27 მარტი, 2015
შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს
დავივიწყოთ იურიდიული მხარე, ადამიანები ერთმანეთს ასე არ უნდა ეპყრობოდნენ საერთაშორისო საკონცერტო კომპანიის მფლობელი და პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების ტურნეს ბევრ ქვეყანაში უწევს ორგანიზებას, საქართველოში ამ სფეროს არაპროფესიონალიზმზე ჩივის და აცხადებს, რომ მალე შესაბამის ვიდეოსაც გამოაქვეყნებს, სადაც ქართველ პრომოუტერებს თაღლითობაში დაადანაშაულებს.

- მე ამჟამად კიშინიოვში გახლავართ და აქედან ვმუშაობ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ ათი ვარსკვლავი მყავს გამოგზავნილი საქართველოში,
არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი უცხოელი პარტნიორებიც ხშირად თანამშრომლობენ ქართველ ორგანიზატორებთან. არც ერთი უცხოელი ვარსკვლავი არ წასულა საქართველოდან კმაყოფილი. ნებისმიერ ქვეყანაში მიგვიწვიე, ოღონდ არა საქართველოშიო, მეუბნებიან. არასდროს არ სრულდება რაიდერი, ანუ ვარსკვლავის მოთხოვნების ჩამონათვალი. არც სასტუმროა შესაბამისი, არც ტექნიკურად არის გამართული. არ კითხულობენ ხელშეკრულებას და ჰგონიათ, რომ პროფესიონალის კონცერტის გამართვა იგივეა, რაც დამწყები მომღერლის სკოლის სცენაზე გამოყვანა. მე ამაზე უკვე აღარც ვლაპარაკობ.

ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ კონცერტების ქართველი ორგანიზატორები თაღლითობენ და ვარსკვლავების ანაზღაურების გადახდაზე უარს ამბობენ. ტექნომინიმალის შემქმნელი ბორის ბრეჟჩა იყო ჩამოსული საქართველოში. მისი კონცერტის შესახებ ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა მომმართეს, საერთოდ არ ვიცოდი, თუკი ისინი საკონცერტო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ვგულისხმობ შონზოს - ზურა გაჩეჩილაძეს თავის პარტნიორებთან ერთად. ერთ-ერთია ლიკა ჭელიძე, რომელსაც რამდენიმე ღონისძიება ჰქონდა გაკეთებული. ვცდილობდი მათთვის გადამეფიქრებინა ბორისის ჩამოყვანა, რადგან ძალიან ძვირიანი პროექტი იყო. დამაჯავშნინეს არტისტი, ხელშეკრულება გამაფორმებინეს. ჩამოსულ არტისტს ისეთი არაორგანიზებული სიტუაცია დახვდა, რასაც არანაირად არ ელოდა. ჰონორარი ბოლო წუთებში მისცეს ადგილზე, ისიც, მთელი ჩემი ოჯახის ჩარევით, კარში დგომით და ბილეთების დათვლით. ყველა გამოშვებაზე მუდმივად არის კეთილსინდისიერების პრობლემა.

- და თაღლითობა რატომ ახსენეთ?
- გახსოვთ ალბათ''კაომა'',''ლამბადას'' ცნობილი ჰიტის შემსრულებელი ჯგუფი. იმავე ლიკა ჭელიძემ და შონზომ 31 დეკემბრისთვის დაჯავშნეს ჯგუფი. ახლა ხომ მარტია, ამ დრომდე ველოდებით მათგან ჰონორარის ჩარიცხვას და გაურბიან პასუხისმგებლობას. ღონისძიება არ გააუქმეს, არ გამოგზავნეს არც ავიაბილეთები და არც ჰონორარი. ვრეკავთ, ვწერთ, ვეხვეწებით, მაგრამ სრული იგნორია. გესმით, ახალი წლის ღამეს არტისტის''გადაგდება'' რას ნიშნავს? 5000 ევროა გადასახდელი.

- ''მოჯოს'' დიჯეური დუეტის წევრის, იან დესტალის შემთხვევაში რა მოხდა?
- თბილისში მისი კონცერტი 27 დეკემბერს წერეთელზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში გაიმართა. აქ სხვა ორგანიზატორული ჯგუფი იყო, მაგრამ იმავე ბაკქანალიით დასრულდა. გადაუხდელ ჰონორარს რომ თავი დავანებოთ, არტისტი მშიერი დატოვეს. ორგანიზატორს რომ დავურეკეთ, სულ 100 ლარი მაქვს ჯიბეში და არ მეყოფა, რომ გავუმასპინძლდეო. კიდევ ერთ ვარსკვლავზე მქონდა შემთხვევა, რომლის ჰონორარსაც დღემდე ველოდები. ვარსკვლავს კონცერტის შემდეგ ჩემმა შვილებმა მიაკითხეს, დააბინავეს სასტუმროში და შემდეგ აეროპორტში წაიყვანეს.

- რა გამოსავალს ხედავთ?
- ვერანაირს. გახსოვთ, ალბათ,''გოლდენ ტალანტზე'' რა პრობლემები შეიქმნა. ჩივილს აზრი არა აქვს. თაღლითები ამაში კარგად არიან გარკვეულები და ახალ-ახალ კომპანიებს ხსნიან, რომელთა ბალანსზე ქონება არ არის. ასე რომ, თანხას ვერანაირი გზით ვერ ამოვიღებთ. რეპუტაციაზე არავინ ზრუნავს. ერთი გამოსავალია და ამ ვიდეოსაც იმიტომ ვამზადებ, რომ ვამხილო და შევარცხვინო. ეს ხალხი თბილისში ცნობილია, როგორც პატიოსანი ადამიანები. მეც ასე ვფიქრობდი და ამიტომაც დავთანხმდი თანამშრომლობას.

წინა წლების ამბებს აღარ გავიხსენებ. ვითომ ცნობილი პროდიუსერები რომ არიან დღემდე. ასახელებდნენ პოპულარულ შემსრულებლებს, ჯენეტ ჯეკსონს, სტინგს. სად არიან ეს არტისტები? რატომ მთხოვეს მათი ჩამოყვანა და შემდეგ რატომ თქვეს უარი? სანამ სტინგი კრის ბოტისთან ერთად ჩამოვიდოდა, მანამდე ერთმა ადამიანმა, რომლის ვინაობასაც აღარ დავასახელებ, ცნობილმა პროდიუსერმა, სულ ტელევიზიით რომ გამოდის, მასთან მოლაპარაკება დამაწყებინა. ვთხოვე''ბი-ბი-სი''-ს ჟურნალისტს, ჩემს მეგობარს, რომელიც სტინგს ძალიან კარგად იცნობს. ის მოელაპარაკა და ბოლოს იმ ქართველმა პროდიუსერმა მითხრა, ფული არ მაქვს და ვერ ჩამოვიყვანო.

ჯობს, ამ ბიზნესიდან წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ემსახურებიან მაყურებელს, არ უქმნიან არანაირ კომფორტს არც მათ და არც შემსრულებლებს. დავივიწყოთ იურიდიული მხარე, ადამიანები ერთმანეთს ასე არ უნდა ეპყრობოდნენ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მიდი მოადე
ამის ვიდეოს რა ბედი ეწია ჰა? ვინმემ ხო არ იცით?...ამის ჰომოსექსუალური ვიდეო ინახებოდა შსს ში..... აბა გაიხსენეთ...
14:03 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამო
ჯერ ის ტქვი რომელი იგულისხმება სიტყვა ტბილისელასჰი
17:36 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა იაშვილი
გაოგნებული ვარ,რაც წავიკითხე იმით...თუმცა ერთI კითხვა დამებადა.ერთხელ და ორხელ რომ მოგატყუეს, მერე რატომ თანხმდებოდი საქართველოში რომელიმე არტისტის გამოგზავნაზე?
11:10 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
sano
მერე ქალაქში გაისეირნე,თბილისელებს კითხე და არა გაპიარებულებს,ვინ გააპიარა ეს ხალხი და და მერე ისაუბრე ზოგადად თბილისელებზე
09:39 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS