04 მარტი, 2015
როგორ დაძლია დეპრესია ხათუნა ჟორდანიამ - ''წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები''
ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო ხათუნა ჟორდანია ''ორ ვარსკვლავში'' გიო ხუციშვილთან ერთად მონაწილეობს. კონკურსში პირველადაა, თავიდან არ მოსწონდა პროექტში ყოფნა, მაგრამ ახლა ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ყოველ კონცერტზე მათი წყვილი ღირსეულად წარდგეს მაყურებლის წინაშე.

- თავიდან ბევრჯერ ვინანე, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობას რომ დავთანხმდი. მე და გიოს ძლიერი კონკურენტები გვყავს. ახლა აზარტში ვარ და კვირიდან კვირამდე ბევრს ვმეცადინეობ.

- ძლიერ კონკურენტებში ვის გულისხმობთ?
- ილო ბეროშვილს,
მიკი ჯეჯელავას, პეჩოს, მანიკა ასათიანს. მე თეა დარჩიაც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა, რომ პროექტი დატოვა.

- თქვენს ნამღერს ოჯახის წევრები როგორ აფასებენ?
- ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო. ზურას შენიშვნები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ არ ვმღერი მთელი ჩემი შესაძლებლობებით. ბოლო ტურზე კი მითხრა, რომ გიოსთან სცენაზე კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. პირველ ტურზე იყო ანასტასიაც, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ყოველ კონცერტზე მისი ყოფნა აუცილებელი არაა. როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერშია, იმ დროს ანასტასიას უნდა ეძინოს და ზურა ვერ იტანს, როცა მისი რეჟიმი ირღვევა. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის პირველ ოთხ მონაწილეს შორის ვართ ხოლმე. გვიყურებს და მერე იძინებს. ანასტასია არასდროს მაკრიტიკებს. როდესაც ვეკითხები, მოგეწონა ჩემი ნამღერი-მეთქი, მოკლედ მპასუხობს, კი, მომეწონაო.

Rating

- კონკურსში, როგორც ვიცი, პირველად მონაწილეობთ.
- ''ორი ვარსკვლავი'' ჩემი პირველი და უკანასკნელი კონკურსია.

- უკანასკნელი რატომ?
- ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავბედე, რომ სიმღერას ეხება. ზოგადად, სიტყვა კონკურსი არ მიყვარს. მე კი არა, როდესაც ნინისა და ზუკა ხუციშვილის დუეტი ძალიან მოდაში იყო, მაშინ მეც და ზუკას დედასაც ბევრჯერ შემოგვთავაზეს, სხვადასხვა კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. არანაირი კონკურსის მოგება არ ღირს იმ ნერვიულობად, რასაც მონაწილე პროექტში ყოფნისას განიცდის.

- მეუღლეს ხომ არ გაუჩნდა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი?
- ზურას კონკურსში საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია. იყო ბევრი შემოთავაზება ამ პროექტიდანაც და ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც'', მაგრამ ყოველთვის უარს ამბობს.

- ახალ წელს თქვენი ოჯახი ყურადღების ცენტრში მოექცა. ზურა ''მარაოს'' დაგებულ მახეში რომ გაება, ბევრს გაუკვირდა.
- როგორც თვითონ ამბობს, გოგოსგან ასეთი ''მიწოლა'' საეჭვოდ მოეჩვენა. მის ცხოვრებაში ალბათ ბევრი ''მიწოლა'' ყოფილა, მაგრამ მსგავსი არ ჰქონია.

Rating

- თუმცა ''პლეიბოის'' ვარსკვლავისგან ასეთი საქციელი, ალბათ, არ უნდა გაჰკვირვებოდა.
- არაადეკვატური ''მოძალება'' იყოო, ამბობს. ეს იყო ის გადაცემა, რომელში მონაწილეობასაც ყოველთვის ვინანებ. ეთერში რომ ვნახე სიუჟეტი, ვფიქრობდი, ასეთი რამ რატომ გავუკეთე ზურას-მეთქი. ჟურნალისტმა, რომელიც ამ გადაცემას აკეთებდა, უამრავჯერ დამირეკა. რადგან ვიცი, რომ ჟურნალისტებისთვის ეს შემოსავლის წყაროც არის, ყოველთვის ვცდილობ, დავთანხმდე ინტერვიუზე. ამ შემთხვევაში ათასი რამ მოვიმიზეზე. წინასაახალწლოდ ბევრი სტუმარი მყავდა და ამ გოგომ ბოლოს რომ დამირეკა, ისეთი რამ მითხრა, უარი ვეღარ ვუთხარი. გზაშივე, როდესაც გადაღებაზე წავედით, ვბრაზობდი ჩემს თავზე და ვფიქრობდი, მთელი ჩემი ცხოვრება რატომ ვაკეთებ ისეთ რამეს, რომ ვიღაცას ''გავუსწორო''-მეთქი.

- ხშირად გითქვამთ, რომ ნინი თქვენთვის დაქალივითაა და ანასტასიასთან უფრო გაქვთ დედაშვილური დამოკიდებულება. როგორ ფიქრობთ, როგორი დედა ხართ?
- ჩემს თავს გვერდიდან რომ შევხედო, ვიტყოდი, რომ ნინისთვის უფრო კარგი დედა ვარ, ვიდრე ანასტასიასთვის. ნინიზე უფრო მაქვს მობილიზებული მთელი ჩემი ყურადღება. ანასტასიას არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს და რადგან ვიცი, რომ ის არაფერს არ დატოვებს ყურადღების მიღმა, მე ცოტა პასიური გავხდი. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვინც არ მავიწყდება, არის ნინი.

Rating

- ალბათ, მის გათხოვებას ძალიან რთულად გადაიტანთ.
- ძალიან გამიჭირდება.

- აქედან გამომდინარე, ალბათ, ცუდი სიდედრი იქნებით.
- წინასწარ ვიცი, რომ სიძისთვის მიუღებელი და აუტანელი სიდედრი ვიქნები.

- კონკურსში მონაწილეობამდე თქვენი ცხოვრება როგორი იყო.
- მქონდა არაჩვეულებრივი სამსახური. ლექციებს ვკითხულობდი ''გეპეიში'' უცხო ენებში და ძალიან მომწონდა სტუდენტებთან ურთიერთობა. ბოლო ორი წელი მქონდა დეპრესია. ლოგინიდან არ ვდგებოდი და არსად გავდიოდი. ჩემი ყველა გამოჩენა ტელევიზიაში, როდესაც რომელიმე ოჯახის წევრის გამო უნდა ვყოფილიყავი გადაცემაში, ხდებოდა ჩემი ბევრი ტირილის შემდეგ. ვბრაზობდი, რომ სახლიდან გასვლას მაიძულებდნენ.

- დეპრესია რატომ დაგემართათ?
- დეპრესია რამ განაპირობა, არ ვიცი. ერთ-ერთ მიზეზი იყო წონის მომატება, რომელსაც წლების განმავლობაში ვერაფერი მოვუხერხე. ანასტასიას გაჩენის შემდეგ საშინლად მოვიმატე. სარკეში ჩემი თავი იმდენად არ მომწონდა, რომ გარეთ გასვლა არ მინდოდა. ამის გარდა, დეპრესიის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი მქონდა. ლექციების კითხვაც მივატოვე და ორი წელი სახლური ცხოვრება მქონდა.

- როგორ დაძლიეთ დეპრესია?
- როდესაც რუსა მორჩილაძემ პირველად შემომთავაზა კონკურსში მონაწილეობა, თავიდან ძალიან დავცინე. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად, მაგრამ რომ წამოვედი, გზაში ვიფიქრე, ეს ჩემთვის რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზა იქნებოდა. პროექტში მონაწილეობას თუ დავთანხმდებოდი, ლოგინში წოლას ვეღარ გავაგრძელებდი. შეიძლება ითქვას, ჩემს თავს გამოსავალი მოვუძებნე. ახლა დილით ადრე ვდგები და ვემზადები. პარალელურ რეჟიმში ბევრ საქმესაც ვაკეთებ, რასაც ადრე არ ვაკეთებდი და მანქანის მართვაც კი დავიწყე. წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ. თუ სადმე მივდიოდი, მერჩივნა, ტაქსით წავსულიყავი. დეპრესია ''ორმა ვარსკვლავმა'' დამაძლევინა.

პ.ს ფოტოებისთვის მადლობა გიორგი ცაავას.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ბუბა
ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ხათუნა,კარგი დედა
22:24 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მეც ძალიან მომწონს ეს ადამიანი, ყოველთვის ინტერესით ველი მის გამოჩენას ეკრანზე,ან მის ინტერვიუს, განატლებული ქალია აშკარად
22:10 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მართა
არ ვიცი რატომ მომწონს ეს ოჯახი....ალბათ დადებითი აურა აქვთ და სიკეთეს ასხივებენ...წარმატებები ძვირფასებო!!!!!!
18:41 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
პირადად ხომ არ ვივცნობ ხათუნას, მაგრამ ძალიან მომწონს, ჩანს რომ გამორჩეული ადამიანია. იმედია ეს კონკურსი მის თვითშეფასებას აამაღლებს. წარმატებები!
19:41 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ხათუნა შენ მაგარი გოგო ხარ,მაგარიც ,კარგიც და ლამაზიც...ამიტომ გაიხარე და გაგვახარე ჩვენც შენი გამოჩენით...გენაცვალე საყვარელო ადამიანო გვიყვარხარ დზალიან, წარმატებები შენ!
11:10 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS