08 ივლისი, 2013
რატომ არ უნდა ივა კუზანოვის რძალს მკერდის გადიდება
ბატონმა გუგამ შარშან ბოტოქსის ინიექციები გამიკეთა შუბლზე. მიმიკური კუნთები მაქვს და შუბლზე ბევრი ნაოჭი გამიჩნდა. ალეკო კუზანოვმა და თამუნა გივიშვილმა ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გაიცნეს. სტუდენტობის წლები ოჯახით არ ''გააფუჭეს'' და დაოჯახება ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს. პლასტიკური ქირურგების ოჯახის რძლობის მიუხედავად, თამუნა ცდილობს, ბუნებრივი იყოს და გარეგნობაში ბევრი რამ არ შეცვალოს. ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ შეიცვალა გარეგნობა, მომავალში კი არაფერს გამორიცხავს.
- რამდენი წელია, რაც დაოჯახდით?
თამუნა:

- 13 წელია, თარიღები მე უფრო ვიცი. ალეკოს დაბადების დღეებსა და
ქორწინების წლისთავს ძირითადად მე ვახსენებ.
ალეკო:
- ჩვენი ქორწინების თარიღი 18 ივნისს რომაა - ვიცი, მაგრამ ეს თვრამეტი ივნისი რომ მოდის, სულ მავიწყდება. კუზანოვებს ჩვევა გვაქვს, ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები სულ გვავიწყდება და ამ მხრივ მეუღლეების დახმარება გვჭირდება.
თამუნა:
- (იცინის) მიწევს მდივნის ფუნქციის შესრულება, ისე, როგორც ყველა კუზანოვის ცოლს. ალეკო:
- ჩვენ შევხვდით პირველ კურსზე. მისაღებ Gგამოცდებზევე შევამჩნიე და მეხუთე კურსზე ვიყავით, რომ დავქორწინდით.
თამუნა:
- ყველას უკვირდა, ამდენი წელი რატომ არ ვქორწინდებოდით. ბატონ ივასაც ეკითხებოდნენ, რას ფიქრობენ ამდენს, რით ვერ გაიცნეს კარგად ერთმანეთიო. მეოთხე კურსიდან ვიყავით შეყვარებულები. მანამდე ნაცნობობის საერთო წრე გვქონდა და სტუდენტობა ოჯახით არ გაგვიფუჭებია.
ალეკო:
- სტუდენტობისას სულ ერთად დავდიოდით. პირველ კურსზე ვიყავით, რომ მთელი ჩვენი სამეგობრო ერთი კვირით წავედით ქუთაისში. მერეც სულ დავდიოდით ექსკურსიებზე. რომ დავქორწინდით, მერე ასპირანტურა მოსკოვში დავამთავრე და ორწელიწად-ნახევარი მოსკოვში ვიყავი. თამუნა თბილისში იყო. მაშინ ქეთი უკვე გვყავდა. თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი. ასპირანტურა რომ დავამთავრე და ჩამოვედი, გაზრდილი ბავშვი დამხვდა. მე და ჩემი ძმაც ასე ვიზრდებოდით. მამა სულ მოსკოვში დადიოდა. დედამ სახლში მამის დიდი პორტრეტი გააკრა, ბავშვებო, იცნობდეთ, ეს მამათქვენიაო.
თამუნა:
- იშვიათად რომ ნახულობენ, მამა უფრო უყვართ. სახლში რომ მოდის, არ აწუხებენ.
- თამუნა, როცა ოჯახში გაიგეს, რომ ალეკო კუზანოვი იყო თქვენი რჩეული, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- სამედიცინოზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ყველა ნათესავი ჩაერთო, რომ ჩემთვის არჩევანი გადაეფიქრებინათ. მეუბნებოდნენ, სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან რთულიაო. მერე მიხვდნენ, რომ მედიცინა ძალიან მომწონდა, დაანებეს თავი პროფესიის არჩევაში ჩარევას. რასაკვირველია, გაუხარდათ, ასეთ კარგ ოჯახში რომ მოვხვდი.
- ალეკო, ბატონმა ივამ რა თქვა, როდესაც თამუნა გააცანით?
- ჩვენს ოჯახში ამ მხრივ ყოველთვის თავისუფლება იყო. ვინც შეგიყვარდებოდა, ის უნდა მოგეყვანა ცოლად. ამის გამო არანაირი პრობლემა არ იყო. მისაღებ გამოცდებზევე ნახეს თამუნა. ვუთხარი, შეხედეთ, რა კარგი გოგოა-მეთქი. იქ იყო ჩემი რძალი ნინო ნადირაძე და მანაც აღნიშნა, რომ თამუნა ძალიან კარგი გოგო იყო.
- თამუნა, ე.ი. მომავალ რძალს პირველივე დანახვაზე ძალიან მოეწონეთ.
- ნინო უჭკვიანესი ადამიანია. ყოველთვის ობიექტურია. რომ არ მოვწონებოდი, აუცილებლად აღნიშნავდა.
- ალეკო, ალბათ მეუღლის ბევრი ნათესავი გთხოვთ, რომ გაუკეთოთ პლასტიკური ოპერაცია და ხშირად გისვამენ კითხვას, რა მაქვს გარეგნობაში შესაცვლელიო.
- რა თქმა უნდა, მსგავსი თხოვნები არის. როცა საჭიროა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუკეთებთ ოპერაციას.
თამუნა:
- გარდატეხის ასაკიდან ყველა ადამიანმა იცის, რა არის მის გარეგნობაში შესაცვლელი.
- ალეკო, მკერდმეიქერს გეძახიან.
- არა მარტო მკერდის ოპერაციებს, თანდაყოლილ და შეძენილ დეფექტებსაც ვმკურნალობთ.
- თამუნა, არასდროს გიეჭვიანიათ მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე?
- თავიდან ალეკოს ხასიათიდან გამომდინარე ვეჭვიანობდი, მაგრამ მოსკოვში მისმა ყოფნამ ყველაფერი განკურნა. სისულელე იქნებოდა თბილისში ყოფნა და ეჭვიანობა.
ალეკო:
- არ ვიცი, ამ შემთხვევას რადავარქვა. ალბათ იდილია. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. ბევრ რამეში ძალიან განსხვავებულები ვართ. სხვადასხვა შეხედულება გვაქვს და სხვადასხვა რაღაც მოგვწონს. პლუსი და მინუსი კი ყოველთვის ერთმანეთს ავსებს. მე არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. სულ უნდა ვიხეტიალო მეგობრებთან ერთად, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ. ჯიპებით გავდივართ მთებში, ვათვალიერებთ მონასტრებს, მთებში დავდივართ. თამუნას მანქანით მოგზაურობა არ უყვარს. ჩემს ცხოვრებაში მანქანა ძალიან მნიშვნელოვანია.
თამუნა:
- მეორე მეუღლეა.
ალეკო:
- (იცინის) მე ასე არ ვიტყოდი. მეუღლე არაა, მაგრამ მანქანით მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მეუღლეს კი უფრო თვითმფრინავით ან მატარებლით უყვარს მოგზაურობა. ბათუმში მანქანით წასვლას მატარებლით წასვლა ურჩევნია. ასეთი განსხვავებულები რომ ვართ, იმიტომ ვავსებთ ერთმანეთს. ეჭვიანობით აღარ ეჭვიანობს. თავიდან კი ძალიან ეჭვიანი იყო, მაგრამ მერე შეიცვალა.
თამუნა:
- ერთმანეთს არსად წასვლის გამო არ ვუქმნით პრობლემებს.
ალეკო:
- მეორე ნახევარში დარწმუნებული უნდა იყო და საეჭვიანოც არაფერი იქნება.
- ვიცი, რომ ნინო ნადირაძეს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. თამუნა, თქვენს გარეგნობაში რა გაქვთ შეცვლილი?
- სუნთქვის პრობლემა მქონდა და ცხვირის ნიჟარა ამომიღეს. ბატონმა გუგამ შარშან ბოტოქსის ინიექციები გამიკეთა შუბლზე. მიმიკური კუნთები მაქვს და შუბლზე ბევრი ნაოჭი გამიჩნდა. ჯერჯერობით ეს ორი რამ მაქვს გაკეთებული და მერე რა იქნება, არ ვიცი.
ალეკო:
- თამუნას არაფრის გაკეთება არ სჭირდება და როცა დასჭირდება, მერე პრობლემა არ იქნება.
- თამუნასთვის მკერდის ოპერაციის გაკეთებაზე არ გიფიქრიათ?
- პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. თუ თამუნას მოუნდება მკერდის ოპერაციის გაკეთება, ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ექნება.
თამუნა:
- რა თქმა უნდა, შეიძლება გავიკეთო, მაგრამ ამას ჯერჯერობით თავი ვერ მოვაბით. საამაყო მკერდი არ მაქვს (იცინის). ნიჟარები რომ ამომაჭრეს, რეაბილიტაციის პერიოდი ჩემთვის უსიამოვნო იყო. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად ჩავიტარო პლასტიკური ოპერაციები. ასედაც კარგად ვგრძნობ თავს და ბედნიერი ვარ. შეიძლება, ვინმეს არ მოსწონს, ძალიან ფუშფუშა რომ არ ვარ. ვისაც არ მოსწონს, ნუ მიყურებს.
- მთავარია, როგორც გამოიყურებით, მეუღლეს ძალიან მოსწონხართ.
ალეკო:
- ნამდვილად ძალიან მომწონს და ასე რომ არ ყოფილიყო, ვურჩევდი, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე-მეთქი.
- თამუნა, ამ შემთხვევაში მეუღლეს ანდობდით თავს?
- ახლობლებზე რთულია ოპერაციის გაკეთება. თვითონ გაუჭირდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთება.
ალეკო:
- ექიმებს არ უყვართ ოპერაციების გაკეთება თავიანთ ნათესავებზე. მირჩევნია, თუ არის საშუალება, ამ შემთხვევაში გუგამ გააკეთოს ოპერაცია და მე წყნარად ვიჯდები.
- თამუნა, ახერხებთ მუშაობას, თუ მთლიანად ოჯახის საქმეებით ხართ დაკავებული?
- მიწევს მუშაობა. ჩემი მეუღლე საერთოდ არაა აზიატი. მე უფრო მინდა, სახლში და ოჯახთან ერთად ვიყო. ჩემმა მეუღლემ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამსახური მქონოდა. ამჟამად ჩვენი ოჯახის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი ვარ. ოჯახის ინტერესებს ვიცავ. ბატონი გუგა კუზანოვი არის ჩემი უფროსი.
- მაზლი მკაცრი უფროსია?
- მომთხოვნია. სახლსა და ოჯახში ნათესავები ვართ და სამსახურში სუბორდინაციას ვიცავთ.
- რამდენი შვილი გყავთ?
ალეკო:

- ორი. ქეთი და დავითი ძალიან ინდივიდუალურები არიან. ქეთი თერთმეტი წლისაა, დათო - ხუთის. ქეთი მგავს ხასიათით. ძალიან აქტიური და კონტაქტურია. უნდა, სულ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს. სურვილი აქვს, იმღეროს და თავი გამოიჩინოს. დათო პირიქითაა. ჩაკეტილია. ლექსს ვერასდროს ათქმევინებ.
Rating
თამუნა:

- საბავშვო ბაღის ზეიმამდე არ ვიცოდით, რომელიმე ლექსი თუ იცოდა. გვეგონა, ვერ დაიმახსოვრა. ზეიმზე აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ბავშვების ლექსებიც ზეპირად იცოდა. თავისთვის ჩუმად აჰყვა, სხვები რომ ლექსს ამბობდნენ.
ალეკო:
- დათო საშინლად თაღლითია. ორი წლის იყო, სამზარეულოში შოკოლადს ჭამდა. მეუღლემ უთხრა, მეტი არ შეიძლებაო. მაშინ ჯერ ვერ ლაპარაკობდა. შეგვიყვანა საძინებელში, წიგნი გადაგვიშალა და თვითონ მოტყდა ოთახიდან. ცოტა ხანში მივხვდით, რომ მოგვატყუა. გავედით სამზარეულოში, იჯდა მაგიდაზე და შოკოლადს ჭამდა. ასეთი ტიპია დღესაც. ჩუმად, ჩხუბის გარეშე აკეთებს თავის საქმეს.
თამუნა:
- მე და ალეკო ძალიან გულუბრყვილოები ვართ. არ ვიცი, ასეთი დათო ოჯახში როგორ შემოგვეჭრა (იცინიან). ქეთი უფრო გვგავს.
- ქეთის ალბათ უკვე აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესია უნდა აარჩიოს...
- პლასტიკური ქირურგობა უნდა. მე ვუხსნი, რომ ექიმობა, განსაკუთრებით პლასტიკური ქირურგობა ძალიან რთულია, მაგრამ ამბობს, ყველაფერს მივაღწევო. თავის თავში 150%-ითაა დარწმუნებული. თავისი გვარით და დინასტიით ძალიან ამაყობს. ამბობს, ბაბუაჩემის საქმე უნდა გავაგრძელოო. ლამაზი ფრაზების თქმა არ უჭირს. უყვარს კონკურსებში მონაწილეობა და ძალიან ბევრი დიპლომი აქვს. უნდოდა, საბავშვო ''ახალ ხმაში'' მიეღო მონაწილეობა. მეუბნებოდა, მიმიყვანე, რომ ხალხმა გამიცნოსო.
- კარგად მღერის?
- მღერის, მაგრამ არ მიმიყვანია კასტინგზე, რადგან ამას ბევრი შრომა და დროის დაკარგვა მოჰყვებოდა.Mმიყვანა შემეძლო, მაგრამ თუ ექიმობას აპირებს, რად უნდა სიმღერა. ყველაფერი უნდა და აინტერესებს, მაგრამ ყველაფრის ერთად გაკეთებას ხომ ვერ მოასწრებს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
უდაოდ ნიჭიერები და თქვენი საქმის მცოდნენი ხართ! ღმერთმა გაღვაწოთ ხალხის სამსახურში და ბედნიერები გამყოფოთ ოჯახებში!
18:07 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თინა
ზალიან ჰგავხართ ერთმანერს,გაიხარეთ
14:45 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS