05 ივლისი, 2013
ტორტები ქალის მკერდისა და საჯდომის გამოსახულებით, ანუ უცნაური შეკვეთები ქართველ კონდიტერს
თუ რიგში მოუწევს დგომა, გადმოგვძახებს: დიდხანს უნდა ველოდო თქვენს ''ბანძ'' ლობიანს?!. ცხადია, ამაზე უნდა გაიღიმო, რადგან ის ხვალ ისევ ჩვენთან მოვა... საქართველოში ცხობა რომ ქალის საქმეა, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ღრმად არის დარწმუნებული. ''არგუმენტიც'' არსებობს, - ''ქალი ვიცი მე კუხნაში'' , მაგრამ ჩვენი რესპონდენტი უკვე მეხუთე წელია, ამ საქმეს წარმატებით ართმევს თავს. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი ახალგაზრდა დათო ჭრელაშვილის საკონდიტრო ნაწარმს დააგემოვნებთ... ბიზნესის კეთების აზარტში შესულმა, კულინარია ლამის ხელოვნებამდე აიყვანა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

-
თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ: იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და ორი წელი შს სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერმუშაკად ვიმუშავე. მერე კი კადრების განკარგულებაში გადაგვიყვანეს, რაც დიდად არ მინანია. ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო... მაშინ ჩემი ძმის მეგობრებს სადისტრიბუციო კომპანია ჰქონდათ და სამეურნეო სამსახურის უფროსად გამამწესეს. სამი წელი წარმატებით ვიმუშავე, მაგრამ მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებდი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ ბოლომდე არ ვიხარჯებოდი. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა, რომელიც კომპანიის უფროსი იყო, მითხრა, შენს საქმეს მოჰკიდე ხელი და დარწმუნებული ვარ გამოგივა, აქ ცოდო ხარ, რადგან მეტი შეგიძლია და თუ რამე საქმეს იპოვი, როცა გინდა, მაშინ შეგიძლია წახვიდეო...
- ცოტა უცნაური რჩევაა.
- დიახ, მაშინ მეც ძალიან გავბრაზდი მის სიტყვებზე, ამდენი საქმე გავუკეთე და ეტყობა, ახლა აღარ ვჭირდები და დიპლომატიურად მიშორებს-მეთქი. მაგრამ როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ გაბრაზება კი არა, მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. დამოუკიდებელ საქმეზე მართლაც ვოცნებობდი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა და საიდან უნდა დამეწყო, არ ვიცოდი, თავში არაფერი მომდიოდა...
ამ დროს კოლმეურნეობის მოედანზე მაშინ ერთ-ერთმა წარმატებულმა სავაჭრო ქსელმა მაღაზია გახსნა და ვიზუალური მხარისთვის რაღაც ადგილი ოთახის მცენარეებისთვისაც გამოყვეს... 2006 წელი იყო. ყვავილებთან შეხება ადრე არასდროს მქონია. სკოლაშიც არ ვიკლავდი თავს ბიოლოგიის სწავლით და დედაჩემსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება ყვავილები, მაგრამ რაღაც ფაქტორები ისე წაეწყო, რომ ვიფიქრე, შეიძლება ამით საქმის გაკეთება-მეთქი... წარმოშობით კახეთიდან ვარ. აქ ვსწავლობდი და ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდი, ბინის ქირის ფულიც არ მქონდა. გაჭირვება ბევრ რამეს კარნახობს ადამიანს, მთავარია, ზარმაცი არ იყო. გავიგე, რომ გურჯაანის გზაზე ყვავილებს ყიდდნენ. დილის ხუთ საათზე ავდექი და წავედი. ჩემი ბიძაშვილი გოგოც გავიყოლე, რაღაცებში ხელი შემაშველე და შენც გადაგიხდი-მეთქი. იქიდან ჩამოტანილი ყვავილები ძალიან კარგად გაიყიდა და მერე ისევ ჩამოვიტანეთ, მერე კიდევ და ასე წავიდა საქმე წინ... მერე კონკურენტები შევისწავლე. გავიგე, რომ სამ-ოთხ ადამიანს ჰოლანდიიდან შემოჰქონდა ყვავილები. ეს იდეა ჭკუაში დამიჯდა.
Rating
- ბიზნესარეალის გაფართოება გადაწყვიტეთ?
- დიახ, თუმცა ჰოლანდია ძალიან შორეულად და მიუწვდომლად მეჩვენებოდა. იქ გამოყვანილი ჯიშების აქ გამოყვანა კი წარმოუდგენლად მესახებოდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. ამ დროს ქალაქსა და მის შემოგარენში მშენებლობების ბუმი იყო და ჩემი ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელი დრო გამოდგა. ყველას უნდოდა, ახალგახსნილი ოფისი დეკორატიული მცენარეებით დაემშვენებინა. ერთ-ორ თვეში ყველაფერში გავერკვიე. თან მეგობარიც მეხმარებოდა, რომელიც ჩემთან ერთად იყო საქმეში. კატალოგები გვქონდა და ამის მიხევდით ვარჩევდით. 1500-ლარიანი და 3-ათასლარიანი დეკორატიული მცენარეებიც კი ჩამომიტანია. იყო როგორც კორპორატიული, ისე პერსონალური შეკვეთები, ადამიანები ერთმანეთს ძალიან ძვირიან დეკორატიულ მცენარეებს ჩუქნიდნენ... ეს მაშინ ძალიან მოდური იყო. უამრავი შეკვეთა იყო ''ჯუჯა ხეზე'' . ამ ყველაფერს დიდი ნერვიულობა ახლდა თან. შემდეგ ბაზარი თანდათან შევისწავლე და თავი დავიმკვიდრე, ოფისების დიდ ნაწილს ქოთნის ყვავილებით ვამარაგებდი.
- იმავდროულად სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდით?
- დიახ, პარალელურად, დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ იქაც ვმუშაობდი და ყველაფერს ვასწრებდი. არ ვიცი, როდის მეძინა. იმ წელს არაერთი აგარაკი გავაფორმეთ... მერე კი იმ ჩემს მეგობარს, სადისტრიბუციო კამპანიის დამფუძნებელს დავურეკე და მადლობა ვუთხარი, შენი რჩევა გავითვალისწინე და ახალი საქმე წამოვიწყე-მეთქი. ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რომ საბაღე ცენტრის გახსნას ვაპირებდი. ჩვენი დიზაინერი გვყავდა, რომელიც იდეებს გვაწვდიდა... მაგრამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო და ყველაფერი აირია. მშენებლობისა და ყვავილისთვის ვიღას ეცალა. მივხვდი, რომ ომის შემდეგ ჩემი ბიზნესი ჩავარდებოდა და გამოსავალზე უნდა მეფიქრა. შეკვეთებიც თანდათან მცირდებოდა. ამ ყველაფერს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა და ჰოლანდიიდან ჩემმა მომწოდებელმა დამირეკა, ჭკვიანურს იზამ, თუ ამ ბიზნესს თავს დაანებებ, თუ ადრე მცენარეებით დატვირთული 30 მანქანა გადიოდა, ახლა 12 გადის და შესაძლოა, ხვალ და ზეგ ეს რაოდენობაც შემცირდესო... როდესაც ქვეყანაში საჭმლის პრობლემა იწყება, ყვავილი და დეკორაცია მეორე პლანზე გადადის, ამიტომაც ყველაფერი გავყიდე და სხვა საქმეზე დავიწყე ფიქრი... 2008-2010 წლებში ეს ბიზნესი თითქმის გაჩერებული იყო.
Rating
- ამ დროს მოგივიდათ საკონდიტროს გახსნის იდეა?
- დიახ, ოღონდ საკონდიტრო ძალიან ფართო გაგებით არის ნათქვამი, პირველი რაც მომაფიქრდა, ხაჭაპური იყო. ვიქირავე ფართი, ვნახე ერთი ქალბატონი, რომლის ნახელავიც ძალიან მომეწონა და დავიწყეთ ხაჭაპურის ცხობა. ფინანსურ დახმარებას ჩემი ძმა მიწევდა, მაგრამ არავითარი ბიზნესგეგმა არ მქონდა, ამიტომ ორი წელი წაგებაზე ვმუშაობდით. ძმას ჩემი დაუსრულებელი ''სპონსორობა'' ყელში ამოუვიდა და მითხრა, თავი დაანებე ამ საქმეს და სხვა რამეზე იფიქრეო, მაგრამ არ შევეშვი. გადავწყვიტე, თავად შემესწავლა ცომი და სხვა საჭირო დეტალები. ამ ბიზნესში ხელოსანი რომ დაიქირავო და შენ ოფისში დაჯდე, ვერაფერს გააკეთებ, თავად უნდა გაერკვე ყველაფერში, რა როგორ ხდება. ყველის დაკანარგი უნდა იცოდე, ხაჭაპური როგორ კეთდება უნდა ისწავლო, ცივ ხაჭაპურში რომელი ყველი გამოდგება და ცხელში რომელი, ეს უნდა იცოდე. არის ყველი, რომელიც ცივსა და ცხელში ერთნაირად გემრიელია... ყველი რამდენ ხანს ძლებს, როგორ შრება, რომელი კუთხის ყველია ხაჭაპურში კარგი, ეს ყველაფერი უნდა იცოდე და ამას გამოცდილება აძლევს ადამიანს. ახლა 5 წუთში უტყუარ თეორიას ჩამოვაყალიბებ, მაგრამ მაშინ აზრზე არ ვიყავი. გამოცდილება კი უდიდესი ფინანსური ზარალისა და ნერვიულობის ფასად შევიძინე.
ჩემდა საბედნიეროდ, ზაფხული მოდიოდა და ავიჩემე, ნაყინის აპარატი გადაგვარჩენს-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, 6 თვის განმავლობაში ნაყინმა ამოგვქაჩა, თორემ საცხობის დაკეტვას ვაპირებდი. შემდეგ გავრისკე და გაფართოება გადავწყვიტე, კიდევ ერთ სექციას დავამატებ-მეთქი, ახლა ამაზე მეცა ჩემი ძმა, რაღაცებს იგონებ და სანერვიულოს მიმატებო. მეც ბანკიდან გამოვიტანე კრედიტი და ისევ ნაყინს ''მივეძალე'' ... ცოტა ხანს ''პელმენიც'' ვცადე. გაამართლა. მერე ნამცხვრები ვიყიდე, უბრალოდ, ნიადაგს მოვსინჯავ-მეთქი. გაირკვა, რომ მოთხოვნა იყო, მაგრამ თბილისში მიღებული და გაზეპირებული საკონდიტროების საფირმოები კი არა, რაღაც სხვა, ორიგინალური მინდოდა, რომელიც ყველას მოეწონებოდა. არადა, წესიერი ''მიქსერის'' საყიდელი ფულიც არ მქონდა. მერე გამახსენდა ჩემი ნათლია, ძალიან ''გემრიელი'' ქალია და ხელიც ასეთივე აქვს. მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, წამოვიყვანე, ყველა ცნობილი საკონდიტრო მოვატარე და ვუთხარი, ასეთი არა, სხვანაირი უნდა გავაკეთოთ-მეთქი... ნათლიაჩემი გაოცებული მეკითხებოდა, მრგვალი ტორტები როგორ ჩაკრემესო. იმის თქმა მინდა, რომ ისეთი ვინმე, ვინც რაღაც ინოვაციურს შემოიტანდა, არასდროს მყოლია. ყველაფერი ჩვენით ვისწავლეთ, უამრავი ექსპერიმენტის, წვალებისა და შრომის ფასად. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ბისკვიტს, კრემს, ჩაკრემვას, დანამვას... მიქსერის ნაცვლად ბურღი ვიყიდე და ''ცხვირზე'' სათქვეფი მივამაგრე, რომ დიდ თასში კრემი ამეთქვიფა. ნათლიაჩემს მძიმე შოკოლადის კრემის რეცეპტი ჰქონდა, რომელიც წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ კონკრეტული რეცეპტი ტორტისა და ნამცხვრისთვის არ არსებობს. მას ყველა მცხობელი ისე არგებს თავის ფანტაზიას, როგორც შეუძლია. ასეც უნდა იყოს, ოღონდ სიფრთხილე აუცილებელია. საკმარისია, შაქრის სიროფი აგერიოს ან ბისკვიტს ცხობა დააკლო, ტორტი არაფრად ვარგა... მცხობელს თავად უნდა ჰქონდეს პირში გემო და გადაწყვეტს, რა როგორ გააკეთოს. თუ კარგი მგრძნობელობის რეცეპტორები აქვს, გემრიელიც გამოუვა და ორგინალურიც. და რაც მთავარია, უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში 80% საშუალო დონის მცხოვრებელია და ძვირს ვერ გადაიხდის, ამიტომ პროდუქციას ოპტიმალური ფასი უნდა ჰქონდეს. ეს არის ყველაზე კარგი პიარი და ასევე დღესასწაულები; ანუ ერთი ადამიანი რომ იყიდის ჩვენს ნაწარმს, სტუმრად წაიღებს ან სახლში მისულ სტუმარს გაუმასპინძლდება და ფასსაც გაიგებენ, მიხვდება, რომ ჩვენთან მოსვლა ღირს. ასევე აუცილებელია მრავალფეროვნება.
- ვიცი, რომ უამრავი შეკვეთა გაქვთ, ყველაზე განსაკუთრებული რა გახსოვთ?
- ბევრი რამის გახსენება შეიძლება, ხშირად გვიკვეთენ ქალის მკერდსა და საჯდომს წარწერით: ''სრული ნეტარებისთვის ''ვიღაცას'' . ერთი მორწმუნე კონდიტერი გვყავს და გამოაცხადა, მე ამას არ გავაკეთებო...
ტორტების გარდა სხვა პროდუქციაც გვაქვს და ''სტრანნი'' კლიენტებიც გვყავს. თუ რიგში მოუწევს დგომა, გადმოგვძახებს: დიდხანს უნდა ველოდო თქვენს ''ბანძ'' ლობიანს?!. ცხადია, ამაზე უნდა გაიღიმო, რადგან ის ხვალ ისევ ჩვენთან მოვა...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
გიორგის
/ზალიიან უნიჭო ჟურნალისტი და საინტერესო ამბის სასტიკად დამახინჯების ფაქტი/ რა გინდა ახლა, რა დაამახინჯა, რამე მოგონა ტყული ტუ რას ერჩი?!
14:55 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ისევმე
ზოგი ბოღმა რომ გამოერევა აქაც :O)
14:53 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სად მოგაკითხოთ?
21:37 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ყველაზე გემრიელი ტორტებიააააა
22:47 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაურა
დავით წარმატებებიიი, ჩვენ შენს გვერდით ვართ
00:25 / 07-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS