22 მარტი, 2015
''შესანდობარს ვსვამთ კარგად, თორემ ცოცხალს როგორ გავახარებთ?!''
სული უბერა, აბლაბუდა მოაცილა გოზინაყს და ისე მომართვა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს სერიალ ''შუა ქალაქის'' პავილიონში ინტერვიუს ჩასაწერად ვეწვიეთ. როგორც ყოველთვის, ნიკა ამჯერადაც საინტერესოდ გვესაუბრა იმ ტრადიციებისა და სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს.

- ტრადიცია ძალიან ზოგადი ცნებაა. ტრადიცია და ზომიერება ორი საჭირო სიტყვაა იმიტომ, რომ ჩვენ ხანდახან ზომიერების გრძნობა გვღალატობს. ძალიან ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდე, ცოლის პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, მეზობლისადმი გულკეთილი დამოკიდებულება ჩემთვის მისაღებია. ეს ყველაფერი ჩვენს გენეტიკასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ერთი თვე მიცვალებულის არდაკრძალვა რომ
ვიცით, პატარძლის აბანოში წაყვანა კიდევ კარგი რომ აღარ არსებობს, თორემ ზოგი დედამთილი დღესაც დიდი სიამოვნებით წაიყვანდა და ექსპერტიზას ჩაუტარებდა – ეს არ მომწონს, ცოტა დრომოჭმული მეჩვენება.

- დღევანდელ ახალგაზრდობას თამადის ინსტიტუტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, რატომ?
- მე ვიცი ისეთი თამადები, რომლებთან ერთადაც სუფრაზე ყოფნა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ დაძალება, ყურში ჩასხმა, აირწინაღით დალევა – ეს საშინელებაა. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერში ზომიერებაა კარგი. ერთხელ რამაზ ჩხიკვაძემ გვიამბო, გადაშალეს წიგნი, დამაჭერინეს პირთან, დაასხეს ღვინო ზემოდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ''მერანს'' და ასე შე-ვისრუტე, მადლი შემოჰყვა პირში ღვინოსო.

- მოულოდნელად მოსულ სტუმარზე რას იტყვი?
- ისეთი ნათესავი ჩამომივიდა რაიონიდან, რომელთან სტუმრობისასაც კლავენ ძროხას, აქლემს, ქათამს, ყველაფერს, რაც გააჩნიათ, რომ ღირსეულად გაგიმასპინძლდნენ. ასეთ სტუმართმოყვარე ადამიანს მივყევი ნათესავთან, ჩვენი მასპინძელი სამსახურიდან ახალი მოსული იყო, მოგვიბოდიშა, არაფერი მაქვს, ყავას შემოგთავაზებთო, გამოაღე ფანჯარა და გადაასხი, რად მინდა ეგ ყავაო, - გაბრაზდა სტუმარი. ამ სიტუაციაში არ ვიცი, ვინ იყო მართალი ან მტყუანი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სტუმარი, ვცდილობ, როგორც ეკადრება, ისე დავხვდე, მაგრამ ეს ძალიან რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ სულ სამსახურში ვარ, გასაქცევ-გამოსაქცევი ვარ…. ერთ ოჯახში მივედი 26 იანვარს და მასპინძელმა მითხრა, მეკვლე ხარო, 26 დღე ქალთან კაციშვილი არ მისულა, სული უბერა, აბლაბუდა
მოაცილა გოზინაყს და ისე მომართვა.

- უფროს-უმცროსობის თემაზე როგორია შენი მოსაზრება?
- კანონში რამდენჯერაც უნდა ჩამიწერო, ადგილი გაქვს ნაყიდი და ტრანსპორტში მოხუცს არ უნდა დაუთმოო, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვს თუ ასე ასწავლი, ძალიან ცუდი იქნება. ჩვენი თვითმყოფადობა და ქართული ნიშან-თვისება სტუმარმასპინძლობასთან ერთად ამასაც გულისხმობს. უფროსს თუ ადგილი არ დავუთმეთ, ქალი გადავთელეთ და მოხუცს პატივი არ ვეცით, უფრო კარგი ქართველები ნამდვილად ვერ ვიქნებით.

- ''რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ'' – ეთანხმები?
- არ დაიჯერო, არაა ასე. ვინც მაგრები არიან, ისინი კარგად ცხოვრობენ, ჩვენ კი ერთმანეთის ჭამის მეტს რომ არაფერს ვაკეთებთ, იმიტომ ვართ ასეთ დღეში ჩაცვენილები. ქართველს, საუბედუროდ, წაქცეული ქართველის ნახვა უხარია, ჩვენ კიბოიანი ხალხი გვიყვარს, რომ მოვუაროთ, შესანდობარს ვსვამთ კარგად, თორემ ცოცხალს როგორ გავახარებთ?!

- ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმის?
- რას ნიშნავს ოჯახის უფროსი? ოჯახი უნდა შედგებოდეს ბედნიერი წყვილისგან, თანამოაზრეთა კომპანიისგან, სადაც ორი ადამიანი ერთობლივად ცხოვრობს და მოღვაწეობს, თორემ ქმარი რომ ხელს აბრახუნებს და ცოლი ფეხზე ფხანს, ან პირიქით, ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. სიწყნარე, სიმშვიდე და კეთილშობილური საქციელია ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ ურთიერთგაგება, დიპლომატია და სითბო უმნიშვნელოვანესია.

- ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
- ეს გენდერი არ ვიცი მე რა არის. მაშინ წავიდეს ქალი და მშენებლობაზე იმუშაოს, ვერ იმუშავებს, ხომ?! ბიოლოგიურად ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. დღეს რაც უნდა შეიცვალოს, ქალი და კაცი ერთნაირი ვერ იქნება, თუმცაღა ამით ვინმემ ისარგებლოს და ქალი დაჩაგროს, ეს ყოვლად მიუღებელია, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო იმ ადამიანს, ვინც ცოლზე ძალადობს, არასდროს არ უნდა გამოუშვა გარეთ.

- როგორ ფიქრობ, ქალის გაძლიერების ფონზე მამაკაცები შესუსტდნენ?
- ეს დრომ მოიტანა, მამაკაცები და ქალები რომ წავიდნენ ევროპაში სამუშაოდ, კაცებმა ფეხი ვერ მოიკიდეს და უკან დაბრუნდნენ, ქალები უფრო დასაქმდნენ და მიეცათ საშუალება, დახმარებოდნენ ოჯახებს, მეორე ნახევრებს. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა კაცმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა და ცოლის გამოგზავნილი ფულის არასასიამოვნო საქმიანობაში ხარჯვა დაიწყო.

- თუმცა, იმასაც ამბობენ, ადრე უფრო ჯენტლმენები იყვნენ, ქალის პატივისცემაც სხვანაირი იცოდნენო.
- არ დაიჯერო, კაცი ყოველთვის კაცია. თქვენ როგორ გგონიათ, ადრე არ იყვნენ ცუდი მამაკაცები? ჩემ ირგვლივ ყველა კაცი გადაყოლილია თავის ცოლზე, ასე რომ, ჯენტლმენობის ნაკლებობა არ იგრძნობა.

- რაც შეეხება თანაცხოვრებას ქორწინებამდე...
- ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მე რა უფლება მაქვს, ვინმე განვსაჯო, ვისაც უნდა წინასწარ თანაცხოვრება, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ მე მაინც ქორწილით ოჯახის შექმნა მომწონს, ლამაზი ტრადიციაა, მე ასე მერჩივნა და ასე გავაკეთე.

- რატომ არის ქალის ღალატი მომაკვდინებელი და კაცი თუ უღალატებს – არა უშავს?
- თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს. როცა კაცი ამას აკეთებს, ალბათ, ვერ აცნობიერებს, რამდენად სტკენს ცოლს გულს. ვფიქრობ, ვისაც დაუკავშირებ ცხოვრებას, მისი ერთგული უნდა იყო. წამცდა, მთვრალი ვიყავი, ხეზე მიმაბა და ძალით მეცა – ასეთი რაღაცები არ მესმის.

- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- არ ვიცი, ესეც ინდივიდუალურია. კარგი კაცის ცოლი სხვაგან არ მიდის, არც კარგი ქალის ქმარი. უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ გახედვა არ მოუნდეს, მაგრამ თუ სხვასთან წასვლის ერთი პრეცედენტი დაიშვა, ოჯახი უნდა დაინგრეს.

- როგორ ფიქრობ, ქალის პატიოსნება დღეს რით განისაზღვრება, როცა ინტიმური ცხოვრება საკმაოდ თავისუფალი გახდა?
- ქალი უნდა იყოს ქმრის ერთგული, ქმრის პარალელურად ვინმე თუ ჰყავს, უსაქციელოა ის ქალი. თუ ქვრივია ან გაშორებულია, შეიძლება ჰყავდეს ერთი ადამიანი და იყოს, მაგრამ ქმარიც რომ ჰყავს და კიდევ ვიღაც, ის მსუბუქი ყოფაქცევისაა.

ციცი ომანიძე  
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
inola
ერთს დავამატებდი ნიკა ტრანსპორტში ადგილის დათმობასთან დაკავშირებით, ამ ახალგაზრდებს ვინც იმას ასწავლის, რომ ბილეთი რადგან გაქვს ადგილი შენია და არ უნდა დაუთმო არავისო, ერთი მიპასუხოს ვინც ფეხზე დგას ის უბილეთოდ მგზავრობს თუ ნახევარფასად აქვს ნაყიდი ბილეთი?
20:56 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ნამდვილად ღირსეული ადამიანი ხარ, ღმერთმა დაგლოცოს შენს ოჯახთან ერთად
10:59 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნიკა ნამდვილად ღირსეული ადამიანია. ასევე ღირსეული მეუღლე ყავს. ღმერთმა დაგლოცოთ თეკა და ნიკა. დაგელოცოთ ოჯახი.
09:57 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
tsulukidzeebis lamazi ojaxs.
Davlotsav Shens ojaxs,gamzrdels DA vitsi sheni shvilis girseuli gaizrdeba.gagaxarot DA gagamravlot upalma,amistana ojaxis arseboba ukve sixarulia DA urtiertoba mitumetes sasiamovno.
02:29 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ყველაფერი საუკეთესო შენ ნიკა! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ეს ყველა შენს სიტყვაში იგრძნობა! ვისურვებდი,ბევრნი იყვნენ შენისთანა ახალგაზრდები ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში,იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გაუნათდეთ გონება და შენნაირად დაიწყონ ფიქრი და აზროვნება! სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა და იხაროს შენმა გამზრდელმა მშობლებმა,მაგათ უნდა თქვან კაცი აღვზარდეთო!
18:06 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS