08 ივლისი, 2013
სამების ტაძრის მშენებლობა ჯუმბერ პატიაშვილის ცეკას მდივნობისას გადაწყდა
ქართველებს, როგორც ყოველთვის, გვაქვს ჩვენეული ხედვა, რამაც გამოიწვია ის უბედურება, რაც ცხრა აპრილს მოხდა. მაქსიმალურად შევეცადე, დაპირისპირება სხვაგვარად წარმემართა, მაგრამ არ გამოვიდა. ჯუმბერ პატიაშვილის ავტორობით ძალიან მალე გამოვა წიგნი, რომელშიც ის დაწვრილებით ისაუბრებს 9 აპრილის ამბებზე. იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ტრაგედიამდე და ტრაგედიის მერე. ცეკას ყოფილ პირველ მდივანს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მისი წიგნის წაკითხვის მერე საზოგადოება 9 აპრილთან დაკავშირებით ბევრ ახალ ამბავს გაიგებს და მის მიმართ კრიტიკულები აღარ იქნებიან.
რთული გზა ცეკას პირველ
მდივნობამდე

- ბატონო ჯუმბერ, ფოტოზე, სადაც დედათქვენი ძალიან პატარაა, თქვენი ბებია-ბაბუა არიან.
- ბაბუა, ნიკოლოზ შანიძე, მღვდელი იყო. მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ. მამა თბილისში დაიბადა. ჩემი დაბადების ადგილი ლაგოდეხი გახლავთ. მამა იმ პერიოდში ლაგოდეხში მუშაობდა. იქ რამდენიმე წელი გავატარე, სკოლაში თბილისში შევედი. ბავშვობაში კახეთში გატარებული წლები ნაკლებად მახსოვს. მამა სოფლის მეურნეობის მი-ნისტრის მოადგილე იყო და ამ დარგს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ემსახურებოდა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო სპეციალისტთა შორის. მაღალი პროფესიონალური ცოდნა ჰქონდა მიღებული. ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა. შემდეგ კი ახალდაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი დეკანი იყო პეტრე მელიქიშვილი. განაწილებით წავიდა კახეთში სამუშაოდ. ჯერ საგარეჯოში იყო და შემდეგ ლაგოდეხში.
Rating
მომდევნო ფოტო ქართული გიმნაზიის მასწავლებლებს აქვთ გადაღებული. მათ შორის არიან ზაქარია ფალიაშვილი და კალისტრატე ცინცაძე. იმ დროის საქართველოს წარჩინებული პედაგოგები ქართულ გიმნაზიაში იყვნენ თავმოყრილი. მათდამი პატივისცემა მამას ყოველთვის ჰქონდა. თავადაც გამოხატავდნენ პატივისცემას. სურათი ერთ-ერთმა პედაგოგმა მოუტანა მამაჩემს და სამახსოვროდ გადასცა. სამწუხაროდ, მაშინ პატარა ვიყავი და ამ ამბის დეტალები არ მახსოვს.
Rating
- თქვენი ბავშვობის ფოტო ვერ მოვიძიეთ, მაგრამ თქვენი დედმამიშვილების შველთან გადაღებული ძალიან ლამაზი ფოტო გაქვთ.
- სურათი ლაგოდეხის ნაკრძალის პირასაა გადაღებული. იქვე აგროსახლში ვცხოვრობდით. ეს მამას სამსახურის ბინა იყო. შველი ნაკრძალიდან შემოიჭრა ჩვენთან. პატარა რომ იყო, ჩემი და-ძმა სახლში ზრდიდა და მერე გაუშვეს.
Rating
- და-ძმას სახელები როგორ შეგირჩიეს?
- უფროს დას მზია ჰქვია. მე ჯუმბერი რატომ დამარქვეს, არ ვიცი. მყავდა ძმა კობა, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ჩემი და დამსახურებული ექიმია. ძმა საგარეო ვაჭრობის აკადემიაში სწავლობდა. მერე უცხოეთში წავიდა. სამოციან წლებში მაროკოში მუშაობდა, მერე - ბულგარეთში.
- როგორც ყველაზე პატარას, ალბათ ოჯახის წევრები განებივრებდნენ.
- და რუსთავში ცხოვრობდა. ძმა უცხოეთში იყო და სახლში მე და დედა დავრჩით. მამა 1956 წელს დამეღუპა. ასე რომ, განებივრებული ნაკლებად ვიყავი, მაგრამ როგორც უმცროსს, პატივს მცემდნენ.
- 55-ე სკოლა დაამთავრეთ.
- დიახ, მას ადრე იპოლიტეს გიმნაზიას ეძახდნენ. მედალი არ ამიღია, ოთხი ოთხიანი გამომყვა. შემდეგ წარმატებით ჩავაბარე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მისაღებ გამოცდებზე ფრიადები მივიღე. კურსზე ყველაზე უმცროსი ვიყავი. მაშინ სტაჟიან სტუდენტებს უპირატესობა ენიჭებოდათ და მე რადგან გამოცდებზე ფრიადები მივიღე, სტაჟის გარეშე უმაღლესში ჩავირიცხე. სწავლის დროს სტალინური სტიპენდიატი ვიყავი. ამით ახლა უფრო ვამაყობ, ვიდრე მაშინ.
- რამდენი იყო სტალინური სტიპენდია?
- რვაასი მანეთი მქონდა. ამ თანხით ოჯახსაც ვეხმარებოდი. უმაღლესის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა. სასწავლებელში შესანიშნავი პედაგოგები მყავდა. ნესტორ ჩხენკელი, ვანო ჩხენკელი და იულონ ლომოური. იულონ ლომოურის ასპირანტი გახლდით. 26 წლის ასაკში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ მეცნიერ-მუშაკი ვიყავი და მოგვიანებით მუშაობა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში დავიწყე, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებთან მუშაობის სექტორის გამგე ვიყავი. მოსკოვში საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში გადამიყვანეს. ჩემი საქმიანობის დროს ბევრი დიდებული მეცნიერი გავიცანი. მათ შორის შემიძლია გამოვყო დუბინი. გენეტიკოსი, რომელთანაც უშუალო შეხება მქონდა. მასთან გახლდით ინსტიტუტშიც და მერე მოსკოვის დიმიტროვის რაიონში გავხსენით დუბინის სკოლა. გენეტიკა მაშინ ახალი დარგი არ იყო, მის გამოცოცხლებაზე ბევრს ვმუშაობდით. მოსკოვში მუშაობის დროს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი გავიცანი. დავუმეგობრდი ალექსანდრე გალიევს, რომელიც ნოვოსიბირსკიდან გახლდათ და ამაყობდა, რომ ილია ვეკუას მოწაფე იყო. იმ პერიოდში გაცნობილ მეცნიერებთან დღესაც მაქვს ურთიერთობა. 1969 წელს თბილისში გადმომიყვანეს ცკ-ის მეორე მდივნად. მაშინ შევხვდი პირველად ვასილ მჟავანაძეს, რომელიც ერთ-ერთ დიდებულ და კეთილშობილ პიროვნებად მიმაჩნია. ვასილ მჟავანაძესთან ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული.
Rating

როდის გადაწყდა სამების ტაძრის მშენებლობა

- საბჭოთა კავშირში, როდესაც ასეთ თანამდებობებზე მუშაობდით და ბაბუა მღვდელი გყავდათ, ალბათ ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდათ. როდის მოინათლეთ?
- დედამ ბავშვობაში სახლში ჩუმად მომნათლა. იმ დროს მამა სახლში არ იყო. მაშინ მამა თანამდებობაზე მუშაობდა და როდესაც ჩემი ნათლობის ამბავი გაიგეს - საკითხი ბიუროზე განიხილეს. მამამ განცხადება გააკეთა, რომ ჩემი ნათლობის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მძიმედ დასაჯეს ამის გამო. ნათლობა ბუნდოვნად მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
- მამა როგორ დაისაჯა?
- სასტიკი საყვედური გამოუცხადეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
- ასეთი ბავშვობა ვისაც ჰქონდა, ხშირად ათეისტები არიან ხოლმე.
- ვერ დავიწყებ ახლა იმის მტკიცებას, რომ ათეისტი არ ვიყავი. ეკლესიას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. დღეს მით უფრო პატივისცემით ვარ გამსჭვალული, როცა ქართულმა ეკლესიამ და მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო. თუ ამას გადარჩენა ჰქვია და სამომავლოდ იმედი მხოლოდ ეკლესიისგან მაქვს. სხვა ძალის არც მწამს და არც მჯერა.
- პატრიარქთნ ერთად რამდენიმე ფოტო გაქვთ გადაღებული. ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ სამების ტაძრის მშენებლობა თქვენი ცეკას პირველი მდივნობისას გადაწყდა.
- სახელის დარქმევა გადაწყვეტილი არ გვქონდა. იმ პერიოდში გელათის მონასტერი არ ფუნქციონირებდა. გელათი მხოლოდ ისტორიული ძეგლი იყო. ბოლნისის სიონი და გელათი საპატრიარქოს გადავეცით. მაშინ დავიწყეთ ფოკის მონასტრის აღდგენა. მაშინდელ ქალაქის მერ ირაკლი ანდრიაძეს ვთხოვეთ, ადგილი შეერჩია ეკლესიისთვის. რასაკვირველია, სვეტიცხოველს და სიონს თავისი ფუნქცია ექნებოდა, მაგრამ გვინდოდა, მეოცე საუკუნის ძეგლი აგვეშენებინა. იმავე პერიოდში გავხსენით სიონის სასულიერო აკადემია. ასე რომ, ეკლესიისადმი ჩემი დამოკიდებულება გამოიხატა, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი და დღესაც ვამაყობ.
Rating
- ვერიკო ანჯაფარიძესთან ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- ვერიკო მე-20 საუკუნის თვალსაჩინო ხელოვანი იყო. თეატრმცოდნე არ გახლავართ, მაგრამ როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ვხედავდი, რა ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში ქალბატონ ვერიკოს. სოფიკო ჭიაურელი და მე, ფაქტობრივად, თანატოლები გახლდით. ბავშვობაში კიკეთში მეზობლად ვისვენებდით. ვერიკო ანჯაფარიძე თავის საინტერესო მოსაზრებებს ყოველთვის გამოთქვამდა ხოლმე შეხვედრებზე, სადაც იყვნენ ირაკლი აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, ილია ვეკუა. მისი ბოლო გამოსვლა ცენტრალურ კომიტეტში გახლდათ. ფოტო თბილისქალაქობასაა გადაღებული. სამწუხაროდ, მალე ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა.
Rating
- ამ ფოტოზე ლადო გუდიაშვილთან ერთად ხართ.
- დღესაც მაქვს ბედნიერება, რომ მის ოჯახთან მქონდეს ურთიერთობა. მას ისეთი მეუღლე ჰყავდა, რომელიც ლადო გუდიაშვილს შემოქმედებით სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. ლადო გუდიაშვილი ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავდა ახალგაზრდების მიმართ. არცაა გასაკვირი. მან ბევრი რამ გადაიტანა გასული საუკუნის 30-იან წლებში... მახსოვს, მისი გამოფენის გახსნაზე შეუძლებელი იყო გალერეაში შესვლა. გუდიაშვილი პიკასოს მეგობარი იყო. როგორც ვიცი, პიკასოს ნაჩუქარი სურათი დღესაც მის სახლში ინახება. ერთხელ პიკასოსთვის მეუღლეს უთხოვია, დამხატეო. ხატვა რომ დაუწყია, მეუღლეს არ მოსწონებია. პიკასოს ფული მიუცია მეუღლისთვის და უთქვამს, წადი და ფოტოგრაფთან გადაიღე სურათიო. მეუღლის პორტრეტი კი მოგვიანებით თავის მეგობარ გუდიაშვილისთვის უჩუქებია.
Rating

რა შეთანხმება დაარღვია ზვიად გამსახურდიამ

- თქვენი კარიერა დაამთავრეს მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ. თუმცა თქვენ გაქვთ ზვიად გამსახურდიასა და მის ოჯახთან გადაღებული ფოტო კოლხურ კოშკში. როგორც ჩანს, 1989 წლის ცხრა აპრილამდე ამ ოჯახთან კარგი ურთიერთობა გქონდათ.
- ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ზვიად გამსახურდია და მე ერთმანეთს ახალგაზრდობიდან ვიცნობდით. მერაბ კოსტავა და მე რამდენიმე წელი ერთად დავდიოდით მუსიკაზე. მოგვიანებით ჩვენი გზები გაიყო. ჩემი უმცროსი შვილი ზვიადის უმცროს შვილთან ერთ სკოლაში სწავლობდა. მერე ზვიადმა სკოლიდან გაიყვანა შვილი.
- როგორც ვიცი, ამბობდა, საბჭოთა სკოლაში შვილს არ ვატარებო...
- ამასთან ერთად იმასაც ამბობდა, წამლავენო. ახლაც ვამბობ, რომ ეს მიზეზები ჩემთვის მიუღებელი იყო. სკოლაში ვინ დადის და ვინ არა, არავინ კითხულობს. მაგრამ როცა ზვიად გამსახურდიას შვილი არ დადის სკოლაში, ეს უკვე სხვა რამეს ნიშნავს. კონსტანტინე გამსახურდიას ვიცნობდი. მის საფლავთან მივედი კოლხურ კოშკში, პატივი მივაგე. სურათი მაშინაა გადაღებული, როდესაც უკან გამოვბრუნდით. კოლხური კოშკი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შევთანხმდით, რომ მათი სახლი უნდა გაგვეკეთებინა. ეს 1987 წელს ხდებოდა. დანაპირები შევასრულეთ. რასაკ-ვირველია, მოვალეობაც იყო, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი შეგვეკეთებინა. მერე საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი მთელ ქვეყანაში დაიწყო. ქართველებს, როგორც ყოველთვის, გვაქვს ჩვენეული ხედვა, რამაც გამოიწვია ის უბედურება, რაც ცხრა აპრილს მოხდა. მაქსიმალურად შევეცადე, დაპირისპირება სხვაგვარად წარმემართა, მაგრამ არ გამოვიდა.
Rating
- მომდევნო ფოტო ედუარდ შევარდნაძესთან გაქვთ გადაღებული. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ადამიანი, ვისაც შეეძლო ცხრა აპრილს მსხვერპლი თავიდან აეცილებინა, იყო ედუარდ შევარდნაძე. თქვენსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ურთიერთობა ცხრა აპრილის შემდეგ გაფუჭდა?
- ცხრა აპრილის თემაზე ვრცლად ჩემს წიგნში ვლაპარაკობ, რომელიც ძალიან მალე გამოვა. მე და შევარდნაძეს შორის ურთიერთობა კი ცხრა აპრილამდე გაფუჭდა. ამას კარგად ვგრძნობდი.
- შევარდნაძეს ბოლოს როდის შეხვდით?
- 1992 წელს პარლამენტის წევრი ვიყავი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი გახლდით. მაშინ შევარდნაძე სახელმწიფოს მეთაური იყო. მაგრამ ჩვენ ცხრა აპრილზე აღარ გვისაუბრია... სწორი დასკვნები რომ გააკეთოთ, ყველა მხარის ნათქვამი უნდა მოისმინოთ. სამ აპრილს ღამის თორმეტ საათზე მე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ნიკო ჭავჭავაძე შევხვდით ერთმანეთს და ვთქვით, რომ არავითარი მიტინგი არ ჩატარდებოდა. ვუთხარი, საკავშირო კომისიაა ჩამოსული გორბაჩოვის დავალებით, ბაკურიანში ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს და მიტინგები ამ ამბავს ხელს შეუშლის-მეთქი. ყველაფერზე შევთანხმდით. ზვიად გამსახურდია ადგა და თქვა, ჯუმბერი მართალს ამბობსო. დილით წავედი დელეგაციასთან ერთად ბაკურიანში ორი ვერტმფრენით და ოთხ აპრილს რუსთაველზე მიტინგი დაიწყო...
Rating
- ელცინთან ერთად ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- ელცინს 1975 წლიდან ვიცნობდი. საქართველოშიც იყო ჩამოსული და ბიჭვინთაშიც დაუსვენია. სურათი 1986 წელსაა გადაღებული, როდესაც ელცინი მოსკოვის ქალაქკომის მდივანი იყო. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტი გახდა, ვითომ მოაგვარა საქართველოს პრობლემები. ზვიად გამსახურდიას ყაზბეგში შეხვდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.
Rating
- მომდევნო ფოტოზე მთელი ოჯახი ხართ შეკრებილი.
- ორი ვაჟი მყავს და ოთხი შვილიშვილი. უფროსი გიგა და უმცროსი პაატა, გიორგი გამსახურდიასთან ერთად ვინც სწავლობდა.
- კლასელები დღესაც მეგობრობენ?
- არა, მეორე კლასში სწავლობდნენ ერთად. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ძალიან კარგი რძლები მყავს, ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი და ქეთინო ჩხიკვიშვილი, რომელიც ასევე ფსიქოლოგია. უფროსი შვილიშვილი მარიამია, მერე ჯუმბერი გაჩნდა, მოგვიანებით გიორგი და სულ ბოლოს ლევანი დაიბადა.
Rating
- პოლიტიკოსობა უნდა რომელიმეს?
- პოლიტიკოსობის სურვილი არც ერთს არ აქვს. უფროს შვილს ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უმცროსს - საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
კობა
შენ თუ კაცუნა არა ხარ ,მაშინ თქვი სიმართლე ,შევარდნაძე სად იყო დარბევის დროს ?
19:16 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ჯუმბერ! რომ წერ მამა დამეღუპაო,ბარემ ისეც დაწერე,იმ საცოდავმა გლეხმა რისთვის მოკლა ორლულიანი თოფით შენი ავხორცი მამა! 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში,შენს მიერ კრემლში გაგზავნილი შიფროგრამები,ტელეგრამებად მონათლული,ყველამ კარგად იცის,და ყველას კარგად ახსოვს,თუ როგორ ითხოვდი მომიტინგეთა უსასტიკესად დასჯას! ყოველთვის ბოღმიანი,ბოროტი,და საკმაოდ უნიჭო ,,კომსომოლა,, იყავი,და ასეთად ჩახვალ მიწაში! და კიდევ! შენი კომუნისტური ,,მეფობის,, პერიოდში,შენს მიერ უმოწყალოდ დევნილი ჟიული შარტავას მიმართ ჩადენილი შენი სიბოროტეებისათვის, აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი ,,ამხანაგო ჯუმბერ ილიჩ,,!
20:04 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკა
გეთანხმებით ქვემოტ კომენტარებს. ნამდვილა გულანთებული პატრიოტი, ჭკვიანი და ნამდვილი პოლიტიკოსია ეს კაცი, 25 წლის ვარ მაგრმა ვგრძნობ და ვხვდები რომ ეს კაცი მართლა დიდ საქმეებს გაუკეთებდა დამოუკიდებელ საქართველოს.
14:45 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ქართველებს ჭკუა რომ გვქონონა ამ კაცისთვის უნდა დაგვეჯერებინა, მაგრამ ხალხი ზვიადს გაყვა და.... ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გაცხოვროს ბატონო ჯუმბერ თქვენ და თქვენი მონაგარი.
20:15 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა გოჩაშვილი
ბ-ნო ჯუმბერ!გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა სიკეთეს.
16:44 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS