12 ივლისი, 2013
რატომ არ მისცა როლი საკუთარ სპექტაკლში ცოლს ზურა გეწაძემ
არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. როცა 22 წელი ადამიანის გვერდით კომფორტში ხარ, ე.ი. ის კარგია, თორემ ცუდთან ხომ ვერ გაძლებდი თეატრალების ოჯახში დაიბადა, მისი ბებია სალომე ყანჩელი იყო, მამა ოთარ ლითანიშვილი გახლავთ, რა გასაკვირია, რომ ნანუკა ლითანიშვილსაც ეს პროფესია აერჩია, მით უმეტეს, რომ მსახიობ ბებიას ძალიან უნდოდა, შვილიშვილი მის გზას გაჰყოლოდა.
ნანუკა სკოლის დამთავრების შემდეგ მიშა თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა, მეორე კურსზე მსახიობი და რეჟისორი ზურა გეწაძე გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა, წყვილს 4
შვილი ჰყავს. ზურა დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველია. როგორც ნანუკა ამბობს, 22 წლის შემდეგ ზურა იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში.

კადრად დარჩენილი ბავშვობა...
- ჩემთვის ბავშვობა ასოცირდება ფაქტთან, რომელიც დაკავშირებულია ბაბუასა და მამასთან, კადრივით მახსოვს, როგორ ვყავარ ხელში აყვანილი და მასეირნებენ, მართალია, ამ დროს საკმაოდ დიდი, 4-5 წლის ვიყავი, მაგრამ ავად გახლდით თუ კარგად, ასე დამატარებდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ საკმაოდ ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავი, თუმცა საწინააღმდეგოს მეუბნებიან. კარგად მახსენდება ბაღის პერიოდი, ჩემდა უნებურად მუდმივად ლიდერის პოზიციაში ვხვდებოდი, მაგალითად, სადილის დროს მასწავლებელს მე ვეხმარებოდი ბავშვებისთვის სადილის დარიგებაში და ა.შ. დიდად გადარეული, ინტრიგანი და მტირალა არ ვყოფილვარ.

ბებიები
- ბებიის ფაქტორი ალბათ ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სალომესთან ერთად ჩემი მეორე ბებია რომ არ ვახსენო, არ ვიქნები სწორი, რუსუდან ბახტაძე პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ, არანაირი შეხება არ ჰქონდა ხელოვნების ამ სფეროსთან და უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, სალომეს კი ნამდვილად სურდა, მის გზას გავყოლოდი, მის საგრიმიოროში არსებულ ნივთებზე მეუბნებოდა ხოლმე, მერე ესენი შენი გახდებაო. ისე, სიმართლე გითხრათ, რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მენატრებიან ბებიები. ჩემი ორივე ბებია დაკავებული იყო, სალომე თუ გასტროლებზე არ იყო წასული, კვირაში ორ დღეს მასთან ვატარებდით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული იყო, არ მახსოვს მისი დეფიციტი მეგრძნოს. თუ გასტროლებზე იყო წასული, დიდი ამბით ველოდებოდით, რადგან ვიცოდით, უამრავი საჩუქრით დაბრუნდებოდა. დიდ მონატრებას უფრო ზაფხულობით ვგრძნობდით, მაშინ, როცა დასასვენებლად მივდიოდით. სწავლასა და კითხვასთან დაკავშირებით ორივე ბებია სიმკაცრით გამოირჩეოდა, ძალიან მომთხოვნები იყვნენ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. ერთხელ სალომემ მაიძულა, მთელი ზოოლოგიის წიგნი მესწავლა, რადგან ჩამჭრა, რომ ბაყაყის აგებულება არ ვიცოდი. ქიმიკოსი ბებია კი ჩამკეტავდა ოთახში და მთელი საღამო ქიმიას მამეცადინებდა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა, შედეგად, არაორგანული ქიმია კარგად ვისწავლე. კითხვასთან დაკავშირებით ძალიან შეუპოვრები იყვნენ, თუ ერთი წიგნის კითხვას დავამთავრებდი, სასწრაფოდ მეორე უნდა დამეწყო, გარდა ამისა, ზრდილობისა და ეთიკის ნორმების დაცვასაც დიდი სიმკაცრით ეკიდებოდნენ.

რატომ სცემა სკოლის დირექტორმა
- ამოჩემებული მქონდა საგნები, რომელთაც მასწავლებლის სიმპათიის გამო ვსწავლობდი, ეს ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიას ბებიაჩემი ასე მამეცადინებდა, მასწავლებლიდან გამომდინარე დიდად მაინც არ მიყვარდა. არ ვიყავი სწავლას მოწყურებული, მაგრამ ძალიან მიყვარდა შატალოზე სიარული, არ არსებობდა დღე, რომ გაკვეთილიდან არ გავპარულიყავი, განსაკუთრებით ზედა კლასებში, ამის გამო მაგრად ვისჯებოდი, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ტატულიას ვუცემივარ კიდეც, მაგრამ ისე დავამთავრე სკოლა, ამას ვერ გადავეჩვიე. მართალია, საუკეთესო ატესტატი არ გამიტანია, მაგრამ გამოცდები ყველა საგანში ჩავაბარე, მგონი 20-20 ბილეთი მაქვს თითო საგანში ნასწავლი, საგამოცდო საკითხებს ტვინს ვასხამდი, რადგან ძალიან მკაცრად ტარდებოდა გამოცდა და ვნერვიულობდი.

კიდევ ერთი მსახიობი თეატრალების ოჯახში
- მამაჩემს ძალიან უნდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, დედა ნეიტრალური იყო ამ საკითხში, მეორე ბაბუა, რომელიც თეატრმცოდნე და იმავდროულად თეატრების დირექტორი გახლდათ, წინააღმდეგი იყო, იმ პერიოდში სალომე ცოცხალი აღარ იყო, თორემ მხარს აუცილებლად დამიჭერდა. მამაჩემი მამეცადინებდა და მისი მომზადებით მოვხვდი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში, ბედმა გამიღიმა, რომ მასთან მომიწია სწავლამ. საოცარი დღეები და წლები მაქვს მასთან ერთად გატარებული, თან, ბოლო ჯგუფი ვიყავით, რომელიც აიყვანა და მთელი ძალა და ენერგია ჩადო ჩვენში. მეორე კურსზე გავთხოვდი, გამიჩნდა შვილი და პროფესიული თვალსაზრისით ცოტა ამერია ცხოვრება.

22-წლიანი თანაცხოვრება ზურა გეწაძესთან
- მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მე და ზურას ერთმანეთი შეგვიყვარდა, განსაკუთრებული ისტორია არ გვქონია, ბანალურად მოხდა ყველაფერი, ჩემს ოჯახთან ყოველთვის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, მათ იცოდნენ ჩემი სიყვარულის შესახებ და გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს გაპარვასაც, რომელსაც მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა.
...ამდენწლიანი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული. მე როგორც მიყვარდა ჩემი ქმარი თავიდან, დღემდე ისე მიყვარს და მეტადაც კი. წლები რომ გემატება, ადამიანი შეიძლება, უფრო მეტად დააფასო და აღიქვა, მისი სიყვარული წლებთან ერთად შეიძლება, უფრო მემატებოდეს. არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. როცა 22 წელი ადამიანის გვერდით კომფორტში ხარ, ე.ი. ის კარგია, თორემ ცუდთან ხომ ვერ გაძლებდი? ჩემთვის ის იდეალურია, ამიტომაც ვარ მასთან.

შვილები
- 4 შვილი გვყავს, უფროსი ამთავრებს თეატრალურ უნივერსიტეტს, სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობს, მეორე - გოგო, წელს აბარებს სამედიცინოზე, რაც ძალიან გვახარებს, მესამე - ბიჭი, 16 წლისაა და არ იცის, სად ჩააბარებს, პატარა კი 4 წლისაა. ვერ ვიტყვი, დავგეგმე ან მომენატრა პატარა და ამიტომ გავაჩინე მეოთხე-მეთქი, საერთოდ არ მიყვარს ცხოვრების დაგეგმვა, მოხდა ასე და ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი ასეთი ბედნიერება შემოიჭრა. ბევრი მეკითხება, როგორ ართმევ თავს ამხელა ოჯახს, შვილებს, საქმესო, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. როდესაც სპექტაკლი გვაქვს გამოსაშვები, ან ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, მშობლები მეხმარებიან, დანარჩენ დროს კი ჩვეულებრივად ვაკეთებ ყველაფერს, ისე, როგორც სხვა ოჯახის დიასახლისები და დედები. თანდათან მივეჩვიე ამ რეჟიმს. ცხოვრებაში ყველაფერს გადალახავ, მთავარია, ჯანმრთელად იყო და განწყობა გქონდეს. ამქვეყნად იმდენი რამეა სანერვიულო, რომ საქმის გამო დაბოღმვა როგორ შეიძლება?! პირიქით, ნეტავ, იყოს იმის ჯანი და შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო.

თეატრი... სერიალი... კინო
- ჩემთვის თეატრი არ არის სახლი და არც როლებია შვილებივით, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს საქმე და უამისოდ ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. შვილების სიყვარულს ვერაფერს შევადრი. ჩემ მიერ შესრულებული როლებიდან ზოგი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს მათ მიმართ, ან პირიქით, ადრე არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა. `მელოტ მოსამსახურე ქალში~ ვთამაშობ მოსამსახურეს და ჩემი გმირი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ამ ზაფხულს სწორედ ეს სპექტაკლი მიგვაქვს ედინბურგის ფესტივალზე. ყოფილა შემთხვევები, მითამაშია როლი, რომელიც მეზიზღებოდა, როდესაც არ მოგწონს და არ გიყვარს შენი გმირი, არ ეთანხმები რეჟისორს, მაგრამ მაინც თამაშობ, საშინელებაა, ჩემს პრაქტიკაში მსგავსი რამ ხშირად მომხდარა, მაგრამ რას ვიზამთ?!
... სერიალებს ადამიანი არა მარტო სიყვარულითა და დიდი წყურვილით უყურებს, არამედ აქ ფინანსური დაინტერესებაცაა და ამის დამალვა არ შეიძლება. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ქვეყანაში იწყება რაღაც კარგი, მიაღწევს გარკვეულ განვითარების ეტაპს, გახდება წარმატებული და მერე გაჩერდება ან გაქრება ხოლმე, სამწუხარო ის არის, რომ დაიხარჯები პერსონაჟის შექმნაზე, ნერვიულობ, შრომას დებ, მაგრამ მერე უგზო-უკვლოდ ქრება, რადგან სერიალი არ რჩება, როგორც კინოხელოვნება, ამიტომ მერე ხვდები, რომ ფუჭად დაკარგე შენი ფანტაზია, გმირი, რომელიც შეიძლება, სადღაც სხვაგან უკეთესად დარჩენილიყო. რაც შეეხება ჩემს გმირს `ჩემი ცოლის დაქალებიდან~, ამ ეტაპზე გამქრალია, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. უნდა აღვნიშნო, რომ უდიდესი სიამოვნება მივიღე იქ მუშაობით, რადგან საოცრად კარგად მუშაობს რეჟისორი გიორგი ლიფონავა. ძალიან დამწყდა გული, რომ ასეთი ხანმოკლე იყო ჩემი მათთან თანამშრომლობა, უნდა ვთქვა, რომ დღეს კინორეჟისორებსაც კი არ ძალუძთ ისე მუშაობა მსახიობებთან, როგორც ამას ლიფონავა ახერხებს.
... კინოს თვალსაზრისით რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან არ მიზიდავს ის თემები, რითაც დღევანდელი კინორეჟისორები ინტერესდებიან, ის, რაც მათთვის აქტუალურია, ჩემთვის უმნიშვნელოა. დღევანდელი კინორეჟისორების მიმართ დაუნდობელი დამოკიდებულება მაქვს, სინჯებიდან დაწყებული არ მომწონს მათი მუშაობა... ასევე მათი დამოკიდებულება მსახიობების მიმართ და მინდა, შეიქმნას პროფკავშირი, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს.
გულაცრუებული ვარ კინოსამყაროს მიმართ, თუმცაღა მაგ სფეროში გავიზარდე.

იმ თეატრში, სადაც მისი ქმარი მმართველია..
- მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე თეატრის მმართველი გახდა, სამუშაო შემიმცირდა, მეტიც, ახლახან დადგა სპექტაკლი, რომელშიც არ მათამაშა, როლი არ მომცა, პასუხად კი მითხრა, არც ერთი ქალი არ მჭირდებოდა სპექტაკლშიო, არადა ზურასთან, როგორც რეჟისორთან მუშაობა ბევრად უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე როგორც მსახიობთან ან მმართველთან.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS