23 მარტი, 2015
''უძინართა მზის'' შექმნის ამბავი - ''პრიზი ჩემ მაგივრად დენზელ ვაშინგტონს გადასცეს...''
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ჩემთვის უნდა მოეცათ და დენზელ ვაშინგტონს მისცეს ექიმი გელა ბენდელიანი მრავალი წელია, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. საკუთარ ბინაში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ მისი ნაშრომი არავის აინტერესებს, მისი არც ოჯახის წევრებს სჯერათ და მეზობლებისგანაც მუდმივად საყვედურებს ისმენს... მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი მამამისის ოცნების განხორციელების დასტურს იღებს - პოულობს ცოცხლად გადარჩენილ და განკურნებულ საცდელ ვირთხა ''პელეს''.

ძალიან მოკლედ, ასეთია რეჟისორ თემურ ბაბლუანის დრამის ''უძინართა მზე'' სიუჟეტი, რომლის სცენარიც თავად მას ეკუთვნის,
ხოლო ფილმში მთავარ როლს ელგუჯა ბურდული ასრულებს. ფილმის გადაღებები 5 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და დღის შუქი 1992 წელს იხილა. ''უძინართა მზე'' 1992-დან 1995-ის წლის ჩათვლით არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

სოჭში გამართულ კინოფესტივალ ''კინოტავრზე'' დაიმსახურა გრან-პრი ნომინაციაში ''კინო ყველასათვის", 1992 წელს პრემია ''ნიკა'' საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა თემურ ბაბლუანს და იქვე დაჯილდოვდა გუჯა ბურდული მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ ''ბერლინალეზე'' ფილმმა ვერცხლის დათვი მოიპოვა, კინოფესტივალზე ''სოზვეზდიე'' ჟიურის სპეციალური პრიზი ''საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის'', სან-რაფაელის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი და ა.შ.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით, მოგვიანებით გუჯა ბურდულმა ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. ''...მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ჩემთვის უნდა მოეცათ და დენზელ ვაშინგტონს მისცეს. ჟიურის ეგონა, რომ მე პროფესიონალი მსახიობი არ ვიყავი და ფილმში შემთხვევით მოვხვდი, ამიტომაც ვერ მომცეს მთავარი პრიზი. მართალია, მათ ''ბეღურების გადაფრენა'' და ''მოცურავე'' ნანახი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ მე სწორედ ის მსახიობი ვიყავი, რომელიც ამ ფილმებში თამაშობდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჟიურის რუსი წარმომადგენელი მოვიდა ჩვენს სუფრასთან და ყველას სახელით ბოდიში მომიხადა. შემდეგ ჟიურიმ თავის სუფრასთან მიმიპატიჟა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვეღარ უშველიდა, პრიზი უკვე ვაშინგტონს ჰქონდა აღებული''....

გუჯა ბურდულისა და თემურ ბაბლუანის თანამშრომლობა დაიწყო ფილმით ''ბეღურების გადაფრენა''. გუჯა თემურ ბაბლუანის ქალიშვილის ნათლიაა. გუჯა ბურდული კინოში ერთი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა, მანამდე მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია. ბავშვობის წლებში ცეკვით, სიმღერით, ცურვითა და სპორტით იყო გატაცებული. მოგვიანებით სამი წელი სუხიშვილების ანსამბლშიც ცეკვავდა. იმხანად ავტოგასამართ სადგურზე მუშაობდა, როცა მეგობარმა შესთავაზა, ფილმი გადავიღე და მინდა, შენი სიმღერით გავაფორმოო. სიმღერის ჩასაწერად მივიდა, იქ ჩუმად დაემონტაჟებინათ კამერები და ფირზე აღბეჭდილი დებიუტანტის სიმღერა ფილმშიც მოხვდა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ მერე დათანხმდა. მას შემდეგ რამდენიმე რეჟისორმა შესთავაზა თანამშრომლობა, მათ შორის ხშირად იწვევდნენ ტაჯიკეთშიც.

თემურ ბაბლუანმა ''ბეღურების გადაფრენაში'' მთავარი როლი რომ შესთავაზა, ჯერ სცენარს გაეცნო და მაშინვე დათანხმდა. თავიდან ფილმს ეკრანებზე ცენზურა არ უშვებდა - ანტისაბჭოთა ნამუშევრიაო, თუმცა მოსკოვში ჩვენებისას მას მოწინააღმდეგეები არ გამოუჩნდა და ეს დაბრკოლება მალე მოგვარდა.

რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა თავისი ფილმი ''უძინართა მზე'' ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა აგებული. გუჯა ბურდული ფილმში თემურის მამას ასახიერებდა, დათო კაზიშვილი კი – თემურს. რეჟისორი ლენტეხის რაიონში, სოფელ ჩოლურში ნინო ჟვანიასა და გელა ბაბლუანის ოჯახში დაიბადა. მამა პროვიზორი იყო, მაგრამ ის კარგად იცნობდა სვანეთში სამკურნალო მცენარეთა სახეობებს და პარალელურად რამდენიმე დაავადების სამკურნალო წამლებს ამზადებდა.

თემურ ბაბლუანს ეკუთვნის ფილმის მუსიკალური გაფორმებაც. ცნობილი მელოდია ''რიმდარიროს'' ფილმში მოხვედრის ამბავი კი ასეთია. გუჯა ბურდულის მამა შინ ნასვამი რომ ბრუნდებოდა, ''მოხევის ქალო თინაოს'' მელოდიას მღეროდა, ოღონდ არა – სიტყვებით, არამედ ღიღინით. ვინაიდან ეს ეპიზოდი მსახიობს კარგად ახსოვდა, ფილმის გადაღების პროცესში რეჟისორს სთხოვა, ფილმში მამაშენს ვასახიერებ, მაგრამ მოდი, მამაჩემის პატივსაცემად ეს სიმღერა ჩამისვიო და წაუმღერა.

მეორე დღეს თემურ ბაბლუანმა საოცარი მუსიკა წარმოადგინა, იმ სიტყვებით, რაც მსახიობმა უთხრა, მაგრამ სხვა მელოდიით. ასე გაჩნდა ''რიმდარირო'' . დღემდე, სადაც უნდა წავიდეს გუჯა ბურდული, სწორედ ამ მელოდიას ამღერებენ, ან სხვები უმღერიან.
ფილმში ეკა საათაშვილმა და დავით კაზიშვილმა გუჯა ბურდულის შვილები განასახიერეს, ხოლო ექიმის მეუღლის როლი ლია ბაბლუანმა მოირგო - რეჟისორის მეუღლემ. დათო კაზიშვილი ფილმში 16 წლის ასაკში მოხვდა. მთავარ გმირს დიდხანს ეძებდნენ და როცა შემთხვევით იპოვეს ქუჩაში, ძლივს დაითანხმეს გადაღებაზე. ეს დღემდე დათოს პირველი და უკანასკნელი როლია. ყურადღების მოყვარული არ არის, ცნობილია, რომ თბილისში ცხოვრობს და შექმნა ოჯახი.

ეკასთვისაც ''უძინართა მზე'' ერთადერთი შეხება იყო კინოსთან და და პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია. ის ბავშვობაში კარგად მღეროდა და ანსამბლ ''მართვეს'' წევრი იყო. სწორედ იქ მისულმა რეჟისორის ასისტენტმა შეარჩია პატარა გოგონა გადაღებისთვის და კინოსტუდიაში დაიბარა. ჯერ სხვა, ეპიზოდურ როლზე მოიაზრებდნენ, აგნესას როლზე მოგვიანებით აიყვანეს. მანამდე ექიმის შვილის როლზე სხვა მსახიობი იყო დამტკიცებული, მაგრამ შემდგომ ეკა საათაშვილით ჩაანაცვლეს.

ბევრი ამბობდა, რომ 12 წლის გოგონა გარეგნულად ძალიან ჰგავდა ლია ბაბლუანს და ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო. იმდენადაც კი, რომ ფილმის პრემიერაზე თემურ ბაბლუანს როცა ეკითხებოდნენ, შენი შვილი სად არისო, ეკას გულისხმობდნენ. მოგიანებით ეკა იხსენებდა, როგორ დაკარგა ამ როლის განსახიერებისთვის აღებული თანხა 12 000 მანეთი, რაც 16 წლის ბავშვისთვის საკმაოდ დიდი ჰონორარი იყო. ფული ბანკში შეიტანა, კუპონებად ''იქცა''. შემდეგ ისიც იმ მრავალრიცხოვან მეანაბრეებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც XX საუკუნის 90-იან წლებში ბანკში შეტანილი ფული დაკარგეს.

გუჯა ბურდული ამბობს, რომ თავიდან გაუჭირდა როლის მორგება, მაგრამ ბოლოს მთავარი შტრიხი დაიჭირა - მისი პერსონაჟი ოდნავ მხრებში მოხრილი უნდა ყოფილიყო. ამ ''სვლამ'' გმირის ბუნების სრული სურათი შექმნა.

დღემდე არაერთი ადამიანი ემოციის გარეშე ვერ ადევნებს ამ ფილმს თვალს, ზოგიც ტირის მის სიუჟეტზე. მთავარი როლის შემსრულებელ გუჯა ბურდულსაც კი ყოველთვის უჭირს ყურება და იშვიათად მომხდარა, თავიდან ბოლომდე ენახა. ფილმის ავტორი უკვე არაერთი წელია, ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 20 მარტს მსახიობსა და რეჟისორ თემურ ბაბლუანს 67 წელი უსრულდება. ''უძინართა მზის'' მსგავსად და მეტადაც, მის ახალი ნამუშევრებს საერთაშორისო აღიარება არ აკლია...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვენივედივიცი
ეს "როლი მოირგო? რაღა ჯანდაბაა–მაისურია? თრუსი?
00:48 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ფდგდფ
რა კაი სტატია იყო, ესეთი რააღღაცები რომ დადოთ არ ჯობია იმ ვაი სელებრითებზე 24 საათი ჭორაობას
13:46 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
იუბილეს ვულოცავ,დღეგრძელობას,უშრეტ ენერგიასა და ულევ სიყვარულს ვუსურვებ!!!
16:54 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
მადლობა ავტორს. გამართული და საინტერესოა
19:41 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS