07 ივლისი, 2013
რატომ აშიმშილა ოთარ ქირიამ შვილი მილანში
არა, მილანი რომ შენი ქალაქი გახდეს, ბევრი ფულია საჭირო. იქ განსაკუთრებული სანახაობა რიგითი ტურისტებისთვის არაფერია, მილანის მუღამი კლუბური ცხოვრება და პრემიუმშოპინგია, რასაც ზესქელი ჯიბე ესაჭიროება დრო, როცა სტუმრად მოსულ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს ფოტოალბომებს ვათვალიერებინებდით, წარსულს ჩაჰბარდა. დღეს შეგიძლია ინტერნეტში, სოციალურ ქსელში, მოინახულო მონატრებული მეგობარი, დაათვალიერო მისი ახალი ან ბავშვობისდროინდელი ფოტოალბომი. ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ყველაზე საინტერესო ფოტოს ვარჩევთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების „ფეისბუქის“ გვერდიდან და მის შესახებ ამბის მოყოლას ვთხოვთ.

დღეს „რუსთავი 2“ -ის დილის
გადაცემის პრესის მიმომხილველის ოთარ ქირიას „ფეისბუქის“ ალბომები „დავლაშქრეთ“ და ერთ-ერთ ფოტოს და მის ისტორიას გთავაზობთ.

- მას მერე, რაც ჩემი ცოლი ფოტოგრაფიის ასოციაციის დამფუძნებელი გახდა, უფრო სერიოზულად მივუდექი ამ ხელოვნებას. მივხვდი, რომ მარტო ღილაკზე თითის დაჭერა არ აკეთებს საქმეს. რაც შეეხება ფოტოს გადაღების პროცესს, ბოლო დროს ცოტა უსიამოვნო გახდა წონის გამო.
- ეს რამდენი კილოგრამის ბრალია?
- 27 კილოგრამის. ძალიან გავსუქდი.
- ეს ფოტო სად არის გადაღებული?
- თვითონ ფოტო ნამდვილად არ წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს და გეტყვით რატომაც, მას ძალიან სასაცილო ისტორია აქვს. მილანშია გადაღებული ორი წლის წინ. მოხდა ისე, რომ მეც და თამუნასაც სახელფასო ბარათები დაგვებლოკა, აღმოვჩნდით სრულიად
უფულო, ხურდების ამარა.
- ბავშვს რატომ აქვს ასეთი სახე?
- შია ბავშვს. სულ არ აინტერესებს, ბარათები გაგვეყინა, ფული გვაქვს თუ არა, შია! ჩვენ კიდევ, საზიზღარი მშობლები, ფოტოს გადაღებას ვაძალებთ.
- როგორ დაიბრუნეთ კუთვნილი ფული, დიდხანს გაგიგრძელდათ დუხჭირი მდგომარეობა?
- იმ დღეს ხურდებით შევედით „მაკდონალდსში“ , ბავშვი დავანაყრეთ. ფული ვერ ავიღეთ. მილანიდან ათენში მივდიოდით უკვე ნაყიდი ბილეთებით. იქ დაგვხვდა თამუნას მამიდა. აეროპორტიდან სახლამდე იმან მიგვიყვანა და ფულიც გვასესხა. ფული ბარათებიდან დავიბრუნეთ მხოლოდ თბილისში.
- მილანი არის შენი ქალაქი?
- არა, მილანი რომ შენი ქალაქი გახდეს, ბევრი ფულია საჭირო. იქ განსაკუთრებული სანახაობა რიგითი ტურისტებისთვის არაფერია, მილანის მუღამი კლუბური ცხოვრება და პრემიუმშოპინგია, რასაც ზესქელი ჯიბე ესაჭიროება. ასე რომ, დღეს მილანი არ არის ჩემი ქალაქი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე გახდება.
- წელს სად აპირებ დასვენებას?
- ბარსელონაში მივდივარ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად. ოთხი თვის წინ აქციის ფარგლებში წავაწყდი ბილეთებს ხელმისაწვდომ ფასად. თან ჩემი დაბადების დღე ემთხვევა ბარსელონაში ყოფნის დღეებს და ეს ძალიან მახარებს. სხვა ქვეყანაში დაბადების დღე არ გადამიხდია. ამ დღეს არა სტუმრების მიღებით, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვით აღვნიშნავ. ზრუნვაში გათხლეშვა იგულისხმება (იცინის). ჩემი გეგმები ბარსელონაში პრიორიტეტების მიხედვითაა განაწილებული. პირველი არის პლაჟზე ძილი, ანუ განვერთხმები და წლის მარაგს ავიღებ. მეორე ადგილზეა გართობა. მესამე ადგილზე - მუზეუმებისა და ბარსას არქიტექტურის მონახულება. წლევანდელი დასვენების ლაიტმოტივი იქნება ჩახუტება ოჯახის წევრებთან და ბალიშთან, რისი დროც წლის განმავლობაში არ მაქვს, ან წუთებით მაქვს დათვლილი.
- ქერათმიანი გოგონა ჩანს ამ ფოტოში, როგორი გოგონები დადიან მილანში?
- მილანში ზღაპრული გოგონები დადიან, მაგრამ ამ ფოტოზე ვისაც ხედავ, ამისთვის ზედ არავის შეუხედავს, დამშეულები ვიყავით, ბარათებისა და ბავშვის შიმშილის დარდი უფრო მქონდა, ვიდრე სხვა რამის. ისე, მართლა ფანტასტიკური გოგონები არიან მი-ლანში.
- თამუნამ შეამჩნია შენი ასეთი დამოკიდებულება იქაური სუსტი სქესის მიმართ?
- კი, მილანში რომ დაბოდიალებ, უნდა ელოდო, რომ ავლისას ან ჩამოვლისას მონიკა ბელუჩის გადააწყდები. ასეთ დროს დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინო და მეუღლე ამას არ გააპროტესტებს. მეტიც, მას პირობაც აქვს მოცემული, რომ თუ ოდესმე შანსი გამიჩნდა, სადმე გადავეყარო ბელუჩის, ხელს არ შემიშლის (იცინის).
- შენც ხომ არ გაქვს მსგავსი პირობა მიცემული თამუნასთვის რომელიმე საოცნებო მამაკაცთან დაკავშირებით.
- არა, და აბა, გაბედოს!
- ე.ი. შენ გაქვს უფლება, საოცნებო ადამიანი გყავდეს და თამუნას არა?
- თამუნასაც უყვარს მონიკა ბელუჩი. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ქალია, შესანიშნავი მსახიობიც არის.
- კარგად დამიძვერი შეკითხვიდან. ისღა დამრჩენია, კარგი დასვენება გისურვო.
- თქვენც ამასვე გისურვებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS