16 ივლისი, 2013
„ივანიშვილს გარემოცვა ბევრ არასწორ ინფორმაციას აწვდის“
შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის მინისტრობაში საამაყო არაფერია... პაატა ბურჭულაძეს სუფთა წარსული აქვს, რაც დიდი პლუსია „კატეგორიულად არ ვეთანხმები, როდესაც ამა თუ იმ საჩოთირო პოზიციის დროს დასავლეთს ახსენებენ. თუ ხელისუფლების სათავეში თავდაჯერებული ნაციონალისტები იქნებიან, შეკვეთას არავისგან მივიღებთ. გაგიგიათ, საუდის არაბეთს მს-გავს საკითხებზე ამერიკამ დირექტივები მისცეს?.. იქ ქურდობაზე ადამიანებს ხელ-ფეხს აჭრიან, ცოლი ქმარს რომ უღალატებს, შუა მოედანზე წკეპლით სცემენ, მაგრამ ამის გამო არავინ აკრიტიკებს, მათ საშინაო საქმეებში არავინ ერევა. ერდოღანი სააკაშვილისა და ივანიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს მეჩეთის აშენებას, დღეს
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რომ ყოფილიყო, ამ საკითხზე ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. არის თემები, რომელიც ვაჭრობას არ ექვემდებარება“ , - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პაატა ბურჭულაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რაც მისი ეროვნულობით არის განპირობებული...

- ბატონო კახა, რატომ გახდა დავის საგანი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი?
- კამათი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ არც ერთი მათგანი სერიოზული არ იყო. მიხეილ სააკაშვილს ხუთშაბათს რომ დაენიშნა არჩევნები, ვილნიუსის სამიტს მაინც ვერ მიუსწრებდა, რაც ძალიან უნდა. დარწმუნებული ვარ, ნაციონალები საპრეზიდენტო არჩევნებს ვერც ხუთშაბათს მოიგებდნენ და ვერც კვირას. ამერიკაში არის ასეთი გამოთქმა, „კოჭლი იხვი“ , რომელიც ზუსტად ასა-ხავს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას. ის ვერაფერს აკეთებს, მაგრამ ცდილობს, სხვებს, სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას შეუშალოს ხელი. თარიღის შეცვლა ალბათ უფრო ანდრო ბარნოვის ინიციატივა იყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფს ინტელექტი მეტი აქვს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ისინი წინა თაობის „ზონდერნაძირალებს“ ჯობიან. პირიქით, შესაძლოა, მათზე დახვეწილი არამზადები იყვნენ, მაგრამ ინტელექტი აშკარად მეტი აქვთ. ისინი ცდილობენ, საზოგადოებასთან კონფრონტაცია შეარბილონ. ეEტყობა ურჩიეს, ასეთი სისულელის გამო კიდევ ერთ კონფლიქტს ნუ გამოვიწვევთ და სიტუაციას ნუ გავამწვავებთო, ამიტომაც გადაწყდა არჩევნების 27 ოქტომბერს ჩატარება...
- მათი პრაიმერის შედეგებით, დავით ბაქრაძე ლიდერობს...
- დიახ, ასეა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დავით ბაქრაძეს ამ არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. შესაძლოა, მეორე ადგილზე გავიდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან კანდიდატს ვერ წარადგენს... ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ატარებს, გულისხმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია მოხდება. რამდენიმე, შესაძლოა, ერთ ან ორ წელში, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ბევრი ამბობს, ეს ზღაპარიაო, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერასდროს მოვა და სააკაშვილი კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი ვეღარასდროს გახდებაო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, „მოქალაქეთა კავშირი“ როგორ იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“ , როდესაც სააკაშვილი, მაჭავარიანი, გოგორიშვილი და ბარამიძე ხელისუფლებაში მოვიდნენ, ახლაც იგივე მზადდება. შესაძლოა, სახელიც გადაერქვას, ან არც გადაერქვას, მაგრამ ხელისუფლებაში მოვლენ ნაციონალი ჩინოვნიკები და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეტად დაგმობენ და დასჯიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს.
- პაატა ბურჭულაძეს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ უკვე ისმის შეფასებები, რომ ის გიორგი მარგველაშვილს კონკურენციას ვერ გაუწევს...
- ზუსტად არ ვიცი, ბატონი პაატა მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მას ერთადერთხელ შევხვდი და რამდენიმე საკითხზე ვესაუბრე, თუმცა შევატყვე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია გააჩნია და ამასთან, პასუხისმგებლობაც დიდი აქვს, იმ კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც ხტუნვა-ხტუნვით დათანხმდნენ ამ შეთავაზებას. ბატონი პაატა აცნობიერებს, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტობა და ყველაზე კრიტიკულად თვითონ არის განწყობილი საკუთარი თავის მიმართ. რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ დადებით პასუხს მივიღებთ. შანსი დიდი აქვს, რადგან რეიტინგში უკვე უგებს გიორგი მარგველაშვილს. არადა, საპრეზიდენტო კამპანია არც დაუწყია... რაც შეეხება მარგველაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კომენტარს, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რომ ვუთხრა ის, რასაც მას სხვები, თუნდაც მისი კოალიციის წევრები, არ თუ ვერ ეუბნებიან. ამასობაში, ის ბევრ ნერვულ შეცდომას უშვებს.
- რას ნიშნავს „ნერვული შეცდომა?“
- ის გაღიზიანებულია, ფიქრობს, რატომ აქვს მის მიერ წაყენებულ კანდიდატურას ასეთი დაბალი რეიტინგი მაშინ, როცა ქველმოქმედებაში მილიარდები ჩადო, ქვეყანას სააკაშვილი მოაცილა და მაინც, მის კანდიდატს რატომღაც ისე არ შეხვდნენ, როგორც მას წარმოედგინა. ამ ყველაფერს ივანიშვილის სხვანაირად დავანახვებდი, შესაძლოა მას მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი უმადურია. სინამდვილეში ჩვენ ევროპელი ერი ვართ. არ მინდა, ჩვენი მეზობელი ისლამური ქვეყნები დავასახელო, მაგრამ აქ არ შეიძლება, პრეზიდენტმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ცოლი ან შვილი დააყენოს კანდიდატად. ის, რომ ალიევმა თავისი ცოლი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი პრეზიდენტს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს... ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა, უდიდესი მხარდაჭერა ექნებოდა, რადგან ქართველი ხალხი უმადური არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი კანდიდატი ხალხმა შეურაცხყოფად მიიღო. თუ მართლა პატრიოტია ივანიშვილი, ხალხისგან ასეთი რეაქცია კი არ უნდა სწყინდეს, უნდა უხაროდეს... ეტყობა, მას გარემოცვა ბევრ არასწორ ინფორმაციას აწვდის. ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, ბოლო შეცდომა მიქაუტაძის ამბავი იყო...
- ითქვა, რომ შესაძლოა მიქაუტაძე ამ ხელისუფლების გირგვლიანად იქცეს, ეთანხმებით ამას?
- ეს საქმე თავისი შინაარსით ისეთივე მძიმეა, როგორიც გირგვლიანის საქმე, თუმცა შესაძლოა, პოლიტიკურად ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რაც გირგვლიანის ტრაგედიას ჰქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 22-წლიანი მოვლენების შემდეგ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცინიკური გახდა, რადგან მორალური ფასეულობებისგან დაიცალა. ამიტომ მე არც იმის მჯერა, რომ გირგვლიანის საქმე სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მიზეზი იყო, ეს უბრალოდ საბაბი იყო. ქართული საზოგადოება გირგვლიანის ტრაგედიას ინდიფერენტულად შეხვდა, აქციაზე სულ 500 კაცი გამოვიდა, მაგრამ შემდეგ სხვა უკ-მაყოფილებებიც დაემატა და ამ ფაქტს სააკაშვილის რეჟიმს მუდმივად ულაწუნებდნენ სახეში. ახლა საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ისეთი პროტესტი არ არის, რომ მასშტაბურ აქციები მოჰყვეს, თუმცა 100%-იან გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს, რომ უახლოეს დღეებში თუ არ მოჰფენენ ნათელს ამ საქმეს და მასში მონაწილე ყველა პირს სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან, მიქაუტაძის აჩრდილი ისევე გაუმწარებს პოლიტიკურ კარიერას, როგორც სააკაშვილს გაუმწარა გირგვლიანის აჩრდილმა. ეს გადაფარავს ყველა მის კეთილ საქმეს, სამების ტაძარსაც და ქველმოქმედებასაც....
ყველასთვის გასაგებია, რომ მიქაუტაძეს დააწერინეს ჩვენება და შემდეგ ჩამოიხრჩო თავი. ყოველდღიურად ასობით ასეთი შემთხვევა ხდება, უბრალოდ, თავს ყველა არ იკლავს... საზოგადოება მხოლოდ მას შემდეგ ხედავს პრობლემას, როდესაც ამა თუ იმ ადამიანის გვამი გამოჩნდება. იურისტები, რომლებიც ამ სფეროში ჩახედული ვიყავით, ვხედავდით, რომ წულუკიანმა ეს ჯალათური სისტემა შეინარჩუნა და ახლაც იმავეს ცდილობს. ამ სფეროში პროგრესი ერთი ნაბიჯითაც არ განხორციელებულა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯერჯერობით ადამიანებს ბილიარდის ჯოხებით არ აუპატიურებენ...
- მინდა გკითხოთ, რატომ პაატა ბურჭულაძე?.. ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლა აპრობირებული მეთოდია, თუ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ?
- ასეთია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება. რეიტინგი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს აქვს, სხვა კანდიდატების ანტირეიტინგების ჯამია. რა თქმა უნდა, მისი ავტორიტეტის დამსახურებაც არის და იმავდროულად, ქართველი ხალხი დანარჩენ კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს. ეს არის იმის ქვეცნობიერი მიზეზი, რატომაც უჭერდნენ პაატა ბურჭულაძეს მხარს, თორემ ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკაში, ხელოვანმა ადამიანმა რომ დააყენოს თავის კანდიდატურა, შეიძლება, სიმბოლური პროცენტები აიღოს... პოლიტიკოსობა პროფესია არ არის. ეს სამოქალაქო პოზიციაა, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან - არა. ოპერის მომღერალიც შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ფილოსოფოსიც, პოეტიც. ედუარდ შევარდნაძე სულაც აგრონომი იყო, მაგრამ მსოფლიო დონის პოლიტიკოსად არის აღიარებული. პრობლემა პოლიტიკური გამოცდილებაა. პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ დამისახელეთ, რომელ კანდიდატს აქვს ასეთ გამოცდილება. პოლიტიკურ გამოცდილებად ბევრი სახელმწიფოს მართვას კი არა, ნგრევას მიიჩნევს. მე მათ ადგილას არ ვიამაყებდი. შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის მინისტრობაში საამაყო არაფერია... პაატა ბურჭულაძეს სუფთა წარსული აქვს, რაც დიდი პლუსია...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
,ერა
რა ბურჭულაძე,რა მარგველაშვილი,რა ბაქრაძე, ცოტა აზრზე მოდით,ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს გამოცდილი პოლიტიკოსი,ადამიანი რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და გააჩნია მსოფლიო მოწინავე პოლიტიკოსებს შორის გარკვეული ნაცნობობა. გვყავდა ზვიადი,რომელიც პოლიტიკაში იყო ნოლი,მიშა რომელიც ასევე გამოუცდელი იყო და ქვეყანა კინაღამ დაგვანხო თავზე,ეხლა კიდე ველოდოთ სანამ ბურჭულაძე,მარგველაშვილი,ბაქრაძე და სხვები ისწავლიან საქმეს.გვეყო,დროა მივცეთ საშუალება გამოცდილ ხალხს.და კიდევ,პირობას გაძლევთ რომ ის ვინც მოვა ტუ არ დაარეგულირებს ურთიერთობას რუსეთთან,საქართველო ვერასოდეს გაიმართება წელში.მიშამ დააპირა რუსეთის გარეშე და თითქმის გაგვინახევრა საქართველო.მეორე ასეთი შეცდომა და ჩვენ სამუდამოდ დავკარგავთ ყველაფერს.
10:30 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ბ-ნო კახა ტქვენ მარტლა ესე ფიქრობტ რომ "ჩვენ ევროპული ერი ვარტ?"ევროპაში პრეზიდენტი ტავის შეცდომებზე ტავისი წასვლი აგებს პასუხს და ჩვენ ვაგდებტ უკვე მესამე პრეზიდენტს და დროს ჩიორების და მისტანების ლანძღვაში ვხარჯავტ,ამასობაში ევროპა ვიტარდება და ჩვენ ძალიან დიდ ხნიტ ვრჩებიტ უკან,ამას ეძახიტ ევროპელობას?პარიზში საგრიალოდ წასვლა ევროპელობას არ ნიშნავს მე მგონი.
17:06 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კარგით რა ბურჯანაძე არა ..............
13:44 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
პაატა ეროვნულია და სუფთა წარსულის,კაცთმოყვარე,ადამიანური და ნიჭიერი,საერთასორისო ავტორიტეტით.ვისაც საქართველოსთვის სიკეთე უნდა,საქართველოზე უნდა იფიქროს და არა თავისი ახირებების გამო,ერზე იბოღმებოდეს.დიახაც,საქართველო უმადური კი არ არის,არ იყიდება.გამგებმა უნდა გაიგოს,თუ არა და მიმართოს ჯერ ფსიქოლოგს დასახმარებლად.თვით საქართველოს უდიდესი მეფე ტაძრის შესასვლელში დაიკრძალა,რომ ყოველ ქართველს მის გულზე გადაევლო,მას არაფერი დაუყვედრებია ხალხისთვის.შეახსენეთ ან აუხსენით დაბოღმილებს ამ საქციელის არსი.
13:01 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
უფალს ვთხოვოთ სწორი არჩევანი გაგვაკეთებინოს.
12:28 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS