02 მაისი, 2015
მონიკა ბელუჩის ქართველი ორეული - ''ყოველთვის ვცდილობ, მათ მადლობა გადავუხადო...''
კოტე თოლორდავა ყოველთვის ძალიან მართალი იყო სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის აუდიტორია ამ ლამაზ მსახიობს კარგად იცნობს. 24 წლის მარიამ ჩუხრუკიძე ამ თეატრის არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. მათ შორისაა: ''ზამთრის ზღაპარი'', ''ჩვენ გველის დიდება'', ''სამი მუშკეტერი'' ''ჯუჯა ცხვირი'' და სხვა. მარიამს შეხვედრისას პროფესიაზე საუბართან ერთად, იმაზეც ვკითხეთ, რომ მას ცნობილ მსახიობ მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ და დავინტერესდით, თავად რას ფიქრობს ამაზე...

- ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის მძაფრი ლტოლვა მქონდა. რაც თავი მახსოვს, ძალიან პატარა ასაკიდან სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი.
მეგონა, თუ თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებდი, ყველაფერი აზრს დაკარგავდა და ალბათ, პირველივე წელს რომ არ მოვხვედრილიყავი, იმდენად გულგატეხილი ვიქნებოდი, რომ შემდეგ არასოდეს ვცდიდი ბედს. გამიმართლა და საკმაოდ მაღალი ქულებით მოვხვდი ბატონი დიმა ხვთისიაშვილის ჯგუფში. ორი წელია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობ. მესამე კურსზე სწავლისას ჩემი დებიუტი სოხუმის თეატრში შედგა, სადაც ბატონმა დიმამ ლალი როსებას ''პრემიერა'' დადგა. ყოველთვის კარგად მაგონდება ის პერიოდი, სოხუმის თეატრს არაჩვეულებრივი დასი ჰყავს და მინდა, წარმატებები ვუსურვო.

- მარიამ, მსახიობს ზოგჯერ უწევს ისეთი როლის თამაში, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, არ მოსწონს...
- რა თქმა უნდა, არის ასეთი სპექტაკლები, მაგრამ ამ ყველაფრის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ბუნებრივია, არ შეიძლება, ყველა როლი მოგწონდეს, ანდა შენი ნამუშევრით კმაყოფილი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაშიც საქმეს ზერელედ არ უნდა მიუდგე. ბევრჯერ მითამაშია მასობრივ სცენებში, ზოგჯერ თითქმის არ ჩანხარ, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ ვცდილობ, იძულებით კი არ მივუდგე ამა თუ იმ როლს, არამედ სიამოვნება მივიღო.

- სცენაზე გასვლას სჭირდება სითამამე...
- კი, სცენაზე გასვლას სჭირდება სითამამე და არ მჯერა იმ მსახიობების, რომლებიც ამ-ბობენ, რომ არ ნერვიულობენ. პირადად ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. სცენაზე გასვლამდე ძალიან ვღელავ, ტრადიცია მაქვს - ვიწერ პირჯვარს და ისე გავდივარ. არის დიდი რისკიც, მაყურებლის წინაშე უნდა წარდგე და მათ წინაშე აბსოლუტურად შიშვლდები. სიყალბე სცენაზე ძალიან ჩანს. დღესდღეობით საქართველოში და ქართულ თეატრში ძალიან ცოტა მსახიობი მეგულება, ვინც მართალია.

- კოლეგებზე თქმა რთულია, მაგრამ მაინც მინდა, დაასახელო ერთი ასეთი...
- კოტე თოლორდავა ყოველთვის ძალიან მართალი იყო სცენაზე, რა როლშიც იყო უნდა გენახათ. გადამდები ენერგია ჰქონდა, საოცრად პოზიტიური, დადებითი და ქარიზმატული. არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. მისგან არავის ახსოვს რამე ცუდი ნათქვამი.

- კოტე შენ მისვლამდეც მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდა და თუ გახსოვს მომენტი, როცა ის გაიცანი?
- დიახ, მახსოვს. მოგეხსენებათ, მე გვარად ჩუხრუკიძე ვარ, ჩემი ერთი ჯგუფელი ჭანუყვაძეა. მე და თაკო მოზარდ მაყურებელთა თეატრში ერთად მივედით. კოტემ რომ გაგვიცნო, პირველი ეს თქვა, ასეთ ლამაზ გოგონებს ასეთი გვარები როგორ გაქვთო (იღიმის). ჩვენი პარტნიორობა დაიწყო სპექტაკლში ''მინის სამხეცე'', რომელიც რუსთაველის თეატრში თათული გომართელმა დადგა. კოტეს გარდა სპექტაკლში ნინო კასრაძე და გიორგი ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ. კოტეს სულ გადარბენები ჰქონდა, სულ სადღაც ეჩქარებოდა. სულ მოძრაობაში მახსოვს, ძალიან აქტიური იყო. არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილიც ვერ წარმოგიდგენია და ჩემთვის ასეთია კოტე. ვერ წარმომიდგენია, რომ ის აღარ იქნება. ერთად ვთამაშობდით მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბატონი ლევან წულაძის სპექტაკლში ''რომეო და ჯულიეტა'', საგრიმიოროში კოტე ცალკე სპექტაკლს მართავდა. ძალიან თბილი იყო და თავისი თაყვანისმცემლების მიმართ მადლიერებას დიდი სითბოთი გამოხატავდა.

- ნინო კასრაძესთან ურთიერთობას და მუშაობას როგორ იხსენებ?
- ნინოსთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან დიდი მასტერკლასი იყო. საოცრად ნიჭიერი ქალია. ის რობერტ სტურუას რჩეული და რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია, მაგრამ საერთოდ არ ახასიათებს არანაირი ამბიცია. ჩვენთან, ახალგაზრდებთანაც, საოცარი დამოკიდე-ბულება ჰქონდა. მისი უშუალობა და პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა გიწევს.

- პირადზეც გვითხარი ორიოდ სიტყვა...
- ამ ეტაპზე ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული და სერიოზული არაფერი ხდება.

- მარიამ, ხშირად იღებ შენი გარეგნობის გამო კომპლიმენტებს?
- დიახ, ხშირად, მაგრამ სწორად გამიგეთ (იღიმის). თბილ სიტყვებს მწერენ სოციალურ ქსელშიც. ასეთი ყურადღება დასაფასებელია და ყოველთვის ვცდილობ, მათ მადლობა გადავუხადო.

- ზოგი მონიკა ბელუჩის გადარებს. თუ გახსოვს, პირველად ეს მსგავსება ვინ შენიშნა?
- ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ქათინაურია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალია და სიმართლე გითხრათ, თავადაც შეყვარებული ვარ მასზე. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ფიქრობს, რომ რაღაცით მაინც ვგავარ ბელუჩის. დედაჩემსაც სმენია ამის შესახებ და მეუბნება ხოლმე, გიყურებ და ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავო (იღიმის). რაც შეეხება იმას, პირველად ვინ შენიშნა ეს მსგავსება, თუ არ ვცდები, ეს ''ვოისის'' პერიოდში მოხდა. პირველივე წელს მივიღე მონაწილეობა და კონკურსანტები მონიკას მეძახდნენ.

- მაშინ ვინ იჯდა ჟიურიში?
- მერაბ სეფაშვილი, ნინო ჩხეიძე, სტეფანე და დათო ფორჩხიძე. საერთოდ, ყველაფერზე უკან დახევა ვიცი, ოჯახის წევრები და მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ბედი უნდა მეცადა და ამ კონკურსზეც ჩემმა ერთმა მეგობარმა დამარეგისტრირა. სხვა გზა არ მქონდა, კონკურსზე უნდა მივსულიყავი. სამწუხაროდ, ვერ გავედი. არამომგებიანი სიმღერა შევასრულე და თან, ნერვიულობამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა. სცენაზე სიმღერა სულ სხვა ყოფილა. თუმცა, ვაპირებ, სიმღერა საოპერო განხრით ვცადო და შესაბამისი განათლება მივიღო. ორი უფროსი ძმა მყავს და სამივე მოყვარულის დონეზე ვმღერით სიმღერა დედამ გვასწავლა. მოგვიანებით პედაგოგთან მივედი, რომ ჩემი შესაძლებლობები შეემოწმებინა. სრულიად მოულოდნელად მასთან ნინო სურგულაძე აღმოჩნდა, რომელმაც მომისმინა და მითხრა, რომ მონაცემები მაქვს და აუცილებლად უნდა ვცადო ბედი ამ სფეროში. წელს ვაპირებ, ეს ჩანაფიქრო განვახორციელო.

- კამერასთანაც მუშაობის გამოცდილებაც გაქვს...
- გადაღებული ვარ სერიალებში, რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში. ერთ-ერთი გადაღება ერევანში მქონდა, სადაც იქაურმა რეჟისორმა საკმაოდ ლამაზი და მასშტაბური სასიყვარულო კლიპი გადაიღო. რაც შეეხება სერიალებს, ''შუა ქალაქის'' რამდენიმე სერიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ვთამაშობდი მედდას, გია როინიშვილის პერსონაჟის, თამაზის საყვარლის როლს. ასევე მომიწია მუშაობამ ''ტიფლისის'' პირველ სეზონში. მეორე სეზონის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა და ზუსტად არ ვიცი, ჩემს პერსონაჟს აქვს თუ არა განვითარება.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
თამრიკო
გენაცვალე ჩემო საყვარელო.არაჩვეულებრივი ხარ მარი,მარტო გარეგნობით კი არ არის მშვენიერი,საოცრად თბილი,ტკბილი და მოსიყვარულეა. უშუალო და უბრალო.მიყვარხარ,მიყვარს შენი ძმები და დედიკო.ვისაც უნდათ მიგამსგავსონ,შენ მაინც ჩვენი ახტაჯანა მარიამი ხარ!
14:55 / 22-04-2017
გამოხმაურება / 0 /
დალი
ლამაზი ოჯახის ,ლამაზი შვილები ხართ თქვენ....
08:19 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ოლღა
არ მჯერა, როცა ამბობს, რომ სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობს. სცენაზე სულ პატარა ასაკიდან მახსოვს და ყოველთვის ვფიქრობდი, სცენისთვის არის დაბადებული-მეთქი. რაც შეეხება მსგავსებას, ვფიქრობ, მისი სილამაზე ინდივიდუალურია, ამიტომაც არის საინტერესო. მიხარია, როცა ამ ნიჭიერი გოგონას წარმატებები მესმის.
22:24 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მართლაც რა ლამაზი გოგო ყოფილა, იხარე და იმრავლე, მე ბელუჩიზე მეტად მომეწონე. წარმატებები
15:19 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ამ ფოტოთი და პროფილით კი ჰგავს მაგრამ რეალში და ანფასში რა მოგახსენოთ
20:13 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS