06 ივლისი, 2013
რატომ ჩაწვა გიორგი ბუნდოვანი ტერენტი გრანელის საფლავში
მას, როგორც საფლავების პოეტს, ისე ნათლავენ, ამ დროს პირიქითაა და ეს ძალიან ზედაპირული შეფასებაა, სტრიქონებს მიღმა დიდი სინათლისა და იმედის მომცემი პოეტია. 25 ივნისს კავკასიურ სახლში გიორგი ბუნდოვანის პოეზიისა და არტჯგუფ „სტიგმატის“ ოთხი ახალი მინი არტფილმის ჩვენება გაიმართა. მასში გიორგის რამდენიმე მეგობარი და კოლეგა მონაწილეობდა. საღამოს დავესწარით და შევეცადეთ, გიორგი ბუნდოვანი უკეთ გაგვეცნო...

- მე გახლავართ პოეტი და არტისტი გიორგი ბუნდოვანი. ხელოვნებაში
და ზოგადად არტში 1990 წლიდან ვმოღვაწეობ. ჩემი აქტიურობა ლიტერატურაში დაიწყო იმით, რომ მე და ჩემმა მეგობარმა პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც ამჟამად დისიდენტია, ჩამოვაყალიბეთ ქართველ პოეტთა ორდენი „ქრონოფაგები“ . ეს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „დროის შთანმთქმელებს“ . ეს იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო „ცისფერყანწელთა“ ორდენის შემდეგ. მას ჰქონდა თავისი თავშეყრის სალონი, გერბი, დროშა, სტატუსი... ამ ორდენის ეგიდით გამოიცა სამი კრებული.
- რამდენიმე წელია, რაც ზურაბ რთველიაშვილი საზღვარგარეთაა, თქვენ არ გიფიქრიათ გამგზავრება?
- დიახ, მესამე წელია, რაც ზურა საქართველოში არ იმყოფება. რაც შემეხება მე, გამგზავრებაზე ხშირად მიფიქრია, ჩემთვის აქ ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ წასვლის საშუალება არ მომეცა. დღეს უკვე ვცდილობ, ამას სხვა თვალით შევხედო. 45 წლის ვხდები და ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი კარმაა. მოსჯილი მაქვს, რომ საქართველოდან ფეხი ვერ გავადგა, ისევე, როგორც ტერენტი გრანელი აქ დასამარდა. გზა არანაირად არ მეხსნება. მე არც პოლიტიკაში გარევა შემიძლია, არც ბიზნესის წარმოება, არც რაღაც პროექტების წერა, სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია.
- საშუალება რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით?
- ახლა არ ვიცი, მაგრამ აქამდე ტიბეტში წასვლას ვისურვებდი. 16 წელი აქტიური ბუდისტი ვიყავი. მყავს ჩემი ლამა, მოძღვარი, რომელიც ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ბოლო 2 თვეა გავქრისტიანდი და ეს მამა გურამის დამსახურებაა. მონათლული კი ვიყავი, მაგრამ როგორც გითხარით, ბუდიზმის მიმდევარი გახლდით. სამების დიაკვანთან, მამა გურამ ოთხოზორიასთან დაახლოებამ ჩემი რელიგიური ორიენტაცია შეცვალა. დღეს საქართველოში მამა გურამის აზროვნებისა და შინაგანი ბუნების რომ იყოს ყველა მოძღვარი, არანაირი 17 მაისი, ან მსგავსი რაღაცები არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ის მე ღმერთმა გამომიგზავნა.
- კახიძე ბრძანდებით...
- დიახ, კახიძე ვარ, „ბუნდოვანი“ ფსევდონიმია. არ ვიცი, ასეთი არჩევანი რატომ გავაკეთე. ახლახან ერთმა ასტროლოგმა, რომელიც თავის საქმეში კომპეტენტურია, მითხრა, რომ სანამ ფსევდონიმს არ შევიცვლი, გზა არ გამეხსნება. მაგრამ ახლა რომ მე ეს გავაკეთო, იგივე იქნება, რომ სქესი შევიცვალო. 30 წელია, ამ ფსევდონიმით მიცნობენ და ასე რომ მოვიქცე, ყვე-ლასათვის მაინც ბუნდოვნად დავრჩები.
- ვიცი, რომ ტერენტი გრანელი განსაკუთრებულად გიყვართ...
- დიახ. ტერენტი გრანელი ჩემს ცხოვრებაში 1983 წელს „შემოვიდა“ და შინ დღემდე გადაშლილი მიდევს მისი წიგნი. შეიძლება ითქვას, ბიბლია ან სხვა რამე ბუდისტური ტრაქტატები არ წამიკითხავს ისე ინტენსიურად, როგორც ტერენტის პოეზია. როდესაც ცუდ განწყობაზე ან დეპრესიაში ვარ, ტერენტის ლექსებს ვკითხულობ. მას, როგორც საფლავების პოეტს, ისე ნათლავენ, ამ დროს პირიქითაა და ეს ძალიან ზედაპირული შეფასებაა, სტრიქონებს მიღმა დიდი სინათლისა და იმედის მომცემი პოეტია. გრანელი არის ერთადერთი ქართველი მისტიკოსი პოეტი და ეს წოდება მას აბსოლუტურად დამსახურებულად აქვს მინიჭებული. მის კვლევას წლები შევალიე და შევისისხლხორცე.
- ისიც ვიცი, მის საფლავში გაქვთ ფოტო გადაღებული...
- დიახ, როცა ის გადაასვენეს, ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. მე პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მარტო დავრჩი და არაერთი ფოტო გადავიღე. საფლავში ჩავწექი, - გავათიე ღამე და თან ლექსებს ვწერდი.
Rating
- შიშის განცდა არ გქონიათ, ან არ დაითრგუნეთ?
- არანაირად!.. ჯერ ერთი, ყველა დალაგებული პოეტის ბუნდღა არ გაიშვა, დედა ვატირე. ყველა პოეტი, თუ ჭეშმარიტი პოეტია, ცოტათი გიჟი უნდა იყოს! რაც შეეხება ტერენტის საფლავს, ის ადგილი ჩემთვის ნავსაყუდელი იყო, რვა წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დავდიოდი მის საფლავზე, ვწერდი ლექსებს, რომელსაც საფლავის ქვის ქვეშ ვინახავდი. ქვა მოძრაობდა და იმ ადგილას შვიდას ლექსამდე მქონდა შენახული. გადასვენების მეორე დღეს იმ ადგილას რომ მივედი, ჩემი ლექსები მიმოფანტული, გათელილი ეყარა. საფლავის ქვა შუაზე გაჭრეს, ნახევარი წალენჯიხაში წაიღეს, სადაც ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი გაიხსნა და მეორე ნახევარი სახლში მე წამოვიღე. ათი წელი ვინახავდი. შემდეგ ის სახლი და ავტოფარეხი გავყიდე და სამწუხაროდ, ქვა იქ დარჩა. 1992 წელს გრანელის ნასაფლავარზე დავდგი მარმარილოს მემორიალი და შევინარჩუნე ის ადგილი, სადაც ტერენტი იყო დაკრძალული. ამით არ ვტრაბახობ, მაგრამ ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ადგილს გაყიდდნენ და სხვა დაიკრძალებოდა...

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
ბეჭდვა