14 ივლისი, 2013
მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები - ცნობილი დუეტის ორად გაყოფილი ცხოვრების გზა
როცა მაყვალას ტრიო დაიშალა, მას ჩემთან ერთად სიმღერა შევთავაზე. თან დუეტში სიმღერის გამოცდილება მქონდა, ტრიო არ მინდოდა, რადგან ჩემი ხმა დაიკარგებოდა. მართლაც, გავაკეთეთ დუეტი და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ერთ კვირაში მე და მაყვალა გასტროლებზე გაგვიშვეს. „80 წლის ვხდები და ისევ ისე ვმღერი, როგორც უწინ“ ... - მითხრა შეხვედრის დროს არჩილ ჩიხლაძემ. წლების წინ მისი და მაყვალა ჩიხლაძის დუეტი საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, გამუდმებით ისმოდა ფრაზა: „მღერიან მაყვალა და არჩილ
ჩიხლაძეები“ ...

ყველაზე ხშირად მათთვის სიმღერებს ოთარ თევდორაძე ქმნიდა, მათ შორის იყო სიმღერა „კართან მოდგა შემოდგომა“ , რომლის მელოდია და ტექსტი ხალხს დღემდე ახსოვს.

ისინი ყოველთვის ერთად მოიაზრებოდნენ, თუმცა მეუღლეებისგან შემდგარი დუეტი დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, როცა ტელევიზიაში ან რადიოში იწვევენ, ისინი ერთად ჩნდებიან. „შეხვედრა წარსულთან“ ბევრისთვის სასიამოვნო მოგონებებს აცოცხლებს. თავს უფლებას მივცემ და აქვე გეტყვით, რომ ბატონ არჩილთან ე.წ. ალექსანდრეს ბაღში შეხვედრისას იმის განცდა გამიჩნდა, რომ ის საზოგადოებას მიავიწყდა. მართალია, ამ თემაზე არ გვისაუბრია, მაგრამ მომეჩვენა, რომ ამას თან ახლავს მძიმე სოციალური ფონი. ამიტომ ვარჩიე, არჩილ ჩიხლაძეს დადებითი მოგონებები და გამოვლილი გზა გაეხსენებინა...

- ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით მუსიკისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა. ეს ჩემ ჰოროსკოპშიც წერია. მე რომ მსახიობი გამოვსულიყავი, ჩემს პროფესიაში საუკეთესო ვიქნებოდი. 14 აპრილს ვარ დაბადებული და ჩემი ზოდიაქო ვერძია. განვითარებული მაქვს წინათგრძნობა. ოთხი ადამიანის სიკვდილი წინასწარ „გამოვიცანი“ ... 1934 წლის მეოთხე თვე, 14 აპრილი. სამი ოთხიანია ერთად და ამ დღეს დაბადებულებს წინათგრძნობის უნარი აქვთ.

- პირველად როდის გამოვლინდა თქვენი წინათგრძნობის უნარი?
- ვერ გეტყვით, რადგან ამას ყურადღებას თითქმის არასოდეს ვაქცევდი. ერთხელ ძმაკაცთან ერთად ტოტალიზატორში შევედი. ორი იტალიური გუნდიდან ერთ-ერთის მოგებაზე ფული დავადებინე და მართლაც იმ გუნდმა მოიგო ანგარიშით ხუთით ერთი.

- მშობლებზე გვიამბეთ...
- დედა და დეიდა ნატახტრიდან იყვნენ, გვარად თვალიაშვილები. ორივე იქაურ თეატრში მუშაობდა და სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. 2-3 წლის ვიქნებოდი, როცა დეიდაჩემი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობად წამოიყვანეს, შემდეგ დედაჩემი სოფიოც მოიწვიეს, მაგრამ მამამისმა, ანუ ბაბუაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, თბილისში სახრით ხელში ჩამოვიდა და შვილი ისევ ნატახტარში დააბრუნა. მას არ სურდა, შვილებს ამ პროფესიით ემუშავათ. რაც შეეხება მამას, რუსის ტიპაჟი იყო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ როგორც შემდეგ შევიტყვე, ის გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩემს უშვილო ბებია-ბაბუას აუყვანიათ. მამაჩემი პავლე მაშინ 8 წლის იყო, რუს ჯარისკაცებს ახლდა და ჩიხლაძეებმა დაიტოვეს. კიდევ ვიმეორებ, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ასე რომ, გვარად ჩიხლაძე ვარ, მაგრამ შესაძლოა, გვარში რუსული სისხლი მქონდეს. უმცროსი და მყავდა, რომელიც გარდაცვლილია. მამა და მისი მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ. 30-იან წლებში მამა წყალსადენში მუშაობდა. ახლობლების მეშვეობით დედა გაიცნო და შეუ-ღლდნენ. 1941 წელს მამა ომში წავიდა. იქიდან რომ დაბრუნდა, სვამდა, თუმცა მუშაობდა და ოჯახს არჩენდა.

- მუსიკამ როდის გაგიტაცათ?
- მუსიკისა და სიმღერის მოსმენა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. 7 წლის ასაკში თავადაც დავიწყე სიმღერა, მაგრამ ჩუმად, ჩემთვის, რადგან მრცხვენოდა (იღიმის). საშუალო სკოლა 1953 წელს დავამთავრე და შემდეგ დავდიოდი ჩოდრიშვილის ქუჩაზე ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სასახლის კლუბში. იქ უკრაინიდან ჩამოსული ყოფილი ოპერის მომღერალი, მოხუცებული ქალი ფაინა სოლნცევა ხმას გვამუშავებინებდა. ძმაკაცთან, მიშა გოგიაძესთან ერთად დავდიოდი, მაგრამ ქალბატონი ფაინა ხმას ოპერის სტილში გვიმუშავებდა და მივხვდი, რომ ეს მიმართულება არ გამომადგებოდა. ვცეკვავდი ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში, იმავდროულად სპორტიც მიყვარდა - პირველთანრიგოსანი მოცურავე ვიყავი. სოფელში, არაგვში ვარ გაზრდილი და ცურვა იქ ვისწავლე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი, საშუალო სტუდენტად ვითვლებოდი. შემდეგ უკვე ფილარმონიაში ედუარდ სეფაშვილის კვარტეტში მოვხვდი. პირველი კონცერტი 1959 წლის შემოდგომაზე, ფუნიკულიორზე გვქონდა. სამი სიმღერა შევასრულეთ. ის აფიშა დღემდე შე-ნახული მაქვს (იღიმის).

Rating

- თქვენი დაოჯახების ამბავიც გაიხსენეთ. თქვენ და თქვენი მეუღლე მაყვალა ჩიხლაძე წლების განმავლობაში მღეროდით ერთად...
- ედუარდ სეფაშვილთან სიმღერის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ მომავალი არ მქონდა. მინდოდა დამეტოვებინა სახელი და ამიტომ გადავწყვიტე დუეტის შექმნა. დღეს არ არსებობს ოჯახი, ჩიხლაძეები რომ არ იცოდნენ. ჩვენი უამრავი ფირფიტა გამოდიოდა... ყველაზე მეტი ტაში კონცერტებზე მე და მაყვალას გვქონდა. ერთხელ, მოსკოვის ყრილობათა დარბაზში, სადაც ხუთი ათასი კაცი ეტევა, ორკესტრ „რეროსთან“ ერთად გამოვდიოდით, კოსტანტინ პევზნერი დირიჟორობდა. ერთი კონცერტის მსვლელობის შუა ნაწილში მე და მაყვალა ინდურ სიმღერას ვმღეროდით, ხალხმა სცენაზე რამდენჯერმე გამოგვიძახა. ხალხი ფეხზე იდგა და ისე გვიკრავდა ტაშს. მეორე კონცერტზე ედუარდ სეფაშვილმა უკვე ბოლოსკენ ჩაგვსვა, სამჯერ გაგვიყვანეს სცენაზე და პირველი სიმღერა რომ დავიწყეთ, სამივე სიმღერის მსვლელობისას მაყურებელი ფეხზე იდგა და ისმოდა აპლოდისმენტები... მაყვალა ფილარმონიაში გავიცანი. მაშინ ტრიოში მღეროდა. მაყვალას ხმა ძალიან მომწონდა. რეპეტიციებზე მივდიოდი და ვუსმენდი. შემდეგ მისი ტრიო დაიშალა და აპირებდა ისევ ტრიო გაეკეთებინა. მაყვალამდე მქონდა დუეტი გიზო დათუაშვილთან, რომელიც კვარტეტ „აკორდის“ წევრი იყო. მე და გიზო ერთად ვმღეროდით, სადაც მე პირველ ხმას ვასრულებდი. და როცა მაყვალას ტრიო დაიშალა, მას ჩემთან ერთად სიმღერა შევთავაზე. თან დუეტში სიმღერის გამოცდილება მქონდა, ტრიო არ მინდოდა, რადგან ჩემი ხმა დაიკარგებოდა. მართლაც, გავაკეთეთ დუეტი და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ერთ კვირაში მე და მაყვალა გასტროლებზე გაგვიშვეს.

- დუეტისთვის რეპერტუარს ვინ არჩევდა?
- მე. როგორ და რა უნდა გვემღერა, იმასაც მე ვწყვეტდი. მე მეორე ხმას ვმღეროდი, მაყვალა - პირველს. ჩემი ხმა და ტემბრი გიზოს ხმასაც კარგად ეწყობოდა და მაყვალასაც. ორივეს ბუნებრივი ხმა გვქონდა და დღესაც ისე ვმღერით, როგორც უწინ.

- თქვენი აზრით, რომელი სიმღერა იყო ხალხისთვის ყველაზე ცნობილი?
- „კართან მოდგა შემოდგომა“ , „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“ .

- როგორც ვიცი, დღეს ერთად არ ცხოვრობთ...
- დიახ, მაგრამ ურთიერთობა გვაქვს.

- შვილები?
- ორი შვილი გვყავს, ირმა და პაკო, ანუ პავლე. ბიჭი რუსეთში წავიდა, ტულაშია და ჩამოსვლას არ აპირებს, გოგონა კი თბილისში ცხოვრობს.

- მღერიან?
- გოგონა - კი, ბიჭი - არა. ბიჭს ვთავაზობდით, ჩვენი დიუეტი მათ გაეგრძელებინათ, მაგრამ არ მოინდომა.

- შვილიშვილები?..
- საუბედუროდ, არ გვყავს. ჩემს ბიჭს აქაური რუსი მეუღლე ჰყავს და გოგონაც გათხოვილია. მაყვალას რომ გავშორდი, ჩემი ბიჭი დედამისთან ერთად მუხიანში დასახლდა, მე კი ჩემს გოგონასთან ერთად ყიფშიძეზე დავრჩი. როცა გათხოვება გადაწყვიტა, ის ბინა დავშალე და სხვაგან, ცალკე გადავედი საცხოვრებლად. მას შემდეგ რამდენიმე ბინა გამოვიცვალე და ახლა ვცხოვრობ ჯვრის მამის ეკლესიასთან, იერუსალიმის შესახვევში...

- რამდენი წელია, თქვენ და ქალბატონი მაყვალა ერთად აღარ ხართ?
- რამდენიმე წელია, თუმცა კონფლიქტით არ დავშორებულვართ. მას შემდეგ ერთობლივი კონცერტებიც გვქონდა. ტელევიზიაშიც გამოვდივართ ხოლმე. „ვანოს შოუში“ ვმონაწილეობდით, კიდევ რამდენიმე სხვა გადაცემაშიც მივედით...

Rating

- ალბათ პოპულარობის ზენიტში უამრავ წერილს გწერდნენ...
- დიახ, ძალიან წარმატებულები ვიყავით. კონცერტების შემდეგ, განსაკუთრებით საქართველოში, დარბაზიდან გამოსულებს მაყურებელი უკან დაგვდევდა. იმ დროს ტელევიზიაში მუშაობდა გალი ანჯაფარიძე. ის ამბობდა ხოლმე, რა ამბავია, ყველა ჩიხლაძეების დუეტს წერსო. ყოველდღიურად უამრავი წერილი მოგვდიოდა.

- წერილებს ეცნობოდით?
- რა თქმა უნდა. ცოტა ახლაც მაქვს დარჩენილი, დანარჩენი გადასვლა-გადმოსვლაში მიმოიბნა. ვის დასჭირდება-მეთქი და არ მოვუარე.

- ახლა რომ გიტარა მოგაწოდოთ, რას შეასრულებდით თქვენი რეპერტუარიდან?
- ალბათ „თვალჟუჟუნა ქალავ“ . საერთოდ, ყველა სიმღერა ჩემი გაკეთებული იყო და იმიტომ ვირჩევდი, რომ თავად მომწონდა.

- თავად არ გიცდიათ, სიმღერა შეგექმნათ?
- არა, სიმღერის დაწერა ძალიან ადვილია, მაგრამ მხოლოდ შენ რომ იმღერებ შენს სიმღერას და მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვასაც მოეწონება. ამიტომ ვარჩევდი იმ კომპოზიტორების სიმღერებს, რომელიც ხალხზე უკვე „გასინჯული“ იყო და მათ ყურადღებას იქცევდა. ასეთი მიდგომა ყოველთვის ამართლებდა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ლელა
ზალიან მიკვარდა ამ წკვილის სიმგერებზე გავიზარდე და დგემდე ცჰამესმის კურში ამატი გემრიელი ხმა...მაგრამ არ გეპატიებათ ქ-ნო მაკვალა და სჰვილებსაც მინდა ვუთხრა ასე უპატრონოდ რომ მიატოვეთ ბ-ნი არჩილი, კაცი შიმშილით კვდება! ქუჩაში შიმშილისაგან წაიქცა..რამდენი ხანია გაზი და შუქი გათიშული აქვს
14:22 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
ძალიან კარგი დუეტი იყო. რადიოში უფრო ხშირად მღეროდნენ და სულგანაბული ვუსმენდი და ახლაც სიამოვნებით ვუსმენ. კიდევ ჯილდა დათუაშვილი მღეროდა გადასარევად და იქნებ იმაზეც დაწეროთ რამე? მარტო ის ვიცი, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა და იქნებ მოიძიოთ ვინმე ახლობელი?
11:26 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ქალბატონო დიანა, ბატონი თემური ამერიკაში ცხოვრობს და მასთან ინტერვიუს უახლოეს 2-3 კვირაში შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ქალბატონ ჯილდას, მისი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცი და შესაბამისად არც ის, თუ ვის დავუკავშირდე.თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, იქნებ დაგვრეკოთ რედაქციაში...
22:30 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
მართლაც ყველასთვის საყვარელი დუეტია.დიდ ხანს სიცოცხლე ჩიხლაძეებს!ქალბატონო ანა,იქნებ ჯილდა დათუაშვილითაც დაინტერესებულიყავით,რომელიც ძალიან ადრე წავიდა ამ ქვყნიდან. მადლობა წინასწარ. ცაგურია,როგორც მახსოვს,ოჯახთან ერთად გადასახლდა უცხოეთში და ეს მაშინ სენსაცია იყო,რომელსაც მთავრობა გულდაგულ ფარავდა.
18:01 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
ზალიან კარგი და ლამაზი სიმგერები ქონდატ....დგემდე ალიან მიყვარს ეს დუეტი
16:04 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS