28 იანვარი, 2015
თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''
საქართველოში არც ერთ სხვა კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი მომღერალ თემო საჯაიას არ უყვარს კონკურსებში მონაწილეობა, მით უფრო საქართველოში. პროექტს ''ერთი ერთში'' იმიტომ დათანხმდა, რომ უნდოდა, პროფესიონალებთან ერთად ემუშავა. ბევრი იმუშავა და შრომა დაუფასდა კიდეც, პროექტის ფინალისტებში მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდა. პრიზებზე არ ფიქრობს, თუმცა მაყურებლისთვის თავის დასამახსოვრებლად სურს, ყველაფერი გააკეთოს.

- თემო, მოგწონს ''ერთი ერთში'' შენი გამოსვლები? როგორ ფიქრობ, პროექტში გამოავლინე შენი შესაძლებლობები?
- ჩემი თავის შეფასება ყოველთვის მიჭირს, სამაგიეროდ, შემიძლია, ''ერთი ერთშის'' შესახებ კომპლიმენტები
არ დავიშურო. საქართველოში არც ერთ სხვა კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი. ვმუშაობ საინტერესო ადამიანებთან. საქართველოში მომღერლისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და ცდუნება ძალიან დიდი იყო. პირველ ორ სეზონზე სულ დავდიოდი და ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ვიცოდი, პროექტში რაც ხდებოდა და როგორც კი შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი.
- ჟიურის შეფასებებით ყოველთვის კმაყოფილი ხარ?
- ძალიან ძნელია, რადიკალური იყო ამ შემთხვევაში. ზოგჯერ მეგონა, რომ უფრო მაღალი ქულები უნდა მიმეღო და ავიღე უფრო დაბალი და მომხდარა პირიქითაც. თუ რამით უკმაყოფილო ვარ, ხშირად ვცდილობ, ეკრანზე არ შევიმჩნიო, რათა შიდა ამბები არ გამოვიტანო. უკმაყოფილო სახით ჯდომა არ მიყვარს. მაშინ სათქმელი პირდაპირ უნდა თქვა. ვერ ვიტყვი, რომ აშკარად მჩაგრავდნენ. პირიქით, ჟიურის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ დაბალი ქულა დამიწერეს, ე.ი. მეტს არც ვიმსახურებდი.
- რატომ არ მოგწონს საქართველოში ჩატარებული კონკურსები?
- იდიოტობაა საქართველოში ჩატარებული ყველა კონკურსი, რომელშიც ვიღაცას ეჯიბრები და გაფასებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები.
- რომელი გამოსვლა მოგეწონა ყველაზე მეტად?
- თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ, ''აეროსმიტი'', იმიტომ, რომ ოთხი უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. ამ შოუში შეფასება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს არაა მხოლოდ სიმღერის კონკურსი. ამ ყველაფერში არტისტიზმს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მნიშვნელოვანია გრიმიორების შრომაც. აქ მაქსიმალურად უნდა გაერთო და სიამოვნება მიიღო, თორემ ყველაფერს სერიოზულად თუ მივუდექით, შეიძლება, ძალიან დავიძაბოთ და პრესკონფერენციები მოვაწყოთ.
- ამ შოუში ქალის როლიც გერგო.
- თან, ძალიან მაგარი ქალის, ენი ლენოქსის. ნებისმიერი არტისტის შესრულება რთულია და მით უფრო ქალის. რთულია, როდესაც სქესის შეცვლა გიწევს.
- რა იყო ყველაზე რთული ქალი მომღერლის შესრულებისას?
- ხმის შეცვლა და კიდევ უამრავი რამ, რაც ქალებს სჭირდებათ და მე ადრე წარმოდგენა არ მქონდა. რთული იყო, რა თქმა უნდა, ქუსლებით სიარული, მაგრამ საბოლოო ჯამში თავი გავართვი, რადგან ბევრი ვიმუშავე. განსაკუთრებით მაგ დროს იგრძნობოდა დუტა სხირტლაძის დამსახურება. ნაზი კაცი არ ვარ და ჩემგან რომ რაღაცნაირად ქალი გამოსულიყო, არ იყო ადვილი. დუტამ ბევრი მამეცადინა.
- განასახიერე სკანდალური მომღერალი მიკაც.
- ვერაფერი სკანდალური მომღერალი ვერაა. არის არატრადიციული ორიენტაციის და ეს აღარაა სკანდალური. ჩვენთან აღიარებენ თუ არ აღიარებენ გეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
- გვიამბე შენს პირად ცხოვრებაზე.
- მყავს საცოლე ნინა სამადაშვილი, საქართველოს საბალეტო დასის სოლისტი, ქართული ბალეტის მომავალი. ზუსტად არ ვიცი, როდის დავოჯახდებით. ახლა ცივა და სიცივე არ მიყვარს. რომ დათბება, მერე ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე.
- გოგა მესხმა შეყვარებულს ''ერთი ერთშის'' პირდაპირ ეთერში შესთავაზა ცოლობა.
- მე მსგავსი სიურპრიზის მოწყობას არ ვაპირებ.
- ბალეტი მოგწონს?
- ახლა უკვე მომწონს. გული მწყდება, რომ ადრე, როგორც თითქმის ყველა საქართველოში, ბალეტს მეც დავცინოდი.
- ნინა სად გაიცანი?
- გონიოში გავიცანი და სამი თვის შემდეგ თბილისში შევხვდი.
- ნინა გგულშემატკივრობს პროექტში?
- მხოლოდ ორი შოუ გამოტოვა იმიტომ, რომ გასტროლზე იყო. ძალიან ბევრს მიმესიჯებს. ვეუბნები, ამდენს ნუ მიმესიჯებ-მეთქი, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე. მგონი, პროექტის გამო ჩემზე მეტად ნერვიულობს.
- ახლა ბალეტს დიდი სიამოვნებით ადევნებ თვალს?
- არა მარტო ვადევნებ თვალს, უკვე სერიოზული მცოდნეც ვარ და არამხოლოდ ქართული ბალეტის. ვიცი, რა ხდება მსოფლიო ბალეტში და ეს ნინას დამსახურებაა. როდესაც ადამიანი გიყვარს, მის საქმეშიც იხედები. თან, თუ შენც ხელოვნების სფეროში ხარ, მაშინ უფრო ადვილია გარკვევა. ვერ ვიტყვი, ჩემი რჩეული მათემატიკოსი რომ ყოფილიყო, მაშინაც ასე გავერკვეოდი. ნინა მართლა კარგი ბალერინაა, ეს დამტკიცდა საერთაშორისო კონკურსებზე, რომელთა გამარჯვებულიც გახდა. დასს აქვს უმრავი გასტროლი, რაზეც ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ზრუნავს. შოუბიზნესში, სამწუხაროდ, ყველაფერი მოშლილია და არავის არანაირი პასუხიმგებლობა არ აქვს, ბალეტში ბევრი რამ კარგადაა აწყობილი.
- ნინა ისევე კარგად ერკვევა მუსიკაში, როგორც შენ ბალეტში გაერკვიე?
- მუსიკაში ყველა ერკვევა. ზოგადად, ადამიანს მუსიკის გარეშე არ შეუძლია. ამაზე შემიძლია ხელი მოვაწერო და დავამტკიცო კიდეც. ნინა მუსიკალური ოჯახიდანაა და ეს სფერო მისთვის ძალიან ახლოს იყო. ჩვენი ურთიერთობის დაწყების მერე უფრო მეტად ჩავახედე და ნეტავ, არ ჩამეხედებინა. რა ჩასახედია ქართული შოუბიზნესი. თუ ჩახედული ხარ, უნდა ამოიხედო და არ ისუნთქო იმ ჰაერით, რაც იქ ხდება.
- ყველაზე მეტად გული რაზე გწყდება ქართულ შოუბიზნესში?
- როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს ამბიცია, რომ პატრიოტი ხარ, ცუდია, რომ შენს ქვეყანაში ვერაფერს აკეთებ. ამას წინათ ვფიქრობდი, რა არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. მერე მივხვდი, რომ უპასუხისმგებლობაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი. როცა ქვეყანაში ეს მთავარი პრობლემაა, იქ ვერც შოუბიზნესი განვითარდება და ვერც ფეხბურთი. ვიცოდი მაინც, რა ხდებოდა და რომელი მომღერალი ვის გუნდში იყო. ახლა ჯერჯერობით ვერ ვხვდები, რა ხდება.
- საახალწლო კონცერტებში მიიღე მონაწილეობა?
- თბილისში არა. გორში ვიყავი, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
- გორში ახალი წელი კარგად გაატარე?
- ყველაფერი ცოტა ადრე იყო დაგეგმილი და თორმეტ საათზე უკვე თბილისში ვიყავი. ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან და ამბობენ, არ წავალთ რაიონებშიო. არადა, თვითონ რაიონებიდან არიან. მე პირადად არ ვარ რაიონიდან, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით წავედი და გორელები დიდი სითბოთი და პატივით დაგვხვდნენ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS