18 მარტი, 2015
რატომ ვერ გამოვიდა თაკო ნაცვლიშვილი ''შანელის''ჩვენებაზე
კასტინგებზე რომ შედის, აღფრთოვანებას ვერ მალავენ სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი თავი და ჩვენი ქვეყანა მაღალი მოდის კვირეულზე წარმოაჩინა. 18 წლის მოდელმა ისეთ დიზაინერებთან იმუშავა, როგორებიც არიან დიორი, არმანი, დოლჩე და გაბანა, ელი სააბი, იამამოტო და ა.შ. თაკოს დედა ნინო ცქიტიშვილი გახლავთ, რომელიც საკუთარ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს.

- თაკო ყოველთვის კარგი ზნის ბავშვი იყო. თავიდანვე მაღალი და გამხდარი გახლდათ, მაგრამ მოდელობაზე არც კი ფიქრობდა, ჩოგბურთელობა უნდოდა. დაიწყო კიდეც სიარული, დაახლოებით წელი
თამაშობდა, მისი მიზანი იყო უცხოეთში კონტრაქტით წასულიყო და ეთამაშა, მაგრამ 13 წლის რომ გახდა, უცებ განაცხადა, ჩოგბურთს თავი უნდა დავანებოო. მოდელობით დაინტერესდა. მეც ჩემი სააგენტო ახალი დაარსებული მქონდა და რომ ნახა, ჩვენი სააგენტოდან ბევრი გოგო წარმატებით მიდიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, მოტივაცია გაუჩნდა. ბედის საცდელად მოვიდა.
ერთ წელიწადში ძალიან დაიხვეწა, მიწვევა მოგვივიდა ჰონკონგის ''ელიტიდან'', გავაფორმეთ ხელშეკრულება და წაიყვანეს. სწორედ იქ დაიწყო ისეთ წამყვან ბრენდებთან მუშაობა, როგორიცაა ''კელვინ კლაინი'', ''შანელი'',''ლუი ვიტონი''. ამის შემდეგ გაიცნო აზიის ბაზარმა, რასაც მოჰყვა დაინტერესება ამერიკიდან, ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო ''ნექსთან'' გავაფორმეთ ხელშეკრულება. თაკოს ყველაზე დიდი წარმატება იყო მაღალი მოდის კვირეული პარიზში, დებიუტი შედგა ვერსაჩეს ჩვენებაზე, რასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ვერსაჩეს მოჰყვა დიორი, იამამოტო, ელი სააბი, არმანი, დოლჩე და გაბანა და ა.შ.

Rating

- თაკოს პირველად ჰონკონგში გამგზავრება არ გაუჭირდა?
- მაშინ 14 წლის იყო. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, ვის ხელში ვუშვებდი, ის ადამიანები ჩემი პარტნიორები არიან და მშვიდად ვიყავი. ამ ფაქტამდე თაკო უჩემოდ არასდროს ყოფილა და უჩემობა უჭირდა ყველაზე მეტად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტო გადასარევად იცხოვრებდა, ჭკვიანი ბავშვია, ყველანაირად ვენდობი, ქუჩებში გაგნების და ტრანსპორტირების მხრივაც პრობლემა საერთოდ არ ჰქონია, ერთადერთი, რაც აწუხებდა ის იყო, რომ მე არ ვყავდი იქ. თავიდან წავყევი, ორი კვირა დავრჩი, ყველაფერში რომ გაერკვა, მერე დავბრუნდი, სულ იქ ვერ ვიქნებოდი.

- რაც შეეხება სწავლას, სკოლას, ამ საკითხს როგორ აგვარებთ?
- თაკო ჩამოდის, ექსტერნად აბარებს საგნებს, საატესტატო გამოცდები აქვს წელს, იმეცადინებს და ჩააბარებს, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვექმნება.

- თაკომ თითქმის ყველა საოცნებო დიზაინერის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისთვის ვინ იყო ფავორიტი და გამორჩეული?
- ვის ჩვენებაზეც უნდოდა, ყველასთან გამოვიდა, ერთადერთი შანელის ჩვენებაზე ვერ გამოვიდა, მაგრამ ესეც აუცილებლად იქნება. არმანისა და შანელის ჩვენება ერთმანეთს დაემთხვა, არმანის ჩვენებაზე უკვე დამტკიცებული იყო და შესაბამისად, შანელთან ვერ გამოვიდოდა. ზოგადად, თაკო ძალიან მოსწონთ, დიდ იმედებს ამყარებენ მასზე. კასტინგებზე რომ შედის, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, აღნიშნავენ, რომ სახასიათო გარეგნობა და განსაკუთრებული სილამაზე აქვს. თაკოს ოცნება და მიზანი იყო იქ მოხვედრა, სადაც დღეს არის. მეც ხელი შევუწყვე და მივეხმარე, მაგრამ გარეგნობამ და ფიზიკურმა მონაცემებმა დიდი როლი ითამაშა. მანამდე არც ერთი ქართველი გოგონა არ გამოსულა ამ დონის ჩვენებებზე. შეიძლება ითქვას, თაკომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაც მოახდინა, რაც ძალიან სასიხარულოა.

- ვიცი, რომ თაკოს კომპლიმენტებით ანებივრებენ. მისთვის უთქვამთ, რომ მისმა ფეხებმა პოდიუმზე უნდა ''იმუშაოს''.
- კი, იყო ასეთი რეპლიკები, ეგ უკვე გცოდნიათ. ვერსაჩემ რომ დაინახა, ''მამა მია'', რა ლამაზიაო, თქვა. არმანიმ უთხრა, ''საოცარი სახე გაქვს, რომელიც ოდესმე მინახავსო''. თაკო ჰყვებოდა, თავიდან, არმანი რომ მოვიდა და ყბაზე ხელი მომკიდა, მეგონა, საყვედური უნდა ეთქვაო, თურმე საყვედურს კი არა, საოცარ კომპლიმენტს ეუბნებოდა, რაც ალბათ ბევრისთვის არ ექნება ნათქვამი. სხვათა შორის, ამ ფაქტის შემდეგ არმანიმ თავისი კაფსულა კოლექციის კამპანიისთვის თაკოს გადაღება მოისურვა. ამისთვის პარიზიდან თაკო და კიდევ ერთი მოდელი ბიჭი მილანში გადააფრინა. საფრანგეთის შემდეგ არმანიმ თაკო მეორედ მილანის მოდის კვირეულზე გამოიყვანა. ეს დიზაინერი მართლა გადაირია თაკოზე. იტალიელებს ლამაზი ქალის აღქმის უნარი აქვთ, რასაც ვერ ვიტყვი ფრანგებზე, მათ ცოტა მომახინჯო-მოლამაზო გოგონები უყვართ, იტალიელები კი ნამდვილ სილამაზეს აფასებენ.

- ამ დონის დიზაინერები გარეგნობის ყველა დეტალს განსკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ, რას აკეთებს თაკო იმისთვის, რომ ფორმაში იყოს?
- თუ არ ივარჯიშებ, არ იქნები რეჟიმში, არ იკვებები სწორად, მოდუნდები, ძალიან რთული იქნება მეორე სეზონზე ისევ ასეთ გარემოში მოხვედრა, ეს იცის თაკომ და აკონტროლებს წონას, მუდმივად ფორმაშია.

- თაკო ახლა რომელ ქალაქშია?
- პარიზში. მართალია, ქართველი იქ არავინაა, მაგრამ სხვა მოდელებს, რომლებთანაც უშუალო შეხება ჰქონდა ჩვენებების დროს, დაუმეგობრდა, თუმცა, მაინც მარტო ცხოვრობს.

- თქვენ თუ ახერხებდით დასწრებას იმ ჩვენებებზე, სადაც თაკო გამოდიოდა?
- ყველგან წასვლას ვერ ვახერხებდი საქმეების გამო, მაგრამ ახლა მილანში ვიყავი ჩასული და დავესწარი. მე, როგორც მშობელს, ყველგან შესვლის უფლება მაქვს. თვითონ მოდის კვირეული საოცრად ორგანიზებულია, არაჩვეულებრივი სტუმრები ჰყავთ და შესანიშნავი გარე-მოა. ამ დროს შენი შვილი რომ გამოდის პოდიუმზე, აჩვენებს საოცარი დიზაინერის სამოსს, ისეთი გრძნობა გეუფლება, სიტყვებით ვერ გადმოსცემ. უბედნიერესი ვიყავი. თაკოს გამოსვლას მაღალი მოდის კვირეულზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თითქმის ყველა წამყვან ჟურნალში შეხვდებით მის ფოტოებს, ახლობლები, მეგობრები თუ უცნობები, ყველა გახარებული იყო და თაკოს დიდ წარმატებას მილოცავდნენ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თენგო
წარმატებები მინდა ვუსურვო თავის საქმიანობაში.
14:57 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლამაზი ქალი
ულამაზესი ხარ შვილო, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ.
10:31 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS