15 ივლისი, 2013
რატომ არ აქვს თამარ რუხაძეს წარსულზე ლაპარაკის სურვილი
მედიასაშუალება უნდა ჩამოყალიბდეს, რაზეა ორიენტირებული, ყვითელ ამბებზე, ახალი ამბების ტრადიციულ, კლასიკურ ფორმაზე, ანალიტიკაზე, გართობაზე თუ სხვა რამეზე. ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი თამარ რუხაძე მრავალი წელია, მედიაშია. რამდენიმე ტელევიზიაში მუშაობდა. ბოლოს ''მეცხრე არხის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ და არხი კახა ბექაურსა და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად დატოვა. მიზეზად არხის ახალ დირექტორ ლუბა ელიაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, თუმცა დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. რამდენიმე თვე არ მუშაობდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ არა ტელევიზიიდან. პირველ მაისს, მას შემდეგ,
რაც ''ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის'' ძველმა დირექტორმა თამარ კორძაიამ თანამდებობა დატოვა და დეპუტატად იყარა კენჭი, ახალ დირექტორად რამდენიმე კანდიდატიდან თამარ რუხაძე შეარჩიეს.
რას მოიცავს ეთიკის ქარტიის საქმიანობა და რა დარღვევებია ქართულ მედიასივრცეში, ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ.

- თამარ, რას საქმიანობდით ''მეცხრე არხის'' დატოვების შემდეგ?
- ''მეცხრე არხიდან'' წამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვე არსად არ ვმუშაობდი. მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ ეხებოდა. გადავწყვიტე, რომ იმ ეტაპზე სახლში ვყოფილიყავი.
იმ პერიოდში ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ თამარ კორძაია და მან გადაწყვიტა, ნაძალადევის რაიონში კენჭი ეყარა. ქარტიას დასჭირდა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, გამოცხადდა კონკურსი და კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. საბოლოოდ საბჭომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და პირველი მაისიდან საქმიანობას შევუდექი.
- იმ პერიოდში, როდესაც არ მუშაობდით, ხომ არ ფიქრობდით, რომ ''მეცხრე არხიდან'' წამოსვლა იჩქარეთ?
- არა, ასეთი შეგრძნება არ მქონია. რა არგუმენტითაც არხიდან წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია. იმ პერიოდმა გაიარა და დღეს აღარ მაქვს სურვილი, წარსულზე ვილაპარაკო.
- კარგი, ქარტიაზე ვისაუბროთ.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არასამთავრობო ორგანიზაციაა. 2009 წლის დეკემბერში დაახლოებით 139 ჟურნალისტი შეთანხმდა, რომ მზად იყვნენ, საერთო ეთიკური პრინციპებით ემუშავათ. ამის უამრავი ანალოგი არსებობს მსოფლიოში. ჟურნალისტებმა, რომლებიც მაშინ ქარტიაზე მუშაობდნენ, საერთაშორისო გამოცდილება, მსგავსი ტიპის ეთიკის კოდექსები გაითვალისწინეს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული ვარიანტი სახელწოდებით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რომელიც 11 დებულებისგან შედგება და იმ ეთიკურ პრინციპებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ჟურნალისტები მუშაობენ. 2009 წელს ყველა ხელმომწერი ჟურნალისტი ავტომატურად იქცა ორგანიზაციის დამფუძნებლად.
- ქარტიაში ჟურნალისტები ინდივიდუალურად წევრიანდებიან?
- დიახ, რადგან თითოეული ჟურნალისტი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ პროდუქტზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განცხადება შემოიტანოს ქარტიის წევრი ჟურნალისტის შესახებ, თუ ფიქრობს, რომ მან თერთმეტი დებულებიდან რომელიმე დაარღვია. ჩვენ არ ვართ Yორგანიზაცია, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს ან ჯარიმებს აწესებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას თუ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა მართლა დაარღვია რომელიმე პრინციპი, მორალურად მისთვის ეს უკვე მძიმეა. პირადად მე რომ აღმოვჩენილიყავი ჟურნალისტი, რომელსაც ქარტიის საბჭო ქარტიის დარღვევას დაუდგენდა, ბუნებრივია, ძალიან ვინერვიულებდი და ვეცდებოდი, რომ შეცდომები აღარ გამემეორებინა.
- ყველაზე ხშირად რომელი დებულება ირღვევა?
- ჩვენ მიერ განხილულ საქმეებს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი პრეტენზია პირველ დებულებასთან დაკავშირებით მოდის. ქარტიის ეს პუნქტი ამბობს: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
- ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ სიძულვილის ენის გავრცელებაში. როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, თუ რესპონდენტი სალანძღავ სიტყვებს იყენებს?
- სალანძღავი სიტყვების გამოყენება ყოველთვის არ არის იგივე, რაც სიძულვილის ენა. ცნობილი პოლიტიკოსების მიმართ უცენზურო სიტყვების ხმარებაც არ არის პირდაპირ სიძულვილის ენა. ზუსტად მაგ საკითხზე გვქონდა 17 მაისის შემდეგ დისკუსია ქარტიაში. ქარტიის ერთ-ერთი დებულებაში სწორედ ის წერია, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი არ შეუწყოს ამას. ჩვენი რეკომენდაციაა საკუთარი წევრების მიმართ, რომ თუ რესპონდენტი იყენებს სიძულვილის ენას და ის ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ან თანამდებობის პირია, ამ დროს მედიის მოვალეობაა, რომ მკითხველსა თუ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდოს, მაგრამ ახსნას რატომ არის საჭირო ამის გავრცელება. იქვე ხაზი უნდა გაუსვას, რომ ეს არის რესპონდენტის მოსაზრება. საერთოდ, შეიძლება, გამონათქვამი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ სიტყვას, მაგრამ ისეთ კონტექსტში ითქვას, რომ ადამიანების რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას ახდენდეს. თუ რესპონდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იყენებს გამონათქვამს, რომელიც შეიძლება ვინმეს დისკრიმინაციას იწვევდეს, უნდა სცადოს მისი გაფრთხილება, რომ ნუ გამოიყენებს ამ ტრიბუნას ამგვარი გამონათქვამებისთვის. ასევე წამყვანს შეუძლია განმარტოს, რომ ეს არის მხოლოდ რესპონდენტის მოსაზრება და არა არხის ან პროგრამის და გაემიჯნოს.
- რაც შეეხება სოციალურ ქსელს, შეურაცხმყოფელი სტატუსებით ბევრი ცნობილი ადამიანი გახვეულა სერიოზულ სკანდალში.
- ტექნიკურმა სიახლეებმა ტრადიციულ მედიაში ბევრი რამ შეცვალა. სოციალური ქსელის გაკონტროლება რთულია, მაგრამ თუ მედიის წარმომადგენელი ნიუსის სახით რომელიმე ადამიანის სტატუსს იღებს, ინფორმაცია დაზუსტებული სახით უნდა გაუშვას. ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგალითად, დათა ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის სტატუსები. ცხადია, მედია ამას გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ როდესაც ვერ ამოწმებ, ისე უნდა მიაწოდო საზოგადოებას, რომ შეცდომაში არ შეიყვანო. მაყურებელს უნდა აუხსნა, რომ ეს გადასამოწმებელი ინფორმაციაა და უაპელაციოდ არ მიიღოს.
საერთოდ, ბევრ ქვეყანაში სიძულვილის ენა ისჯება. ზოგან კი მსგავს რამეებს პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსით არეგულირებენ.
- პრესის ფურცლებიდან ხშირად იყენებენ უცენზურო გამონათქვამებს პრეზიდენტის მიმართაც.
- მედია უნდა ცდილობდეს, რომ უცენზურო სიტყვები არ გამოაქვეყნოს. ახლა მე რომ უცენზურო სიტყვა წამომცდეს, ეს შეიძლება იყოს ერთი შემთხვევა, მაგრამ როდესაც ერთხელ ჩაწერ ადამიანს, ორჯერ, შენ გარდა კიდევ ხუთმა ადამიანმა ჩაწერა და ზუსტად იცი, რომ ის ყველა ინტერვიუში სიძულვილის ენას ან უცენზურო გამონათქვამებს იყენებს და მეექვსედ წერ ინტერვიუს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამისთვის მიდიხარ მასთან სასაუბროდ. მედიასაშუალება უნდა ჩამოყალიბდეს, რაზეა ორიენტირებული, ყვითელ ამბებზე, ახალი ამბების ტრადიციულ, კლასიკურ ფორმაზე, ანალიტიკაზე, გართობაზე თუ სხვა რამეზე. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პროფესიონალური სტანდარტებით გაკეთებული ახალი ამბები რაღაც პერიოდი არ იყიდებოდეს.
- ამ დროს ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომელიც რამე სკანდალურს გაავრცელებს ან დაბეჭდავს და უფრო პოპულარული გახდება.
- რა თქმა უნდა, ეგ ჩვეულებრივი ბაზრის პრინციპია. შეუძლებელია, ვინმეს აუკრძალო, რომელიმე სახის გაზეთის გამოშვება, თუ, რა თქმა უნდა, კანონს არ არღვევს. მაგას საზოგადოების მოთხოვნილება არეგულირებს. მეჩვენება, რომ ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და ბევრად მეტი მოთხოვნა აქვს, თუნდაც ეთიკურობის თვალსაზრისით.
- თუმცა იმ სკანდალურ სტატიებსა თუ გადაცემებს ისინიც ეცნობიან.
- ადამიანური ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილება ყველგანაა, როგორც ეს სერიალების შემთხვევაში ხდება. ძალიან ტრადიციულ, დამჯდარ გაზეთებსა და ტელევიზიებსაც არ ჰყავთ იმხელა აუდიტორია, როგორიც ცნობილ გასართობ ტოკშოუს. მათი რეიტინგი პიკურია, როცა რაღაც ახალი ხდება, სანდოობიდან გამომდინარე, მაშინ გადართავს ან კითხულობს საზოგადოება.
- დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირი არ სწყალობდა საკუთარ ჟურნალისტებს.
- ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ყოფილი პროდიუსერის და ქარტიის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის სურვილია, ამ ქვეყნის ყველა პრეზიდენტი ღია იყოს და მედიას ნებისმიერი კითხვის დასმა შეეძლოს. ასევე ქართული მედიის თითოეული წევრი ისეთი ძლიერი და მაღალკვალიფიციური იყოს კითხვების დასმისას და გამოსვლებში, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირს დაეკარგოს კითხვისთვის თავის არიდებისა და მისი გაკრიტიკების სურვილი.
- ბოლოს რა საქმე განიხილეთ ქარტიაში?
- ბოლოს ქარტიის საბჭომ (რომელიც ჩვენი ორგანიზაციის წევრებს ეხებოდათ) განიხილა რამდენიმე ვებპორტალის მიმართ, ''მეცხრე არხისა'' და ''ევრაზიის'' ფონდის განცხადება, ხოლო ბოლო საქმე არაწევრი ჟურნალისტის მიმართ, რომელზეც საბჭომ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ერთ-ერთ სიუჟეტს შეეხებოდა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
giorgi
ძალიან კარგი ადამიანია!
21:58 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS