01 მარტი, 2015
რაში უშლის კრისტი ყიფშიძეს ხელს კარიერა და წარმატება
ბავშვობაში ყველას უნდა ფილმებში მთავარი როლის შესრულება ზოგიერთი ადამიანი, წინაპრებიდან ან შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმატებული იბადება, ზოგიც თავისი შრომითა და მონდომებით აღწევს საოცნებო მწვერვალს. `რა არის წარმატების ფორმულა?~... ამ რუბრიკაში ცნობილი ადამიანები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაგვანახვებენ გზას, რომელმაც აღიარებამდე მიიყვანა ისინი. ერთ-ერთი წარმატებული რესპონდენტი, ყველასთვის კარგად ნაცნობი კრისტი ყიფშიძეა.

- კრისტი, როგორი ბავშვი იყავით?
- აქტიური, რის გამოც ყოველთვის თან მდევდა ხალხის სიყვარული.

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
- თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა
ახლობელმა მოდის სფეროში მომახვედრა. შემათვალიერეს და მითხრეს, რომ ლამაზი გოგო ვარ. დამპირდნენ, თუ ჩვენება გაიმართებოდა, აუცილებლად შემეხმიანებოდნენ. არც კი ვიცოდი, მაშინ თბილისში დეფილეები თუ იმართებოდა. 1994 წელი იყო, ყველას გვახსოვს საქართველოს მაშინდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. მხოლოდ ჟურნალებში და ვი-დეოკასეტებზე შემეძლო მოდელების ნახვა. დაბადების დღეს დამირეკეს და შემატყობინეს სასიამოვნო სიახლე. მას მერე სცენიდან აღარ ჩამოვსულვარ.

- ყოველთვის ოცნებობდით, რომ ცნობილი გამხარიყავით?
- არა, შეიძლება ითქვას, დაუგეგმავად აეწყო ყველაფერი. ბავშვობაში ყველას უნდა ფილმებში მთავარი როლის შესრულება, არც მე ვიყავი ამ კუთხით განსხვავებული. აი, მოდელობაზე კი ნამდვილად არ მიფიქრია.

- როდის შეიძლება ადამიანი წარმატებულად ჩაითვალოს?
- წარმატება მრავლისმომცველი ცნებაა. შეიძლება, წარმატებული იყო პირად ცხოვრებაში ან პროფესიაში.… რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ნატალია, ჩემი ქალიშვილი მიმაჩნია. წარმატებულად მივიჩნევ პიროვნებას, რომელიც რეალიზებულია თავისი ინტერესის სფეროში.

- მიზნის მისაღწევად ყველა გზა დასაშვებია?
- პირადად ჩემთვის, არა.

- როგორ სამუშაო გარემოში გრძნობთ თავს კომფორტულად?
- არ უნდა მციოდეს ან მცხელოდეს, თუმცა მთავარი მაინც ყავაა!

- როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას?
- წარმატება დამოკიდებულია ფორტუნაზე, მე მჯერა ბედისწერის.

- საკუთარ თავში რა თვისებები მოგწონთ?
- კეთილი ვარ.

- ვინმე კონკურენტად მიგაჩნიათ?
- არა, მე კოლეგები მყავს. ყველას თავისი ადგილი აქვს მოდის სფეროსა და შოუბიზნესში.

- რა არის წარმატების ფორმულა?
- წარმატების ფორმულაა: ნიჭი, შრომისმოყვარეობა და განგებისგან მოცემული შანსის გამოყენება. ხშირად აღვნიშნავ, რომ ცხოვრება არის გრძელი მდინარე, რომელშიც ჩაგაგდებენ და თავად უნდა ისწავლო ცურვა.

- შვილს კარიერის გაკეთებაში დაეხმარებით?
- იმდენად დავეხმარები, რამდენადაც თავად მომცემს ამის უფლებას. ჩემი თანადგომა არ გამოიხატება იმით, რომ მის გამო მაღალი ეშელონების რომელიმე წარმომადგენელს გადავურეკავ ან მივაკითხავ. მსგავსი საქციელი არ მიმაჩნია სწორად. ნატალია მუცლად ყოფნიდანვე ცნობილი ბავშვი იყო. ხუთი წლის ასაკში პირველად გადაიღეს რუსულ სერიალში. საოცარი დამთხვევაა, მაგრამ მის ერთ-ერთ დაბადების დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ როლზე დაამტკიცეს. ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახულია, ამას სიყვარული არ მალაპარაკებს, ნამდვილად ასეა. ძალიან კარგად სწავლობს, ეხმიანება უცხოეთის სკოლებს, არკვევს, რომელ სასწავლებელშია განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები და პროგრამები. ფინანსურად მისი დახმარება რომ ვერ შევძლო, დარწმუნებული ვარ, თავად იშოვის სპონსორს და წავა. მე ბედს ვენდობი, ის იბრძვის.

- დაასახელეთ წარმატებულობის უარყოფითი მხარე...
- ლოგინში კოტრიალი და სასუსნავებთან ერთად ფილმების ყურება მენატრება. ასევე, უფრო მეტი დროის გატარება მინდა შვილთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ ასაკით უკვე დიდია. ჩემი საქმისგან უამრავ სიამოვნებას ვიღებ, ამიტომ მსხვერპლის გაღება მიღირს.

- ოჯახის წევრები პროფესიულ წინსვლაში ხელს გიწყობენ?
- კი, თავიდანვე ასე იყო, შეგნებული მშობლები მყავს.

- წარმატებულობა პირად ცხოვრებაში ხელს გიშლით?
- ან პირადში უნდა იყო ბედნიერი, ან კარიერაში. ამ მხრივ ბედმა არ გამიღიმა, გვერდით არ მყავს საყვარელი მამაკაცი, თუმცა ამის კომპენსაციას ახდენს კარიერა, ოჯახი და მეგობრები.

- როგორი მამაკაცი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით?
- ჩემი ცხოვრების ტემპს უნდა აჰყვეს, არ უნდა დავაკომპლექსო. ძლიერი ვარ, ამიტომ ის ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა შემავსოს.

- როგორ გგონიათ, რატომ ცვლის წარმატებულობა პიროვნებას?
- ყველას არ ცვლის. მე არ შევუცვლივარ. ადრეც მქონდა უკმარისობის გრძნობა და ახლაც მაქვს, მინდა, უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. მაშინაც კი, თუ მაქებენ და აღფრთოვანებულები არიან ჩემით. ძალიან მაქსიმალისტი ვარ.

- რისკი გიყვართ?
- არა.

- უფრო ხშირად ხალხს შურს წარმატებული პიროვნებების თუ კეთილგანწყობილები არიან მათ მიმართ?
- ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. სოციალური ქსელები სავსეა უარყოფითი კომენტარებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ცალსახად ჩემ წინააღმდეგაა, აგრესიის გარდა სითბოს ვგრძნობ. მეხმიანებიან ადამიანები, რომლებიც მგულშემატკივრობენ. მათ ვუყვარვარ და პატივს მცემენ. ქუჩაში რომ მხედავენ, არასდროს ამბობენ: ,,ფუ, რა ცუდი გოგოა", პირიქით, მეფერებიან და ქათინაურებით მავსებენ. შური ძალიან ცუდი თვისებაა. თავად არასდროს განმიცდია. მგონი, ბუნებრივია, რომ არ მაინტერსებს შურიანების აზრი.

- ძნელია გახდე პოპულარული …საქართველოში...
- არა, ძალიან მარტივია, ალბათ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა. გააჩნია, რით გახდები ცნობილი, უმსგავსობით თუ ღირსეული საქციელით.

- რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
- მუდმივად იმას ვარკვევ, რა მინდა.

- რა უნდა ახსოვდეს წარმატების მწვერვალზე მყოფ ადამიანს?
- უნდა ახსოვდეს, სინამდვილეში ვინ არის.

- დამწყებ მოდელებს რას ურჩევდით?
- კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეთ და უყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებენ. ბევრი მუშაობა მოუწევთ საკუთარ თავზე. ზოგს ჰგონია, რომ მოდელობა მხოლოდ ლამაზად ჩაცმა და სიარულია.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS