქტს მალე მოჰყვეს რეაგირება'' ...

- მამა აგრონომი იყო, დედა უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემმა დამ სამედიცინო დაამთავრა, თუმცა მოწოდებით ლიტერატორი გახლდათ. დღეს ის აღარ არის ცოცხალი. ბარნოვის ქუჩაზე ვაჟთა მეშვიდე სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს კლასში სწავლობდა ლაშა ჯანაშია - სიმონ ჯანაშიას ვაჟი. ბატონი სიმონი ბუნდოვნად მახსოვს, ის 1947 წელს გარდაიცვალა, როცა მე 17 წლის ვიყავი. ჩვენი კლასიდან ისტორიის ფაკულტეტზე ცხრანი წავედით და ეს ალბათ იმის გამო, რომ სწორედ ბატონ სიმონთან მოგვიხდა ურთიერთობა. ლაშასთან პირველი კლასიდან, ოჯახებით ვმეგობრობდი, ჯერ თერთმეტსართულიანში დავდიოდი მათთან, შემდეგ - თარ-ხნიშვილის ქუჩაზე, სადაც ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩემი მეორე მეგობარი ვარლამ თოფურიას ვაჟი გახლდათ. ფოტოგრაფიით ვიყავით გატაცებული და სულ ერთად ვიყავით. ბატონი ვარლამი დროს ჩვენთან ერთად ატარებდა, სუფრაზეც ერთად ვისხედით. თამაშებს გვასწავლიდა, ჩვენთან ერთად დგებოდა წრეზე (იღიმის). როცა ცოლი შევირთე, მაშინ ჩვენთვის ყველაზე დიდი მოგზაურობა მოსკოვში გამგზავრება იყო და ჩვენც ასე მოვიქეცით. იქ ძია ვარლამი და მისი მეუღლე თამარი შეგვხვდნენ და ''არაგვში'' დაგვპატიჟეს. ჩემი მეუღლე, ნანა მამაიაშვილი, არქეოლოგია და შვილიც ამავე პროფესიისაა. სულ მინდორზე ვიყავით და ჩვენი ვაჟიც იქ არის გაზრდილი... საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმ დროს სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდა უფროსებსა და უმცროსებს, მასწავლებლებთანაც სხვა ურთიერთობა გვქონდა. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში ყველა ამრევი იყო, მაგრამ მთელი კლასი მაინც კარგად სწავლობდა.
- სტუდენტობის წლები გაიხსენეთ...
- ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, ძეგლებს ვსტუმრობდით და ეს ნიკო კეცხოველის დამსახურებით ხდებოდა. ის არაჩვეულებრივი რექტორი და სტუდენტების მეგობარი იყო. ჩვენი ჯგუფიდან ყოველწლიურად არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობდნენ. მე ანდრო აფაქიძესთან ბიჭვინთაში ვმუშაობდი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. არაჩვეულებრივი ისტორიკოსები გვყავდა: ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... ბატონი ივანეს ფოტო, რომელიც ოთახში კიდია, მისმა შვილმა მამის დაბადების ასი წლისთავზე მაჩუქა.
- პირველი აღმოჩენებისგან გამოწვეული სიხარული, პირველი ექსპედიციები დაუვიწყარი იქნება...
- რასაკვირველია... ჩვენ, არქეოლოგები, ყველანი მცხეთაში გავიზარდეთ. მცხეთის ექსპედიციებს სანდრო კალანდაძე და გიორგი ლომთათიძე ხელმძღვანელობდნენ. ყველაფერს მათგან ვსწავლობდით. იმ დროს კახეთი შეუსწავლელი, თეთრი ლაქა იყო. ასპირანტი ვიყავი, როცა მელაანში აღმოჩენები გაკეთდა. იქ ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო არ გამგზავნეს. ბატონმა სანდრო კალანდაძემ თქვა, ოღონდ წამოვიდეს და ხელმძღვანელად მე წავალო. ექსპედიციის უფლება მასაც არ მისცეს და ამიტომ საბუთებში გაგვაფორმა მცხეთის რაზმის სახელწოდებით. კახეთში გათხრები ასე დავიწყეთ და ეს გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო.
- აღმოჩენების მხრივ ყველაზე მდიდარი რომელი კუთხეა?
- ძნელი სათქმელია, გააჩნია რას გულისხმობთ, ოქროს?
- არამხოლოდ, ვგულისხმობ ისტორიულ ძეგლებს, ქალაქის ნაშთებს, ჭურჭელს...
- საქართველო გაძეძგილია ამგვარი სიმდიდრით. სვანეთი, რაჭა და განსაკუთრებით ეს უკანასკნელია საინტერესო. და იცით რატომ?.. რაჭაში, მამისონის უღელტეხილზე, ძირითადი გზა იყო და აი, მიზეზიც. ეს იყო სასანური იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარი. ახლა შოტლანდიელების მიერ ირანისთვის კეთდება კვლევა და ეს ჩვენთვისაც სასარგებლოა. ადამიანის ნაციონალობის დადგენა ძირითადად კბილების დნმ-ის ანალიზის საშუალებით შეიძლება. ძვირად ღირებული კვლევაა და ჩვენში არ კეთდება. როგორც აღვნიშნე, ეს კვლევა ირანისთვის წარმოებს, მაგრამ იქ მხოლოდ ისინი არ იქნებიან დამარხული და ეს ქართველებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ამგვარი სამუშაო ჩატარდება, მით უკეთესი, მაგრამ სასიკეთო ჯერჯერობით არაფერი ჩანს. სამწუხაროდ, დღესდღეობით კახეთში ყველა ბაზა განადგურებულია, თანამშრომლები - გათავისუფლებული. ვფიქრობ, ეს ყველაფერი განგებ კეთდება და ხალხი საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი.
- ეს ოდითგანვე გვახასიათებს ქართველებს...
- არა, ასე ნუ იტყვით, პირიქით... კახეთის ექსპედიციის დროს, როდესაც ჯუმბერ პატიაშვილი ''ცეკას'' პირველი მდივანი იყო, სიღნაღში ბრწყინვალე ბაზა მოგვიწყო. ამერიკელებს ველოდებოდით და ყველას ოთახში დაახვედრა სველი წერტილი, მაცივარი და ა.შ.
- 80-იან წლებში კახეთში, კერძოდ ჭერემში, ვახტანგ გორგასლის საზაფხულო რეზიდენციაც აღმოაჩინეთ...
- დიახ, ძალიან ბევრი რამ. იცით, როგორ გვეხმარებოდა ედუარდ შევარდნაძე?! გათხრებზე 2-3-ჯერ ჩამოდიოდა. კახეთის ექსპედიცია მან დააფინანსა.
- მთავრობის კიდევ რომელი წარმომადგენლებისგან გრძნობდით აქტიურ მხარდაჭერას?
- კახეთში თუ რამე გაკეთდა და იქ უდაბნო გადარჩა, როგორც ჩვენი ტერიტორია, ეს ერთადერთი ქალბატონის - მედეა მეზვრიშვილის დამსახურებაა. ამ თვალსაზრისით მასთან ვერავინ მივა და მსგავსი ხელშეწყობით ვერავინ დაიკვეხნის. განსხვავებული ლაპარაკი იცოდა, სადმე რომ მიდიოდა, მეტყოდა, ბიჭოო, მოდი ჩემთანა, წამო შენცა, იქნება და საშენო რამე იპოვოო. ჩვენ ძმაკაცები ვიყავით და სუფრაზეც კარგი თამადობა იცოდა. არის ერთი მეთოდი, რომელსაც უცხოეთში იყენებენ, მაშინ აეროფოტოგრაფირება ჩვენში ჯერ არ გამოიყენებოდა. მედიკომ მოახერხა და დააშვებინა, რომ აეროფოტოები გადამეღო. მედიკოს მეშვეობით აღმოვაჩინეთ უდაბნოს ცივილიზაცია. მედიკომ აღადგინა ჩაილურის, მანავის ციხეები... მას შემდეგ ყველაფერი მოკვდა, ბოლო ცხრა წელთან დაკავშირებით ხომ საერთოდ, აღარაფერს ვამბობ. დაუჯერებლად გულგრილი დამოკიდებულების შედეგად, გავერანებული აღმოვჩნდით. ეს რა არის? (მიმითითებს წიგნის გარეკანზე, რომელზეც ოქროს ლომია გამოსახული, - ავტორი).
- გათხრებისას აღმოჩენილი ლომის ფიგურა...
- დიახ, დღეს საქართველოს ბანკის ემბლემაა, არადა, ბანკს არ ჰქონდა ამის უფლება. ეს ლომი ჯიბით მაქვს კახეთიდან ჩამოტანილი, ალაზნის ველზეა აღმოჩენილი. ამ თემაზე იტალიელები მესაუბრნენ და მითხრეს, რომ როცა იტალიაში ასეთ მნიშვნელოვან ნივთს ვინმე პოულობს, მას სტიპენდია ენიშნება, მისივე სურვილით და არჩევანის მიხედვით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ფინანსდება გათხრები და მიემგზავრება იქ, სადაც უნდა. ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი რამ არ ხდება.
Rating
- ეს აღმოჩენა გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა, იქნებ დეტალურად გაიხსენოთ...
- 1977 წელი იყო. ალაზნის ველზე, წნორს ქვემოთ ყორღანული სამარხებია. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მქონდა ნანახი. იქ დამლაშებული ნიადაგია, რომლის განმარილებას მთავრობა აწარმოებდა. სამარხებს ვთხრიდი, ორმოცი მეტრის დიამეტრი იყო. სამარხი გაძარცვული აღმოჩნდა, მაგრამ ეს ფიგურა იქ დამხვდა. ჩამოვიტანე თბილისში და აკადემიის პრეზიდიუმში მივიტანე. ირაკლი აბაშიძე მაშინ კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. მუზეუმში უნდა ჩამებარებინა. ალექსანდრე (ლალი) ჯაფარიძე, ბატონი ივანეს ვაჟი, გამადიდებელი შუშით დასცქეროდა ნივთს. უცებ დაიწყო ყვირილი, კიაზო, კიაზო, ნახე, შეღებილია, შეღებილიო. ლომის სხეულის ზედა ნაწილი, ორნამენტებიანი, სულ წითელი იყო.
- მართლა? და რომ არსად ჩანს?
- გეტყვით, რატომ იყო წითელი. როცა ოქროს ლომი აღმოვაჩინეთ, გვიანი შემოდგომა იდგა და კახელებს ღვინო მოჰქონდათ ჩვენთან. ამ აღმოჩენის აღსანიშნავად ლომს ჭიქაში ვაგდებდით და სადღეგრძელოებს ისე ვსვამდით... ორნამენტებში შავი ღვინო იყო ჩარჩენილი. მაშინ ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ მოგვიანებით ლალის ყველაფერი ვუთხარი (იღიმის).
- მხოლოდ ეს ნივთი იყო იმ სამარხში?
- არა, იქ იყო უამრავი თიხის ჭურჭელი და სხვა ოქროს ნივთებიც, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოთი თარიღდება. იმ დროის დიდი სამარხები უშველებელი მორებით იყო აგებული და გადახურვაც ხის ჰქონდა. მიცვალებული ურემზე იყო დასვენებული და კრემაციაქმნილი, ანუ დამწვარი. ყველა ამგვარი სამარხის აღმოჩენისას, ერთ-ერთ კუთხეში ორი ერთმანეთზე სახემიდებული შეწირული ადამიანის ჩონჩხები აღმოვაჩინე. ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის პერიოდის სამარხებში სულ ამგვარი სურათებია დაფიქსირებული. შემდგომ მსგავსი რამ უკვე აღარ გვხვდება.
- დაბოლოს, ბატონო კიაზო, დღესვე რომ მოგეცეთ საშუალება და არქეოლოგიურ გათხრებზე მიდიოდეთ, რომელ კუთხეს აირჩევდით?
- ისევ და ისევ კახეთს. მთელი ცხოვრება კახეთში მაქვს გატარებული და ახლაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ კუთხეში...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ზვიადი
სახელი ივერია, ბერძნებისგან მოდის. ბერძნები აქ მცხოვრებ ხალხს ივირებს, ქვეყანას კი ივირიას უწოდებდნენ, ივირია იყო არა მხოლოდ აღ. არამედ დას. საქართველოც. რაც შეეხება ირანს, ფალაურად, რომელიც მაშინ ირანის სახელმწიფო ენა იყო, ჩვენ ქვეყანას ვრშანი ეწოდებოდა.
00:03 / 28-05-2020
გამოხმაურება / 0 /
კახა
შენიშვნა 1. ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენს ქვეყანას უწოდებდნეს ივერიას. ლათინურ და უძველეს არიულ რუკებზე სიტყვა I-B-E-R-I-A, ჩვენი დიდი წინაპრებისათვის ნიშნავდა ივერიას. ასო B-ს დღესაც სხვაგვარად კითხულიბენ. ლათინური ქვეყნებისათვის ეს არის ასო "ბ", ხოლო სლავური ქვეყნებისათვის - "ვ". შენიშვნა 2. ყალბი C-14-ის მეთოდით მიღებული 3300 წლის ასაკი, ჭეშმარიტი თერმოლუმინოსენციის მეთოდით უტოლდება დაახლოებით 14000 წელს. - http://na-granitse-globalnogo-vimirania.blogspot.com/...
21:03 / 17-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი კრავეიშვილი
სააკაშივლისნაირს არც სჭირდება თქვენისთანა პატრიოტი მაგრამ ივანიშვილი რას ამბობს?
01:47 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
იდღეგრძელეთ,ბატონო კიაზო,ნამდვილად მეამაყებით,როგორც სასიქადულო მამულიშვილი და დიდი მეცნიერი.მე ოჯახში ხშირად მსმენია თქვენს შესახებ,თუმცა სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ,მაგრამ ჩემი და იყო უნივერსიტეტის პედაგოგი და ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მეცნიერები უნივერსიტეტიდან და მათგან მესმოდა ეროვნული და საუნივერსიტეტო მიღწევებისა და პრობლემების შესახებ.ნამდვილ მეცნიერთა და უნივერსიტეტში შემთხვევით მოხვედრილთა შესახებ.მათგან ყოველთვის სახელმწიფოებრივი მსჯელობა მესმოდა და სადღაც გული მწყდებოდა,რომ ჩვენ ექიმები ასე არ ვფიქრობდით.ახლა თითქოს ის დრო დაბრუნდა,გმადლობთ ამისათვის. უღრმესი პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით. ამასთან სტატიის ავტორს მინდა გადავუხადო მადლობა და მავანთა და მავანთა გასაგონად ვთქვა,რომ ასეთი სასახელო მეცნიერები მრავლად გვყავს საბედნიეროდ და აი,ვის უნდა იცნობდეს ხალხი,იქნებ ვინმემ მიბაძოს და ცხოვრების სწორი გზა მიხვდნენ -რაში მდგომარეობს,ამ თანამდებობამანიით და ჯიპომანიით დაავადებულ საზოგადოებას ეს ნამდვილად სჭირდება.
16:13 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა სასახელო ადამიანი ყოფილხარტ! ვამაყობ თქვენიტ! გაიხარეტ და დიდხანს იცოცხლეტ რომ კიდევ მრავალი სასახელო აღმოჩენები გააკეტოტ! მარტლა გეუტვნიტ ის რაც გიტხრეს: როცა იტალიაში ასეთ მნიშვნელოვან ნივთს ვინმე პოულობს, სტიპენდია ენიშნება, მისივე სურვილით და არჩევანის მიხედვით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ფინანსდება გათხრები და მიემგზავრება იქ, სადაც უნდა. ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი რამ არ ხდება. არ შეიზლება მოიტხოვოტ ეს?! ღირსი ხარტ ამის! ატასგზის!
12:12 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS