25 აპრილი, 2015
''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...''
ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ბავშვობაში სცენაზე არ გამოვსულიყავი ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მომღერალი ეკა მამალაძე. იგი ჩვენთან ამხელს საკუთარი წარმატების ფორმულას და თავის დებიუტს, ცხოვრებისეული სირთულეებსა და სასიამოვნო მოგონებებს იხსენებს.

- რომელი კონცერტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მკაფიოდ?
- თითოეული კონცერტი მოითხოვს სრულ მობილიზებას, შრომას, ნერვიულობასა და დროს, შესაბამისად, დამამახსოვრდა ყველა, თუმცა დებიუტთან დაკავშირებული მოგონება, რა თქმა უნდა, შეუდარებელია.

ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ბავშვობაში სცენაზე არ გამოვსულიყავი. არ ვიცი, რატომ... მერე გავთხოვდი... სხვათა შორის, საკმაოდ ნაადრევ ასაკში. მომღერლობის დაუცხრომელი
ლტოლვა არ მქონია. დედაჩემიდან გამომდინარე, მუსიკოსებში ვტრიალებდი, მაგრამ მაშინ სერიოზული განაცხადი არ გამიკეთებია იმის შესახებ, რომ ვმღერი. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკაში ნანისა და ნატალის შუაში ვდგავარ, თუმცა ამჟამად ნატალი ნიუ-იორკშია და სწავლობს.

- როგორი განცდაა, როდესაც აღფრთოვანებული მსმენელი მქუხარე აპლოდისმენტებით გაჯილდოებთ?
- ახალგაზრდობაში, ალბათ, თანატოლებში პოპულარული ვიყავი... თუმცა არ დავჯერდი იმ მდგომარეობასა და ცოდნას, რაც მაშინ მქონდა. მე კიდევ ვაპირებ განვითარებას, მაქვს საინტერესო პროექტების განხორციელების რესურსი: ენერგია, სურვილი, სიახლის მიღებისთვის მზაობა, საქმის სიყვარული და ა.შ.
გული მწყდება, როდესაც მომღერალზე ამბობენ: ''რა კარგი იყო, მაგრამ ახლა გაჩერდა.'' ჩემზე ხშირად უთქვამთ: ,,ეკა არ იყო ასეთი კარგი მომღერალი და დაიხვეწა.'' ეს არ მწყინს. პირიქით, მირჩევნია ვვითარდებოდე, ვიდრე ხალხი წარსულის დიდებითა და ნამუშევრებით მაფასებდეს. 

მიყვარს ტაში, თუმცა მას მუშაობის პროცესი მირჩევნია. შესაბამისად, ჩემთვის იგი პრიორიტეტული არ არის და აპლოდისმენტების გამოსაწვევად ხრიკებს არ მივმართავ. ტაშის ხელოვნურად შექმნის არაერთი ხერხი არსებობს, ზოგიერთი ადამიანი დიდხანს რჩება სცენაზე ან მიზანმიმართულად მაღალ ნოტზე ამთავრებს სიმღერას. მირჩევნია, კომპოზიცია დავასრულო პიანოთი, მაგრამ ვიცოდე, რომ პროფესიონალის სიმპათია დავიმსახურე.

- როგორ ინარჩუნებთ საკუთარ ადგილს კონკურენტულ გარემოში?
- ადამიანები ხშირად კონკურენციას ვერ უძლებენ, რადგან ამ დროს ნიჭითა და შრომით უწევთ ბრძოლა. კონკურენცია საჭიროა, რადგან მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, იზრდები. მას ვუძლებ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მუსიკა მიყვარს. მერე მეორე, კონკურენტებს კოლეგებად აღვიქვამ. შეუცდომელი არავინაა, კოლეგების ხარვეზებს ხშირად ვამჩნევ, თუმცა არასდროს ვუსვამ ხაზს. ყოველი აზრის გამოხატვას თავისი ფორმა აქვს, ამ დროს უნდა გაითვალისწინო საკუთარი ადამიანობა და სხვისი გრძნობები.

- ოჯახის შექმნა კარიერულ წინსვლას ხელს უშლის?
- არა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე გეხმარება. თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე, მოახერხებ დროის ისე გადანაწილებას, რომ იყო კარგი ცოლი, დედა და, იმავდროულად, საქმისთვის თავდადებული ადამიანი. ჩემი აზრით, თუ არჩევანის წინაშე მოგიწევს დადგომა, ოჯახი უნდა აირჩიო. მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

- როგორ ახერხებდით მომღერლობისა და დედობის შეთავსებას, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ?
- ძალიან მეხმარებოდნენ ბებიაჩემი და დედამთილი. სამი შვილი და კარიერა რთული წარმოსადგენია ერთად, არა? პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ მე ვიცი ოჯახის ფასი. კარიერით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ.

- როგორ გგონიათ, მამაკაცებს წარმატებული ქალები აფრთხობთ?
- კი, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო თანამედროვენი ხდებიან კაცები. ადრე მათ აშკარად თრგუნავდათ ქალის წარმატება და ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს ფაქტი აკომპლექსებდათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად არ იყვნენ შედმდგარი პროფესიონალები. ჩემი შვილების თაობას უკვე ვერ წარმოუდგენია ქალის სახლში ჯდომა. მე მომწონს ამგვარი მიდგომა. თუ მამაკაცი წარმატებულ ქალს ტოვებს, პრობლემა თავად მასშია, გამოდის, ქალის ცხოვრების რეჟიმს ვერ გაუძლო.

- რა არის წარმატების ფორმულა?
- წარმატების ფორმულა ნებისმიერ სფეროში არის შრომა, მონდომება და ინტერესი. თუმცა, შეიძლება შრომობდე და არ გაფასებდნენ, ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყო. ჩვენს ქვეყანაში რამსები არეულია.

წარმატების სტერეოტიპი არსებობს. საზოგადოების აზრით, წარმატებულად მიიჩნევი მაშინ, როდესაც გაქვს კარიერა და თვითრეალიზებული ხარ პროფესიაში. პირადად მე წარმატებას სხვაგვარად აღვიქვამ. ჩემთვის წარმატებულია ქალი, რომელიც კარგად ართმევს თავს სახლის საქმეებს, ოჯახის ბურჯია და საამაყო შვილებს ზრდის. სამწუხაროდ, დიასახლისების ღვაწლი ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი და დაუფასებელი რჩება. წარმატებული არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ ჩანან. პოპულარულობა წარმატების საზომი არ არის.

- რაიმე კომპლექსი გაქვთ?
- არ ვიცი, ეს რამდენად არის კომპლექსი, მაგრამ სულ ვამტკიცებ, რომ მე ჩემი ადგილი მაქვს მუსიკაში და დედაჩემისგან დამოუკიდებელი ვარ. ვცდილობ, მშობლის ჩრდილიდან გამოვიდე. ჩემს ადგილას შეიძლება სხვა დაბოღმილიყო, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე შური და ბოღმა არ მამძიმებს.

- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
- ოჯახის დანგრევა.

- ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს... როგორი იყავით სკოლის პერიოდში?
- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არც ძალიან მოწესრიგებული, არც ურჩი. ბებიას ვუჯერებდი, ვსწავლობდი. თავისუფლად ვიზრდებოდი, ამიტომ ბავშვობის წლები სასიამოვნოდ მახსენდება. ბებიაჩემი არაჩვეულებრივი მასპინძელი იყო, ოჯახში სტუმრიანობა უყვარდა. ნებისმიერ დროს შემეძლო მეგობრების სახლში მოყვანა, თამაში, გართობა. სულ მიხდიდა დაბადების დღეს, მაშინაც კი, თუ წინა საღამოს ხასიათზე არ ვიყავი და ვამბობდი, რომ აღნიშნვა არ მინდოდა.
ნანის მეგობრები ხანდახან ღამის ორ საათზეც მოდიოდნენ. ბებია წინააღმდეგი არ იყო, პირიქით, საწოლიდან დგებოდა და სუფრას შლიდა. ყველანი გათენებამდე ილხენდნენ.

- როგორ გახსენდებათ სტუდენტობა?
- სტუდენდობის გემო არ მიგრძნია, ორსულად ვიყავი. ორი შვილის გაზრდა და პარალელურად სწავლა რთულია. ხელს მიწყობდნენ, მაგრამ მაინც არ დავდიოდი გასართობად, გათხოვილი ვიყავი და ცოლის პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

- რომელიმე მეგობრისგან შური გიგრძნიათ?
- არა. ზოგადად, შურის აღქმა ჩვენზეა დამოკიდებული. თუ თავად არ ჩავიხვევთ, რომ სხვებს ჩვენი შურთ, ხალხის გამოხედვაში მტრულ დამოკიდებულებას ვერ შევამჩნევთ. კეთილგანწყობა ჩემი ფარია.

ადრინდელთან შედარებით, მეგობრებს შეცდომებს უფრო ადვილად ვპატიობ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია, ჩემთვის არაფერი უწყენინებიათ. ფართო სანაცნობო წრე მყავს, მაგრამ პატარაა მეგობრების სია, ამიტომ თითოეული მათგანის ხასიათს კარგად ვიცნობ. თავად არასდროს მოვიქცევი ისე, რომ საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტი მქონდეს.

- საკუთარი თავის შეცნობა მოახერხეთ?
- კი. მრცხვენია ჩემს დადებით თვისებებზე საუბარი... საკუთარ თავს პატივს ვცემ, იმიტომ, რომ სხვების დახმარება მსიამოვნებს. ნაკლს რაც შეეხება, კირკიტა არ ვარ. დამოუკიდებლად მეცადინეობა არ მიყვარს.

- შვილებს რა რჩევებს აძლევთ?
- რჩევებს არ ვაძლვ, ხანდახან ვეჩხუბები, ხანაც ვცდილობ გავხსნა და მიმართულება მივცე.

- ქალბატონი ნანი გაძლევთ რჩევებს?
- რჩევებს არა, შენიშვნებს კი უხვად. ეს დამღლელია, თუმცა ამასაც გავართმევ თავს.

- როგორც ვიცი, ღია ცის ქვეშ კონცერტის მოწყობა გსურთ.
- კი. ბრაზილიური და ქართული სიმღერების შესრულება მინდა. ძალიან მიყვარს სამბები. არ ვიცი, სხვებს რამდენად აქვთ შემჩნეული, მაგრამ ბრაზილიური მელოდიები ქართულ ბალადებს ჰგავს.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
დიი
თუ ყველაზე დიდ იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო, მაშინ შენ რაღატომ გაიმეორე იგივე და დაუნგრიე ოჯახი სხვას.
12:12 / 21-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მკვირს
საუკეთესო მეგობრის ქმარს ლოგინში ჩაუგორდა.არ იცოდა რა მოყვებოდა ამას?მაგრამ სხვისი განცდა და სულიერი ტკივილი დაიკიდა,სქედან გამომდინარე ვერ იქნება ეს ადამიანი
18:04 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სიტყვა L
ეკა მამალაძე საპატივცემულო მატრიარქი, ფაქიზი ხელოვანი და სექსუალური ქალია. ყველა ცხოვრებისეულ როლში თავშეკავებული, მაგრამ საოცარი შინაგანი მგზნებარების მატარებელი და ძალიან სასურველი!!!
14:06 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
na-ს
ნა ...ეკა თქვენთვის სიყვარულს და სიმშვიდეს აფრქვევს შეიძლება რადგან თქვენთვის არ უმუხთლია და არაფერი დაუშავებია.აბა ეხლა მისგან დაშხამულ ყოფილ დაქალს კითხე ეგ რა ქალია....
11:27 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
na
წუხელ ეკას საუბარს მოვუსმინე,აქ ქალბატონისგან იმდენი ადამიანობა,იმდენი სითბო,იმდენი სიყვარული გამოსჭვივის,სულიერად დამშვიდდება ადამიანი.
11:51 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS