29 იანვარი, 2015
რის გამო თქვა უარი ფეხბურთელობაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ
14 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში ერთ-ერთი კომპანიის ტელეფონის ნომრებს ვყიდდი 21 წლის რევაზ ნასიძე სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო კასრაძის შვილს თამაშობს, რომელსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ და თვისებებითა და ხასიათით დღევანდელი ახალგაზრდა ბიჭების გარკვეულ ნაწილს მოგაგონებთ.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ნანუკა ხუსკივაძისა და გიზო ჟორდანიას ჯგუფში მესამე კურსზე ვსწავლობ. თავიდან ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, სულ სხვა განხრით ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სრულიად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების დროს, როცა უნივერსიტეტებს ვარჩევდი, შემთხვევით ჩამონათვალი გაჩერდა
თეატრალურზე, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი და კინოს დიდი სიყვარულის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. გავედი გამოცდაზე და ჩავირიცხე, მერე მივხვდი, რომ ეს პროფესია ძალიან შემეფერება, იმიტომ, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. ცოტა მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ სპექტაკლზე და ზოგადად, თეატრში ნამყოფი არ ვიყავი, ისე გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება.
პატარაობიდანვე ვმუშაობდი, 14 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში ერთ-ერთი კომპანიის ტელეფონის ნომრებს ვყიდდი, ვაკანსიას ეწერა გარე გაყიდვების აგენტი. რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, სიტყვა აგენტმა მომხიბლა და დავინტერესდი. მერე, რომ ამიხსნეს, უარი ვეღარ ვთქვი და ცოტა ხანს ვიმუშავე. შემდეგ გადავინაცვლე სარეკლამო ჟურნალში, გაყიდვებზე, რაც ასევე საინტერესო გამოდგა გამოცდილების კუთხით, თუმცა ერთი და იგივე რაღაც ყოველთვის მღლიდა.
ფეხბურთშიც მქონდა წარმატება, მაგრამ ტრავმის გამო მომიხდა თავის დანებება. მსახიობობა იმიტომ მომწონს, რომ ყოველდღე სხვადასხვა რაღაცის კეთება გიწევს, დღეს შეიძლება იყო მეფე, მერე მკვლელი, ღატაკი და ა.შ.
- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ თუ დაიწყე თეატრში სიარული?
- კი. როცა თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე, ბოლო თვე-ნახევარი მოვემზადე. მითხრეს, გამოცდების ერთ-ერთი და სერიოზული ნაწილი არის გასაუბრება თეატრის ისტორიაზეო. საერთოდ არ ვიყავი სპექტაკლზე ნამყოფი, ამიტომ ვისთანაც ვემზადებოდი, მან მითხრა, რომ რამდენიმე სპექტაკლი მენახა. სამ სპექტაკლს დავესწარი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

Rating

- საკუთარ თავს კინოში უფრო ხედავ თუ თეატრში?
- მე, როგორც მაყურებელს, კინო მირჩევნია, მაგრამ როგორც მსახიობი, სიამოვნებას ვიღებ როგორც სცენაზე დგომითა და თამაშით, ასევე გადაღებებზე კამერის წინ მუშაობით.
- ''ჩემი ცოლის დაქალებს'' მონაწილეობამდე თუ უყურებდი?
- სერიალის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ინტენსიურად არ ვუყურებდი, დრო არ მქონდა და თან მაგ დროს სახლში არ ვარ ხოლმე. ახლაც ვერ ვუყურებ, ჩემს ეპიზოდებს - მით უმეტეს.
- რატომ?
- დარწმუნებული ვარ, გამირთულებს ყველაფერს, ვიცი ამრევს, ამიტომ თავს ვარიდებ.
- ალბათ, კასტინგის მეშვეობით აგიყვანეს.…
- ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მივედი, ოღონდ ეს გახლდათ დახურული შეხვედრა, მათი მიწვევით იყვნენ კასტინგის მონაწილეები. ბოლო ვიყავი, შევედი, მონოლოგი წავიკითხე და დამამტკიცეს.
- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი?
- ძალიან ახლოსაა ჩემთან, თუნდაც ასაკით, პრობლემებით, ცხოვრების წესით, ოჯახთან ურთიერთობით. სერიალის ოჯახში რა პრობლემებიც მაქვს, იგივე რეალურ ცხოვრებაში ჩემ ირგვლივ მყოფებს და ხანდახან პირადად მეც მაქვს, მაგალითად, სადღაც უნდა მისულიყო, დააგვიანა და ა.შ.
- თუმცა შენი გმირი ცოტა ზედაპირულად უყურებს ოჯახს.
- კი, მაგრამ მგონი, ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ. ოჯახი ბავშვობაშია უფრო საინტერესო, მერე უკვე გაცვეთილი თემაა. პატარაობაში ოჯახის წევრებს უფრო სხვანაირად უყურებ, მერე იღლები და ალბათ, სხვა რაღაცაზე გადაგაქვს ყურადღება.
- რა არ მოგწონს შენს გმირში?
- ის, რომ ბიოს ეწევა და არა ჩვეულებრივ პლანს.
- შემოქმედების მთავარი შემფასებელი ვინაა?
- აზრი არავისთვის მიკითხავს, საერთოდ, ჩემს ნამუშევარზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომაც ძირითადად თვითონვე ვცდილობ, საკუთარი თავი შევაფასო. ერთი ის მახსოვს, ნანუკა ხუსკივაძემ დამირეკა და შემაქო, ყოჩაღო, ძალიან გამიხარდა. დედაჩემი ცდილობს, კრიტიკული იყოს, ქართველებს გენში გვაქვს ჩვენიანების კრიტიკა და თან ეს სწორ საქციელად მიგვაჩნია.
- რეზო, სერიალამდე თუ გითამაშია სადმე? გამოცდილება თუ გქონდა?
- უნივერსიტეტის ფარგლებში რაც იდგმება, იქ მითამაშია, ასევე სტუდენტებთან ვიმუშავე ორ მოკლემეტრაჟიან ფილმში. თეატრალურის სტუდენტებს სწავლის პროცესში კამერასთან შეხება არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. მე, შეიძლება ითქვას, გამიმართლა, ჯერ იმიტომ, რომ სტუდენტებმა თავიანთ ფილმებში გადამიღეს და კიდევ იმიტომ, რომ სერიალი ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა, თორემ ჩემს ჯგუფელებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც კამერასთან შეხება დღემდე არ ჰქონიათ.
- სერიალში გამოცდილი, შემდგარი მსახიობები - გია როინიშვილი და ნინო კასრაძე გიწევენ პარტნიორობას. გეხმარებიან, რჩევებს გაძლევენ?
- ზოგადად, მსახიობები ძალიან ემოციურები და ნაზი სულის ადამიანები არიან, ძალიან ადვილია აწყენინო ან გაახარო. ნინოსა და გიას გამოცდილება ბევრს ნიშნავს, თუმცა ცდილობენ, შესწორება ისე არ გამოუვიდეთ, რომ რამე გვეწყინოს. ძალიან ზომიერად, რბილად იძლევიან რჩევებს.
- შენს ოჯახზე მოგვიყევი ცოტა, ვისთან ერთად ცხოვრობ?
- მე, დედა და ბაბუა ვცხოვრობთ ერთად, დედისერთა ვარ, ერთი წლის ვიყავი, მამა რომ მოკლეს.
- ამბობენ, რომ ბიჭებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ დედებთან...
- ვერ წარმომიდგენია და ირგვლივაც არ შემხვედრია ისეთი ბიჭი, რომელიც ბოლომდე გახსნილია დედასთან, სადღაც აუცილებლად მთავრდება გახსნილობა. რაც შეეხება ბიჭების დედებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას, მგონია, რომ ესეც ქართული ''პონტია''. ამბობენ, დედა ყველაზე წმინდააო, მაგრამ მეორე წუთში სულ არ ახსოვთ. დედა ყველაზე ძვირფასი ნამდვილად არის, მაგრამ უაზროდ ისვრიან ფრაზებს. ყველაზე ძვირფასი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უთხრა, ადამიანმა ყველაფერი შეიძლება, საერთოდ არავის უთხრა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გქონდეს ძალიან ახლო ურთიერთობა დედასთან.
- გვითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მყავს საყვარელი ადამიანი, უკვე დიდი ხანია ერთად ვართ, ისიც ხელოვნების სფეროშია, უბრალოდ, მსახიობი არაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანი
სიამოვნებით ვუყურებ ყველა იმ სცენას,სადაც ეს მსახიობი და მისი პარტნიორია.
13:43 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS