06 ივლისი, 2013
გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ
კი ვიცი, ჩემო სოსო, რაც გინდა, შენი პარლამენტარობის ვადა რომ ამოიწურება, ალბათ კინოსტუდიის დირექტორობა გინდა, მაგრამ ასეთ ორგანიზაციას შენნაირები ვერ უხელმძღვანელებენ. „აი, თურმე რა მეთოდები ჰქონია ჩვენს დემოკრატ ხელისუფლებას ამდენი წლის განმავლობაში ხალხის „დასამუშავებლად“ . სადამდე წასულა მათი სისასტიკე. ბედნიერებაა, რომ ახლანდელ ხელისუფლებაში ასეთი სასტიკი ადამიანები არ არიან. კოალიციიდან თითქმის ყველას ვიცნობ. ზოგი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტშიც იყო, მაგრამ მათი უწესობა რომ დაინახეს, გაემიჯნენ... ახლა რაც შეეხება იმას, რას ველოდი ხელისუფლებაში ამათი მოსვლის შემდეგ. მსოფლიოში
ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ ერთ წელიწადში ივანიშვილი კი არა, მამაზეციერი ვერ აგვაყვავებს და არც უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი და ლითონის საბადოები...“ - ამბობს რეჟისორი გიორგი შენგელაია ჩვენთან საუბარში.

- შსს-მ ფარული ჩანაწერები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს აჩვენა, რა დროსაც რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დატოვა...
- დიახ, კვესიტაძემ და პაიჭაძემ, რომელთაც ჩვენ ვუხდით ხელფასებს. ბოდიში მკითხველთან, მაგრამ მათ იმდენი აქვთ „ნაჭამი“ , ამ ბანდიტებს, წლების განმავლობაში ისე თავგამოდებით იცავდნენ, რომ იქ დარჩენა უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომაც ატეხეს განგაში. სწორად უთხრა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც, მათგან განსხვავებით, განათლებული ბიჭია. მუდმივად იბრძოდა ქუჩაში. არაერთხელ დააკავეს, სცემეს. ის სხვანაირი ოჯახის შვილია, ამერიკაში მუშაობდა, იქაური მოქალაქეობა აქვს მიღებული... უნდა ვაღიარო, რადიკალი და კონსერვატორი ადამიანი ვარ და ძალაუფლება რომ მქონოდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, „ნაციონალებს“ კოაბიტაციას კი არა, დიქტატურას გამოვუცხადებდი. იმ ტელევიზიებში, „რუსთავი 2-ში“ , „იმედსა“ და პირველ არხზე და იქაც, ბოლოს რომ გაიხსნეს თავიანთვის რაღაც ტელევიზიები, ყველა ჟურნალისტს დავხსნიდი, რათა სხვებს შემდგომში ჭკუა ესწავლათ. სულ არ მაინტერესებს, დასავლეთი რას იფიქრებს ამაზე. მორალის მათგან აღება ჯერ ჩვენთვის ნაადრევია, მათ ორი-სამი საუკუნით ჩამოვრჩებით. საქართველოში ფეოდალიზმიდან პირდაპირ კომუნიზმზე გადავედით, ისე, რომ კაპიტალიზმი არ გაგვივლია. ამიტომ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ადრეა. რამდენიმე წლის წინ დავაარსე „ვაზის პარტია“ და მაშინ ვამბობდი, ყველა ქვეყანამ, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თავად რუსეთმაც, დემოკრატიისკენ გასავლელი გზა ერთად უნდა გავიაროთ, შემდეგ კი, ევროპას ერთად უნდა შევუერთდეთ-მეთქი. ასეც არის. აფხაზებსა და ოსებს სეპარატისტებს რომ ვეძახით, თავის დროზე ქართველი რუსისთვისაც სეპარატისტი იყო.
- რას გულისხმობთ?
- რას და გიჟებივით რომ გამოვვარდით საბჭოთა კავშირიდან. ყველანაირად რუსეთზე ვიყავით გადაბმული. ილია ამას არ გააკეთებდა. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ილიას დროსაც აგორდა, მაგრამ მან თქვა, ჩვენთვის ჯერ დამოუკიდებლობა ადრეა, რადგან ქვეყანას დამოუკიდებლად ვერ ვმართავთ, ჩვენ რუსეთში უნდა დავრჩეთ, მაგრამ ავტონომია უნდა მოვითხოვოთ, რათა პარლამენტი მაინც მოგვცენო... ძალიან არაპოპულარული რამე ვთქვი, მაგრამ ასე იყო. ახლა, როდესაც ევროპისკენ ვისწრაფვით, ვერ ვხედავთ, რომ არ გვიღებს ევროპა?.. ევროკავშირი თავად დგას დაშლის საფრთხის წინაშე... ამას წინათ წავიკითხე, კახეთში ხილისა და ბოსტნეულის ძალიან კარგი მოსავალია, მაგრამ გლეხები საგონებელში არიან, სად წავიღოთო. ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გზა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაა, ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინელებიც ჩვენსავით ნაციონალები არიან, გაჰკიოდნენ, ცალკე ყოფნა გვინდაო, მაგრამ საქმე იქაც ისე მიდის, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ რჩებიან. ჩემი დიღმელი მეზობლები, რომელთაც კი გამოვლაპარაკებივარ, ყველა რუსეთში გატანილი მოსავლით ცხოვრობდა. დიდი მანქანები ჰყავდათ, რომლებიც წლებია არც კი დაუქოქავთ... ამიტომ ხელისუფლებამ ეკონომიკის აშენება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით უნდა დაიწყოს.
- პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ განაცხადა...
- გამიკვირდა ივანიშვილის განცხადება. კი ბატონო, თავიდან თქვა, ჩემი მიზანია, რომ ეს ჯალათი გავაგდო და არჩევნები მოვიგოო, შემდეგ კი პოლიტიკიდან წავალ, რადგან პოლიტიკოსი არ ვარო. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ ამასობაში სხვა პოლიტიკოსები მომწიფდებოდნენ, მაგრამ ჯერ ადრეა. თუ სადმე შევხვდი, აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს ქვეყნის მიმართ მორალური საქციელი არ იქნება. ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საქმის შუა გზაში მიტოვება სწორი არ იქნება. აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან არ შეიძლება, პარლა-მენტში „ნაციონალები“ ამ რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი... იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა მაინც წავიდა, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს დატოვებს, სხვებზე მეტად მას ენდობა. დათო უსუფაშვილს ვიცნობ, ლევან ვასაძე კი საერთოდ არ ვიცი, ვინ არის, რას წარმოადგენს ან რა შუაშია საერთოდ. ისე კი, ორივე ხელით მხარს დავუჭერდი თეა წულუკიანის კანდიდატურას. სერიოზული, კონცენტრირებული და ჭკვიანი ქალია. მის საუბარს რომ ვუსმენ, ეკლები მაყრის. თან ახლა ევროპაში მოდაშია ქალი პრემიერ-მინისტრები, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ბიძინა მაინც საჭიროა. პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში სანამ ყველაფერი არ დალაგდება, არ უნდა წავიდეს.
- სხვა საკითხებზეც ვისაუ ბროთ, ქართველმა საზოგადოებამ უდიდესი ხელოვანები - ოთარ მეღვინეთუხუცესი და გიგა ლორთქიფანიძე გააცილა...
- იცით, 76 წლის ვარ და სამწუხაროდ, ჩემი თაობა თანდათან მიდის... ეს რეალობაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და ვმეგობრობდი. ოთარი „ხა-რება და გოგიაშიც“ მყავს გადაღებული. ჩემი თაობა თანდათან მიდის, აბა, ცას ხომ არ გამოვეკერებით, მაგრამ ახლებიდან არავინ არის ისეთი, გული რომ არ დაგწყდეს და იფიქრო, არა უშავს, ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ, დანარჩენს ისინი მიხედავენო. ვიღაცები არიან, როგორც თეატრში, ისე კინოში, მაგრამ ოთარისნაირ დიდ პიროვნებებს მსახიობებში ვერ ვხედავ და ვერც რეჟისორებში ვხედავ გიგა ლორთქიფანიძის მსგავსებს... მასობრივმა კულტურამ დაიპყრო ყველაფერი. ბევრს თეატრი სილამაზის კონკურსი ჰგონია და ცდილობენ ლამაზი ქალები და კაცები დააყენონ სცენაზე. თეატრი ნიჭია, ბუნებრივი ნიჭი, რომელიც მაყურებლამდე უნდა მიიტანო. თუმცა ამ მხრივ თეატრში შედარებით უკეთესი ვითარებაა. რუსთაველის თეატრს არა უშავს. იქ არის ზაზა პაპუაშვილი, მარჯანიშვილის თეატრში - ნიკა თავაძე და მისი მეუღლე... რობიკოც ძალიან ძლიერია, მაგრამ ბოლო დროს ისიც ძალიან დაბერდა.
- ბევრი ხელოვანი დღეს პოლიტიკას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე თეატრს...
- დიახ, ასე მოხდა. „ოცნებას“ პოპულარული და ცნობილი სახეები სჭირდებოდა. შემდეგი არჩევნების დროს ზაზასნაირ ხალხს აღარ დაუძახებენ, რადგან ისინი თავად წავლენ. ამასწინათ დავით უსუფაშვილმაც უთხრა ბიძინას, იურისტებიც მჭირდებაო. მართლა კარგი იქნება, თუ თანდათან ყველა თავის საქმეს დაუბრუნდება. მათი ნიჭი იმ საქმეში უნდა დაიხარჯოს, რაშიც ღმერთმა მისცა... არც სიმღერა მესმის დღეს ნორმალური და არც ფილმებს იღებენ ისეთს, ნახვა რომ ღირდეს. გაუთავებლად ყიყინებენ ინგლისურად ტელევიზიით და მერე ფეხი ფეხზე გადადებული ლაპარაკობენ, იცით, ამდენი წელია მუსიკაში „ვმოღვაწეობო“ ... სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩვენს თაობასთან ერთად დიდი ქართული კულტურაც მიდის.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ, ეს არის კინოსტუდია. შევარდნაძის მმართველობის დროს ქონების ერთი მესამედი თანამშრომლებს ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი - მთავრობას. მას შემდეგ, რაც „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ მიერ შექმნილი დაწესებულება ამ ვირიშვილებმა წაგვართვეს და ერთი-ორი შენობის გარდა ყველა გაყიდეს... იმ დარჩენილ შენობებში როგორღაც ვაგრძელებდით მუშაობას. დირექტორად მერაბ თავაძე ავირჩიეთ, რომელმაც ბევრი საქმე გააკეთა. მასთან ერთად მაია არეშიძე მუშაობდა... მაგრამ არის ერთი ასეთი კაცი, სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც სანამ მე ამირჩევდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, არაფრის გამკეთებელი და მატყუარა აღმოჩნდა და გადაირჩიეს, რის გამოც დაიბოღმა. შემდეგ მე, მერაბი და მაია ამოგვიჩემა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხმა გაავრცელა, ისინი ერთმანეთს ჭამენო... არადა, ვინ არის სოსო ჯაჭვლიანი, რა დამსახურებისთვის მუშაობდა კინოსტუდიაში, ვინ იცნობს მას, როგორც რეჟისორსა და კინომოღვაწეს, რა გაუკეთებია?!.
Rating
- „სვანი“ გადაიღო...
- ის ფილმი მოსკოვში გია დანელიას რომ აჩვენეს, თქვა, ასეთი ფილმით ევროკავშირში კი არა, „მაკდონალდსშიც“ არ მიგვიღებენო... შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ აქ დამთავრდა მისი „კინოკარიერა“ . შინაარსს რომ თავი დავანებოთ, კინემატოგრაფიული დონე უდაბლესია. ერთი სიტყვით, გაითვალისწინეს, რომ „ოცნების“ დეპუტატია და შექმნეს „ბორდი“ . ეს სიტყვა დღეს ძალიან მოდურია. ის ბორდი ჯაჭვლიანის დაკომპლექტებულია და ყველაფერს თავად წყვეტენ. ამას წინათ მერაბი და მაია მოხსნეს დირექტორობიდან და ამერიკიდან ვიღაც სულიაშვილი ჩამოიყვანეს, რომლის შესახებაც არავის არაფერი გაუგია. იქ რაღაცის პროდიუსერი ყოფილა... ამიტომ, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრს წერილი მივწერე, სადაც ამის შესახებ ვუყვებოდი. მან ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაუძახა თურმე და უთხრა, გაარკვიე, ამ ჯაჭვლიანს რა უნდაო... კი ვიცი, ჩემო სოსო, რაც გინდა, შენი პარლამენტარობის ვადა რომ ამოიწურება, ალბათ კინოსტუდიის დირექტორობა გინდა, მაგრამ ასეთ ორგანიზაციას შენნაირები ვერ უხელმძღვანელებენ. არ ხარ იმ დონის კაცი და არც იმხელა პატივისცემით სარგებლობ, რომ ასეთი საქმე მოგანდონ. ამბიცია კარგია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ გესმის საერთოდ და რაც გაქვს, ის შეირგე...
- თქვენს ძმაზეც გკითხავთ, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ...
- ერთი დედის მუცლიდან ვართ დაბადებული, მაგრამ ადამიანები თავიანთი შეხედულებებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვენ შორის ურთიერთობა გაციებულია, თუმცა მაინც არსებობს, რადგან ძმები ვართ. არის ისეთი რაღაცები, რაც ვერ ვაპატიე და ვერც ვერასდროს ვაპატიებ... ელდარი თავიდანვე კარგად იყო განწყობილი ჟვანია-სააკაშვილის მიმართ და მათ გუნდში ტრიალებდა. მე ისინი არასდროს მომწონდა... ნოემბრის აქციების დროს, მთელი ქართული ინტელიგენცია იქ იდგა, ელდარი არ მოვიდა, დავურეკე და ვუთხარი, ხალხი შენს მოსვლას თხოულობს-მეთქი, მაინც არ მოვიდა. 26 მაისს, იმ სისხლიანი დღის მეორე დღეს, სააკაშვილმა, სხვებთან ერთად, პოეტი ტარიელ ჭანტურია დააჯილდოვა, ისიც და ჩემი ძმაც „მოვთხარე“ , ჩააბარეთ მედლები და გმირობაში ჩაგეთვლებათ-მეთქი, ხომ ვყოფილვარ მართალი?.. მიშას ორდენი კაპიკია ხალხის სიყვარულთან შედარებით. ეს მოვლენები ბევრს დააფიქრებს. მონანიება ახლაც არ არის გვიანი, მაგრამ ამისკენ ვერავის მოვუწოდებ...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნიკი
ცუდია ძმებს შორის დაძაბულობა, მითუმეტეს ბინძური პოლიტიკის გამო,ნუთუ ვინმეს კიდევ სჯერა რამის? ჯაჭვლიანს რაც შეეხება მეც არ მესმის რა უნდა, ვინ არის, ან რა გაუკეთებია საერთოდ. თავის საქმეშეში არ უქნია ღმერთს და პოლიტიკაში რა უნდა მაგას გასაკვირია,როდის უნდა აკეთოს თავისი საქმე ხალმა საქართველოში? რაღაცის და ვიღაცის გამო რატომ უნდა ხდებოდეს საქმის კეთება. მოკლედ დიდი ქაოსიააა, შენგელაიები მიყვარს თავისი საქმის პროფესიონალები არიან და აკეთებენ კიდეც.
21:12 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკუჩი
ყველაზე საშიში კოლონიალიზმში შობილი ინტელიგენციააო- ჯავაჰარლალ ნერუმ ბრძანა... "აფხაზებსა და ოსებს სეპარატისტებს რომ ვეძახით, თავის დროზე ქართველი რუსისთვისაც სეპარატისტი იყო" - ამ შედარებას რომ გააკეთებს ქართველი!!! მართლა ჩარეცხილები!!!!
20:23 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ვინც გიორგი შენგელაიას აქებს ეტყობა ყოფილი მხედრიონელები არიან საქართველო რომ ქონდათ აოხრებული
18:14 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გელიოტინას
1000%-ით სწორი,ბევრის სათქმელი თქვი
09:45 / 09-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
ჯაჭვლიანმა მკლავჭიდშიც ჩაისვარა!
22:41 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS