02 მარტი, 2015
თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''
ტყუპი და-ძმა ახლა უკვე ცხრა თვის არის ოპერის მომღერალ თამარ ივერს და მოჭიდავე რაულ ცხადაძეს გასულ წელს ტყუპი შეეძინათ. უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა ახლა იტალიაში ბებიასთან ერთად არიან. მომღერალი ბავშვების დაბადებამ ძალიან შეცვალა. თამართან ინტერვიუ ტყუპზე საუბრით დავიწყეთ.

- ტყუპი და-ძმა ახლა უკვე ცხრა თვის არის. მათ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალეს. ჯერ კიდევ სიზმარში ვარ. ისინი ახლა იტალიაში დავტოვე. ახალი საოპერო როლი მაქვს მოსამზადებელი. დედამთილმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, ხელი შემიწყო და მითხრა, ეს პერიოდი ბავშვები
მე მეყოლებაო. თავიდან ჩავთვალე, რომ ბავშვების ფოტოები ''ფეისბუქზე'' არ უნდა დამედო. ვფიქრობდი, რომ ჩემი და რაულის პირადი ცხოვრება პირადი იყო, მაგრამ უცხოელ მეგობრებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი შვილები და ფოტოები დავდე. კოლეგებისა და მეგობრების უმეტესობა უცხოეთში მყავს და არ აქვთ საშუალება, რომ გვესტუმრონ, მათ გამო დავდე ფოტოები და ძალიან ბევრის მოწონება დაიმსახურეს. ბიჭი ძალიან გვაბრაზებს. გოგო მე მგავს, ჩემი ბავშვობაა. მე ვიყავი ისეთი წყნარი, რომ ერთ ადგილას გაჩერება მთელი დღე შემეძლო. ბიჭს სასწაული ენერგია აქვს. არ ჩერდება ერთ ადგილას. ფეხებს ერთმანეთზე ახახუნებს და ყველა სამოსი ფეხებთან გაცვეთილი აქვს. საკმარისია, ერთი წამით თვალი მოარიდო და მაშინვე გადმოვარდება და ამ შემთხვევაში არასდროს ტირის. ძალიან ანცი გვეზრდება. ან აგვაშენებს, ან დაგვანგრევს. იმედია, აგვაშენებს. ბავშვებმა ჩვენს ცხოვრებაში საოცარი სიო შემოიტანეს და ინტერვიუებშიც, როდესაც მათზე ვსაუბრობ, მგონია, რომ ჩემზე არ ვლაპარაკობ. ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ოპერა და ხელოვნება. ახლა უცბად რაღაც ახალი გაჩნდა.

- მეუღლე როგორ შეცვალა ტყუპმა?
- ტყუპმა ყველა დადებითად შეგვცვალა. რაული ძალიან მაგარი მამაა. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დაკავებული ვიყავი. საქველმოქმედო ფონდი შევქმენი. საშობაო კონცერტი მქონდა. ბევრი სამუშაო დამიგროვდა და რაული რომ არ ყოფილიყო, ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. ღამე დგებოდა და ბავშვებს საჭმელს აჭმევდა, რომ მე არ შევეწუხებინე. ქართველი მამაკაცები, როგორც წესი, ასეთი მზრუნველები არ არიან. მაგრამ არიან გამონაკლისები, როგორიც მამაჩემი იყო და როგორიც რაულია.

- სად გეგმავთ ბავშვების აღზრდას?
- მინდა, მათ ქართული ტრადიციები შეისისხლხორცონ. ჩემ გარშემო უცხოეთში არიან ქართული ოჯახები, სადაც ბავშვები სამი-ოთხი წლიდან წაიყვანეს და ისინი ქართველები არ არიან. მხოლოდ მამისა და ბაბუის მონაყოლით იციან საქართველოს შესახებ. მენტალიტეტიც არაქართული აქვთ. მინდა, ამ ყველაფერს გავექცე და ათ წლამდე მაინც ბავშვები საქართველოში იყვნენ. სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე თვითონ აირჩევენ, სად ისწავლიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება საქართველოს ბედი.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, რომელიმეს მომღერლის კარიერა ჰქონდეს?
- მე ხელს არ შევუშლი, რა პროფესიაც უნდათ, აირჩიონ. მე მათ უბრალოდ ვეტყვი, რომ ხელოვნების სამსახურში ყოფნა ძალიან რთულია. ან ძლიერი მომღერალი უნდა იყო, ან სახლში უნდა დაჯდე. ავუხსნი მათ, რა სირთულე შეიძლება შეხვდეთ ცხოვრება ში, თუმცა არაფერს დავუშლი. ქართველ მამაკაცებს, როგორც წესი, არ უნდათ, რომ მათი შვილი ბალეტზე შევიდეს. ამას წინათ ტელევიზიით აჩვენებდნენ ბალე-რონ მამაკაცებს. რაულს ვკითხე, უგომ რომ განგიცხადოს, ბალერონობა უნდა, რას ეტყვი-მეთქი. მითხრა, თუ სხვა გა-მოსავალი არაა, რა გაეწყობაო. ვუთხა-რი, იქნებ, მასში ვახტანგ ჭაბუკიანი ან ბარიშნიკოვი ზის-მეთქი და მათ დონეზე თუ იცეკვებს, კოჭებშივე შეეტყობა 6-7 წლის ასაკშიო. ანუ რაულიც ძალიან ტოლერანტულია.

- პაატა ბურჭულაძის საიუბი-ლეო კონცერტში მიიღეთ მონაწილეობა. მოახერხეთ ალენ დელონის გაცნობა?
- გავიცანი და გავოგნდი, ოთხმოცი წლის მამაკაცი როგორ მხნედ გამოიყუ-რება. ძალიან მომწონს ამ კაცის დამო-კიდებულება ქალების მიმართ, დღემდე არ კარგავს ქალისადმი აღფრთოვანებას. საოცარი რამ გვითხრა, მთელი დარჩენი-ლი ცხოვრება გამყვება სინანული, რომ საქართველო უფრო ადრე ვერ აღმოვა- ჩინეო. ქალები ეხუტებოდნენ და ყველა მასთან სურათს იღებდა, მან კვლავ ძველ ალენ დელონად იგრძნო თავი. ძალიან ესიამოვნა უცნობი ქალბატონის საჩუქარი. აღმოჩნდა, რომ დედამისი ალენ დელონზე იყო შეყვარებული და 1979 წელს დახატა. ფანქრით დახატულ სურათს მსახიობი გაოგნებული უყურებდა. სურათი დიდხანს ჰქონდა ჩახუტებული და თქვა, ჩემს სახლში საუკეთესო ადგილას დავკიდებო. მგონია, რომ ეს ვიზიტი მას არასდროს დაავიწყდება. მარინა ბერიძემ თქვა, ბრეტ პიტის ჩამოყვანას ვფიქრობ-დით წამყვანად, ბოლოს არჩევანი ალენ დელონზე შევაჩერეთო.

- თქვენს განცხადებას 17 მაისის აქციის შესახებ კარიერაში პრობლემები მოჰყვა. რა ხდება ახლა?
- მიხარია, რომ დავარეგულირე ურთიერთობა ''იდენტობასთან''. მათ დაინახეს, რომ ''პიკოვაია დამა'' არ ვარ. პრობლემები რომ შეიქმნა და კონტრაქტი არ აღმიდგინეს, თეატრში ვუთხარი, რომ ამ ადამიანებთან გავარკვიე ურთიერთობა, ავუხსენი, რომ ჩემი განცხადება აღლუმზე იყო ნათქვამი და უმცირესობის შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად. ირაკლი ვაჭარაძის მადლობელი ვარ, რომ მან წერილი მისწერა თეატრს და ჩემი ნათქვამი დაადასტურა. კონფლიქტი არც ერთისთვის არაა სასურველი. როდესაც ურთიერთობები დავარეგულირეთ, ნორმალური ხალხი მიესალმა ამ ყველაფერს, მაგრამ იყვნენ ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ორივე მხარეს გვეკითხებოდნენ, როგორ შერიგდითო, წლების განმავლობაში სეირის ნახვა სურდათ.

- ევროპაში თქვენი კარიერა გაგრძელდება?
- რა თქმა უნდა, თეატრები, რომლებმაც გამიუქმეს კონტრაქტები, თვალს ადევნებდნენ ჩემს ნაბიჯებს და დაინახეს ისიც, რომ შევქმენი ფონდი და კონცერტზე ''იდენტობის'' წარმომადგენლები დავპატიჟე. ჩემი და თეატრების ურ- თიერთობა აღდგენილია და მომავალში კვლავ ვითანამშრომლებთ. უკვე დაიგეგმა სპექტაკლები. ახალი სეზონი რომ დაიწყება, ახალ როლებს შემომთავაზებენ. ვამზადებ პარტიას, რომლის პრემიერაც მალე გაიმართება.

- რომელ თეატრში გაიმართება პრემიერა?
- ჯერ ვერ ვიტყვი. გეგმებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანია. საკმარისია გამოვაცხადო, კონცერტი სად მექნება, ვინ რას გამიხსენებს და რა მასალებს გადაუგზავნის თეატრს, კაცმა არ იცის. რაღაც პერიოდი, ალბათ, ასე გაგრძელდება. მტერს არ სძინავს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, 2013 წლის 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებული სტატუსის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც ბოდიში მოვიხადეთ და ერთი წლის შემდეგ ავსტრალიის თეატრში კიდევ გაახსენეს ჩემი ინტერვიუ. იმ ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა, მოკლევადიანი რე-ზონანსი მიიღო. დიდ პოლიტიკოსებს, დიდ მსახიობებს, გენიოსებს ეშლებათ ხოლმე და ამისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იბლოკებიან. შეცდომები ყველას ეპატიება. მგონია, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა